ფილტვები – ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები (4)

ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები. ფილტვები 

დასაწყისი იხ. >>

ფილტვებზე მავნე ქიმიური და ფიზიკური ფაქტორების ზემოქმედებით განპირობებული დაავადებები. აღნიშნული დაავადებებიდან ყველაზე პრაქტიკული მნიშვნელობა გაჩნიათ პნევმოკონიოზებს, რომლებიც განპირობებულნი არიან ფილტვებში არაინდიფერენტული მტვრის მოხვედრით. უხშირესად, აღნიშნული პათოლოგიები წარმოადგენენ პროფესიულ დაავადებებს.

აგრეთვე ცნობილია ტოქსიკური აირების, არაინდიფერენტული სითხეების (მაგ., ბენზინური პნევმონია) შესუნთქვის, ზოგიერთი სამკურნალო საშუალების მიღების, მაიონიზირებელი გამოსხივების ზემოქმედების შედეგად განპირობებული ფილტვის დაზიანებები.

ქრონიკული არასპეციფიკური დაავადებები. მათ რიცხვს მიეკუთვნებიან ქრონიკული ბრონქიტი, ბრონქული ასთმა, ფილტვების ემფიზემა, პნევმოსკლეროზი, ბრონქოექტაზები, ქრონიკული პნევმონია. ქრონიკულ ბრონქიტს, ბრონქულ ასთმას და ფილტვების ემფიზემას აერთიანებენ ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების ჯგუფში.
ალერგიასთან პათოგენურად დაკავშირებული დაავადებები მოიცავენ ბრონქულ ასთმას, ეგზოგენურ ალერგიულ ალვეოლიტებს, ფილტვისმიერ ეოზინოფილიებს, მათ შორის ეოზინოფილურ მფრინავ ინფილტრატს.
ფილტვების დისემინირებული დაავადებები წარმოადგენენ მრავალრიცხვოვან ჯგუფს, რომელშიც შედიან დიფუზური (დისემინირებული) პნევმოსკლეროზები, გრანულომატოზები, ვასკულიტები და ფილტვების სხვა სახის დაზიანებები, მათ შორის შემაერთებელქსოვილოვანი დიფუზური დაავადებების და სხვა სისტემური პათოლოგიების ფილტვისმიერი გამოვლინებები. აღნიშნულ ჯგუფში შემავალი დაავადებების უმეტესობა შედარებით იშვიათად გვხვდება. დისემინირებული პნევმოსკლეროზებიდან ყველაზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება იდოპათიურ, ფიბროზულ ალვეოლიტს, რომლის დროსაც უპირატესად ზიანდება ფილტვების ინტერსტიციული ქსოვილი, რაც იწვევს გავრცელებული პნევმოფიბროზის და პროგრესირებადი სუნთქვის უკმარისობის განვითარებას.
უცნობი ეტიოლოგიის დისემინირებული გრანულომატოზებიდან ყველაზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება სარკოიდოზს – სისტემურ დაავადებას, რომელიც უხშირესად მიმდინარეობს კეთილსაიმედოდ, ბრონქ–ფილტვის ლიმფური კვანძების უპირატესი დაზიანებით; ფილტვის ქსოვილის გამოხატული ცვლილებები ყველა შემთხვევაში არ ვლინდება.
X ჰისტიოციტოზების დროს ფილტვებში და სხვა ორგანოებში ხდება ჰისტიოციტების პირველადი პროლიფერაცია გრანულების წარმოქმნით, რომელთა დამახასიათებელი გამოსავალია ფიბროზის განვითარება. არც თუ იშვიათად, ფილტვებში ყალიბდება საკმაოდ დიდი ზომის, ჰაერის შემცველი ღრუები, რომლებიც რთულდებიან პნევმოთორაქსით. დაავადება შეიძლება მიმდინარეობდეს მწვავედ და ქრონიკულად. კლინიკურად ვლინდება პრეგრესირებადი ქოშინი, მშრალი ხველა, ზოგჯერ ვითარდება არაფილტვისმიერი სიმპტომების ტრიადა (დესტრუქციული ოსტეოლიზი, ეგზოფთალმი და უშაქრო დიაბეტი). X ჰისტიოციტოზების დროს რენტგენოლოგიურად აღინიშნება ფილტვის სურათის გაძლიერება, წვრილკეროვანი ჩრდილები, ფილტვის ქსოვილის მსხვილუჯრედული დეფორმაცია (”ფიჭისებრი ფილტვი”), ზოგჯერ პნევმოთორაქსი.
დიაგნოზის დაზუსტება ხორციელდება ბრონქოალვეოლურ შიგთავსის ალვეოლურ მაკროფაგებში მწვანე ფერის პიგმენტის აღმოჩენის, ფილტვის ბიოპტატის დამახასიათებელი მორფოლოგიური ცვლილებების საფუძველზე. მკურნალობა: დაავადების ადრეულ სტადიაზე ინიშნება გლუკოკორტიკოიდები, შემდგომში – იმუნოსუპრესორები და ციტოსტატიკები (მაგ., აზათიოპრინი, ციკლოფოსფანი, ვინკრისტინი). ზოგჯერ გამოიყენება პენიცილამინი (კუპრენილი). მწვავე მიმდინარეობის დროს პროგნოზი, როგორც წესი, არაკეთილსაიმედოა; ქრონიკული მიმდინარეობის შემთხვევაში დროული ინტენსიური მკურნალობის პირობებში, შესაძლებელია მოხდეს დაავადების მრავალწლიანი რემისია და გამოჯანმრთელებაც კი.
სასუნთქი ორგანოების, მათ შორის ზედა სასუნთქი გზების უპირატესი დაზიანებით მიმდინარე მძიმე სისტემურ დაავადებას მიეკუთვნება ვეგენერის გრანულომატოზი.
ფილტვების იდიოპათიური ჰემოსიდეროზი (ფილტვის ესენციური ჰემოსიდეროზი), როგორც წესი, გვხვდება ბავშვებში და ხასიათდება მრავლობითი განმეორებითი სისხლჩაქცევების განვითარებით ფილტვის ქსოვილში. დაავადება ვლინდება სხვადასხვა ხარისხის ფილტვისმიერი სისხლდენებით. გამწვავების პერიოდში შეიძლება აღინიშნებოდეს ზომიერი ცხელება, ტკივილი გულმკერდის არეში, ღვიძლის და ელენთის გადიდება, ნახველში ხდება ჰემოსიდეროფაგების აღმოჩენა. რენტგენოლოგიურად, უპირატესად ფილტვის ქვემო წილებში, ვლინდება ლაქოვანი ჩრდილები (ანთებითი ინფილტრატები), ხოლო რემისიის პერიოდში – მცირე ზომის მონომორფული კეროვანი ჩრდილები, რაც განპირობებულია ჰემოსიდერინის ჩალაგებით; დაავადების ხანგრძლივად მიმდინარეობის შემთხვევაში აღინიშნება ფილტვის სურათის წვრილბადისებრი დიფუზური დეფორმაცია, რაც განპირობებულია ინტერსტიციული ქსოვილის გამკვრივებით. მკურნალობა ძირითადად სიმპტომურია (ფილტვისმიერი სისხლდენების დროს ტარდება ჰემოსტაზური და სისხლით ჩანაცვლებითი თერაპია). ზოგიერთი ავტორის აზრით შესაძლებელია გამოყენებულ იქნას გლუკოკორტიკოსტეროიდები, პლაზმაფერეზი, სპლენექტომია.
გუდპასჩერის სინდრომის (ჰემორაგიული ფილტვ–თირკმლის სინდრომი) დროს, რომელიც უპირატესად გვხვდება მოზრდილთა ასაკში, ფილტვების ჰემოსიდეროზი შერწყმულია გლომერულონეფრიტთან. აღინიშნება სისხლიანი ხველა (უფრო მეტად გამოხატული სისხლდენები იშვიათობაა), ტკივილი გულმკერდის არეში, რენტგენოლოგიურად ვლინდება ფილტვების ჰემოსიდეროზის ნიშნები (მრავლობითი წვრილკეროვანი ჩრდილები), აღინიშნება ჰემატურია, პროტეინურია, ანემია, თირკმლის პროგრესირებადი უკმარისობა. ნახველში ხდება ჰემოსიდეროფაგების აღმოჩენა. ზოგჯერ, დიაგნოზის დაზუსტების მიზნით, კეთდება თირკმლების პუნქციური ბიოფსია. მკურნალობის მეთოდიკა ბოლომდე შემუშავებული არ არის და ძირითადად მოიცავს გლუკოკორტიკოსტეროიდულ და სიმპტომურ თერაპიას.
ფილტვების იშვიათ, თავისებურ დაავადებას წარმოადგენს ალვეოლური პროტეინოზი, რომელიც ხასიათდება ალვეოლებში ცილისმაგვარი მარცვლოვანი ნივთიერებების დაგროვებით, რაც იწვევს ფილტვების სასუნთქი ზედაპირის თანდათანობით შემცირებას და სუნთქვის უკმარისობის განვითარებას. დაავადება იწყება მწვავედ ტემპერატურის მომატებით, ტკივილების გაჩენით გულმკერდის არეში და მშრალი ხველით, ან ვითარდება შეუმჩნევლად საერთო სისუსტის თანდათანობით განვითარებით, ქოშინით ფიზიკური დატვირთვის დროს, ზოგჯერ აღინიშნება წონაში დაკლება. არც თუ იშვიათად დაავადებას გააჩნია ტალღისებური ხასიათი პერიოდული გამწვავებებით და სუნთქვის უკმარისობის განვითარებით. ფიზიკალური მონაცემები მწირია. რენტგენოლოგიურად ვლინდება არამკევთრი კონტურების მქონე მრავლობითი ჩრდილები, რაც განპირობებულია ფილტვის პარენქიმის ინფილტრაციით. ნახველში და ბრონქოალვეოლურ შიგთავსში შესაძლებელია აღმოვაჩინოთ შიკ–დადებითი ეოზინოფილური ნივთიერების მარცვლები. დიაგნოზის დაზუსტების მიზნით აუცილებელია ფილტვის ბიოფსია. სამკურნალო მიზნით გამოიყენება აცეტილცისტეინი, ბისოლვონი. ყველაზე ხანგრძლივ სამკურნალო ეფექტს იძლევა თითოეული ფილტვის თანმიმდევრობითი, ტოტალური ბრონქული ლავაჟი (ბრონქების გამორეცხვა) აცეტილცისტეინის ხსნარით. აღნიშნულ პროცედურას ატარებენ ადგილობრივი ნარკოზის ქვეშ ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის ფონზე.

ალვეოლური მიკროლითიაზი – უცნობი ეტიოლოგიის იშვიათი დაავადებაა, რომლის დროსაც ალვეოლებში გროვდება ამოლოიდის მსგავსი და კალციფიკაციისადმი მიდრეკილი ნივთიერება. ხანგრძლივი დროის განმავლობაში დაავადება შესაძლოა უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს, შემდგომ ვლინდება მშრალი ხველა, პროგრესირებადი ქოშინი, ციანოზი, ფილტვისმიერი გულის ნიშნები. ზოგჯერ ნახველში ხდება მცირე ზომის კალცინატების აღმოჩენა. რენტგენოლოგიურად ფილტვის სურათის დიფუზური დეფორმაციის ფონზე აღინიშნება მრავლობითი, მცირე ზომის, მკვრივი, ზოგჯერ ერთმანეთთან შერწყმული ჩრდილები. დიაგნოზის დაზუსტება ხდება ფილტვების ბიოფსიის საფუძველზე. მკურნალობის მეთოდიკა ჯერჯერობით შემუშავებული არ არის. დაავადება თანდათან პროგრესირებს და სრულდება ლეტალური გამოსავლით.
ფილტვის სისხლმომარაგების დარღვევებთან დაკავშირებული პათოლოგიური მდგომარეობა შეიძლება იყოს როგორც მწვავე, ასევე ქრონიკული. ფილტვისმიერი სისხლმომარაგების მწვავედ განვითარებულ დარღვევებს მიეკუთვნება ფილტვის არტერიების თრომბოემბოლია, ფილტვის ინფარქტი, ფილტვების შეშუპება (ვითარდება ფილტვის ვენებით სისხლის მოდინების დარღვევის შემთხვევებში, მაგ., მარჯვენა პარკუჭის სისუსტის, მიტრალური მანკების დროს). ფილტვისმიერი სისხლმომარაგების მწვავე დარღვევების თავისებურ ფორმას (ინტერსტიციული ქსოვილის შეშუპებით და სუნთქვის პროგრესირებადი უკმარისობით) წარმოადგენს მოზრდილთა რესპირატორული დისტრეს–სინდრომი.
ფილტვის ინფარქტი (ფილტვის ქსოვილის ნეკროზი და სისხლით მისი იმბიბიცია, რაც შესაძლებელია განპირობებული იყოს ბრონქების სისხლძარღვოვანი სისტემაში არსებული ანასტომოზებით) შეიძლება განვითარდეს თრომბოემბოლიის ან ვასკულიტების ფონზე მიმდინარე თრომბოზის დროს ფილტვის არტერიების საშუალო კალიბრის (მაგ., მე–4–6 რიგის) ტოტების გამავლობის მწვავე დარღვევის შედეგად. არც თუ იშვიათად, ამას თან სდევს ფიბრინული ან ჰემორაგიული პლევრული გამონაჟონი.
კლინიკურად ფილტვის ინფარქტი ხასიათდება ქოშინის უეცარი განვითარებით, ტკივილით გულმკერდის არეში სუნთქვის დროს და სისხლიანი ხველით იმ ავადმყოფებში, რომელთაც სავარაუდოდ აღენიშნებათ თრომბოფლებიტი ან გულის მარჯვენა ნაწილების პათოლოგია. ტემპერატურა უხშირესად სუბფებრილურია, ფიზიკალური სიმპტომატიკა გაღარიბებულია, ზოგჯერ მოისმინება პლევრის ხახუნის ხმიანობა. რენტგენოლოგიურად ვლინდება სხვადასხვა ზომის და სიმკვრივის ხაზოვანი ან კეროვანი დაჩრდილვის უბნები, რომლებიც ძირითადად განლაგებულნი არიან ფილტვების პერიფერიულ ნაწილებში და ტიპიურ შემთხვევებში გააჩნიათ სოლისებური ფორმა (ბასრი ბოლოები მიმართულია ფილტვის ფესვისკენ); ზოგჯერ აღინიშნება მცირე რაოდენობის პლევრული გამონაჟონი, დიაფრაგმის მაღლა დგომა. ინფექციის დართვის შემთხვევაში ტემპერატურა მატულობს, ნახველი ღებულობს ლორწოვან–ჩირქოვან ხასიათს, ხოლო პირველადი დაჩრდილვის კერაში ვითარდება პნევმონიური ინფილტრაცია (ინფარქტ–პნევმონია). შესაძლებელია მოხდეს ჰემორაგიული ნეკროზის კერის დაჩირქება აბსცესის ფორმირებით. ამასთან იწყება ჭარბი რაოდენობით სისხლიან–ჩირქოვანი ნახველის გამოყოფა, ხოლო ყოფილი ინფარქტის ზონაში რენტგენოლოგიურად აღინიშნება დაშლის ღრუ. ფილტვის ინფარქტის მკურნალობა მოიცავს 2–3 დღის განმავლობაში ჰეპარინის გამოყენებას თანდათანობით არაპირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტებზე გადასვლით. ინფექციის დართვის შემთხვევაში აუცილებელია ანტიბაქტერიული თერაპია.
ფილტვის სისხლძარღვების ქრონიკული დაზიანების მძიმე ფორმას მიეკუთვნება ფილტვების პირველადი ჰიპერტენზია. დაავადების ეტიოლოგია უცნობია, იგი შესაძლებელია მემკვიდრეობით გადაეცემოდეს, ზოგჯერ დაკავშირებულია სამკურნალო პრეპარატების მიღებასთან (ანორექსიგენული საშუალებები, ორალური კონტრაცეპტივები) უხშირესად გვხვდება ახალგაზრდა ქალებში. დაავადება ხასიათდება ფილტვების არტერიოლების (იშვიათად ვენულების) პროგრესირებადი შევიწროებით, ფილტვის სისხლძარღვოვანი წინააღმდეგობის და ფილტვის არტერიაში წნევის მომატებით 100 მმ. ვწ. სვ.–მდე და მეტი, მარჯვენა პარკუჭის მკვეთრი ჰიპერტროფიით, შემდეგ კი დეკომპენსაციით.
კლინიკურად ვლინდება დაღლილობა, პროგრესირებადი ქოშინი, ციანოზი, ტერმინალურ სტადიაში – შეგუბება სისხლის მიმოქცევის დიდ წრეში. პერკუტორულად და რენტგენოლოგიურად აღინიშნება მარჯვენა პარკუჭის და წინაგულის, ფილტვის არტერიების პროქსიმალური ნაწილების გაფართოება ფილტვების პერიფერიაზე სისხლძარღვოვანი სურათის გაღარიბებით. აუსკულტაციურად მოისმინება II ტონის მეტალისებური აქცენტი ფილტვის არტერიაზე, იშვიათად – სამკარიანი სარქვლის შედარებითი ნაკლოვანებისთვის დამახასიათებელი სისტოლური შუილი. ეკგ–ზე აღინიშნება მარჯვენა პარკუჭის ჰიპერტროფიის ნიშნები. დიაგნოზის დადასტურება ხდება ფილტვის არტერიაში წნევის გაზომვით მისი კეთეტერიზაციის საშუალებით ან ულტრაბგერითი დოპლერ–კარდიოგრაფიის მეთოდის გამოყენებით. მკურნალობა (ეუფილინი, ნიტროგლიცერინი, გახანგრძლივებული ნიტრატები, განგლიობლოკატორები, ანტიკოაგულანტები, საგულე გლიკოზიდები, ჟანგბადით თერაპია) ნაკლებად ეფექტურია, პროგნოზი არაკეთილსაიმედო.
მეორადი ფილტვისმიერი ჰიპერტენზია აღინიშნება გულის თანდაყოლილი და შეძენილი მანკების დროს და ხასიათდება მარცხენა წინაგულში წნევის მომატების (მაგ., მიტრალური სტენოზის დროს) ან სისხლის მიმოქცევის მცირე წრეში მოცირკულირე სისხლის მოცულობის გაზრდის (მაგ., პარკუჭთაშუა ან წინაგულთაშუა ძგიდეების თანდაყოლილი დეფექტები) შედეგად ფილტვის ვენებში სისხლის უკუდინების დარღვევით. ასეთ შემთხვევებში ხდება ფილტვის არტერიების წვრილი ტოტების სპაზმი, შემდეგ კი ორგანული შევიწროება მათში წნევის მომატებით, რაც იწვევს გულის მარჯვენა პარკუჭის გადაძაბვას და დეკომპენსაციას. გარდა ამისა, ფილტვის მეორადი ჰიპერტენზია შესაძლებელია განვითარდეს მწვავედ ან ქრონიკულად ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის დროს. ფილტვის მეორადი ჰიპერტენზიის განსაკუთრებული ფორმა ყალიბდება ფილტვების ქრონიკული დაავადებების დროს.

სიმსივნეები.
კეთილთვისებიანი სიმსივნეები. კეთილთვისებიან სიმსვნეებს მიეკუთვნება ბრონქებიდან განვითარებული ზოგიერთი ახალწარმონაქმნი. უხშირესად გვხვდება ადენომა, ჰამართრომა, იშვიათად პაპილომა, ძალიან იშვიათად სისხლძარღვოვანი (ჰემანგიომა), ნეიროგენული (ნევრინომა, ნეიროფიბრომა), შემაერთბელქსოვილოვანი (ფიბრომა, ლიპომა, ქონდრომა) სიმსივნეები. ბრონქების თავისებურ სიმსივნეს წარმოადგენს კარცინოიდი, რომელიც შესაძლებელია მიმდინარეობდეს როგორც კეთილთვისებიანად, ასევე ავთვისებიანად.
ადენომა ყალიბდება ბრონქების (ჩვეულებრივ წილოვანი და მთავარი ბრონქები) ლორწოვანის ჯირკვლებიდან, იზრდება ინტრაბრონქულად ან (იშვიათად) პერიბრონქულად. ხურავს რა ბრონქის სანათურს, სიმსივნე იწვევს ფილტვის შესაბამისი წილის ვენტილაციის მოშლას, რაც ხელს უწყობს მასში ანთებითი პროცესის განვითარებას. კლინიკურად დაავადება ვლინდება მორეციდივე პნევმონიით განპირობებული სისხლიანი ხველით და სხეულის ტემპერატურის მომატება. დაავადება წლობით მიმდინარეობს. დიაგნოზის დადგენა ხდება რენტგენოლოგიური გამოკვლევების, ბრონქოსკოპიის და სიმსივნური ქსოვილის ბიოფსიის საფუძველზე. მკურნალობა ოპერაციულია – ბრონქის სიმსივნის და დაზიანებული ფილტვის ქსოვილის მოცილება. დროულად ჩატარებული ოპერაციის პირობებში პროგნოზი კეთილსაიმედოა.
ჰამართრომა ვითარდება ფილტვის ქსოვილის განვითარების მანკის ფონზე, უხშირესად ხრტილოვანი შენებისაა, მასში ჩართული ბრონქის კედლის სხვა ელემენტებით (ჰამართროქონდრომა). იზრდება თანდათანობით, მიმდინარეობს უსიმპტომოდ, ვლინდება რენტგენოლოგიური გამოკვლევით. პროგნოზი კეთილსაიმედოა. ოპერაციული მკურნალობა ნაჩვენებია სიმსივნის დიდი ზომების შემთხვევაში, ან როდესაც მისი გარჩევა ფილტვის კიბოსგან ან ტუბერკულოზისგან შეუძლებელია.
ავთვისებიანი სიმსივნეები. ფილტვების ძირითადი ავთვისებიანი სიმსივნეა ბრონქოგენული კიბო. სხვა ავთვისებიანი წარმონაქმნები (მაგ., სარკომა) იშვიათად გვხვდება. ფილტვების კიბოთი დაავადებულებიდან მამაკაცები 6–8–ჯერ აღემატებიან ქალებს; დაავადებულთა საშუალო ასაკი – დაახლოებით 60 წელი. ფილტვის კიბო ჩვეულებრივ ვითარდება ქრონიკული ბრონქიტის ფონზე, რომლის განვითარებასაც განაპირობებს ონკოგენური ნივთიერებების შემცველი ჰაერის შესუნთქვა და თამბაქოს მოხმარება.

ბრონქოგენული კიბო ჩვეულებრივ ყალიბდება ბრონქების, იშვიათად ბრინქიოლების ჯირკვლების ეპითელიუმისგან. სიმსივნის ლოკალიზაციიდან გამომდინარე ბრონქული ხის მთელ სიგრძეზე განასხვავებენ ფილტვის ცენტრალურ კიბოს, რომელიც გამოდის სეგმენტური, წილოვანი ან მთავარი ბრონქებიდან, და ფილტვის პერიფერიულ კიბოს – წარმოიქმება მცირე ზომის ბრონქებისგან და უწვრილესი ბრონქიალური ტოტებისგან. ფილტვის ზედა წილის პერიფერიულ კიბოს, რომელიც ჩაზრდილია მხრის ნერვულ–სისხლძარღვოვან წნულში, კისრის ქვედა მალების რკალში და სიმპათიკურ წველში, ეწოდება პანკოსტას სიმსივნე.
ბრონქის სანათურთან მიმართებაში ზრდის მიხედვით სიმსივნე შეიძლება იყოს ენდობრონქული და პერიბრონქული.
ენდობრონქული კიბო იზრდება ბრონქის სანათურში, პერიბრონქული – უპირატესად ფილტვის პარენქიმის მიმართულებით. სიმსივნის ჰისტოლოგიური შენების მიხედვით განასხვავებენ მაღალ–, საშუალო– და დაბალდიფერენცირებულ ბრტყელუჯრედოვან (ეპიდერმოიდულ) და ჯირკვლოვან (ადენოკარცინომას), აგრეთვე არადიფერენცირებულ (წვრილუჯრედოვანი ანუ შვრიისებრ–უჯრედოვანი) კიბოს, რომელიც წარმოდგენილია მკვეთრად ანაპლაზირებული უჯრედებით. ფილტვების კიბო მეტასტაზირდება ლიმფური სადინრებით და სისხლძარღვებით, აზიანებს ფილტვის ფესვის, შუასაყრის, ლავიწზედა ლიმფურ კვანძებს, აგრეთვე ფილტვის სხვა ნაწილებს, ღვიძლს, ძვლებს, თავის ტვინს.
ავთვისებიანი სიმსივნეების საერთაშორისო კლასიფიკაციის მიხედვით TNM (1987) სისტემით გამოყოფენ ფილტვის კიბოს გავრცელების შემდეგ სტადიებს: T0 – პირველადი სიმსივნე არ ვლინდება; Tis – პრეინვაზიური კიბო (carcinoma in situ); T1 – არაუმეტეს 3 სმ სიდიდის სიმსივნე, რომელიც გარშემორტყმულია ფილტვის ქსოვილით ან ვისცერული პლევრით, მთავარი ბრონქების დაზიანების ბრონქოსკოპული ნიშნების გარეშე; T2 – 3 სმ–ზე დიდი ზომის სიმსივნე ან სიმსივნე, რომელიც აზიანებს მთავარ ბრონქებს, ტრაქეის კილიდან დაშორებულია 2 სმ–ზე და მეტად, ან სიმსივნე, რომელიც მოიცავს ვისცერულ პლევრას, ან სიმსივნე, რომელსაც თან სდევს ფილტვის ნაწილის ატელექტაზი ან ობსტრუქციული პნევმონიტი, რომელიც ვრცელდება ფილტვის ფესვის მიდამოზე; T3 – ნებისმიერი ზომის სიმსივნე, რომელიც უშუალოდ ვრცელდება გულმკერდის კედელზე, დიაფრაგმაზე, მედიასტინურ პლევრაზე, პერიკარდიუმის პარიესულ ფურცელზე, ან სიმსივნე, რომელიც ტრაქეის კილიდან დაშორებულია 2 სმ–ზე მცირე მანძილით, ან სიმსივნე, რომელსაც თან სდევს ობსტრუქციული პნევმონიტი ან მთელი ფილტვის ატელექტაზი; T4 – ნებისმიერი ზომის სიმსივნე პროცესში შუასაყრის, გულის, მსხვილი სისხლძარღვების, ტრაქეის (მათ შორის მისი კილის), საყლაპავის, ხერხემლის მალების ჩართვით ან სიმსივნე სპეციფიკური პლევრული გამონაჟონით.
ლიმფური კვანძების მდგომარეობა: NX – რეგიონალური ლიმფური კვანძების დაზიანების შესახებ მონაცემები არ არსებობს; N0 – რეგიონალურ ლიმფურ კვანძებში მეტასტაზები არ ვლინდება; N1 – მეტასტაზები აღინიშნება პერიბრონქულ ან ბრონქ–ფილტვის (ფესვის) ლიმფურ კვანძებში ან აღინიშნება სიმსივნის უშუალო ჩაზრდა აღნიშნულ ლიმფურ კვანძებში; N2 – მეტასტაზირება შუასაყრის ლიმფურ კვანძებში ან დაზიანების მხარეს ტრაქეის ბიფურკაციის მიდამოში განლაგებულ ლიმფურ კვანძებში; N3 – მეტასტაზები აღინიშნება შუასაყრის, ბრონქ–ფილტვის, წინა კიბისებრ ან ლავიწზედა ლიმფურ კვანძებში დაზიანების უბნის საპირისპირო მხარეს.
მონაცემების შორეული მეტასტაზირების შესახებ: M0 – შორეული მეტასტაზები არ ვლინდება; M1 – აღინიშნება შორეული მეტასტაზები.
ფილტვის კიბოს კლინიკური გამოვლინებები დამოკიდებულია სიმსივნის ლოკალიზაციაზე, ზომებზე, ბრონქის სანათურთან მის დამოკიდებულებაზე, გართულებების (ატელექტაზი, პნევმონია) არსებობაზე და მეტასტაზების გავრცელებაზე. დაავადების ყველაზე ხშირ სიმპტომს წარმოადგენს ხველა (მშრალი ან მცირე რაოდენობის ნახველის გამოყოფით), სისხლიანი ხველა, სხეულის ტემპერატურის პერიოდული მომატება, ტკივილი გულმკერდის არეში. დაავადების მოგვიანებით სტადიებში ტემპერატურის მომატება ატარებს მყარ ხასიათს, მატულობს საერთო სისუსტე და ქოშინი, იზრდება ლავიწზედა ლიმფური კვანძები, შესაძლებელია განვითარდეს ექსუდაციური პლევრიტი, ზოგჯერ აღინიშნება სახის შეშუპება, ხმის ჩახლეჩვა. პანკოსტას სიმსივნის შემთხვევაში ვლინდება ირადიაციული ხასიათის ტკივილები მხრის სახსარში, ბერნარ–ჰორნერის სინდრომი.
დიაგნოსტიკის ძირითად მეთოდებს წარმოადგენენ გულმკერდის ღრუს ორგანოების გამპოკვლევა, მათ შორის რენტგენოგრაფია, ტომოგრაფია და ბრონქოსკოპია, რომლის დროსაც შესაძლებელია ჩატარებულ იქნას სიმსივნის ბიოფსია. დაავადების ადრეული სტადიების გამოვლენა შესაძლებელია მოსახლეობის პროფილაქტიკური გამოკვლევების ჩატარებით აუცილებელ ფლუროგრაფიულ გამოკვლევასთან ერთად.
ფილტვის კიბოთი დაავადებულების მკურნალობა მოიცავს ოპერაციულ, სხივურ, ქიმიოთერაპიულ და კომბინირებულ მეთოდებს. მკურნალობის მეთოდის შერჩევა განისაზღვრება სიმსივნური პროცესის გავრცელებით (სტადიით), ახალწარმონაქმნის ჰისტოლოგიური სტრუქტურით, სასუნთქი და გულ–სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციური მდგომარეობით. ყველაზე ეფექტურია რადიკალური ოპერაცია (ლობექტომია ან პნევმონექტომია), რომელიც კეთდება დაავადების ადრეულ სტადიებზე სასუნთქი და გულ–სისხლძარღვთა სისტემების დამაკმაყოფილებელი ფუნქციონალური მდგომარეობის პირობებში. რადიკალური ოპერაციის ჩატარების შემდეგ ავადმყოფთა დაახლოებით 30% ცოცხლობს 5 და მეტ წელიწადს. ზოგჯერ, სხივური თერაპია ხანგრძლივი დროის განმავლობაში აფერხებს დაავადების განვითარებას. ქიმიოთერაპიას უხშირესად მოაქვს მდგომარეობის დროებითი გაუმჯობესება.
ფილტვის კიბოს პროფილაქტიკა მოიცავს თამბაქოზე თავის დანებებას, სასუნთქი სისტემის ქრონიკული ანთებითი დაავადებების მკურნალობას, დიდი ქალაქების და სამრეწველო საწარმოების ჰაერის გასუფთავებას.

გაგრძელება იხ. >>


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter