შარდის ბუშტი

ლალი დათეშიძე

კერძო ფიზიოლოგია და ფუნქციური ანატომია

შარდის ბუშტი (vesica urinaria) – ღრუ კუნთოვანი ორგანო, რომელიც ასრულებს შარდსაწვეთებიდან შემომავალი შარდისთვის რეზერვუარის და შარდსადენი მილის საშუალებით მისი გადინების უზრუნველყოფის ფუნქციებს. შარდის ბუშტი მდებარეობს მცირე მენჯის ღრუში ბოქვენის სიმფიზის უკან, რომლისგანაც გამოყოფილია სიმფიზის უკანა ფაშარი შემაერთებელი ქსოვილისგან.

ფუნქციური ანატომია. შარდის ბუშტის ფორმა ცვალებადობს მისი გადავსების და მეზობელი ორგანოების მდგომარეობის შესაბამისად. განასხვავებენ შარდის ბუშტის ძირს, მწვერვალს, სხეულს და ყელს. შარდის ბუშტის ყელის ვიწროვდება და გადადის შარდსადენში. შარდის ბუშტი ზემოდან დაფარულია პერიტონეუმით, რომელიც მამაკაცებში მისი უკანა ზედაპირიდან გადადის სწორი ნაწლავის წინა ზედაპირზე და წარმოქმნის სწორნაწლავ–შარდის ბუშტის ფოსოს, ხოლო ქალებში გადადის საშვილოსნოს წინა კედელზე და წარმოქმნის შარდის ბუშტ–საშვილოსნოს ფოსოს. ცარიელ მდგომარეობაში შარდის ბუშტის ლორწოვანი გარსი ნაოჭებადაა შეჭმუხნული, ფუძეში არსებული სამკუთხედი უბნის გარდა (შარდის ბუშტის სამკუთხედი, ლიეტოს სამკუთხედი), რომელიც მოთავსებულია შარდსაწვეთების შესართავებს და შარდსადენი მილის შიგნითა ხვრელს შორის.

შარდის ბუშტის კედელი შედგება ლორწოვანი გარსისგან, ლორწქვეშა ქსოვილისგან, კუნთოვანი გარსისგან და ნაწილობრივ მფარავი სეროზული გარსისგან. შარდის ბუშტის ლორწოვანი გარსი ვარდისფერია, დაფარულია გარდამავალი ეპითელიუმით, შეიცავს ჯირკვლებს და ლიმფურ ფოლიკულებს, წარმოქმნის შარდსაწვეთებსშორის ნაოჭს, რომელიც წინიდან საზღვრავს შარდსაწვეთის უკანა ფოსოს. კუნთოვან გარსში გამოყოფენ სამ შრეს, რომლებიც ერთმანეთთან შერწყმის შედეგად ქმნიან შარდის განდევნის უზრუნველმყოფ ერთიან კუნთს – დეტრუზორს. შარდსადენის შიგნითა ხვრელთან ყველაზე მეტად განვითარებულია დეტრუზორის ბეჭდისებრი შრე, რომელიც წარმოქმნის შარდის ბუშტის სფინქტერს.
შარდის ბუშტის სისხლით მომარაგება ხორციელდება შარდის ბუშტის ზედა და ქვედა არტერიებით, რომლებიც გამოდიან ჭიპის არტერიიდან და თეძოს შიგნითა არტერიების ტოტებიდან. შარდის ბუშტის ვენები წარმოქმნიან შარდის ბუშტის ვენურ წნულს, საიდანაც სისხლი ჩაედინება თეძოს შიგნითა ვენებში. შარდის ბუშტის ვენური წნული წინიდან უკავშირდება სასქესო ვენურ წნულს, ხოლო უკნიდან – სწორი ნაწლავის ვენურ წნულს. შარდის ბუშტიდან ლიმფა ჩაედინება თეძოს შიგნითა ლიმფურ კვანძებში.

შარდის ბუშტის ინერვაცია ხორციელდება ზედა და ქვედა ჰიპოგასტრული ნერვული წნულებისგან. ეფერენტული პარასიმპათიკური ბოჭკოები გამოდიან ზურგის ტვინის გავის II-IV სეგმენტებიდან და არეგულირებენ დეტრუზორის შეკუმშვას და შარდის ბუშტის სფინქტერის მოდუნებას, ხოლო სიმპათიკური ნერვები – დეტრუზორის მოდუნებას და შარდის ბუშტის სფინქტერის შეკუმშვას. აფერენტული გზები გადიან ჯორჯლის ქვედა, ზედა და ქვედა ჰიპოგასტრული წნულების, აგრეთვე მენჯის შიგნითა ნერვების შემადგენლობაში.
შარდის ბუშტის ფუნქცია მდგომარეობს შარდის შეგროვებაში და შენახვაში (რეზერვუარული ფუნქცია, აგრეთვე მისი გადინების უზრუნველყოფაში (ევაკუატორული ფუნქცია). შარდის ბუშტის ნორმალური მოცულობა მერყეობს 200–400 მლ–ის ფარგლებში. თუმცა მრავალი ფაქტორიდან (გარემოს ტემპერატურა და სინოტივე, ემოციური მდგომარეობა) გამომდინარე, ის შეიძლება მერყეობდეს საკმაოდ დიდ ფარგლებში. შარდის ბუშტის ევაკუატორული ფუნქცია ხორციელდება შარდის ბუშტის კედლის გაჭიმვის საპასუხოდ ორგანოს შეკუმშვის დროს.


პოსტი წარმოადგენს ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.