ჰიპოფიზი Hypophysis, pituitary gland – ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები

ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები

ჰიპოფიზი (hypophisis, glandula pituitaria; ბერძ. hypo- + phyo, მომავალი დრო physo ზრდა, სინ: თავის ტვინის დანამატი, პიტუიტარული ჯირკვალი) – შინაგანი სეკრეციის ჯირკვალი, რომელიც უშუალო გავლენას ახდენს მასზე დამოკიდებული პერიფერიული ენდიკრინული ჯირკვლების მოქმედებაზე და არეგულირებს მათ ფუნქციებს. ანატომიურად და ფუნქციურად ჰიპოფიზი წარმოადგენს ცენტრალურ რგოლს ორგანიზმის ვეგეტატიური ფუნქციების რეგულაციაში და კოორდინაციაში; ჰიპოთალამუსთან ერთად ქმნის ერთიან ნეიროენდოკრინულ კომპლექსს, რომელიც უზრუნველყოფს ორგანიზმის შინაგანი გარემოს მუდმივობას.

გამოკვლევის მეთოდები. ჰიპოფიზის ფუნქციის დარღვევა ვლინდება დინამიკაში კლინიკური სურათის და გამოკვლევის დამატებითი – რადიოიმუნოლოგიური (სისხლში ჰორმონების დონის განსაზღვრა), რენტგენოლოგიური (კრანიოგრაფია, ტომოგრაფია, რადიონუკლიდური ენცეფალოგრაფია) მეთოდების, აგრეთვე ნეიროოფთალმოლოგიური (მხედველობის სიმახვილის და მხედველობის არეალის, გუგის რეფლექსების შეფასება, თვალის ფსკერის დათვალიერება) გამოკვლევის საფუძველზე. რენტგენოლოგიურ სიმპტომოკომპლექსებთან (მაგ., თურქული კეხის გადიდება) ენდოკრინული დარღვევების კლინიკური ნიშნების შეთავსება მეტყველებს ჰიპოფიზში სიმსივნური პროცესის (მაგ., ადენომა, გლიომა, მენინგიომა) შესაძლო განვითარებაზე. სიმსივნეების კლინიკური სურათი დამოკიდებულია მის ხასიათზე, ლოკალიზაციაზე, მიმართულებაზე და ზრდის ტემპზე. დაავადების ადრეულ სტადიაზე სიმსივნე იზრდება თურქული კეხის ფოსოში და, არც თუ იშვიათად, მჟავნდება მხოლოდ ენდოკრინული დარღვევებით. შემდგომში ამას ემატება მხედველობის გაუარესება და ჰიპოფიზის მიდამოს სხვადასხვა ანატომიური ცვლილებები, რაც ვლინდება რენტგენოლოგიური გამოკვლევით (თურქული კეხის ზომის და ფორმის შეცვლა, მისი ზურგის დაშლა, ქიაზმური ცისტერნების ცდომა და სხ.); დაავადების მოგვიანებით სტადიებში აღინიშნება თავის ტვინის დაზიანების სიმპტომები. კრანიოფარინგიომების დროს აღინიშნება კალციუმის მარილების ჩანართები როგორც თვითოს სიმსივნურ ქსოვილში, ასევე მისი კაფსულის კედლებში. ქალებში ჰიპოფიზის სიმსივნის დიფერენცირება აუცილებელია მოხდეს ცარიელი თურქული კეხის სინდრომთან, რომლისთვისაც დამახასიათებელია თურქული კეხის გადიდება, არტერიული ჰიპერტენზია, ქიაზმალური სინდრომი (მხედველობის დარღვევა), მაგრამ ჰიპოფიზის ფუნქცია დარღვეული არ არის, მიუხედავად იმისა, რომ აღინიშნება ჰიპეპროლაქტინემია, რასაც თან სდევს სარძევე ჯირკვლებიდან გამონადენის არსებობა.

ადენოჰიპოფიზური უჯრედების ფუნქციური მდგომარეობის შეფასების მიზნით გამოიყენება ენზიმატური ჰისტოქიმიური მეთოდები (ხშირად შერწყმული ელექტრონულ მიკროსკოპიასთან), აგრეთვე იმუნოცისტოქიმიური მეთოდები, რომლებიც საშუალებას იძლევიან მოვახდინოთ ჰიპოფიზის ჯირკვლოვანი უჯრედების და მათ მიერ გამომუშავებული ჰორმონების იდენტიფიცირება.

hipofiziპათოლოგია. ჰიპოფიზის ფუნქციის დარღვევას თან ახლავს ჰორმონების ჭარბი ან არასაკმარისი გამომუშავება. აღნიშნული დარღვევების მიზეზი შეიძლება იყოს რილიზინგ–ჰორმონების ჰიპერსტიმულაცია, რასაც თან სდევს შესაბამისი უჯრედების ჰიპერფუნქცია და მათი შემდგომი ჰიპერპლაზია, რაც შესაძლებელია დასრულდეს ადენომის ჩამოყალიბებით, აგრეთვე ჰიპოფიზის პირველადი სიმსივნეები. ჰიპოფიზის ჰორმონმაპროდუცირებებლი ფუნქციის დარღვევის დროს ვლინდება სხვადასხვა სინდრომები. ასე მაგალითად, ჰიპოფიზში სომატოტროპინომის არსებობის ფონზე სომატოტროპინის ჰიპერპროდუქცია ბავშვობის ან ყმაწვილობის ასაკში იწვევს აკრომეგალიის ან გიგანტიზმის განვითარებას; არასაკმარისი პროდუქცია – ქონდრისკაცობის განვითარებას; ფუნქციური ან სიმსივნური გენეზის ჰიპერპროლაქტინემიას თან სდევს გალაქტორეა–ამენორეის სინდრომის და ჰიპოგონადიზმის განვითარება. ჰიპერპროლაქტინემია შეიძლება დაკავშირებულია იყოს ე.წ. ცარიელი თურქული კეხის სინდრომთან, რომელიც, როგორც წესი, ვითარდება მისი ზურგის დაშლის შედეგად. ჩვეულებრივ, აღნიშნული პათოლოგია აღენიშნებათ მსუქან ქალებს, რომელთაც, არც თუ იშვიათად, აწუხებთ არტერიული ჰიპერტენზია. ამასთან, კლინიკურად აღინიშნება თავის ტკივილები, თავბუსხვევები, რასაც თან ახლავს მენსტრუალური ციკლის დარღვევა, ზოგჯერ კი მხედველობის მოშლა. გონადოტროპინების (ლუტროპინის და ფოლიტროპინის) პროდუქციის პირველადი დარღვევა იწვევს სასქესო ფუნქციების მოშლას: ადრეული სქესობრივი მომწიფება ბავშვებში, ხოლო გონადოტროპული ფუნქციის გამოთიშვისას – გონადოტროპული ჰიპოგონადიზმი. სქესობრივი ფუნქციების დარღვევა აგრეთვე ხშირია ქალებში ჰიპოფიზის ციკლური გონადოტროპული ფუნქციის დარღვევის დროს; კორტიკოტროპინების ჰიპერფუნქცია, რაც დაკავშირებულია როგორც რილიზინგ–ჰორმონების ჰიპერსტიმულაციის შედეგად მათ ჰიპერპლაზიასთან, ასევე ჰიპოფიზის პირველად კორტიკოტროპინომასთან, იწვევს იცენკო–კუშინგის დაავადების განვითარებას, ხოლო კორტიკოტროპული ფუნქციის გამოთიშვა – თირკმელზედა ჯირკვლების უკმარისობას. ადენოჰიპოფიზის ჰიპოპლაზია და ატროფია, აგრეთვე პათოლოგიური პროცესის მიერ მისი პარენქიმის დაშლა იწვევს პანჰიპოპიტუიტარიზმის განვითარებას, რასაც თან ახლავს პერიფერიული ენდოკრინული ჯირკვლების ფუნქციების გამოვარდნა, და ჰიპოფიზური კახექსიის ჩამოყალიბებას. უკანა წილის დაშლა, ჰიპოფიზის ფეხის დაზიანება ან წინა ჰიპოთალამუსის ბირთვების დაზიანება იწვევს უშაქრო დიაბეტის განვითარებას.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.