ასათიანი მიხეილ

ასათიანი მიხეილ მიხეილის ძე  – (10. V. 1882, თბილისი – 20.I. 1938, იქვე), ქართველი საბჭოთა ფსიქიატრი და ფსიქოთერაპევტი, მეცნიერული ფსიქიატრიის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში. 1907 დაამთავრა მოსკოვის უნივესიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი და მუშაობა დაიწყო იმავე უნივერსიტეტის ფსიქიატრიის კათედრაზე. 1911 თავის მასწავლებელ პროფ. ვ. სერბსკისთან ერთად დატოვა უნივერსიტეტი განათლების მინისტრის კასოს რეაქციულ მოქმედებათა წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად. მუშაობდა მოსკოვის ნევროფსიქიატრიულ სანატორიუმში და რედაქტორობდა ჟურნალ პსიხოტერაპიას 1917 აირჩიეს მოსკოვის უნივესიტეტის ფსიქიატრიის კათედრის ასისტენტად. 1920-38 მუშაობდა თსუ-ს სამკურნალო ფაკულტეტის (1930-დან საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო ინსტუტის) ფსიქიატრიის კათედრის გამგედ. ერთდროულად, 1925-დან გარდაცვალებამდე, ხელმძღვანელობდა მისივე თაოსნობით დაარსებულ ფსიქიატრიის ინსტუტს, რომელსაც 1948 მისი სახელი მიენიჭა. აღსანიშნავია მ. ასათიანის გამოკვლევები ფსიქ. აშლილობათა ფიზიოლოგიური მექანიზმების დასადგენად. ერთ-ერთმა პირველმა გამოიყენა ფსიქიატრიაში მოძღვრება პირობითი რეფლექსების შესახებ. მასვე ეკუთვნის ფსიქოთერაპიის ორიგინალური ე. წ. რეპროდუქციულ განცდათა მეთოდი ბ. ნანეიშვილი [1]

ასათიანი მიხეილ