ფსიქომოტორული სტიმულატორები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”

ფსიქოსტიმულატორები წარმოადგენენ ფსიქოტროპული პრეპარატების ჯგუფს, რომლებიც ზრდიან გონებრივ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას, აუმჯობესებენ გარეშე გამაღიზიანებლების აღქმის უნარს (ამძაფრებენ მხედველობას, სმენას და სხვა, აჩქარებენ საპასუხო რეაქციებს), აუმჯობესებენ გუნება-განწყობას, ხსნიან დაღლილობას, ამხნევებენ და დროებით აქვეითებენ ძილის საჭიროებას. ამფეტამინების (ამფეტამინი, დექსტროამფეტამინი და მეტამფეტამინი) სინთეზი მოხდა XIX საუკუნის ბოლოს. მათი სამედიცინო გამოყენება კი დაიწყო XX საუკუნის 20-იან წლებში, ძირითდად, გაცივების სიმპტომების, სიმსუქნის, ნარკოლეფსიის, ბავშვებში ყურადღების დეფიციტის თანაობისას ჰიპერაქტივობის სინდრომის სამკურნალოდ. ეს საშუალებები გამოიყენებოდა მეორე მსოფლიო ომის დროს სტიმულატორების სახით. ამერიკაში 60-იან წლებამდე ეს პრეპარატები გამოიყენებოდა ჰეროინზე დამოკიდებულების სამკურნალოდ, რამაც გამოიწვია ამფეტამინების ბოროტად გამოყენების აფეთქება. სსრკ-ში ამფეტამინები იწარმოებოდა 40-იანი წლებიდან, სამედიცინო სფეროში გამოიყენებოდა შეზღუდულად და ძნელად მისაწვდომი იყო. სადღეისოდ ამფეტამინები კლინიკურ პრაქტიკაში ფაქტიურად არ გამოიყენება გამოხატული გვერდითი მოვლენებისა და წამალზე დამოკიდებულების განვითარების მაღალი საშიშროების გამო. ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კლასიფიკაციით ამფეტამინები მიეკუთვნებიან ნარკოტიკულ საშუალებებს.
ფსიქოსტიმულატორების კლასიფიკაცია შემდეგნაირია:
1) ამფეტამინები:
– არილალკილამინის (ფენილალკილამინის) წარმოებულები: ამფეტამინი;
– ფენილალკილპიპერიდინის წარმოებულები: მეთილფენიდატი, პემოლინი;
2) სიდნონიმინები (ფენილალკილსიდნონიმინის წარმოებულები): მეზოკარბი, ფეპროზიდნინი;
3) მეთილქსანტინის წარმოებულები: კოფეინი;
4) სხვა ფარმაკოლოგიური ჯგუფების ფსიქომასტიმულირებელი მოქმედების პრეპარატები: სალბუთიამინი, ეთილთიობენზიმიდაზოლის ჰიდრობრომიდი (ბემითილი), დეანოლის აცეგლუმატი, მეკლოფენოქსატი, სემაქსი.
ამფეტამინების ფსიქომასტიმულირებელი მოქმედების საფუძველია ნორადრენალინის და დოფამინის გამოთავისუფლება ცენტრალური ნერვული სისტემის პრესინაფსური ნერვული დაბოლოებების ვეზიკულარული ნაწილიდან და აგრეთვე მათი უკუმიტაცების შეფერხება. ამფეტამინები ახდენენ ადრენერგიულ სინაფსებში კატეხოლამინების დაშლის კატალიზატორი ფერმენტის – კატეხოლ-ო-მეთილტრანსფერაზას ინჰიბირებას. ამ მექანიზმებით განპირობებულია არა მხოლოდ ფსიქომასტიმულირებელი, არამედ აგრეთვე პერიფერიული ადრენომიმეტიკური მოქმედება სხვადასხვა ვეგეტაციური ეფექტებით (არტერიული წნევის აწევა, ტაქიკარდია, ექსტრასისტოლა და სხვა). კოფეინი კონკურენტულად აფერხებს ფოსფოდიესთერაზას აქტივობას, ხელს უწყობს ციკლური ადენოზინმონოფოსფატის და ციკლური გუანოზინმონოფოსფატის შიდაუჯრედულ დაგროვებას და შედეგად იწვევს ცენტრალურ ნერვულ სისტემაში, გულში, გლუვკუნთოვან ორგანოებში, ცხიმოვან ქსოვილში, ჩონჩხის კუნთებში სხვადასხვა სახის შიდაუჯრედული ცვლის აქტივაციას; ახდენს ქერქის, ჰიპოთალამუსის და მოგრძო ტვინის დოფამინერგულ, ნორადრენერგულ და ქოლინერგულ სინაფსებში ნერვული გაღიზიანების გადაცემის სტაბილიზაციას. კოფეინის მოქმედების მექანიზმში ადგილი აქვს რეცეპტორებზე ადენოზინთან კონკურენციას, რომელიც ზღუდავს აგზნების გავრცელებას ცენტრალურ ნერვულ სისტემაში. ფსიქომასტიმულირებელი მოქმედება ვლინდება მოდუნებულობის, ძილიანობის შემცირებით, სიმხნევის შეგრძნების გაჩენით, ფიზიკური და ინტელექტუალური შრომისუნარიანობის გაზრდით. ყველაზე მეტად ეს ეფექტი გამოხატული აქვთ ფენილალკილამინის წარმოებულებს (ამფეტამინი), ნაკლებად – მეთილფენიდატს, მეზოკარბს, და ყველაზე ნაკლებად – კოფეინს. არილალკილამინის წარმოებულების ჯგუფის ფსიქოსტიმულატორები ავლენენ აგრეთვე ზომიერ ანტიდეპრესიულ ქმედებას, აქვეითებენ მადას. პერიფერიული ეფექტები უფრო მკვეთრად აქვს გამოხატული ამფეტამინს, ნაკლები ხარისხით – მეთილფენიდატს, კოფეინს და უმნიშვნელოდ – მეზოკარბს. ამფეტამინი და კოფეინი ასტიმულირებენ გულის ფუნქციონირებას (გულის კუმშვათა სიხშირის გაზრდა, გულის კუმშვათა გაძლიერება). ამფეტამინი იწვევს პერიფერიული სისხლძარღვების შევიწროებას. კოფეინის ზემოქმედება სისხლძარღვებსა და არტერიულ წნევაზე არაერთგვაროვანია: იგი იწვევს ჩონჩხის კუნთების, გულის, თირკმელების, კანის სისხლძარღვების გაფართოებას და თავის ტვინის და მუცლის ღრუს ორგანოთა სისხლძარღვების შევიწროებას. კოფეინი ზრდის ვენური სისხლძარღვების ტონუსს, იწვევს დიურეზულ ეფექტს. ამფეტამინი და კოფეინი ავლენენ ბრონქოდილატაციურ ქმედებას. ფსიქოსტიმულატორების ყველაზე დამახასიათებელი გვერდითი ეფექტებია მომატებული აგზნებადობა, მოუსვენრობა, ძილის დარღვევა, გულისრევა, ტაქიკარდია, არითმია, არტერიული წნევის გაზრდა. ამფეტამინების და სიდნონიმიმების მიღების ფონზე შესაძლებელია აგრეთვე მადის დაქვეითება, ბოდვისა და ჰალუცინაციების გამწვავება; ამფეტამინების ხანგრძლივი მიღებისას ვითარდება წამალზე დამოკიდებულება, მძიმე ნერვულ-ფსიქიური დარღვევები, შიზოფრენიის მსგავსი ფსიქოზი. ფსიქოსტიმულატორებს ნიშნავენ დასალევად (ნატრიუმის კოფეინ-ბენზოატის გარდა), ისინი ძირითადად კარგად შეიწოვებიან კუჭ-ნაჭლავის ტრაქტიდან და გადიან ჰემატოენცეფალურ ბარიერს. ძილის დარღვევის თავიდან ასაცილებლად მათ იღებენ დღის პირველ ნახევარში (15 საათამდე). ფსიქოსტიმულატორები ამცირებენ სედატიურ საშუალებათა ეფექტს, აძლიერებენ ცენტრალური ნერვული სისტემის მასტიმულირებელი საშუალებების მოქმედებას. ნეიროლეფსიურ საშუალებებთნ ერთდროული მიღებისას შესაძლებელია შიზოფრენიის გამწვავება. ფსიქოსტიმულატორების შეხამება მაო-ს ინჰიბიტორებთან დაუშვებელია. ფსიქოსტიმულატორების დანიშვნის ძირითადი ჩვენებებია ფიზიკური და გონებრივი შრომისუნარიანობის დაქვეითება, მოთენთილობა, მოდუნებულობა, შენელებულობა, სხვადასხვა გენეზის ასთენიური მდგომარეობა, აპათია, დეპრესია, მათ შორის ხანდაზმულ პაციენტებში სოციალური გაუცხოებით ან ფსიქომოტორული შენელებულობით გამოწვეული დეპრესია, მძიმე სომატური პათოლოგია, ქრონიკული ალკოჰოლიზმი, ნარკოლეფსია. ეს პრეპარატები ამცირებენ ტრანკვილიზატორების, ნეიროლეპტიკების, საძილე საშუალებების გვერდით ეფექტებს. მათი დანიშნულებაა ჯანმრთელი ადამიანის გონებრივი და ფიზიკური შრომისუნარიანობის ხანმოკლე გაზრდა ექსტრემალურ სტრესულ სიტუაციებში (გამოიყენება კოფეინი, მეზოკარბი, განსაკუთრებულ შემთხვევებში მცირე დროის განმავლობაში – ამფეტამინი). ბავშვებში ყურადღების დეფიციტის თანაობისას ჰიპერაქტივობის სინდრომის შემთხვევაში იყენებენ (აშშ-ში და რიგ დასავლეთის ქვეყნებში) მეტილფენიდატს, ამფეტამინს. ფსიქოსტიმულატორების მიღების წინააღმდეგჩვენებაა ჰიპერმგრძნობიარობა, აგზნება, შფოთვა, ძილის დარღვევა, არტერიული ჰიპერტენზია, ათეროსკლეროზი, გულ-სისხლძარღვთა სისტემის ორგანული დაავადებები. თირკმლის უკმარობის დროს არ შეიძლება ამფეტამინის მიღება, გლაუკომის დროს – კოფეინის. კლინიკურ პრაქტიკაში გამოიყენება ხშირად გამოიყენება მეზოკარბი და კოფეინი (მათ შორის კომბინირებული პრეპარატების შემადგენლობაში).


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.