ანტიჰორმონები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”. 2000 წ.

ანტიჰორმონები (ბერძ. anti_ საწინააღმდეგო + ჰორმონები) _ ბუნებრივი ან სინთეზური ნივთიერებები, რომელთაც გააჩნიათ შესაბამისი ჰორმონების ეფექტების დათრგუნვის უნარი. რადგანაც ჰორმონების სტრუქტურა განსხვავებულია (სტეროიდები, პეპტიდები და .ა.შ.), ანტიჰორმონების აგებულებაც ვარირებს, თუმცა თითოეული კონკრეტული ჰორმონის მიმართ, მისი შესაბამისი ანტიჰორმონის ჯგუფში შეიძლება გამოვყოთ ყველაზე მეტად გავრცელებული ნაერთთა კლასი. მაგალითად, ანტიანდროგენებს შორის არსებობს 200-ზე მეტი სხვადასხვა კლასის შენაერთები, თუმცა უმეტესობა მათგანი წარმოადგენს სტეროიდებს (ციპროტერონი, ა-ნორ-ტესტოსტერონი, ა-ნორ-პროგესტერონი და ა.შ.).
ცილოვანი ჰორმონების ანტიჰორმონები, ჩვეულებრივ ცილებია. ანტიჰორმონების ერთ-ერთი სახეობა _ ე.წ. ანაჰორმონები _ ბუნებრივი ჰორმონების დერივატები, რომლებსაც, გარკვეული ქიმიური მოდიფიკაციების შედეგად, არ გააჩნიათ ბიოლოგიური აქტივობა.
სხვადასხვა ანტიჰორმონის მოქმედების კონკრეტული მექანიზმი, ერთი და იგივე ჰორმონის მიმართაც კი, შეიძლება არაერთგვაროვანი იყოს. ამავე დროს, მრავალი ანტიჰორმონის მოქმედების ძირითადი პრინციპი იდენტურია და მდგომარეობს შემდეგში: ანტიჰორმონს გააჩნია რა მნიშვნელოვანი მსგავსება მოცემული ჰორმონის რეცეპტორთან სამიზნე უჯრედში, უკავშირდება აღნიშნულ რეცეპტორს და ამით ახდენს ამ უკანასკნელთან ჰორმონის შეკავშირების ბლოკირებას. რადგანაც, ხშირ შემთხვევებში, ანტიჰორმონებს არ გააჩნიათ შესაბამისი ჰორმონის ბიოლოგიური აქტივობა ან გააჩნიათ გაცილებით დაბალი ხარისხით, მათი რეცეპტორთან შეერთება არ იწვევს ჰორმონული ეფექტის განვითარებას. ანტიჰორმონებს გააჩნით მაღალი ჰორმონული სპეციფიკურობა. ასე მაგალითად, ანტიესტროგენები (მაგ., მერ-25, ტეტრაჰიდროფურანი) ახდენენ ესტროგენების ბლოკირებას უშუალოდ საშვილოსნოში და არ ცვლიან ანდროგენების მოქმედებას იგივე ქსოვილში, რამეთუ განსხვავებულია აღნიშნული ჰორმონების რეცეპტორები.
აღნიშნული პრინციპით მოქმედ ზოგიერთ ანტიჰორმონს, თავის ფუძეში გააჩნია ამა თუ იმ ხარისხით მოდიფიცირებული, შესაბამისი ჰორმონის მოლეკულა. ასეთი სახის ნაერთების სინთეზის დროს ცდილობენ შეინარჩუნონ მსგავსება საწყისი ჰორმონის შემაკავშირებელ რეცეპტორთან, მაგრამ, ამავე დროს, მაქსიმალურად დააქვეითონ შესაბამისი ჰორმონული აქტივობა.
არ არის გამორიცხული ორგანიზმში ბუნებრივი ანტიჰორმონების არსებობის შესაძლებლობაც. კერძოდ, ადამიანიდან და ცხოველებიდან გამოყოფილია რამდენიმე ნივთიერება, რომლებიც ამუხრუჭებენ როგორც ენდოგენური, ასევე ეგზოგენური გონადოტროპინების მოქმედებას (ანტიგონადოტროპინები). ბუნებრივმა ჰორმონებმა შესაძლოა მონაწილეობა მიიღონ ჰორმონების მოქმედების მარეგულირებელ ფიზიოლოგიურ მექანიზმებში.
ანტიჰორმონები გამოიყენება ექსპერიმენტულ ენდოკრინოლოგიაში, რაც საშუალებას აძლევს ექსპერიმენტატორს გამოთიშოს ჰორმონის ფუნქცია, ისე რომ არ მოხდეს შესაბამისი ჯირკვლის ქირურგიული გზით მოშორება. ანტიჰორმონები განსაკუთრებით მოსახერხებელია მაგალითად, ემბრიოგენეზში ენდოკრინული სისტემის ჩამოყალიბების და როლის შესწავლის მიზნით. ანტიჰორმონები შესაძლებელია გამოვიყენოთ კლინიკურ პრაქტიკაშიც (ჰორმონების ეფექტის ბლოკირება ჰორმონდამოკიდებული სიმსივნეების დროს, სქესობრივი ქცევის პათოლოგიური ცვლილებები და ა.შ.).
ანტიჰორმონის შეყვანა საშუალებას გვაძლევს გამოვთიშოთ შესაბამისი ჰორმონის ეფექტი, მისი წარმოქმნის ადგილის მიუხედავად, მაშინ როცა, ერთი რომელიმე ჯირკვლის ქირურგიული გზით მოცილების შემდეგ, ყოველთვის რჩება იმის ალბათობა, რომ მოხდეს აღნიშნული ჰორმონის გამომუშავება სხვა ენდოკრინულ ჯირკვალში ან პერიფერიულ ქსოვილებში, მასთან სტრუქტურულად მსგავსი ჰორმონებისგან. როგორც წესი, ანტიჰორმონების ეფექტი სრულიად შექცევადია, რაც წარმოადგენს დიდ უპირატესობას მათი გამოყენების დროს.

გაფრთხილება!

საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

თემატურად მომიჯნავე სტატიები

ლიტერატურა
1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპ. N: 1247. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპ. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქცით.

ბმულები: 1. ლალი დათეშიძის საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა 3. სამონასტრო ბაღები