ჯანმრთელობაზე უფლება საერთაშორისო სტანდარტებისა და ეროვნული კანონმდებლობის კონტექსტში

ჟურნალი ,,კავკასიის სამედიცინო მაცნე”, N26, ივნისი, 2010 წ

რეცენზენტები: პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძე, პროფ. რამაზ შენგელია
teimurazc@hotmail.com        shengelia@tsmu.edu

ჯანმრთელობაზე უფლება საერთაშორისო სტანდარტებისა და ეროვნული კანონმდებლობის კონტექსტში

ასოცირებული პროფესორი ნინო ჩიხლაძე, ნატო ფიცხელაური

Chikhladze.nino@gmail.com 899 177545
nato@mail.osgf.ge 893207335
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
მედიცინის ფაკულტეტი
საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტი

ადამიანის უფლებები ჯანმრთელობის უზრუნველყოფის კონტექსტში პირველად დაფიქსირებული იქნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წესდებაში, როგორც უფლება ჯანმრთელობის ყველაზე მაღალ მიღწევად დონეზე.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ 1948 წელს საერთაშორისო საზოგადოებამ მიიღო ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაცია, რომელიც ავალდებულებდა და ავალდებულებს მონაწილე სახელმწიფოებს დაიცვან ადამიანის უფლებების ძირითადი და მინიმალური საერთაშორისო სტანდარტები.

,,ყოველ ადამიანს აქვს უფლება ჰქონდეს მისი და მისი ოჯახის წევრების ჯანმრთელობისათვის შესაფერისი საცხოვრებელი პირობები საკვების, ტანსაცმლის, საცხოვრებელი ადგილის, სამედიცინო დახმარებისა და აუცილებელი სოციალური მომსახურების ჩათვლით’’.

1966 წელს გაეროს მიერ მიღებული იქნა ორი საერთაშორისო პაქტი: ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა საერთაშორისო პაქტი და სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტი. ჯანმრთელობაზე უფლება გაცხადებულია სწორედ ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა საერთაშორისო პაქტში, რომელიც რატიფიცირებულია მსოფლიოს 145 ქვეყნის მიერ.

2000 წელს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა კომიტეტმა, რომელიც უზრუნველყოფს ამ უფლებების მონიტორინგს, მიიღო ჯანმრთელობაზე უფლებასთან დაკავშირებული ზოგადი ხასიათის შენიშნვა, სადაც გაცხადებულია, რომ ჯანმრთელობაზე უფლება დაკავშირებულია ადამიანის სხვა უფლებების რეალიზაციასთან და ჯანმრთელობაზე უფლება ვრცელდება არა მხოლოდ სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფაზე, არამედ ჯანმრთელობის ძირითად დეტერმინანტებზე, როგორიცაა: უსაფრთხო სასმელი წყალი და საკვები პროდუქტები, ადეკვატური სანიტარული მდგომარეობა, საცხოვრებელი, მუშაობის პირობები, გარემოს პირობები, ჯანმრთელობის სფეროში განათლებისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა.

ჯანმრთელობაზე უფლება აღიარებულია სხვადასხვა საერთაშორისო დოკუმენტებში, რომლებშიც ის განიხილება ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა კონტექსტში.

ზემოთ აღნიშნული დოკუმენტების გარდა ჯანმრთელობაზე უფლებების შემდგომ განვითარებას საფუძვლად დაედო სამედიცინო დახმარების ზოგადი კონცეფცია და ძირითადი პრინციპები.

სამედიცინო დახმარების ძირითადი პრინციპები ჩამოყალიბებული იქნა  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ასამბლეის რეზოლუციაში 1977 წელს, ხოლო სამედიცინო დახმარების უნივერსალური მოდელი დეკლარირებული იქნა ალმა-ატაში 1978 წელს. ამ პრინციპების თანახმად  სამედიცინო დახმარების კონცეფცია მოიცავს სამედიცინო მომსახურების მთელ სპექტრს, რომელიც მიმართულია ჯანმრთელობის უზრუნველყოფისა და დაცვისაკენ. პაციენტის მდგომარეობის კონტინიუმის ,,სრული ჯანმრთელობა-ტერმინალური მდგომარეობა,, შესაბამისად ის მოიცავს პროფილაქტიკას, დიაგნოსტიკას, მკურნალობას, მოვლასა და რეაბილიტაციას.

ადამიანს, როგორც ინდივიდს და სოციუმის წევრს, გააჩნია როგორც ინდივიდუალური, ისე სოციალური უფლებები.

სოციალური უფლებები უკავშირდება მთავრობების მიერ ნაკისრ ვალდებულებებს მოსახლეობის ყველა წევრისათვის სამედიცინო მომსახურების თანაბარი ხელმისაწვდომობის (გეოგრაფიული, ფინანსური, კულტურული, ინფორმაციული და სხვა) უზრუნველყოფისათვის.

ინდივიდუალური უფლებების კონცეფტუალურ საფუძველს წარმოადგენს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ტრანსფერი სფეროში ,,პაციენტი-მედიცინა’’. ინდივიდუალური უფლებების ჩამოყალიბებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია პაციენტთა უფლებების დაცვის პრობლემებისადმი მზარდმა ინტერესმა, გლობალურმა მოძრაობამ ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის უზრუნვეყოფისათვის და ამ პროცესში მთავრობებისა და სამედიცინო დაწესებულებების პასუხისმგებლობის გაძლიერებისათვის.

1964 წელს მსოფლიო სამედიცინო ასოციაციის მიერ შემუშავდა ჰელსინკის დეკლარაცია, რომელიც წარმოადგენს ადამიანების მონაწილეობით ჩატარებული  სამედიცინო კვლევების ეთიკური პრინციპების ჩარჩოს, ხოლო 1982 წელს-ადამიანის მონაწილეობით ბიოსამედიცინო კვლევების ჩატარების სახელმძღვანელო პრინციპები.

1994 წელს ევროსაბჭოს მიერ ამსტერდამში მიღებული იქნა ევროპაში პაციენტთა უფლებების პრინციპების ზოგადი ჩარჩო, ხოლო 1997 წელს-კონვენცია ბიოლოგიასა და მედიცინაში ადამიანის უფლებების და ღირსების დაცვის შესახებ.

2002 წელს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ევროპული ქსელის მიერ შემუშავებული იქნა პაციენტთა უფლებების ევროპული ქარტია, რომელშიც მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული პაციენტთა უფლებები. Qქარტიაში ადამიანის უფლებების სფეროს რეგიონალური დოკუმენტები გადატანილი იქნა სამედიცინო დახმარების სფეროში და ჩამოყალიბებული იქნა კონკრეტული წინადადებები.

ქარტიაში ასახული უფლებებია: უფლება პროფილაქტიკაზე, ხელმისაწვდომობაზე, ინფორმაციაზე, არჩევანის თავისუფლებაზე, კონფიდენციალობაზე, პაციენტთა დროის პატივისცემაზე, ხარისხის სტანდარტების დაცვაზე, უსაფრთხოებაზე, ინოვაციაზე, შესაძლებლობის ფარგლებში ტანჯვისა და ტკივილის აცილებაზე, მკურნალობისადმი ინდივიდუალურ მიდგომაზე, სარჩელის წარდგენაზე, კომპენსაციაზე.

2005 წელს იუნესკოს მიერ შემუშავდა ბიოეთიკისა და ადამიანის უფლებების საერთაშორისო დეკლარაცია, რომლის ძირითად პრინციპებს წარმოადგენს: ადამიანის უფლება და ღირსება, სიკეთე და ზიანი, დამოუკიდებლობა და ინდივიდუალური პასუხისმგებლობა, თანხმობა, ქმედუნარიანი ადამიანების დაცვა, ადამიანის პიროვნების ერთიანობისა და პატივისცემა,  პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა და კონფიდენციალობა, თანასწორობა და სამართლიანობა, დისკრიმინაციისა და საზოგადოებრივი განკიცხვის დაუშვებლობა, კულტურული მრავალფეროვნება და პლურარიზმი, სოლიდარობა და თანამშრომლობა, სოციალური პასუხისმგებლობა და ჯანმრთელობა, კეთილდღეობის ერთობლივი გამოყენება, მომავალ თაობათა დაცვა, გარემოს, ბიოსფეროსა და ბიომრავალფეროვნების დაცვა.

საქართველოში კანონი პაციენტთა უფლებების შესახებ მიღებული იქნა 2000 წელს. განვიხილოთ კანონით გათვალისწინებული უფლებები პაციენტთა უფლებების ევროპული ქარტიისა და ბიოეთიკისა და ადამიანის უფლებების საერთაშორისო დეკლარაციის კონტექსტში.

საქართველოს თითოეულ მოქალაქეს უფლება აქვს მიიღოს ქვეყანაში აღიარებული და დანერგილი პროფესიული და სამომსახურეო სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო მომსახურება, ამასთანავე მას უფლება აქვს აირჩიოს და ნებისმიერ დროს შეიცვალოს სამედიცინო მომსახურების გამწევი, ხოლო მეორე აზრის მოსაძიებლად დაუბრკოლებლად მიმართოს სხვა ექიმს ან სამედიცინო დაწესებულებას. კანონის შესაბამისად სამედიცინო მომსახურების თანაბრად ხელმისაწვდომობა ხორციელდება სახელმწიფო პროგრამების საშუალებით. როგორც ვხედავთ, მოცემულ ნაწილში უზრუნველყოფილია ადამიანის უფლება ხელმისაწვდომობაზე, არჩევანის თავისუფლებასა და ხარისხის სტანდარტების დაცვაზე.

საქართველოს თითოეულ მოქალაქეს უფლება აქვს მიიღოს სრული, ობიექტური, დროული და გასაგები ინფორმაცია იმ ფაქტორების შესახებ, რომელიც ხელს უწყობს მისი ჯანმრთელობის შენარჩუნებას ან უარყოფითად მოქმედებს მასზე.

სამედიცინო მომსახურების გაწევის აუცილებელი პირობაა ინფორმირებული თანხმობა. სამედიცინო მომსახურების გამწევი ვალდებულია დაიცვას პაციენტის შესახებ არსებული ინფორმაციის კონფიდენციალობა. პაციენტს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს კომპენსაცია.

მოცემულ ნაწილში უზრუნველყოფილია ადამიანის უფლება ინფორმაციის მიღებაზე, თანხმობაზე, კონფიდენციალობაზე, სარჩელის წარდგენასა და კომპენსაციაზე.

ადამიანის უფლება დაავადებათა პრევენციის მიზნით კანონში დამოუკიდებლად განხილული არ არის, თუმცა რადგან საქართველოს თითოეულ მოქალაქეს უფლება აქვს მიიღოს სამედიცინო მომსახურება, ხოლო გამოყენებული ტერმინების განმარტებაში სამედიცინო მომსახურების ერთ-ერთ კომპონენტად პროფილაქტიკა არის დასახელებული, უნდა ვიგულისმოთ, რომ ზემოთ აღნიშნული უფლება საქართველოს მოქალაქეებისათვის კანონით არის განმტკიცებული, იგივე ეხება უფლებას შესაძლებლობის ფარგლებში ტანჯვისა და ტკივილის აცილებაზე.

კანონში არ არის ასახული უფლება უსაფრთხოებასა და ინოვაციაზე, თუმცა მცდარი სამედიცინო ქმედებისა და სამედიცინო დაწესებულების ფუნქციონირების სხვა ხარვეზი კანონში ,,დაზღვეულია’’ საჩივრითა და კომპენსაციით, შეგვიძლია ეს უფლებაც რეალიზებულად ჩავთვალოთ.

ამგვარად, Kკანონი ,,პაციენტთა უფლებების,,  შესახებ ასახავს ადამიანთა მოლოდინს გარანტირებული იყოს არა მხოლოდ მათი უფლება მიიღონ სამედიცინო დახმარება, არამედ აღიარებული და დაცული იყოს მათი, როგორც პაციენტების, უფლებები.

საქართველოში K პაციენტთა უფლებების  შესახებ კანონის მიღება არა მხოლოდ ევროპულ კანონმდებლობასთან,  არამედ სამედიცინო მომსახურების საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოებას ნიშნავს. მაგრამ ეს რა თქმა უნდა საკმარისი არ არის. Kკანონის მიღების შემდგომ ეტაპზე მეტად მნიშვნელოვანია ამ უფლებების რეალიზაციის მექანიზმები არსებობა, რაც სამწუხაროდ საქართველოში არ არსებობს.

ადამიანის უფლებები ჯანმრთელობის დაცვის სფეროში აწესებენ სტანდარტს, რომლითაც უნდა ისარგებლოს ნებისმიერი ქვეყნის მთავრობამ საკუთარი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე უფლების რეალიზაციის პროცესში.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. საქართველოს კანონი პაციენტთა უფლებების შესახებ 2000
  2. The universal Declaration of Human Rights 1948
  3. The International Convenant of Civil and Political Rights1966
  4. The International Convenant of Economic, Social and Cultural Rights1966
  5. The UNESCO Universal Declaration on Bioethics and Human Rights 2005
  6. European Convention on Human Rights and fundamental Freedoms 1990
  7. European Charter on Patient’s Rights 2002
  8. European Social Charter 1961
  9. Principles of the Rights of Patients in Europe: A Common Framework 1994
  10. World Health Assembly Resolution on Health for all. WHA 30.43-1977

…..