ქრისტესისხლას კულტივირების შედეგები და გამოყენება

რეცენზირებადი ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალი ,,Plants Science” ISSN E1987-80 UDK 581, N23, მარტი, 2010 წ

ქრისტესისხლას (Chelidonium Mayus L) კულტივირების შედეგები და გამოყენება
თამარ კაჭარავა – სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, აფხაზეთის ა/რ ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი
ნინო კაპანაძე – დოქტორანტი
საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი, სსიპ ბიოტექნოლოგიის ცენტრი
 

IMG_1578შესავალი. საქართველოს სამკურნალო, არომატულ, სანელებელ და შხამიან მცენარეთა უმდიდრესი გენეტიკური რესურსის შესწავლა-გამოკვლევისას აღმოჩნდა, რომ ქვეყნის ეს მრავალფეროვანი სიმდიდრე არასაკმარისად არის კატალოგირებული და გამოყენებული, იგი გარკვეული რაოდენობრივი მერყეობით ხასიათდება, რადგან სისტემატურად განიცდის ბიოტური ფაქტორების ზემოქმედებას, ამიტომაც მუდმივ დაცვა-აღდგენა-კონსერვაციას საჭიროებს. ამასთანავე აუცილებელია, რომ მოხდეს გენეტიკურ რესურსების ხელმისაწვდომობაზე კონტროლის მექანიზმისა და მათგან მიღებული სარგებლის სამართლიანი განაწილების პრინციპის ინტეგრირება ველური მცენარეების დაცვისა და სარგებლობის მარეგულირებელ ეროვნულ საკანონმდებლო ბაზაში, რათა ვისარგებლოთ ბიომრავალფეროვნების კონვენციით მინიჭებული უფლებებით. ამ უნიკალურ მცენარეთა გამოყენება ადამიანის მიერ სულ უფრო იზრდება და პროცესი შეუქცევადი ხდება. უფრო მეტიც, უმეტეს წილად მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიები იმ მცენარეთათვისაც კი, რომლებიც ფართო მოხმარების საგანს წარმოადგენენ, დამუშავებული არ არის. მათ რიცხვს ეკუთვნის პოპურალური და უნიკალური მცენარე ქრისტესისხლა, რომელიც მთელი ეს პერიოდი შემოაქვთ მეზობელი ქვეყნებიდან, მაშინ როცა ჩვენი ქვეყნის ნიადაგურ-კლიმატური პარამეტრები ხელსაყრელია მისი კულტივირე-ბისათვის. ლიტერატურა მის ირგვლივ ვრცელია, მაგრამ იგი ძირითადად ფარმაკო-ბოტანიკური ხასიათისაა და არა აგროტექნიკური.

კვლევის ობიექტი და მეთოდები. მიზნად დავისახეთ შეგვესწავლა ქრისტესისხლას (Chelidonium Mayus L), ამ მეტად ღირებული და ეგზოტიკური მცენარის ბიოლოგიური თავისებურებანი, რომელთა გათვალის¬წინებით შესაძლებელია დიაგნოსტიკის მაღალნაყოფიერი მოდელის შექმნა ბლოკში: ნიადაგი-გარემო-მცენარე-სასუქი-მოსავალი და კულტივირების ტექნოლოგიის შემუშავება.
კვლევის მიზნობრივ-პროფესიულ დონეზე წარმართვისათვის მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ფენოლოგიური პარამეტრების მექანიზმების შესწავლას მცენარის განვითარების ფიზიოლოგიური ფაზების მიხედვით ონთოგენეზის მთელი პერიოდის განმავლობაში. პრობლემის აქტიულობიდან გამომდინარე, განისაზღვრა ჩვენი ექსპერიმენტის სამოქმედო სქემა.
მცხეთის რაიონში შეირჩა ტიპიური, სწორი რელიეფის მქონე საცდელი ნაკვეთი – შესწავლილ იქნა მისი ისტორია, აგროქიმიული ტესტები, ნაყოფიერება, შედგა სათანადო ტექნოლოგიური რუქა, სადაც მითითებულ იქნა ჩატარებული და ჩასატარებელი ღონისძიებები (თესლბრუნვები, მინდვრის საზღვრები, კვების განსხვავებული ბლოკი), ექსპერიმენტების მიმდინარეობის პერიოდში ჩვენ შეგვქონდა ორგანული სასუქი – გადამწვარი ნაკელი 20-40ტ/ჰა-ზე. მცენარე წვრილთესლოვანი კულტურაა, თესვის ნორმაა 8-10 კგ/ჰა პირველი კლასის თესლით. სამუშაოები ტარდებოდა დროულად აგროტექნოლოგიური ღონისძიებების შესაბამისად [1;2]. ცდის დანაყოფის სააღრიცხვო ფართობი 28 მ2, გამეორება 3-ჯერადი.
ფენოლოგიური დაკვირვებანი მოიცავდა თესვის წესების და ვადების, ჩათესვის სიღრმის, მინდვრული აღმოცენების ხარისხის დაფიქსირებას, პირველი წყვილი ფოთლის განვითარებას, ფესვთა სისტემისა და საასიმილაციო აპარატის მასების მატების დინამიკის დადგენას. ვაწარმოებდით დაკვირვებებს ასიმილაციური აპარატის, დაკოკრების, ყვავილედების განვითარებისა და ყვავილობის მიმდინარეობაზე, თესლის წარმოქმნა-მომწიფებაზე. თესლის აღების შემდეგ ვაფიქსირებდით საასიმილაციო აპარატის და ფესვთა სისტემის განვითარების ფიზიოლო-გიურ ფაზებს ონთოგენეზის შემდგომი პერიოდში და მის დასასრულს.

შედეგების განხილვა: ქრისტესისხლა კლასიკური მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა, რომელის ყველა ორგანო შეიცავს ნარინჯისფერის წვენს; ჩვენს პირობებში სიმაღლით 65-80 სმ-მდე იზრდება, ფესვთა სისტემა მცირედ დატოტვილია, გარედან მოწითალო, ხოლო შიგნით ნარინჯისფერი შეფერვით; ღეროები სწორმდგომი, დატოტვილი, შიგნიდან ამოვსებული; ფოთლები ნაზი, ქვემოთ მოცისფრო, ზემოდან მწვანე შეფერვით, ბოლოში დაკბილული. დანაყოფები მომრგვალო-კვერცხისებრი ფორმით; ყვავილები განლაგებულია მარტივი ქოლგების სახით, წვრილი, მოყვითელი-მოოქროსფრო შეფერილობის, ზარისებრი მოყვანილობის, ორფოთოლაკიანი ჯამით და ოთხფოთოლაკიანი გვირგვინით განლა-გებულია ზედა იარუსის ფოთლების იღლიაში. ნაყოფები მოთავსებულია ოვალური ფორმის ერთბუდიან, წაგრძელებულ-მილისებრი კოლოფებში, მუქი შეფერილობით, 2 მმ სიგრძით და 1მმ დიამეტრით. ჩვენს ექსპერიმენტში 1000 ცალი თესლის მასა – 0,73 -0,86 გ-ია.

არეალი: ამ უნიკალური მცენარის სამშობლოდ ითვლება ხმელთაშუაზღვის ქვეყნები, ველური სახით გავრცელებულია კავკასიაში, უკრაინაში, ყირიმში, ციმბირში, ყაზახეთში, შორეულ აღმოსავლეთში;. იგი ტენის მოყვარული მცენარეა, იზრდება ჩრდილიან ადგილებში, გვხვდება ბუჩქნარებში, ტყეების განაპირას, მდინარეებისა და ნაკადულების პირას.

ბიოლოგიური თავისებურებების გათვალისწინებით მცენარის სიცოცხლის ხანგრძლიობაზე გავლენას ახდენს ონთოგენეზის პერიოდში ეკოლოგიური ფაქტორები. ქრისტესისხლა მომთხოვნია სითბოსა და სინათლის მიმართ. იგი გვხვდება დაჩრდილულ ადგილებში, მაგრამ საგრძნობლად მცირდება მოსავლიანობა და ხარისხობრივი ღირებულება, რადგან სინათლის ფაქტორი ლიმიტირებადია ეთერზეთების წარმოქმნისას, რაც დასტურდება ლიტერატურული მონაცემებითაც [3,4]. ჩვენი ექსპერიმენტის პირობებში თესლი გაღივებას იწყებდა 10-120ც, მცენარე გვალვაგამძლეა, თუმცა ამ პერიოდში (2004 წელი) წარმოიქმნა მცირე განტოტების მცენარეები წვრილი ფოთლებით, ადრე მთავრდება ონთოგენეზის პერიოდი, რაც თავის მხრივ ამცირებს პროდუქტულობას. ჭარბი ტენის პირობებში (2005 წელი) მათზე პროგრესირდებოდა სოკოვანი დაავადებანი. გარდა ამისა მგრძნობიარენი არიან დაბალი ტემპერატურის მიმართაც (2007 წელი).
ცხრილი N1
ქრისტესისხლას ბიომეტრული პარამეტრები

წლები

 

ვეგეტაციის დასაწყისი ყვავილობის ხანგრძლივობა

 

ტესლის მომწიფება ფოთლების რაოდენობა ფოთლების ფართობი მმ2 მცენარის განტოტება
2005 18.03 34 22.06 44 27 38
2006 21.03

39

18.06 52 37 47

ჩვენ შევისწავლეთ ქრისტესისხლას ონთოგენეზის მიმდინარეობის ეტაპები ფიზიოლოგიური ფაზების გათვალისწინებით, ონთოგენეზის პერიოდში ხდება ფიზიოლოგიური ფაზების კანონზომიერი, რეგულარული ჩანაცვლება და იგი ეგუება კლიმატურ რიტმს, რაც გამოიხატება მეტაბოლიტური აქტივობის დინამიკის ვაარირების ფონზე განვითარების პროცესების ამპლიტუდის სახესხვაობით, პროტოპლაზმის შეღწევა-დობისა და სიბლანტის შეცვლით. მცენარის სასიცოცხლო ციკლის გავლა დამოკიდებულია სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლი-ობასა და ამ პერიოდში ბიოტურ პარამეტრებზე. ძირითადი განმსაზღვრელი ფაქტო-რებია, როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ – ნალექები, ტემპერატურა და ფარდობითი ტენიანობა ნიადაგის ნაყოფიერებასთან ერთად. სკურპუო-ზულად ზუსტად უნდა იქნეს გამოვლენილი სინქრონული თანხვედრა ვეგეტაციის ეტაპების და ფენოლოგიური ფაზების რიტმებისა, რაც შესაძლებელია მათი მიმდინარეობის შესწავლისას. ეს კი მეტად ფაქიზი და რთული პროცესია, მისი გამოკვლევისათვის განვსაზღვრეთ ქრისტესისხლას, როგორც კლასიკური ბალახოვანი მცენარის სასიცოცხლო ციკლის – ონთოგენეზის ორი ძირითადი პერიოდი:
პირველი პერიოდი – აღმოცენების შემდეგ მიმდინარეობს ფესვთა სისტემისა და საასიმილაციო აპარატის – ღეროების და ფოთლების ფორმირება, რომელთა საშუალებით ხდება ისეთი უმთავრესი ფუნქციების შესრულება, როგორიცაა: კვება, სუნთქვა, წყლის რეჟიმის რეგულირება, მეტაბლიტური პროცესები, ორგანულ ნივთიერებათა სინთეზი და მათი გადაადგილება.
მეორე პერიოდი: ინტენსიურად მიმდინარეობს გენერაციული ანუ გამრავლების ორგანოების ფორმირება – ღეროს, ყვავილედების, ნაყოფებისა და თესლის წარმოქმნა. ზრდა-განვითარების ფენოლოგიური ფაზები, როგორც ლიტერატურიდან არის ცნობილი, და ჩვენი ექსპერიმენტებითაც დადასტურდა, ხასიათდებიან მკვეთრად გამოხატული მორფოლოგიური ცვლილებებით: თესლის აღმოცენების ფაზა, აღმონაცენის განვითარება, ღეროს ზრდა, შემდეგ მოდის განვითარების ძირითადი პერიოდები – მცენარის გადასვლა ე.წ. იუვენილური მდგომარეობიდან სიმწიფის მდგომარეობაში და მოიცავს: დაკოკრება-ყვავილობას, ნაყოფების წარმოქმნას, თესლის მომწიფებას და სხვა, ხოლო შემდეგ დაბერებისა და კვდომას. ონთოგენეზის პერიოდში ქრისტესისხლა განიცდის შეგუებით ცვლილებებს, ეს ძირითადად გამოიხატება ასიმილაციური აპარატის ფორმირებაში, ხდება ორგანოთა შეგუების შეცვლა, რადგან ცნობილია,бრომ მცენარეთა ერთობა სასიცოცხლო პირობებთან რეალიზირდება ცალკეული ორგანოების საშუალებით და შეერწყმება ეკოსისტემას შესაბამისი ფიზიოლოგიური ფუნქციებით.
რამდენიმე წლის ექსპერიმენტების შედეგების გაანალიზების შედეგად შეიძლება ვივარაუდოთ ქრისატესისხლას თესვის ოპტიმალური ვადა – მარტის შუა რიცხვები, მცენარემ რომ დროულად მოასწროს აღმოცენება და ორფოთლიანი როზეტის ჩამოყალიბება, რათა არ დაზიანდეს გაზაფხულის გვალვები-საგან. კვების ოპტიმალური არე 30X45, 30X70, ამ შემთხვევაში ყალიბდება მძლავრი საასიმილაციო აპარატი გენერაციული ორგანოებით, რაც გარანტია შემდგომ მაღალი პროდუქტულობის.
ქრისტესისხლა მომთხოვნია ნიადაგის ნაყოფიერებისადმი. უპირატესობას ანიჭებს თიხნარ, ქვიშნარ, ნეშომპალით მდიდარ ნიადაგებს, ამასთანავე პროდუქტულობა იზრდება ორგანული და მინერალური კვების ოპტიმალურ ფონზე.
ცხრილი N2
ქრისტესისხლას პროდუქტულობა კვების არესა და ფონისაგან დამოკიდებულებით

ვარიანტები

კვების არე

(45X25- 2005 წ)

მცენარის სიმაღლე საასიმილაც. აპარატის მასა (გ) ფესვთა სისტემის მასა (გ) პროდუქტიულობა

ტ/ჰა

თესლი მწვანე მასა
N0P0K0

46.2

21,1

7,3

0,33

0,89

N0P30K20

50.1

34,0

9,8

0,37

1,24

N45 P30K20

50.4

39,1

9,9

0,40

1,43

N60P45K20

62.4

41,0

12,6

0,46

1,87

N60dif.P45 K20

65.2

62.4

16,2

0,55

3,33

ორგ. სასუქი – 20ტ/ჰა

69.5

65,7

18,1

0,61

4,05

ქიმიური შემადგინლობა. ქრისტესისხლა მდიდარია იზოქინოლინის ნაწარმი ალკალოიდებებით, დაახლოებით 2%-მდეა; რაც თავის მხრივ განაპირობებს კიდეც მცენარის ძლიერ ტოქსიკურობას. მათ შორის და-ფიქსირებულია ბერბერინი, რომელიც განსაზღვრავს ნარინჯისფერ შეფერვას; ეს უნიკალური მცენარე შეიცავს: ეთერზეთებს – 0,4%-ს, რომლის შემადგენლობაში შედის ციტრალი – 60%, ვიტამინ ჩ-ს – 170 მგ %; ვიტამინ A-ს – 20 – მგ %, კაროტინებს, ფლავონოიდებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ფენოლკარბოლმჟავებს. თესლი შეიცავს 40%-მდე ცხიმმჟავებს.
ნედლეულის დამზადება. ქრისტესისლას ნედლეული შედგება შეფოთ-ლილი ღეროების, ყვავილებისა და ნაყოფებისაგან. ნედლეულს ჭრიან ყვავილობისას ისე, რომ არ შეყვეს ღეროს ქვედა გაუხეშებული ნაწილი მშრალ ამინდში, ის უნდა გაშრეს სწრაფად, რადგან ნელი შრობისას შავდება. მშრალ ბალახს აქვს თავისებური სუნი, გემოს გასინჯვა დაუშვებელია, რადგან როგორც ავღნიშნეთ, ტოქსიკურია.
გამოყენება. ქრისტესისხლას ბალახი არის ანთების საწინააღმდეგო გარეგანი საშუალება. გამოიყენება კანის ტუბერკულოზის, წითელი მგლურას საწინააღმდეგოდ, მეჭეჭების მოსაცილებლად. მცირე დოზებით იღებენ შინაგან – ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებისას. პოპულარულია ჰომეოპატიაში.
ქრისტესისხლას ნაყენი გამოიყენება, როგორც მცენარეთა დაცვის ბუნებრივი საშუალება ბუგრების, ღიღველას, თალგამის თეთრულას და სხვა მავნებლების წინააღმდეგ.
დასკვნა. ქრისტესისხლას კულტივირებული პლანტაცია ერთ ადგილზე შესაძლებელია 8-10 წლის განმავლობაში დარჩეს. ჩვენს მიერ მიღებულ იქნა სტანდარტული, ადგილობრივ პირობებთან ადაპტირებული თესლი, რადგან ამ პროცესზეა დამოკიდებული ჯიშის გამრავლება და სუფთა მდგომარეობაში შენარჩუნება, რაც მაღალი, ეკოლოგიურად სუფთა მოსავლის მიღებისა და ქვეყანაში ფიტოფარმაციის შემდგომი განვითარების წინაპირობაა.

ლიტერატურა
1. თ. კაჭარავა (2004) – საქართველოს მიწათმოქმედებისა და გარემოს დაცვის თანამედროვე ტექნოლოგიები – თბილისი.
2 1. კაჭარავა თ. (2009) – სამკურნალო, არომატული, სანელებელი და შხამიანი მცენარეები – გამომცემლობა ,,უნივერსალი”, თბილისი.
3. Климахин A. (1987) – Возделивание Лекарственных Kультур. – М. ВИЛАР.
4. Paul Chal P. (2009) – Medicinal Plants of Sarawak, – Sarawak, Malaysia.