ბრონქები

ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები. ბრონქები 

დასაწყისი იხ. >>>

ოპერაციები. მსხვილ (მთავარ და წილოვან) ბრონქებზე ტიპიურ ოპერაციებს მიეკუთვნება ბრონქების ჭრილობის გაკერვა, ბრონქების აღდგენა გასკდომის შემდეგ, ბრონქოტომია, ბრონქების დაბოლოებითი და ცირკულარული რეზექცია, ბრონქის ტაკვის რეამპუტაცია. ყველა ოპერაცია ბრონქებზე კეთდება ენდოტრაქეული ნარკოზის ქვეშ ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის პირობებში. ოპერაციული მიდგომა, როგორც წესი, მოიცავს გვერდით ან წინა–გვერდით თორაკოტომიას. ზოგიერთი ოპერაცია ბრონქებზე ტარდება ტრანსსტერნალური მიდგომით. ბრონქებზე ნაკერების დასადებად გამოიყენება მსხვილი ატრავმული ნემსები წვრილი საკერავი მასალით. საუკეთესოა გამწოვი სინთეზური მასალა – ვიკრილი.
ბრონქების ჭრილობა, ჩვეულებრივ, იკერება ღერძის მიმართ განივი მიმართულებით – მისი სანათურის შევიწროების თავიდან აცილების მიზნით. ცირკულარული გახეთქვის შემთხვევაში ბრონქის მთლიანობის აღდგენის მიზნით აუცილებელია სიცოცხლისუუნარო, სისხლით გაჟღენთილი ბრონქული ტაკვის კიდის წინასწარი ამოკვეთა. შემდგომში, ორივე ბრონქულ ტაკვს შორის ხდება ანასტომოზის ფორმირება. აუცილებელია უზრუნველყოფილ იქნას ჰერმეტულობა ანასტომოზის ხაზის გასწვრივ, რათა არ მოხდეს ჰაერის გამოსვლა.

ბრონქოტომია – დიაგნოსტიკური ან სამკურნალო მიზნით ბრონქის სანათურის გახსნა სიგრძივი, ირიბი ან განივი განაკვეთით. ბრონქოტომიის დროს შესაძლებელია მოხდეს ბრონქის შიგნიდან დათვალიერება, ჰისტოლოგიური გამოკვლევისთვის მასალის აღება, უცხო სხეულის ან სიმსივნის მოცილება.
ბრონქის დაბოლოებით ან ცირკულარულ რეზექციას, როგორც დამოუკიდებელ ოპერაციას, ძირითადად აკეთებენ კეთილთვისებიანი სიმსივნეების და ბრონქების ნაწიბუროვანი სტენოზების დროს. ფილტვის კიბოთი დაავადებულებში აღნიშნულ ოპერაციას, ჩვეულებრივ, აკეთებენ ფილტვის რეზექციასთან ერთად (როგორც წესი ლობექტომიასთან ერთად). ფილტვის კიბოთი დაავადებულებში, ზოგჯერ ბრონქების რეზექცია საშუალებას იძლევა გავზარდოთ ოპერაციის რადიკალურობა მოსაცილებელი ფილტვის ქსოვილის მოცულობის გაზრდის გარეშე. დაბოლოებითი რეზექციის შემდეგ ხდება ბრონქის დეფექტის გაკერვა, ხოლო ცირკულარული რეზექციის შემდეგ სასუნთქი გზების აღდგენა ხორციელდება ბოლო–ბოლოში ბრონქული ანასტომოზის ფორმირებით.
ბრონქის ტაკვის რეამპუტაცია (განმეორებითი ამოკვეთა) მისი ხელმეორედ გაკერვით გამოიყენება პნევმონექტომიის ან ლობექტომიის შემდეგ ბრონქული ფისტულის ლიკვიდაციის მიზნით. ტაკვის რეამპუტაციის წინ აუცილებელია მისი გამოყოფა ნაწიბუროვანი ქსოვილებიდან.
ძალიან დიდი გამოყენება ჰპოვა ენდობრონქული ქირურგიის მეთოდებმა (ოპერაციული ჩარევები ბრონქოსკოპიის დროს) ელექტრო–, კრიო– და ლაზერული ზემოქმედების გამოყენებით.

გაგრძელება იხ. >>>


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.