წინამხრის კუნთები

ლალი დათეშიძე

ადამიანის ნორმალური ანატომია. წინამხრის კუნთები Mm. antebrachii Muscles of forearm

წინამხრის კუნთები – mm. antebrachii სამ ჯგუფად იყოფა: წინა, ლატერალური და უკანა ჯგუფის კუნთებად. წინა და უკანა ჯგუფის კუნთები რამდენიმე შრედაა განლაგებული.

I. წინა ჯგუფის კუნთები ოთხ შრედაა განლაგებული

წინამხრის წინა ჯგუფის პირველი (ზედაპირული) შრე
1. მრგვალი პრონატორი – m. pronator teres
2. მაჯის სხივისაკენ მომხრელი – m. flåõîr carpi radialis
3. მაჯის იდაყვისაკენ მომხრელი – m. flåõîr carpi ulnaris
4. ნების გრძელი კუნთი – m. palmaris longus

წინამხრის წინა ჯგუფის კუნთების მეორე შრე
1. თითების ზედაპირული მომხრელი კუნთი – m. flexor digitorum superficialis

წინამხრის წინა ჯგუფის კუნთების მესამე შრე
1. თითების ღრმა მომხრელი – m . flexor digitorum profundus
2. ცერის გრძელი მომხრელი კუნთი – m. flexor pollicis longus

წინამხრის წინა ჯგუფის კუნთების მეოთხე შრე
1. კვადრატული პრონატორი – m. pronator quadratus

II. ლატერალური ჯგუფის კუნთები:

1. მხარ – სხივის კუნთი – m. brachioradialis
2. მაჯის გრძელი გამშლელი სხივისაკენ – m. extensor carpi radialis longus
3. მაჯის მოკლე გამშლელი სხივისაკენ – m. extensor carpi radialis brevis

III. უკანა ჯგუფის კუნთები ორ შრედაა განლაგებული

წინამხრის უკანა ჯგუფის ზედაპირული შრის კუნთებია:
1. მაჯის იდაყვისაკენ გამშლელი კუნთი – m. extensor carpi ulnaris
2. თითების გამშლელი კუნთი – m. extensor digitorum
3. ნეკის გამშლელი კუნთი – m. extensor digiti minimi

წინამხრის უკანა ჯგუფის ღრმა შრის კუნთებია:
1. სუპინატორი – m.supinator
2. ცერის გრძელი განმზიდველი კუნთი – m. abductor pollicis longus
3. ცერის მოკლე გამშლელი კუნთი – m. extensor pollicis brevis
4. ცერის გრძელი გამშლელი კუნთი – m. extensor pollicis longus
5. საჩვენებელი თითის გამშლელი კუნთი – m. extensor indicis

I. წინამხრის წინა ჯგუფის კუნთები

პირველი (ზედაპირული) შრე
1. მრგვალი პრონატორი – m. pronator teres, ამ შრის ყველაზე სქელი და მოკლე კუნთია. იწყება ორი თავით: დიდი, მხრისეული თავით – Caput humerale –  მხრის მედიალური ზედაროკიდან – epicondylus medialis humeri, მხრის კუნთთაშუა მედიალური ძგიდედან – septum intermusculare brachii mediale, წინამხრის ფასციიდან, და პატარა, იდაყვისეული თავით – caput ulnare იწყება იდაყვის ხორკლის მედიალური კიდედან. ორივე თავი ქმნის მუცელს, რომელიც გადადის ვიწრო მყესში. კუნთი მიემართება ირიბად, შიგნიდან გარეთ და უმაგრდება სხივის ლატერალური ზედაპირის – facies lateralis radii შუა მესამედს.

მოქმედება: აბრუნებს წინამხარს შიგნით (პრონაცია) და მონაწილეობს მის მოხრაში.
ინერვაცია: n. medianus (C6-C7).

წინამხრის კუნთები

2. მაჯის სხივისაკენ მომხრელი კუნთი – m. flexor carpi radialis, ორფრთიანი, ბრტყელი, გრძელი კუნთია; მდებარეობს ლატერალურად. პროქსიმალურ ნაწილში მას ფარავს ნების გრძელი კუნთი – m. palmaris longus და მხრის ორთავა კუნთის აპონევროზი – aponeurosis m. bicipis brachii, დანარჩენი ნაწილი კი დაფარულია მხოლოდ ფასციითა და კანით. კუნთი იწყება მხრის მედიალური ზედაროკიდან – epicondylus medialis humeri, კუნთთაშუა ძგიდედან – septa intermuscularia და წინამხრის ფასციიდან – fascia antebrachii; მიიმართება ქვემოთ, გაივლის მომხრელების საბმელის – retinaculum flexorum ქვეშ და უმაგრდება ნების II (III) ძვლის ფუძეებს.
მოქმედება: ხრის და შიგნით აბრუნებს (პრონაცია) მტევანს.
ინერვაცია: n. medianus [C6-C7-(C8)].
სისხლმომარაგება: a. radialis-ის კუნთოვანი ტოტები.

3. ნების გრძელი კუნთი – m. palmaris longus, აქვს მოკლე თითისტარისებრი მუცელი და ძალიან გრძელი მყესი; მდებარეობს უშუალოდ კანქვეშ. კუნთი იწყება მხრის მედიალური ზედაროკიდან – epicondylus medialis humeri, კუნთთაშუა ძგიდედან – septum intermusculare და წინამხრის ფასციიდან; კუნთი მტევანთან მიოახლოებისას გადადის ხელგულის აპონევროზში – aponeurosis palmaris.

მოქმედება: ჭიმავს ხელგულის აპონევროზს და მონაწილეობს მტევნის მოხრაში.
ინერვაცია: n. medianus [(C7) C8].
სისხლმომარაგება: a. radialis-ის კუნთოვანი ტოტები.

4. მაჯის იდაყვისაკენ მომხრელი კუნთი – m. flexor carpi ulnaris, უკავია წინამხრის მედიალური კიდე. აქვს გრძელი კუნთის მუცელი და შედარებით სქელი მყესი. იწყება ორი თავით: ა) მხრისეული თავით – caput humerale – მხრის მედიალური ზედაროკიდან – epicondylus medialis humeri და კუნთთაშუა ძგიდედან – septum intermusculare; ბ) იდაყვისეული თავით – caput ulnare, – იდაყვის მორჩიდან, წინამხრის ფასციიდან და დორსალური ფასციიდან. კუნთი მიემართება ქვემოთ, მყესი გაივლის მომხრელების საბმელის – retinaculum flexorum ქვეშ და უმაგრდება ცერცვისებრ ძვალს – os pisiforme. კონების ერთი ნაწილი გადადის ცერცვ – ნების იოგსა – Lig. pisometacarpeum და ცერცვ – კავის იოგში – lig. pisohamatum, რომლებიც უმაგრდებიან კავიან ძვალსა და ნების მეხუთე ძვალს.
მოქმედება: ხრის მტევანს და მონაწილეობს მის მოზიდვაში.
ინერვაცია: n. ulnaris (C8, Th1).
სისხლმომარაგება: aa. collaterale, a. brachialis et a. ulnaris.

წინამხრის კუნთები

მეორე შრე

თითების ზედაპირული მომხრელი კუნთი – m. flexor digitorum superficialis წინიდან დაფარულია ნების გრძელი კუნთით – m. palmaris longus და მაჯის სხივისაკენ მომხრელი კუნთით – flexor carpi radialis. კუნთი იწყება ორი თავით: ა) მხარ – იდაყვისეული თავით – caput humeroulnareმხრის მედიალური ზედაროკიდან და იდაყვის გვირგვინოვანი მორჩიდან – epicondylus medialis humeri et processus coronoideus ulnae; ბ) სხივისეული თავით – caput radiale – სხივის ძვლის ხელგულისმხრივი ზედაპირის პროქსიმალური ნაწილიდან. ეს თავები ერთდებიან, ქმნიან მუცელს და ბოლოვდებიან 4 გრძელი მყესით. მყესები გადადიან მტევანზე,  წვებიან მაჯის არხში – canalis carpi და უმაგრდებიან შუა ფალანგების ფუძეებს, საჩვენებელი თითიდან ნეკამდე. პროქსიმალური ფალანგების დონეზე თითოეული მყესი იყოფა ორად და ამიტომ მაგრდება არა ერთ, არამედ ორ წერტილზე – შუა ფალანგების ფუძეთა კიდეებზე.

მოქმედება: ხრის თითების  (საჩვენებელი თითიდან ნეკამდე) შუა ფალანგებს.
ინერვაცია: n. medianus (C7-C8 Th1).
სისხლმომარაგება: aa. radialis et ulnaris.

მესამე შრე
1. თითების ღრმა მომხრელი კუნთი – m. flexor digitorum profundus, კარგად განვითარებული კუნთია; იწყება ძვალთაშუა აპკიდან – membrana interossea და იდაყვის წინა ზედაპირის პროქსიმალური ნაწილიდან. კუნთი მიემართება ქვემოთ, გადადის 4 გრძელ მყესში, რომლებიც გაივლიან მომხრელების საბმელის – retinaculum flexorum ქვეშ, წვებიან მაჯის არხში – canalis carpi და ლაგდებიან თითების ზედაპირული მომხრელი კუნთის – m. flexor digitorum superficialis მყესების ქვეშ. შემდეგ თითების ღრმა მომხრელი კუნთის – m. flexor digitorum profundus თითოეული მყესი გაივლის თითების ზედაპირული მომხრელი კუნთის მყესების ფეხებს შორის და უმაგრდება დისტალური ფალანგების ფუძეებს, საჩვენებელი თითიდან ნეკამდე. თითების ზედაპირული და ღრმა მომხრელი კუნთების მყესები მოთავსებულნი არიან მტევნის თითების მომხრელების საერთო სინოვიურ ბუდეში – vagina synovialis communis mm. flexorum digitorum manus. საჩვენებელი, შუა და უსახელო თითების ბუდეები იწყება ნების ძვლების თავების დონეზე და აღწევენ დისტალურ ფალანგებამდე, ისე, რომ არ უერთდებიან საერთო ბუდეს. მხოლოდ ნეკნის მყესის ბუდე უერთდება მტევნის თითების მომხრელების საერთო სინოვიურ ბუდეს – vagina synovialis communis mm. flexorum digitorum manus.

მოქმედება: ხრის თითების  (საჩვენებლიდან ნეკამდე) დისტალურ ფალანგებს
ინერვაცია: nn. ulnaris et medianus (C6-C8 Th1).
სისხლმომარაგება: a. ulnaris-ს კუნთოვანი ტოტები.

წინამხრის კუნთები

2. ცერის გრძელი მომხრელი კუნთი – m.flexor pollicis longus, გრძელი ერთფრთიანი კუნთია, მდებარეობს წინამხრის ლატერალურ კიდეზე. კუნთი იწყება სხივის წინა ზედაპირისა – facies anterior radii და ძვალთაშუა აპკის – membrana interossea ზემო 2/3-დან, და მხრის მედიალური ზედაროკიდან – epicondylus medialis humeri. კუნთი გადადის გრძელ მყესში, რომელიც მიემართება ქვემოთ, წვება მაჯის არხში – canalis carpi, შემდეგ კი ეხვევა ცერის გრძელი მომხრელი კუნთის მყესის ბუდეში – vagina tendinis m.flexoris pollicis longi, აღწევს დისტალურ ფალანგს და უმაგრდება მის ფუძეს.
მოქმედება: ხრის ცერის დისტალურ ფალანგს.
ინერვაცია: n. medianus (C6-C8).
სისხლმომარაგება: aa. radialis, ulnaris et a. interossea anterior კუნთოვანი ტოტები

მეოთხე შრე

1. კვადრატული პრონატორი – m.pronator quadratus თხელი ოთხკუთხა ფირფიტაა; გაჭიმულია იდაყვსა და სხივს შორის. იწყება იდაყვის ძვლის ხელგულისმხრივი ზედაპირის დისტალური ნაწილიდან და უმაგრდება იმავე დონეზე სხივის ძვლის ხელგულისმხრივ ზედაპირს.
მოქმედება: ახდენს წინამხრის პრონაციას.
ინერვაცია: n. medianus (C6-C8).
სისხლმომარაგება: a. interossea anterior.

II. წინამხრის ლატერალური ჯგუფის კუნთები:

1. მხარ – სხივის კუნთი – m. brachioradialis თითისტარისებრი ფორმის კუნთია და უკავია ყველაზე ლატერალური მდებარეობა. იწყება მხრის ლატერალური კიდიდან – margo lateralis humeri და მხრის კუნთთაშუა ლატერალური ძგიდიდან – septum intermusculare brachii laterale, მიემართება ქვემოთ და უმაგრდება სხივის ლატერალურ ზედაპირს – facies lateralis radii.

მოქმედება: ხრის ხელს იდაყვის სახსარში და მონაწილეობს სხივის ძვლის როგორც პრონაციაში, ასევე სუპინაციაში.
ინერვაცია: n. radialis [C5-C6 (C7)].

წინამხრის კუნთები

2. მაჯის გრძელი გამშლელი სხივისაკენ – m. extensor carpi radialis longus, თითისტარისებრი ფორმის, ვიწრომყესიანი კუნთია. მის ზემო ნაწილს ნაწილობრივ ფარავს მხარ – სხივის კუნთი, დისტალურ ნაწილში კი კუნთის მყესებს ზემოდან ქვემოთ გადაუვლის ხელის ცერის გრძელი განმზიდველი კუნთი – m. abductor pollicis longus და ხელის ცერის მოკლე გამშლელი კუნთი – m. extensor pollicis brevis. კუნთი იწყება მხრის ძვლის ლატერალური ზედაროკიდან – epicondylus lateralis და მხრის კუნთთაშუა ლატერალური ძგიდედან – septum intermusculare brachii laterale, მიემართება ქვემოთ, გადადის მყესში, რომელიც გაივლის გამშლელების საბმელის – retinaculum åõtensorum ქვეშ და უმაგრდება ნების II ძვლის – os metacarpale II დორსალურ ზედაპირს.
მოქმედება: ხრის ხელს იდაყვის სახსარში, შლის მტევანსა და მონაწილეობს მის განზიდვაში.
ინერვაცია: n. radialis (C5-C7).

სისხლმომარაგება: aa. collaterales (a. profundae brachii) et a. recurrens radialis.

3. მაჯის მოკლე გამშლელი სხივისაკენ – m. extensor carpiradialis brevis, პროქსიმალურ ნაწილში რამდენადმე დაფარულია წინა კუნთით, დისტალურ ნაწილში კი – კვეთს შედარებით ზედაპირულად მდებარე კუნთები: ცერის განმზიდველი და გრძელი გამშლელი კუნთები. კუნთი იწყება მხრის ლატერალური ზედაროკიდან, გვერდითი იოგებიდან – ligg. collaterale და სხივის რგოლისებრი იოგიდან – Lig. anulare radii; მიემართება ქვემოთ, გადაის მყესში, რომელიც თავსდება წინა კუნთის მყესის გვერდით, მაჯის სხივისაკენ გამშლელი კუნთების მყესების ბუდეში – Vag. tendinum mm. extensorum carpi radialium და უმაგრდება ნების III. ძვლის – os metacarpale III ფუძეს.
მოქმედება: შლის მტევანს და რამდენადმე განზიდავს მას.
ინერვაცია: n. radialis [(C5) C6-C7].

სისხლმომარაგება: aa. collaterales (a. profundae brachii) et a. recurrens radialis.

III. წინამხრის უკანა ჯგუფის კუნთები

ზედაპირული შრე
1. მაჯის იდაყვისაკენ გამშლელი კუნთი – m. extensor carpi ulnaris, – აქვს გრძელი თითისტარისებრი მუცელი და მდებარეობს წინამხრის დორსალური ზედაპირის შიგნითა კიდეზე. კუნთი იწყება მხრის ლატერალური ზედაროკიდან – epicondylus lateralis humeri, იდაყვის უკანა კიდედან – margo posterior ulnae და იდაყვის სახსრის სასახსრე ჩანთიდან. კუნთი გადადის მოკლე, მაგრამ საკმაოდ ძლიერ მყესში, რომელიც მოთავსებულია მაჯის იდაყვისაკენ გამშლელი კუნთის მყესის ბუდეში – vagina tendinis m. extensoris carpi ulnaris და  უმაგრდება ნების V ძვლის – os metacarpale V ფუძეს, დორსალური მხრიდან
მოქმედება: განზიდავს მტევანს იდაყვის მხარეზე და შლის მას.
ინერვაცია: n. radialis [(C6) C7-C8].
სისხლმომარაგება: a. interossea posterior.

2. თითების გამშლელი კუნთი – m. extensor digitorum – აქვს თითისტარისებრი ფორმის მუცელი და მდებარეობს უშუალოდ კანქვეშ, წინამხრის დორსალური ზედაპირის ლატერალურ კიდესთან. თითების გამშლელი კუნთი იწყება მხრის ლატერალური ზედაროკიდან – epicondylus lateralis humeri, იდაყვის სახსრის სასახსრე ჩანთიდან და წინამხრის ფასციიდან. დაახლოებით შუა ნაწილში კუნთის მუცელი გადადის 4 მყესში, რომლებიც გაივლიან გამშლელების საბმელის – retinaculum extensorum ქვეშ და საჩვენებელი თითის გამშლელი კუნთის მყესთან ერთად თავსდებაინ თითებისა და საჩვენებელი თითის გამშლელი კუნთების მყესების ბუდეში – vagina tendinum mm. extensoris digitorum et extensoris indicts. მყესები გადადიან მტევანზე და უერთდებიან ერთმანეთს თხელი მყესთაშუა შეერთებებით – Conexus intertendineus, ხოლო პროქსიმალური ფალანგების ფუძეებთან, საჩვენებელი თითიდან ნეკამდე, თითოეული მყესი ბოლოვდება მყესოვანი ფირფიტით, რომელიც შეზრდილია ნებ – ფალანგის სახსრის სასახსრე ჩანთასთან. მყესოვანი ფირფიტები იყოფიან 3 ფეხად; გვერდითი ფეხები უმაგრდებიან დისტალური ფალანგის ფუძეს, შუა ფეხი – შუა ფალანგის ფუძეს.
მოქმედება: შლის თითებს, მონაწილეობს მტევნის გაშლაში.
ინერვაცია: n. radialis (C6-C8).
სისხლმომარაგება: a. interossea posterior.

წინამხრის კუნთები

3. ნეკის გამშლელი კუნთი – m. extensor digiti minimi, თითისტარისებრი ფორმის კუნთია, მდებარეობს უშუალოდ კანქვეშ, წინამხრის დორსალური ზედაპირის ქვემო ნახევარში, მაჯის იდაყვისაკენ გამშლელ კუნთსა – m. extensor carpi ulnaris და თითების მოკლე გამშლელ კუნთს – m. extensor digitorum შორის. კუნთი იწყება მხრის ლატერალური ზედაროკიდან – epicondylus lateralis humeri, წინამხრის ფასციიდან – fascia antebrachii და სხივის გვერდითი იოგიდან – lig. collaterale radiale; მიემართება ქვემოთ, გადააის მყესში, რომელიც მდებარეობს ნეკის გამშლელი კუნთის მყესის ბუდეში – vagina tendinis m. åõtensoris digiti minimi. ბუდიდან გამოსვლის შემდეგ მყესი უერთდება თითების გამშლელი კუნთის მყესს და მასთან ერთად უმაგრდება დისტალური ფალანგის ფუძეს.
მოქმედება: შლის ნეკს.
ინერვაცია: n. radialis (C6-C8).
სისხლმომარაგება: a. interossea posterior.

ღრმა შრე

1. სუპინატორი – m. supinator, თხელი რომბისებრი ფორმის ფირფიტაა, რომელიც მდებარეობს წინამხრის პროქსიმალურ ბოლოზე, მის გარეთა უკანა ზედაპირზე. კუნთი იწყება მხრის ლატერალური ზედაროკიდან – epicondylus lateralis humeri, სუპინატორის ქედიდან – crista m. supinatoris ulnae და იდაყვის სახსრის სასახსრე ჩანთიდან, მიემართება ირიბად ქვემოთ და გარეთ, მოიცავს სხივის ძვლის ზემო ბოლოს და მაგრდება მის გასწვრივ სხივის ხორკლიდან – tuberositas radii მრგვალი პრინატორის – m. pronator teres მიმაგრების ადგილამდე.

მოქმედება: აბრუნებს წინამხარს გარეთ (სუპინაცია) და მონაწილეობს იდაყვის სახსარში ხელის გაშლაში.
ინერვაცია: n. radialis [(C5) C6-C7 (C8)].
სისხლმომარაგება: aa. recurrens radialis, recurrens interossea.

2. ცერის გრძელი განმზიდველი კუნთი – m. abductor pollicis longus, – აქვს ორფრთიანი მუცელი, რომელიც გადადის თხელ და გრძელ მყესში. კუნთი მოთავსებულია წინამხრის დორსულ-ლატერალური ზედაპირის დისტალურ ნახევარში; მისი საწყის ნაწილს ფარავს მაჯის სხივისაკენ მოკლე გამშლელი კუნთი – m.åõtensor carpi radialis brevis და თითების გამშლელი კუნთი – m. extensor digitorum; კუნთის ქვემო ნაწილი კი უშუალოდ წინამხრის ფასციისა და კანქვეშაა მოქცეული. ცერის გრძელი განმზიდველი კუნთი იწყება სხივისა და იდაყვის ძვლების უკანა ზედაპირებიდან და ძვალთაშუა აპკიდან – membrana interossea, მიემართება ირიბად ქვემოთ, შემოუვლის სხივის ძვალს, გაივლის გამშლელების საბმელის – retinaculum extensorum ქვეშ და უმაგრდება ნების პირველი ძვლის ფუძეს.
მოქმედება: განზიდავს ცერს, მონაწილეობს მთლიანი მტევნის განზიდვაში.
ინერვაცია: n. radialis [Ñ6-Ñ7 (Ñ8)].
სისხლმომარაგება: aa. interosseae posterior et anterior.

3. ცერის მოკლე გამშლელი კუნთი – m. extensor pollicis brevis,- მოთავსებულია წინამხრის ქვემო ნაწილში, მისი დროსალური ზედაპირის ლატერალურ კიდეზე. კუნთი იწყება ძვალთაშუა აპკიდან – membrana interossea, სხივის დორსალური ზედაპირიდან – facies dorsalis radii და იდაყვის ქედიდან – crista ulnae, მიემართება ირიბად ქვემოთ, წვება ხელის ცერის გრძელი განმზიდველი კუნთის – m. abductor pollicis longus. მყესის გვერდით. ამ ორი კუნთის მყესები გარშემორტყმულია გრძელი განმზიდველი კუნთისა და ცერის მოკლე გამშლელი კუნთის ბუდით – vagina tendinum mm. abductoris longi et extensoris brevis pollicis. კუნთი გაივლის გამშლელების საბმელის – retinaculum extensorum ქვეშ და უმაგრდება მტევნის ცერის პროქსიმალური ფალანგის ფუძეს დორსალური მხრიდან.
მოქმედება: შლის და მსუბუქად განზიდავს ცერის პროქსიმალურ ფალანგს.
ინერვაცია: n.radialis [C6-C7 (C8)].
სისხლმომარაგება: aa. interosseae posterior et anterior.

4. ცერის გრძელი გამშლელი კუნთი – M. extensor pollicis longus – აქვს თითისტარისებრი ფორმის მუცელი და გრძელი მყესი. იწყება ძვალთაშუა აპკიდან – membrana interossea, იდაყვის ძვალთაშუა კიდედან – margo interosseus ulnae და იდაყვის უკანა ზედაპირიდან – facies posterior ulnae; მიემართება ქვემოთ, გადადის მყესში, რომელიც მოთავსებულია ცერის გრძელი გამშლელი კუნთის მყესში – vagina tendinis m. extensoris pollicis longi, შემდეგ გამოდის ნების ძვლის დორსალურ ზედაპირზე და უმაგრდება დისტალური ფალანგის ფუძეს.
მოქმედება: შლის ცერს და ნაწილობრივ განზიდავს მას.
ინერვაცია: n. radialis [(C6) C7-C8].
სისხლმომარაგება: aa. interosseae posterior et anterior.

5. საჩვენებელი თითის გამშლელი კუნთი – m. extensor indicis, – აქვს ვიწრო, გრძელი, თითისტარისებრი ფორმა, მდებარეობს წინამხრის დორსალური ზედაპირის ქვემო ნაწილში და დაფარულია თითების გამშლელი კუნთით – m. extensor digitorum. ზოგჯერ ეს კუნთი არ არსებობს; იწყება იდაყვის დორსალური ზედაპირის ქვემო მესამედიდან, გადადის მყესში, რომელიც გაივლის გამშლელების საბმელის – retinaculun extensorum ქვეშ და თითების გამშლელი კუნთის ანალოგიურ მყესთან ერთად აღწევს საჩვენებელი თითის დორსალურ ზედაპირის და ჩაეწვნება მის მყესოვან ფირფიტას.
მოქმედება: შლის საჩვენებელ თითს.
ინერვაცია: n. radialis [(C6) C7-C8].
სისხლმომარაგება: aa. interosseae, posterior et anterior.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. ანატომიის ნაწილის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია მანანა კიკნაძე (2006 წლიდან). 2008 და 2019 წლის ვერსიები მომზადდა მანანა კიკნაძის რედაქციით.
გაფრთხილება

.