ძვალი – ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები (II)

ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები

დასაწყისი იხ. >>

ფიბროზული ოსტეოდისპლაზია – ძვლების განვითარების მანკი, რაც დაკავშირებულია ჩონჩხის ნორმალური გაძვალების დარღვევასთან ემბრიონული განვითარების შემაერთებელქსოვილოვან სტადიაზე. ემბრიონული ოსტეობლასტური ქსოვილი ავსებს ძვლის ტვინის სივრცეს, რაც ხელს უშლის სრულფასოვანი ძვლის წარმოქმნას, იწვევს ჩონჩხის დეფორმაციას და კიდურების დამოკლებას.

არასრულყოფილი (არასრულფასოვანი) ოსტეოგენეზი ანუ ძვლების თანდაყოლილი უკმარისობა და მტვრევადობა – ჩონჩხის დისპლაზიური დაზიანება, რომელიც დაკავშირებულია ძვლოვანი ქსოვილის არასწორ ჩამოყალიბებასთან. დაავადება ვლინდება ხშირი მოტეხილობებით მუცლადყოფნის და პოსტნატალურ პერიოდებში, ზოგჯერ მოტეხილობები ვლინდება 7–12 წლიდან.

ჰიპეროსტოზები ეწოდებათ დისპლაზიური ხასიათის დაავადებათა ჯგუფს, რომელთაც ახასიათებთ ერთი ან რამდენიმე ძვლის ძვლოვანი ქსოვილის პათოლოგიური ზრდა. სწორად ჩამოყალიბებული ძვლოვანი ქსოვილის ჭარბი განვითარება აღინიშნება თანდაყოლილი სისტემური ჰიპეროსტოზის, მელორეოსტოზის, ოსტეოპოიკილიის, მარი–ბამბერგის სინდრომის დროს. სისხლმბადი ქსოვილის ზვლის ტვინის არხში ჩაზრდის შედეგად მისი და ძვლოვანი ქსოვილის განვითარების დარღვევა იწვევს ოსტეომიელოდისპლაზიის და მარმარილოს დაავადების განვითარებას. აღნიშნული ჰიპეროსტოზები დაკავშირებულნი არიან ძვლებში მიმდინარე სკლეროზულ პროცესებთან და წარმოადგენენ მსგავსი ბუნების დისპლაზიური დაავადებების სხვადასხვა ფორმებს: ყველა შემთხვევაში ადგილი აქვს ოსტეოგენეზის პროცესების გაუკუღმართებას. ძვლოვანი სტრუქტურების მასის მომატება, რაც იწვევს მსხვილი, მკვრივი და მასიური ძვლების ჩამოყალიბებას, განპირობებულია ოსტეოსკლეროზის არსებობით. კეროვანი წანაზარდების სახით ძვლების გასქელებას ეწოდება ოსტეოფიტები.
საერთო სახელწოდებით ”ძვლოვანი ეოზინოფილოზი” გაერთიანებული დისპლაზიური დაავადებებიდან შეიძლება გამოვყოთ სამი ფორმა: ეოზინოფილური გრანულომა ერთი ძვლის დაზიანებით, ძვლების ეოზინოფილური გრანულომის მრავლობითი ფორმა და ძვლოვანი ქასნტომატოზი – ჩონჩხის და ჰიპოთალამური მიდამოს მრავლობით დაზიანებების შერწყმა. სხვადასხვა ზომის დესტრუქციის კერები განაპირობებენ ძვლის დაზიანებული ნაწილის ტკივილს, შეშუპებას, არც თუ იშვიათად, პათოლოგიური მოტეხილობების განვითარებას. უხშირესად პროცესი ლოკალიზებულია ბარძაყის ძვლებში, მენჯის ძვლებში, ხერხემლის მალებში და თავის ქალას ძვლებში. ძვლოვანი ქსანტომატოზის დროს ხშირად აღინიშნება სიმპტომების ტრიადა – ძვლოვანი ცვლილებები, უშაქრო დიაბეტი და ეგზოფთალმი. ტიპიურ შემთხვევებში რენტგენოლოგიური სურათი ხასიათდება ძვლოვანი სტრუქტურის კეროვანი გამეჩხერებით და პოლიციკლური კუწუბისებური კიდეებით. მკურნალობა ოპერაციულია – დაზიანების კერის მოცილება. იშვიათად, ქალას ძვლების მრავლობითი დაზიანებების შემთხვევაში ტარდება სხივური თერაპია. პროგნოზი დამოკიდებულია დიაგნოზის დროულ დასმაზე და მკურნალობის მეთოდის სწორ შერჩევაზე.

სიმსივნეები. ძვლების პირველადი სიმსივნეები იშვიათია. უხშირესად აღინიშნება მათი მეტასტაზური დაზიანება სხვა ლოკალიზაციის (სარძევე ჯირკვლები, ფილტვები, თირკმლები და სხ.) ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების შემთხვევაში.
კეთილთვისებიანი სიმსივნეები. ოსტეომა – კეთილთვისებინი სიმსივნე მომწიფებული ძვლოვანი ქსოვილიდან. იგი წარმოადგენს მეტ–ნაკლებად შემოსაზღვრულ ერთეულ წარმონაქმნს, რომელიც მდებარეობს ძვლის კომპაქტურ ან ღრუბლისებრ ნივთიერებაში. ორივე სქესის ადამიანებში მისი სიხშირე თითქმის თანაბარია, უპირატესად ვლინდება ახალგაზრდა ასაკში.უხშირესად ოსტეომები განლაგებულნი არიან თავის ქალას, გრძელ ლულოვან (ბარძაყის, მხრის) ძვლებში, იშვიათად წინამხრის და წვივის ძვლებში. მორფოლოგიურად განასხვავებენ კომპაქტურ და ღრუბლოვან ოსტეომებს. სიმსივნე ნელა იზრდება და წლების განმავლობაში თანდათანობით იწვევს ძვლის დეფორმაციას.
ოსტეოიდური ოსტეომა (ოსტეოიდ–ოსტეომა) – კეთილთვისებიანი, ნელა ზრდადი სიმსივნე. მამაკაცებში გვხვდება 4–5–ჯერ უფრო ხშირად ვიდრე ქალებში. ძირითადად ვლინდება ბავშვებში და 25 წლამდე ახალგაზრდებში. ძირითადად ლოკალიზებულია დიდი წვივის, ბარძაყის და მხრის ძვლების დიაფიზებში; შეიძლება შეგვხვდეს მენჯის (უპირატესად გავის და თეძოს) ძვლებში; მდებარეობს კომპაქტურ ან ღრუბლისებრ ნივთიერებაში, 1–2 სმ–ის დიამეტრის (სიმსივნის ბუდე). გარშემო ძვლოვანი ქსოვილიდან გამოყოფილია სკლეროზული ზონით.
გიგანტურუჯრედოვანი სიმსივნე (ოსტეობლასტოკლასტომა) შემთხვევათა თითქმის 60–70%–ში განლაგებულია ბარძაყის და დიდი წვივის ძვლების ეპიფიზებში და ეპიმეტაფიზებში. ხშირად ლოკალიზებულია სხივის ძვლის დისტალურ ნაწილში. როგორც წესი, წარმოადგენს სოლიტარულ სიმსივნეს. ახასიათებს შედარებით ნელი ზრდა. შემთხვევათა 15–20%–ში შეიძლება გადაგვარდეს სარკომად. რენტგენოლოგიური გამოკვლევების საფუძველზე გიგანტურუჯრედოვანი სიმსივნეები იყოფიან უჯრედულ–ტრაბეკულურ და ლითიურ ფორმებად, რაც წარმოადგენს აღნისნული სიმსივნეების მიმდინარეობის სხვადასხვა ფაზას. ლითიური ფორმის არსებობა მეტყველებს სიმსივნის მარალ აქტივობაზე. როგორც წესი, ადგილი აქვს უჯრედულ–ტრაბეკულური ფორმის ტრანსფორმაციას ლითიურ ფორმაში, თუმცა აღწერილია საპირისპირო გადაგვარებაც.
ქონდრობლასტომა – ზრდადი ზონის ხრტილოვანი ქსოვილიდან (ქონდრობლასტებიდან) წარმოქმნილი კეთილთვისებიანი სიმსივნე, რომელიც უპირატესად გვხვდება მოზარდებში და ყმაწვილებში, რომელთა ზრდის ზონებიც ღიაა. სიმსივნის დამახასიათებელი ლოკალიზაციაა გრძელი ლულოვანი ძვლების (უპირატესად ბარძაყის, მხრის, დიდი წვივის) ეპიფიზურ–ხრტილოვანი ფირფიტები. ქონდრობლასტომა დიდ ზომებს არ აღწევს (ჩვეულებრივ მისი დიამეტრი არ აღემატება 7 სმ–ს).
ავთვისებიანი სიმსივნეები. ოსტეოგენური სარკომა (ოსტეოსარკომა) – ძვლების ერთ–ერთი ყველაზე ხშირი პირველადი, ავთვისებიანი სიმსივნე. უპირატესად ავადდებიან ბავშვები, მოზარდები და 25 წლამდე ახალგაზრდები. მოხუცებულობით ასაკში ოსტეოსარკომა ყალიბდება მადეფორმირებელი ოსტოზის (პეჯეტის დაავადება) ფონზე ქრონიკული ოსტეომიელიტის კერებში. სიმსივნის უხშირესი ლოკალიზაციაა გრძელი ლულოვანი ძვლების (ბარძაყის, დიდი წვივის, მხრის, იშვიათად მცირე წვივის) მეტაფიზები. სიმსივნეს გააჩნია გამოხატული ინფილტრაციული ზრდა და ძლიერი ავთვისებიანობა. ფილტვებში ჰემატოგენური მეტასტაზები ვითარდებიან დაავადების პირველი 8 თვის განმავლობაში.
პაროსტული სარკომა იშვიათად გვხვდება. ძირითადად ავადდებიან 20–40 წლის ასაკში. დამახასიათებელი ლოკალიზაციაა – ბარძაყის ძვლის ქვედა–უკანა და მხრის ძვლების პროქსიმალური ნაწილები. ნელა იზრდება და აღწევს დიდ ზომებს. მეტასტაზირებას განიცდის ფილტვებში, თუმცა უფრო გვიან, ვიდრე ოსტეოგენური სარკომა.
იუინგის სიმსივნე (იუნგის სარკომა) ძირითადად გვხვდება ბავშვებში, მოზარდებში და 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდებში, უპირატესად ავადდებიან მამაკაცები. შეიძლება განვითარდეს ჩონჩხის ყველა ადგილში, თუმცა უხშირესად აზიანებს გრძელ ლულოვან ძვლებს, ნეკნებს, მენჯის ძვლებს. გრძელ ლულოვან ძვლებში სიმსივნის ტიპიური ლოკალიზაციაა მათი დიაფიზები. იუინგის სიმსივნის მნიშვნელოვანი ბიოლოგიური თავისებურება – ჩონჩხის სხვა უბნებში (უხშირესად ქალაში და ხერხემალში), ფილტვებში და ლიმფურ კვანძებში მეტასტაზირების უნარი. დაავადების გენერალიზაცია ხდება მისი დაწყებიდან დაახლოებით 1 წლის შემდეგ.
ძვლის პირველადი რეტიკულოსარკომა – იშვიათი ავთვისებიანი სიმსივნე; შეადგენს ძვლების ყველა პირველადი სარკომის დაახლოებით 5%–ს. ავადდებიან უპირატესად 25–40 წლის ასაკის ადამიანები, მამაკაცები 2–ჯერ უფრო ხშირად, ვიდრე ქალები. ამ დროს ზიანდება გრძელი ლულოვანი ძვლები, უხშირესად პროქსიმალური ნაწილების მეტადიაფიზური ზონები. ბრტყელი ძვლებიდან ყველაზე დიდი სიხშირით ლოკალიზებულია მენჯის ძვლებში. წარმოიქმნება რა ძვლის ტვინის არხში და ძვლის ღრუბლისებრ ნივთიერებაში, სიმსივნე იწვევს კორტიკალური შრის დაშლას და ვრცელდება პერიოსტზე და რბილ ქსოვილებზე. მეტასტაზირდება ლიმფურ კვანძებში, ფილტვებში, ჩონჩხის სხვა ადგილებში.
ჩონჩხის სიმსივნეების დიაგნოსტიკა ეფუძნება გამოკვლევის კლინიკური, რენტგენოლოგიური, მორფოლოგიური და ზოგიერთი დამატებითი მეთოდების (ანგიოგრაფია, რადიონუკლიდური და ლაბორატორიული გამოკვლევები) კომპლექსურ შეფასებას.
ძვლების სიმსივნეების კლინიკური მრავალფეროვნების მიუხედავად აღნიშნული დაავადებების სიმპტომოკომპლექსი შედგება სამი კარდინალური ნიშნისგან: ტკივილი ჩონჩხის დაზიანებულ ნაწილში, პალპირებადი სიმსივნე, კიდურის ფუნქციის მოშლა. სიმპტომების ჩამოყალიბება დამოკიდებულია სიმსივნის ფორმაზე, მის ბიოლოგიურ თავისებურებაზე, ლოკალიზაციაზე, პროცესის გავრცელებაზე, სიმსივნის ზრდის ტემპებზე.
კეთილთვისებიანი სიმსივნეებისთვის დამახასიათებელია განვითარების ხანგრძლივი პერიოდი. ამ დროს, ჩვეულებრივ, ტკივილები არ არის (მაგ., ოსტეომის დროს) ან ატარებენ არამუდმივ, ზომიერ ხასიათს (გიგანტურუჯრედოვანი სიმსივნე, ქონდრობლასტომა). გამონაკლისს წარმოადგენს ოსტეოიდური ოსტეომა, რომლის დროსაც დაზიანების კერაში არსებული და მომიჯნავე სახსრებში ირადირებული ძლიერი ტკივილები წარმოადგენენ დაავადების ადრეულ სიმპტომს.
ტკივილების არსებობა არის ძვლის ავთვისებიანი სიმსივნეების ერთ–ერთი ძირითადი სიმპტომი. დაავადების საწყის სტადიებში ის ატარებს გაფანტულ ხასიათს, შემდეგ ლოკალიზდება ძვლის დაზიანებულ ნაწილში, თანდათანობით ძლიერდება და ატარებს მუდმივ ხასიათს. ანთებითი პროცესებისგან განსხვავებით, ჩონჩხის ძვლების ავთვისებიანი სიმსივნეების დროს წარმოქმნილი ტკივილი არ ხცრება კიდურის მოსვენების ან იმობილიზაციის დროსაც კი. ძალიან დამახასიათებელია ღამის ტკივილები. ხშირად, მენჯის ძვლების დაზიანების შემთხვევაში, ტკივილის ლოკალიზაცია არ შეესაბამება პროცესის ტოპოგრაფიას. ავადმყოფები უჩივიან ტკივილებს ბარძაყის, მუხლის სახსრის მიდამოებში. ასეთი კლინიკური შეუსაბამობა ხშირად განაპირობებს დიაგნოსტიკურ შეცდომებს, რამეთუ არ ხდება ჩონჩხის დაზიანებული ნაწილის რენტგენოლოგიური გამოკვლევა.
პალპირებადი სიმსივნის გაჩენა არ წარმოადგენს ძვლის ავთვისებიანი დაზიანების ადრეულ ნიშანს და უხშირესად მეტყველებს შორსწასული პროცესის არსებობაზე. თუმცა მხედველობაში უნდა იქნას მიღებული სიმსივნის ზრდის ტემპი. ოსტეოგენური სარკომის, იუინგის სიმსივნის (ჩონჩხის ყველაზე აგრესიული სიმისვნეები) შემთხვევაში ტკივილის გაჩენიდან 2–3 თვის შემდეგ ხდება სიმსივნის აღმოჩენა. სხვა ახალწარმონაქმნები (პაროსტული სარკომა) ნელა იზრდებიან და შეიძლება მიაღწიონ დიდი ზომებს. კეთილთვისებიანი სიმსივნეების დროს პალპირებადი სიმსივნე, შემთხვევათა უმეტესობაში, წარმოადგენს დაავადების პირველ სიმპტომს.
სიმსივნის ლოკალიზაციიდან, მისი ზომებიდან, ტკივილის ხასიათიდან გამომდინარე დაავადების დაწყებიდან სხვადასხვა პერიოდში ვლინდება კიდურის ფუნქციების დარღვევა. თუკი სიმსივნე განლაგებულია ბარძაყის ძვლის მეტაფიზში, სწრაფად იზრდება და იწვევს მკვეთრ ტკივილებს, ადრეულ პერიოდში ვლინდება მუხლის სახსრის მოხრითი კონტრაქტურა, კუნთების ატროფია. ძვლების დიაფიზების დაზიანების შემთხვევებში კიდურის ფუნქციის დარღვევა ვიტარდება მოგვიანებით. რეტიკულოსარკომების, ქონდრობლასტომების მეტადიაფიზურ ნაწილებში ლოკალიზაციის დროს პროცესმა შეიძლება მოიცვას სინოვიალური გარსები. ასეთ შემთხვევაში სახსარში ჩნდება გამონაჟონი, რომელიც ზოგჯერ თავისით გაიწოვება.
პათოლოგიური მოტეხილობები ყველაზე ხშირად ართულებენ რეტიკულოსარკომების, გიგანტურუჯრედოვანი სიმსივნეების, იშვიათად იუინგის სიმსივნეების და ოსტეოგენური სარკომის მიმდინარეობას.
კლინიკური მონაცემების შეფასების დროს უნდა გავითვალისწინოთ ავადმყოფის სქესი, ასაკი, ძვალში დაზიანების ლოკალიზაციის თავისებურება. შეიძლება გამოვყოთ ძვლის სიმსივნეების ზოგიერთი ასაკობრივი შერჩევითობა. ასე მაგალითად, ოსტეოგენური სარკომა, იუინგის სიმსივნე, ქონდრობლასტომა გვხვდება სიცოცხლის მე–2 ათწლეულში, პაროსტული სარკომა – უფდრო მომწიფებულ ასაკში, ხოლო 45 წელს გადაცილებულ პირებში ძვლის სიმისვნის გაჩენის შემთხვევაში, პირველ რიგში, უნდა ვიფიქროთ მის მეტასტაზურ გენეზზე. პირველადი ავთვისებიანი ახალწარმონაქმნებისთვის დამახასიათებელია ლოკალიზაცია მუხლის სახსრის ზონაში (ოსტეოგენური სარკომა, პაროსტული სარკომა). ხშირად, ძვლის დიაფიზის დაზიანება გვხვდება იუინგის სიმსივნის, ვლის რეტიკულოსარკომის დროს.

რენტგენოლოგიური გამოკვლევა წარმოადგენს ავადმყოფის კომპლექსური გამოკვლევის უმნიშვნელოვანესს შემადგენელ ნაწილს და შედგება ძვლების, გულმკერდის ღრუს ორგანოების (მეტასტაზების გამორიცხვის მიზნით) რენტგენოგრაფიას, ტომოგრაფიას, ანგიოგრაფიას. რენტგენოლოგიურად ახალწარმონაქმნების სემიოტიკა გამოირჩევა დიდი ვარიაბელობით და დამოკიდებულია სიმსივნის სტრუქტურაზე, მისი ზრდის ტემპებზე, ლოკალიზაციაზე. ძვლის სიმსივნეების უმეტესობის გამოკვლევის დროს ვლინდება ძვლოვანი ქსოვილის დესტრუქციის კერა დამახასიათებელი ლიზისითან პათოლოგიური ძვლის წარმოქმნით; სხვადასხვა სახის პერიოსტული რეაქციები, მაგ., კოდმანის საფარი ოსტეოგენური სარკომის დროს, ბოლქვისებური პერიოსტიტი იუინგის სიმსივნის დროს და ა.შ. ძვლების პირველადი სიმსივნეების რენტგენოლოგიური გამოვლინებების თავისებურებების ცოდნა საშუალებას იძლევა არა მარტო დადგინდეს ახალწარმონაქმნის ლოკალიზაცია, არამედ, ზოგიერთ შემთხვევაში, ვივარაუდოთ მისი ჰისტოგენეზი. თუმცა აუცილებელია ჩონჩხის სიმსივნეების მკვეთრი გამიჯვნა მათი სტრუქტურის მიხედვით, რაც დაკავშირფებულია მკურნალობის მეთოდის შერჩევის პრობლემასთან. გამოიყენება ასპირაციული ბიოფსია, რომელის კეთდება მსხვილი ნემსით დაზიანების კერის პუნქციის გზით, მიღებული მასალის შემდგომიციტოლოგიური გამოკვლევით. სიმსივნის ქსოვილოვანი ბუნების დადგენის მიზნით აუცილებელია პუნქციური ბიოფსია (ტრეპანობიოფსია), რომელიც საშუალებას იძლევა აღებულ იქნას ქსოვილი ჰისტოლოგიური გამოკვლევისთვის. მორფოლოგიური გამოკვლევის უარყოფითი შედეგის შემთხვევაში, აღნიშნული ჩარევის შემდეგ, კეთდება ღია ბიოფსია, როგორც დიაგნოსტიკის საბოლოო ეტაპი.

ძვლების სიმსივნეების დიაგნოსტიკაში ძალიან ინფორმაციულია კომპიუტერული ტომოგრაფია, რომელიც საშუალებას იძლევა შეფასდეს სიმსივნური პროცესის ძვალშიდა და ძვალგარეთა გავრცელება, როსი ცოდნაც მნიშვნელოვანია ოპერაციული ჩარევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დროს. ძვლების სიმსივნეების ლაბორატორიული დიაგნოსტიკის მეთოდებს გააჩნიათ დამხმარე მნიშვნელობა.

გაგრძელება იხ. >>


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter