ამინოგლიკოზიდები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”

ამ ჯგუფის ანტიბიოტიკებია სტრეპტომიცინი, ნეომიცინი, მონომიცინი, კანამიცინი, გენტამიცინი, ტობრამიცინი და სხვ.). მათი ანტიბატერიული მოქმედების მექანიზმი მდგომარეობს რიბოსომებზე გავლენით ცილის სინთეზის დათრგუნვაში. ამინოგლიკოზიდები იწვევენ ბაქტერიოციდულ ეფექტს.
ამინოგლიკოზიდების დამახასიათებელ სტრუქტურულ ელემენტს წარმოადგენს 2–დეზოქსი–D–სტრეპტამინი. ამ ანტიბიოტიკების ნაწილი ბუნებაში წარმოიქმნება  სხივისებრი სოკოებით Actinomyces (ნეომიცინი, კანამიცინი, ტობრამიცინი); ანტიბიოტიკთა მეორე ნაწილის პროდუცენტს წარმოადგენს Micromonospora (გენტამიცინი). უკანასკნელ წლებში მიღებულია ამ ჯგუფის ნახევრადსინთეზური წარმოებულები (ამიკაცინი, რომელიც კანამიცინ A-ს  წარმოებულია).
ამ ჯგუფის ყველა პრეპარატი წარმოადგენს ფართო სპექტრის ანტიბიოტიკს, რომლებიც ახდენენ ბაქტერიოციდულ გავლენას გრამდადებით და, განსაკუთრებით, გრამუარყოფით ბაქტერიებზე. ამ ჯგუფის სხვადასხვა ანტიბიოტიკი განსხვავდებიან ერთმანეთისაგან აქტიურობით, მოქმედების სპექტრითა და ხანგრძლივობით, ტოქსიურობით. ყველა ამინოგლიკოზიდს გააჩნია დამახასიათებელი თვისება – ნეფროტოქსიურობა და განსაკუთრებით, ოტოტოქსიურობა (კოხლეარული და ვესტიბულური). ამ ჯგუფის ანტიბიოტიკები ზრდიან ცეფალოტინისა და ცისპლატინის ნეფროტოქსიურობას, ცისპლატინისა და დიურეტიკების ოტოტოქსიურობას, აძლიერებენ ეთერისა და კურარესმაგვარი პრეპარატების დამთრგუნველ მოქმედებას სუნთქვით ცენტრზე.
სტრეპტომიცინს ახასიათებს ანტიმიკრობული მოქმედების ფართო სპექტრი. განსაკუთრებით აქტიურია ტუბერკულოზის მიკობაქტერიების, ტულარემიის, შავი ჭირის გამომწვევების, პათოგენური კოკების,პროტას შტამების, ბრუცელას ჩხირების და სხვადასხვა გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების მიმართ.  სტრეპტომიცინისადმი მდგრადია ანაერობები,სპიროქეტები, რიკეტსიები, ჭეშმარიტი ვირუსები, პათოგენური სოკოები, უმარტივესები.
სტრეპტომიცინის მიმართ შეჩვევა სწრაფად ვითარდება. ზოგჯერ აღსანიშნავია სტრეპტომიცინდამოკიდებული შტამების წარმოქმნა, რომელთა ზრდა-განვითარებისათვის აუცილებელია სტრეპტომიცინი.
პრეპარატი კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ცუდად შეიწოვება. კუნთებში ინექციის შემდეგ შეყვანიდან 1-2 სთ-ში სისხლის პლაზმაში პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაცია აღინიშნება. ძირითდად ნაწილდება ექსტრაცელულალურად; აღწევს მუცლის ღრუსა და პლევრაში, ფეხმძიმობის დროს – ნაყოფის ქსოვილში; ვერ გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს. მენინგიტის დროს ჰემატოენცეფალური ბარიერის გასვლის უნარი იზრდება. პლაზმაში პრეპარატის კონცენტრაციის 50% მცირდება 2-4სთ-ის შემდეგ.
სტრეპტომიცინი ძირითადად გამოიყოფა თირკმელებით შეუცვლელი სახით, უმნიშვნელო ნაწილი კი – ნაღველთან ერთად ნაწლავებით.
სტრეპტომიცინი ძირითადად გამოიყენება ტუბერკულოზის სამკურნალოდ; გარდა ამისა, მის ჩვენებას წარმოადგენს ტულარემია, შავი ჭირი, ბრუცელოზი, შარდგამომყოფი გზების, სუნთქვის ორგანოების დასხვა ინფექციები. პრეპარტი შეყავთ კუნთებში (ყოველ 12-24 სთ–ში) ან სხეულის ღრუებში. ნაწლავის ფლორაზე მოქმედების მიზნით სტრეპტომიცინს უნიშნავენ შიგნით. მენინგიტის დროს უნიშნავენ ტვინის გარსქვეშა ინექციებს. ამ დროს გამოიყენება მხოლოდ სტრეპტომიცინის ქლორკალციუმის კომპლექსი, რომელიც წარმოადგენს სტრეპტომიცინის ჰიდროქლორიდისა და კალციუმის ქლორიდის ორმაგ მარილს. ამ ფორმას, სტრეპტომიცინის სხვა პრეპარატებთან შედარებით, ნაკლები გამაღიზიანებელი მოქმედება გააჩნია. მიუხედავად ამისა, სტრეპტომიცინის ქლორკალციუმის კომპლექსი მაღალტოქსიურია და გამოიყენება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში.
სტრეპტომიცინის გვერდითი ეფექტებიდან აღსანიშნავია ოტოტოქსიურობა, ყველაზე ხშირად ზიანდება ქალას ნერვების მე-8 წყვილის ვესტიბულური განშტოება, იშვიათად – სმენითი განშტოება. არსებობს მოსაზრება, რომ კალციუმის პანთოტანატი ამცირებს აღნიშნულ გვერდით ეფექტებს. სტრეპტომიცინი იწვევს ნერვ-კუნთოვან სინაფსებზე დამთრგუნველ გავლენას, რაც დასაშვებლია, სუნთქვის დათრგუნვის მიზეზი გახდეს. სტრეპტომიცინს გააჩნია გამაღიზიანებელი მოქმედებაც, რის გამოც მისი ინექციები მტკივნეულია.
ალერგიული ხასიათის გვერდითი ეფექტებიდან სტრეპტომიცინისათვის დამახასიათბელია ცხელება, კანზე გამონაყარი, ეოზინოფილია, იშვიათად – ანაფილაქსიური შოკი და ა.შ. სტრეპტომიცინით მკურნალობის ფონზე შესაძლებელია სუპერინფექციების განვითარება.

ნეომიცინი წარმოადგენს ა,ბ და ც ტიპის ნეომიცინების ნარევს. ამ ანტიბიოტიკის პროდუქციის წყაროა Actinomyces fradiae. პრეპარატი წარმოადგენს ნეომიცინის სულფატს, რომელსაც მოქმედების ფართო სპექტრი გააჩნია. იგი აქტიურია გრამუარყოფითი და გრამდადებითი მიკროორგანიზმების მიმართ. მის მიმართ მდგრადია ანაერობოებო, სპიროქეტები, პათოგენური სოკოები, ჭეშმარიტი ვირუსები. ნეომიცინის მიმართ შეჩვევა შედარებით ნელა ვითარდება.
ნეომიცინი შიგნით მიღებისას ცუდად შეიწოვება, ამიტომ ამ გზით მისი გამოყენება შეზღუდულია. ნეომიცინის გამოყენების ჩვენებებია: პრეპარატისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული  ენტერიტები, კუჭ-ნაწლავის ნაწილობრივი ”სტერილიზაცია”, რასაც მიმართავენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე ოპერაციების წინ პაციენტის მოსამზადებლად. მისთვის დამახასიათებელის მაღალი აქტივობა ნაწლავის ჩხირების, პროტეისა და  ლურჯი დაჩირქების  ზოგიერთი შტამების ჩხირების მიმართ.  გვერდითი ეფექტებიდან აღსანიშნავია დისპეპსიური დარღვევები, ალერგიული რეაქციები, კანდიდამიკოზები.
ნეომიცინი გამოიყენება ადგილობრივადაც – ინფიცირებული ჭრილობების, კანის, თვალის და სხვა დაავადებების დროს. დაუზუანებელი კანის საფარისა და ლორწოვანი გარსებიდან შეწოვა უმნიშვნელოა. გარეგანი დანიშნულებით ნეომიცინი ზოგჯერ გამოიყენება გლუკოკორტიკოიდებთან კომბინაციაში. ამ შემთხვევაში ანტიმიკრობულ ეფექტს თან ახლავს ანთბის საწინააღმდეგო მოქმედებაც.
მაღალი ტოქსიურობის (განსაკუთრებით თირკმელებისა და სმენითი ნერვის მიმართ) გამო ნეომიცინი პარენტერალურად არ გამოიყენება. ნეომიცინს გააჩნია კურარეს მსგავსი მოქმედებაც (შესაძლოა გამოიწვიოს სუნთქვის დათრგუნვა და გაჩერება) პრეპარატი უკუნაჩვენებია თირკმლისა და სმენითი ნერვის დაავადებების დროს.
გენტამიცინის პროდუცენტია Micromonospora purpurea და Micromonospora echinospora. პრეპარატს წარმოადგენს გენტამიცინის სულფატი.პრეპარატი აქტიურია გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ, როგორიცაა ლურჯი დაჩირქების ჩხირი, პროტეა, ნაწლავის ჩხირი, ბენზილპენიცილინისადმი მდგრადი სტაფილოკოკები. გენტამიცინისადმი შეჩვევა ვითარდება ნელა.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან გენტამიცინი ცუდად შეიწოვება, ამიტომ სისტემური მოქმედებისთვის გამოიყენება კუნთბში შეყვანა. ამ გზით შეყვანილი პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში აღწევს 1 სთ-ში. ორგანიზმში ანტიმიკრობული კონცენტრაცია 8-12სთ-ის განმავლობაში ნარჩუნდება. ჩვეულებრი პირობებში გენტამიცინი ვერ გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს. მენინგიტის დროს შესაძლებელია მცირე კონცენტრაციებით ლიქვორში აღმოჩენა. გამოიყოფა ძირითდად უცვლელი სახით თირკმელებით.
გენტამიცინი გამოიყენება ძირითადად გრამუარყოფითი მიკროორგანიზმებით გამოწვეული დაავადებების დროს, როგორიცაა შარდგამომყოფი გზების ინფექციები, სეფსისი, ჭრილობის ინფექციები, დამწვრობის დროს. გამოიყენება კუნთბში და გარეგანი დანიშნულებით.
გენტამიცინი ნეომიცინზე ნაკლებ ტოქსიურია. თუმცა, ამინოგლიკოზიდებისათვის დამახასიათბელი არასასურველი გვერდითი ეფექტები, საერთოა გენტამიცინისათვისაც. კერძოდ, გენტამიცინისათვისაც დამახასიათბელია ოტოტოქსიურობა აქტივობა. იგი აზიანებს ქალას მე-8 წყვილი ნერვის ვესტიბულურ განშტოებას. ნეფროტოქსიურობაც უფრო ნაკლებაა გამოხატული ნეომიცინთან შედარებით. გააჩნია კურარეს მსგავსი თვისებები.
ამინოგლიკოზიდების ჯგუფში შედის ასევე ტობრამიცინი. მისი პროდუცენტია Str. Tenebrarius. ტობრამიცინი მაღალაქტიურია ლურჯი დაჩირქების ჩხირის მიმართლ. ერთჯერადი შეყვანის შემდეგ ეფექტური ანტიმიკრობული კონცენტრაცია ნარჩინდება 6-8სთ. შეყვანის ხდება კუნთებსა და ვენაში. გამოყოფის ძირითდი გზაა თირკმელები. ჩვენებები გენტამიცინის ანალოგიურია. დამახასიათბელია ნეფრო- და ოტოტოქსიურობა, თუმცა გენტამიცინთან შედარებით ნაკლებადაა გამოხატული.
ამინოგლიკოზიდების ჯგუფის წარმომადგენელ სიზომიცინის პროდუცენტია Micromonospora inyoensis. სიზომიცინს გენტამიცინის მსგავსი ანტიმიკრობული აქტივობა გააჩნია. გენტამიცინისგან განსხვავებით სიზომიცინი უფრო აქტიურია პროტეას სახეობების, ლურჯი დაჩირქების ჩხირის, კლებსიელას, ენტერობაქტერიების მიმართ. სიზომიცინის მიმართ მდგრადობა ნელა ვითარდება. შესაძლებელია, სხვა ამინოგლიკოზიდების მიმართ ჯვარედინი რეზისტენტობის განვითრება. სიზომიცინი კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ცუდად შეიწოვება, ამიტომ შეყავთ კუნთბში ან ვენაში. პრეპარატის დაახლოებით 25% უკავშირდება პლაზმის ცილებს. ორგანიზმში პრეპარატის ანტიმიკრობული კოცენტრაცია ნარჩუნდება დაახლოებით 8სთ.
ჩვენებები და გვერდითი ეფექტები ისეთივეა, როგორც გენტამიცინის შემთხვევაში.
ეფექტურ ამინოგლოკოზიდს წარმოადგენს ამიკაცინი. იგი წარმოადგენსკანამიცინის წარმოებულს. სხვა ამინოგლიკოზიდებთან შედარებით ამიკაცინს ანტიმიკრობული მოქმედების უფრო ფართო სპექტრი გააჩნია, მათ შორისაა აერობული გრამუარყოფითი ბაქტერიები (ლურჯი დაჩირქების ჩხირი, პროტეა, კლებსიელა, ნაწლავის ჩხირი და სხვა) და ტუბერკულოზის მიკობაქტერიები. გრამდადებითი ანაერობული ბაქტერიების უმეტესობაზე იგი გავლენას არ ახდენს. ამიკაცინი მდგრადია იმ ფერმენტების მოქმედებისადმი, რომლებიც ამინოგლიკოზიდების ინაქტივაციას ახდენენ. მასაც გააჩნია ოტოტოქსიურობა და ნეფროტოქსიურობა. ამიკაცინი შეყავთ კუნთებსა და ვენაში.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.