შარდმჟავას ცვლაზე მოქმედი საშუალებები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”

შარდმჟავას ცვლის დარღვევა შესაძლოა გახდეს ისეთი დაავადების მიზეზი, როგორიცაა პოდაგრა. ორგანიზმიდან შარდმჟავას შენელებული გამოყოფა ან ქსანტინებიდან (პურინებიდან) მისი ჭარბი სინთეზი იწვევს ჰიპერურიკემიას, ურიკოზურიას, რასაც თან სდევს სახსრებში, სახსრის მიმდებარე ქსოვილებში, შარდგამომყვან გზებში ურატების მიკროკრისტალების (ურატული ქვები) დალექვა. პოდაგრის სამკურნალოდ იყენებენ ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებებს, რომლებიც ამსუბუქებენ ტკივილის სინდრომს და ანთებით მოვლენებს. სპეციფიკური აქტივობით ხასიათდებიან საშუალებები, რომლებიც ამცირებენ შარდმჟავას შემცველობას სისხლში. ჰიპოურიკემიის (ნორურიკემიის) გამოწვევა შეიძლება ორი გზით: ან უნდა შემცირდეს ურატების წარმოქმნა, ან უნდა უფრო ინტენსიურად მოხდეს მათი ექსკრეცია. ჰიპოურიკემიური საშუალებები (ალოპურინოლი და სხვა) ახდენენ ქსანტინოქსიდაზას ინჰიბირებას და ამცირებენ ურატების შემცველობას ორგანიზმში. მეორე მექანიზმით მოქმედებენ პრობენციდი და სულფინპირაზონი. ისინი ახდენენ თირკმელებში შარდმჟავას მილაკოვანი რეაბსორბციის ბლოკირებას და უფრო ინტენსიურს ხდიან მის გამოყოფას.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.
გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter