ფსტა (Pistacia vera L.) – სამას წლიანი ეკონომიკური ბაზა დავით–გარეჯისათვის

რეცენზირებადი ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალი ,,Plants Science” ISSN E1987-80 UDK 581. N20. დეკემბერი. 2009 წ.

ფსტა (Pistacia vera L.)  – სამას წლიანი ეკონომიკური ბაზა დავით–გარეჯისათვის

♦♦♦  ჩვენ გირჩევთ – ფისტის თესლი გამოიწერეთ  ამაზონიდან (ამერიკიდან).  დააკლიკეთ აქ >>> ან ქვემოთ ბანერს 

ვასილ შენგელია მესამე. კავკასიის ბიზნეს–სკოლა

რეტროსპექტივა და პერსპექტივა

ფისტა ერთ – ერთი ყველაზე ძვირადღირებული კაკალია. მისი ღირებულება საერთაშორისო ბაზარზე დიდად აღემატება ნიგვზის ღირებულებას. სულ უფრო პოპულარული ხდება და ბაზარი ფართოვდება საქართველოშიც.

ფისტა, როგორც საწარმოო კულტურა, უპირველეს ყოვლისა, ნაყოფის სამომხმარებლო თვისებებით და ფასითაა საინტერესო, მაგრამ იგი ამავე დროს დიდად საინტერესო და პერსპექტიულია ფარმაცევტული და პარაფარმაცევტული წარმოებისათვის (გომიზი).

საინტერესოა ინფრასტრუქტურული თვალსაზრისითაც: ხარობს ზღვის დონიდან 1700 – მდე, ნახევრად უდაბნოების პირობებში, დიდად გვალვაგამძლეა, არ ითხოვს მოვლას, ამაგრებს ნიადაგს და მნიშვნელოვანია ეროზიასაშიში ზონების გასამაგრებლად. ამგვარი ტერიტორიების ხვედრითი წილი საქართველოში, საკმაოდ მაღალიაб განსაკუთრებით – სამხრეთის საზღვრების მიმართულებით.(ყაზახური სელექციური ჯიშები ზღვის დონიდან 2 200 მეტრამდე ადის, რაც სამცხე ჯავახეთისათვის ახალ პერსპექტივებს ხსნის).

ფისტა საქართველოში ოდითგანვე ყოფილა გავრცელებული. იგი მოხსენიებულია ,,ხილთა ქებაშიც”. ქართულ ენაზე არსებული სინონიმების სიმრავლეც (ფსტა, ბუსტული, ფისტილი. ფუსტული…) ადასტურებს ოდესღაც მის ფართო გავრცელებას. ამჟამად ფისტა ჩვენში აღარაა.
საქართველოში ფისტას პლანტაციების გაშენებას მნიშვნელოვანი ეკოლოგიური ეკონომიკური და სოციალური მნიშვნელობა ექნება. ცხადია, ეს დროსა და რესურსებს მოითხოვს, მაგრამ მრავალმხრივ ეფექტს მისცემს მომავალ თაობებს. (ფისტა მოსავალს 300 წელი იძლევა)

სისტემატიკა

თუთუბოსებრთა ოჯახში (Anacardiaceae), გაერთიანებულია 80 – მდე გვარი. მათ შორის: საკმლის ხე, თუთუბო, თრიმლი და ფსტა (ფისტა).
უშუალოდ ფისტას გვარში (Pistacia) 20 – მდე სახეობა შედის. მათ შორის ჩვენში ცნობილია ნამდვილი ფისტა (Pistacia vera L.) და კევის ხე (Pistacia mutica F. et M.). აღსანიშნავია, რომ ამ გვარში შემავალ სახეობათაგან საკვებად მხოლოდ ,,ნამდვილი ფისტა” (Pistacia vera L.) გამოიყენება. ქვემოთაც მხოლოდ ამ სახეობაზეა საუბარი.გავრცელება

ნამდვილი ფისტას ყველა სახეობა წინა და შუა აზიასა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებშია გავრცელებული. კულტივირებული ფისტას დიდი მასივებია ირანში, სირიაში, თურქეთსა და აშშ – ში.
ამჟამად ფისტა საქართველოში აღარაა. გადაშენების მიზეზები უცნობია, მაგრამ სავარაუდოდ ისინი კომპლექსურია:
– ფისტას გავრცელების რაიონებში ხე იშვიათობაა და მწყემსები შეშად პრაქტიკულად მხოლოდ
ფისტას იყენებდნენ
– ინტენსიური მეცხვარეობა ანადგურებდა ნორჩ მცენარეებს
– ამ რაიონებში, უკეთესი ბალახის ამოსასვლელად, ტრადიციულად წვავდნენ ბალახს და მცენარეულობაც ეწირებოდა.
არსებობს, ფერეიდანელ ქართველთა კონსულტაციით გაშენებული რამდენიმე საცდელი ნარგაობა: წნორში (გიორგი ალავერდაშვილი), გლდანში (ლალი დათეშიძე), შირაქში (ლევან შენგელია)
რამდენიმე ცალი კუკიაზე, ლადო აღნიაშვილის საფლავთან, დარგეს გიორგი ალავერდაშვილმა და ფერეიდნელებმა. (ლადო აღნიაშვილი იყო პირველ ქართველი, რომელმაც ფერეიდანში იმოგზაურა და აღწერა ეს მხარე)
ერთ–ერთ ფერმერულ მეურნეობაში მიმდინარეობს სანერგე მეურნეობის მშენბელობა, რომელიც მთლიანად დააკმაყოფილებს ნერგებზე საქართველოს მოთხოვნილებას.

ზოგადი აღწერა

ფისტა 7 მეტრამდე სიმაღლის ხეა. გვხვდება ფორმით 2 – 6 ამონაყრიანი ბუჩქის ფორმითაც. ბუჩქების სიმაღლე 3 მეტრამდეა. კულტურაში ფისტა ხედ უნდა გაიზარდოს, მისი დაბუჩქება არასწორ (არარაციონალურ) მოვლა – პირობებზე მიუთითებს.

9

ღეროები პირველ წელს გლუვია ყავისფერი, მეორე წლიდან რუხი ქერქით იფარება. ფოთლები ყვავილობის შემდეგ ან ერთდროულად იწყებენ განვითარებას, ფართოა, ოვალური ან კვერცხისებრი, ხასხასა მწვანე. განლაგებულია მჭიდროდ, ზემოთა მხრიდან პრიალა, ხოლო ქვემოთა მხრიდან გლუვი ზედაპირი აქვთ.
ყვავილები შეკრებილია საგველა ყვავილედად. ორსახლიანი მცენარეა. იმტვერება ქარით. ბუნებრივი განვითარებისას მამრობითი ხეების რაოდენობა აჭარბებს მდედრობითს. ეს იმ აუცილებლობითაა განპირობებული, რომ ხეები ერთმანეთისაგან დაშორებით იზრდება და არასდროს ეხებიან ერთმანეთს ფესვებით. ირანში ყვავილობას იწყებს აპრილის დასაწყისში. მამრობითი ყვავილები ცოტათი ადრე იშლება, რაც ხეების სქესის გარჩევისათვის მნიშვნელოვანია. ყვავის 3 – 4 დღე.
ფუტკრით დამტვერვის შესახებ მონაცემები ვერ მოვიპოვეთ. არაა მონაცემები თაფლოვანობის შესახებ.
ფსტის ნაყოფი კაკალია. ნაყოფი შედგება ორი ლებნისაგან. ნაჭუჭი თხელია. კარგად ისხამს ორ – სამ წელიწადში ერთხელ, ცოტას ყოველწლიურად. ირანული მონაცემებით ნაყოფი მწიფდება აგვისტოში, თურქული მონაცემებით სექტემბერში.
ბუჩქების ფესვთა სისტემა 15 მეტრამდე ჩადის, ხოლო ხეების 30 მეტრამდე. (შუა აზიური მონაცემები); ცოცხლობს 300 – დან 700 წლამდე.

გამოყენება მედიცინაში

ფისტას მედიცინაში გამოყენებს რამდენიმე მიმართულება არსებობს, მაგრამ ჩვენთვის საინტერესოა, რომ იგი იძლევა ძვირფას, ოფიცინალურ სამედიცინო ნედლეულს გალებს. გალები ჩნდება არა მარტო ვარჯზე, არამედ ფურცლებზე. ჩვენ არ ვიცნობთ სხვა მცენარეს, რომელსაც ეს თვისება ქონდეს.

გამრავლება

ნიადაგის შერჩევა. ნიადაგისადმი მომთხოვნი არაა, მაგრამ ამჯობინებს კარგ ჰაერ და წყალშეღწევად ნიადაგებს.

ჰავა

ერთ – ერთი ყველაზე გვალვაგამძლე მცენარეა. მცენარე არ იღუპება 60 გრადუს სითბოზე, 50 გრადუსზე კი ჩვეულებრივად იძლევა მოსავალს. უძლებს 40 გრადუს ყინვასაც.

წყალი

დიდად გვალვაგამძლეა. არსებობს შუა აზიური ექსპერიმენტული მონაცემები, რომ მორწყვა ზრდის მოსავლის რაოდენობას და აჩქარებს მცენარის ზრდას. ეს მონაცემები, ვფიქრობთ უფრო სანერგე მეურნეობებისათვისაა გამოსადეგი.

მდედრობითი და მამრობითი ხეების თანაფარდობა. პლანტაციაში საკმარისია 10 მდედრობით ხეზე ერთი მამრობითის გაშენება.

გამრავლება

მრავლდება თესლით, ფესვთა ამონაყრითა და მყნობით. დღეისათვის საქართველოში რეალურია ფსტის თესლით გამრავლება. რაც შეეხება მყნობით გამრავლებას. საძირედ შეიძლება გამოდგეს საკმლის ხე, მაგრამ ეს მასიურად მიზანშეუწონელია. საქმე იმაშია, რომ ფისტის ბევრი ჯიში ადის 1700 მეტრს სიმაღლემდე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია საქართველოსათვის. საკმლის ხე კი, ვერ სცილდება 1000 მეტრს. საკმლის ძირზე ნამყენი ეგზემპლარების გავრცელების არეალი, არ იქნება საინტერესო.
(ექსპერიმენტები არ ჩაგვიტარებია და ეს მხოლოდ ვარაუდია)

სანერგის აუცილებლობა

ცხადია, კარგია თუ მცენარე თავიდანვე საბოლოო ადგილზე დაითესება, მაგრამ ეს არარეალურია, რადგან ცხვარი და საქონელი ახალ აღმონაცენს საშველს არ მისცემს. რეალურად, აუცილებელია სანერგის მოწყობა. ცხადია არსებობს ვარიანტი ნათესი შემოირაგოს, მაგრამ მასიურად ეს ვერ მოხერხდება.

სანერგის სპეციფიკა

ჩვენ ჩავატარეთ ასეთი ცდა: თუნუქის 1, 5 მეტრიანი მილი ავავსეთ მიწით და დავთესეთ მასზე ფისტა. 3 წლის შემდეგ, მიწისზედა ნაწილის სიმაღლემ მიაღწია 40 სანტიმეტრს, ფესვის სიგრძემ კი გადააჭარბა 1, 5 მეტრს.
მეორე შემთხვევაში თესლის ნიადაგში ჩავრგეთ და ვრწყავდით. ფესვები ჰორიზონტალურად განვითარდა.
ორივე მცენარე გადავრგეთ ბუნებრივ პირობებში. მეორე თანდათან დაბუჩქდა.
ექსპერიმენტების რაოდენობა არ იყო სამეცნიერო დასკვნების გასაკეთებლად საკმარისი, მაგრამ იგი ვგონებ მიუთითებს, რომ ნერგების სანერგეებიდან შეძენისას სიფრთხილეა საჭირო. სანერგე მეურნეობები ყიდიან მეორე ტიპის ნერგებს, რადგან პირველი ტიპის 5 – 6 წლიანი ნერგების ამოთხრა, ფესვების ძლიერი დაზიანების გარეშე, შეუძლებელია და დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული.
ვფიქრობთ, ინტერსიური მეცხოველეობის რაიონებისათვის ნერგები ყუთებში (მილებში) უნდა გამრავლდეს. ეს დამატებით ხარჯებს გამოიწვევს, მაგრამ შემცირდება პლანტაციის გაშენების კომპლექსური ხარჯები: აღარ იქნება საჭირო ნერგების ამოთხრის ხარჯი; დარგვის ხარჯი შემცირდება;
შესაძლებელი გახდება სანერგე გაკეთდეს ნებისმიერ ადგილზე.

საინვესტიციო რისკები

მიუხედავად სოლიდური შემოსავლისა, რომელსაც ფსტის პლანტაცია იძლევა, იგი ბიზნესისათვის, ამ ეტაპზე, ნაკლებ მიმზიდველია. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს:
პირველი – არ არსებობს გამოცდილება და მაგალითი. შესაბამისად, იგი ბიზნესის მიერ მეცნიერებად და რისკტევად ობიექტად აღიქმება.
მეორე – ფსტა დათესვიდან საწარმოო მოსავალს 14 – 16 წლის შემდეგ იძლევა. ნერგების შემოტანა უცხოეთიდან ძვირია და ამ ეტაპზე, ობიექტურადაა დაკავშირებული ტექნოლოგიურ და საინვესტიციო რისკებთან.

პირველი ნაბიჯი

როგორც უწმინდესი ბრძანებს, მნიშვნელოვანია სწორად გავიაზროთ პირველი ნაბიჯი.
პირველი ნაბიჯი ესაა სადედე – სანერგე მეურნეობის შექმნა.
თუკი საქართველოში გაშენდება კარგი სადედე – სანერგე თავდაპირველად ნერგები ბაზრის მიერ გაწოვილ იქნება, როგორც დეკორატიული მცენარე, ხოლო 7 – 8 წლის შემდეგ საწარმოო პლანტაციების გასაშენებლადაც, რადგან ნერგები მიუახლოვდება სანაყოფე ასაკს და მათი გაშენება წარმოებისათვის მომგებიანი გახდება.
ცხადია, მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო საქმიანობა, ტექნოლოგიების სწავლება და საქმიანობის ამ სფეროს პროპაგანდა. ამ ფუნქციას, უწმინდესის ლოცვა – კურთხევით, უკვე ასრულებს ქართული უნივერსიტეტი. მათ შორის საიტის მეშვეობით.

რატომ სამკურნალო მცენარეთა სამონასტრო ბაღებში?

ჩვენ ყურადღება არ გავამახვილეთ ამ მცენარეების სამკურნალო ღირსებებზე. მათი ფარმაცევტული პერსპექტივა მაღალია. ისინი სამკურნალო მცენარეთა სამონასტრო ბაღებში უნდა გაშენდეს.

სამკურნალო მცენარეთა სამონასტრო ბაღების ტრადიაცია საქართველოში მრავალ საუკუნეს ითვლის. ქართული უნივერსიტეტის პროექტი, უწმინდესის კურთხევით, ცდილობს ამ ტრადიციის აღდგენას.
ეს ცალკე თემაა და გამოდის წინამდებარე სტატიის ჩარჩოებიდან. აქ მხოლოდ აღვნიშნავთ, რომ ამგვარი ბაღების აღდგენას, შემდგომ კი – თესლებისა და ცოდნის გავრცელებას დიდი ეკონომიკური, ეკოლოგიური და სოცილაური მნიშვნელობა ექნება მრავალი მეურნისათვის და მთლიანად ქვეყნისათვის..

რატომ დავით გარეჯში?

• დავით გარეჯის გარემო – პირობები კარგია ამ მცენარეთა გასაშენებლად.
• მნიშვნელოვანია ამ მიდამოებში ეკონომიკურად მომგებიანი საქმიანობების ინიციირება და მიკრორეგიონის ეკონომიკური გაძლიერება.

არა მარტო დავით – გარეჯში

ცხადია, ამ და სხვა მცენარეების გაშენება შეიძლება არა მარტო დავით გარეჯში. ყველა კონკრეტული ადგილისათვის შეიძლება შეირჩეს მცენარეთა ჯგუფი, რომელიც ამ ლოკალურ გარემოში მაქსიმალურ ეკონომიკურ, სოციალურ და ეკოლოგიურ უკუგებას მოგვცემს.

გასაგებია, ორივე მცენარის მოშენებას აქვს მრავალი ტექნოლოგიური ნიუანსი. საკმაოდ დეტალური ინფორმაცია ორივე მცენარის შესახებ გამოქვეყნებულია უნივერსისტეტის ეკოფარმაცევტულ პორტალზე. . დეტალური კონსულტაციებს გვიწევდნენ აზერბაიჯანელი, ირანელი, შუა აზიელი,ამერიკელი და ისრაელელი კოლეგები. მათი გამოცდილების ბაზაზე მომზადებულია ტექნოლოგიური პროექტი და ალგორითმიზებულია მარკეტინგის სქემა.

ქართული უნივერსიტეტის ეკოფარმაცევტულ პორტალზე განთავსებულია სპეციალური სტატია ფსტის შესახებ. სტატიის ავტორები არიან ლალი დათეშიძე, ვასილ შენგელია მესამე და გიორგი ალავერდაშვილი. გაზეთის მომდევნო ნომრებში გამოქვეყნდება ინფორმაცია დავით–გარეჯისათვის რეკომენდირებული სხვა მცენარეების შესახებ.