წამლები და გერიატრია

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,ზოგადი ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”

სამკურნალწამლო საშუალებები და გერიატრია

ხანშიშესულ და მოხუცებულობითი ასაკის პაციენტების შემთხვევებში ხშირად აღინიშნება ატიპიური, პარადოქსული რეაქციები სამკურნალო საშუალებების გამოყენებაზე. აღნიშნულ შემთხვევებში, არც თუ იშვიათია, მედიკამენტური ალერგიის განვითარებაც: გულისრევა, ქავილი, შეშუპება, გამონაყარი კანზე, დისპეფსიური მოვლენები. დადასტურებულია, რომ 30–40 წლის ადამიანებთან შედარებით, 60 წელს გადაცილებულ პირებში სამკურნალო საშუალებების გამოყენებაზე უარყოფითი რეაქციების განვითარების რისკი მატულობს 1,5–2–ჯერ.

ეს განპირობებულია ორგანიზმის სხვადასხვა სისტემაში განვითარებული ასაკობრივი ცვლილებებით. მაგალითად, კუჭ–ნაწლავის ტრაქტის ორგანოებში განვითარებულმა ცვლილებებმა შეიძლება მნიშვნელოვნად შეცვალონ სამკურნალო საშუალებების შეწოვა. ხანშიშესულ პირებში ქვეითდება ორგანიზმის ბიოქიმიური ლაბორატორიის – ღვიძლის დამცველობითი ფუნქციებიც, რაც განაპირობებს მედიკამენტური ინტოქსიკაციის განვითარებას, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც ადამიანი ერთდროულად ღებულობს რამდენიმე პრეპარატს. ორგანიზმიდან მედიკამენტების გამოყოფა, ძირითადად, ხორციელდება თირკმლების მეშვეობით. ხანშიშესულ ადამიანებში მნიშვნელოვნადაა დაქვეითებული თირკმლისმიერი სისხლმომარაგება, ხოლო მოხუცებში 3–ჯერ მეტად ქვეითდება თირკმლების აზოტ–გამომყოფი ფუნქცია. სწორედ ამიტომაც, აღნიშნული ორგანოების ფუნქციების ასაკობრივი გადახრები კიდევ უფრო ზრდიან მედიკამენტური ინტოქსიკაციის განვითარების საშიშროებას უფროსი ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლებში. ასე მაგალითად, მოხუცებში და ხანშიშესულებში მნიშვნელოვნად მატულობს მგრძნობელობა ნარკოტიკული და საძილე საშუალებების მიმართ. აღნიშნული პრეპარატების უმნიშვნელო დოზებმაც კი შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გართულებები მოცემული ასაკობრივი კატეგორიის პაციენტებში. მოხუცებულები და ხანშიშესულები, არც თუ იშვითად, დაავადებულნი არიან შაქრიანი დიაბეტით. ამ დაავადების სამკურნალოდ წარმატებით გამოიყენება შაქრის დონის დამწევი ისეთი საშუალებები, როგორებიცაა მანინილი, ადებიტი და სხ. აღნიშნული პრეპარატების თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ თავდაპირველად მათი მოქმედი ნივთიერება უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს – ალბუმინებს და მხოლოდ ამის შემდეგ, თანდათანობით ხვდებიან სისხლში აქტიური ფორმების სახით. ასაკის მატებასთან ერთად ალბუმინების რაოდენობა კლებულობს და პრეპარატის უდიდესი ნაწილი თავიდანვე ხვდება სისხლში.
აკვირდება რა პაციენტის მდგომარეობას, გართულებების თავიდან აცილების მიზნით, ექიმს კორექტივები შეაქვს მკურნალობის ტაქტიკაში.
თუკი ადამიანი ხანგრძლივად და უკონტროლოდ ღებულობს აღნიშნული ჯგუფის პრეპარატებს (მცირე დოზებითაც კი), მას შეიძლება განუვითარდეს სიცოცხლისთვის საშიში ჰიპოგლიკემიური მდგომარეობა.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.