საკვერცხე – ემბრიოლოგია, ჰისტოლოგია, ციტოლოგია

ემბრიოლოგია, ჰისტოლოგია, ციტოლოგია. საკვერცხე (II)

დასაწყისი იხ. >>>

ონტოგენეზი. ჰისტოლოგია

ჰისტოლოგია. ზრდასრულ საკვერცხეებში განასხვავებენ 3 მკვეთრად შემოფარგლულ ნაწილს: კარი, ქერქოვანი და ტვინოვანი ნივთიერება. საკვერცხეების კარის მიდამოში, სისხლძარღვების და ლიმფური სადინრების, ნერვული ღეროების გარშემო, განლაგებულია შემაერთებელქსოვილოვანი ელემენტები, საკვერცხის ქსელი და ქილუსური ელემენტები, რომლებიც ახორციელებენ ანდროგენების სეკრეციას. საკვერცხეების კარს ესაზღვრება ტვინოვანი ნივთიერება, რომელიც შედგება სისხლძარღვების და ნერვების მფარავი ფაშარი შემაერთებელი ქსოვილისგან. მის ზემოთ განლაგებულია ქერქოვანი ნივთიერება, რომელიც შეადგენს საკვერცხეების მოცულობის 2/3–ს. იგი დაფარულია შემაერთებელქსოვილოვანი ცილოვანი გარსით და მფარავი ეპითელიუმით. ქერქოვანი ნივთიერების სტრომას წარმოქმნიან ანდროგენების წარმომქმნელი შემაერთებელქსოვილოვანი ელემენტები და ინტერსტიციული უჯრედები. მასში განლაგებულნი არიან ფოლიკულები (სიმწიფის სხვადასხვა ხარისხის და ატრეზიული), ყვითელი და თეთრი სხეულები.

განვითარების სტადიის მიხედვით განასხვავებენ პრიმორდულ, პრეანტრალურ (პირველადი), ანტრალურ (მეორადი) და პრეოვულარულ (მესამეული) ფოლიკულებს.

პრიმორდული ფოლიკულების დიამეტრი შეადგენს 50 მკმ, ისინი შედგებიან I რიგის ოოციტისგან – კვერცხუჯრედისგან, რომელიც ჩართულია I მეიოზური დაყოფის პროფაზაში – მისი მფარავი გრანულოზური უჯრედების შრისგან. 150–200 მკმ დიამეტრის პრეანტარლურ ფოლიკულებში I რიგის ოოციტი დაფარულია ბაზალურ მემბრანაზე განლაგებული გრანულოზური უჯრედების 2–4 შრისგან, რომელთა გარშემოც მოთავსებულია ერთეული თეკა–უჯრედები.
500 მკმ დიამეტრის ანტრალურ (მეორადი, დიდი მომწიფებული) ფოლიკულებს გააჩნიათ ღრუ, რომელიც შეიცავს ფოლიკულურ სითხეს, მასში ჩართულია კვერცხგამტარი ბორცვი – I რიგის ოოციტი და მისი მფარავი გრანულოზური უჯრედები. ანტრალურ ფოლიკულებში გრანულოზური უჯრედების შრების რიცხვი უფრო მეტია, ვიდრე პრეანტრალურ ფოლიკულებში, ამავე დროს ბაზალური მემბრანის გარშემო განლაგებულია თეკა–უჯრედების რამდენიმე შრე. პრეოვულატორულ (გრააფის) ფოლიკულებში, რომელთა საშუალო დიამეტრი შეადგენს 20 მმ, კვერცხმტარებელი ბორცვი განლაგებულია ექსცენტრულად, გრანულოზური უჯრედები ჰიპერტროფირებულია, შეიცავენ ლიპიდურ ჩანართებს, თეკა–უჯრედების შრე ვასკულიზირებულია. პრეოვულატორულ ფოლიკულში ფოლიკულური სითხის რაოდენობა 100–ჯერ მეტია, ვიდრე ანტრალურში. პრეოვულატორული ფოლიკულის კედელში წარმოიქმნება უსისხლძარღვო გამონაზარდი (ე.წ. სტიგმა), რომელიც სკდება და კვერცხუჯრედი გამოდის მუცლის ღრუში – ოვულაცია. ოვულაციის დროს სრულდება კვერცხუჯრედის I მეიოზური დაყოფა – წარმოიქმნება II რიგის ოოციტი. კვერცხუჯრედის მომწიფება სრულდება განაყოფიერების მომენტში II მეიოზური დაყოფის შემდეგ. თუკი განაყოფიერება არ მოხდა, კვერცხუჯრედი არ ასრულებს დაყოფას და იღუპება.
ერთი მენსტრუალური ციკლის განმავლობაში განვითარებას ასრულებს მხოლოდ ერთი ფოლიკული, რომელსაც დომინანტური ფოლიკული ეწოდება. ფოლიკულები, რომლებმაც ვერ მიაღწიეს პრეოვულატორულ სტადიას, განიცდიან რეგრესიას (ატრეზიას). ოვულირებული ფოლიკულის ადგილას წარმოიქმნება ყვითელი სხეული, რომლის ფერიც განპირობებულია გრანულოზური უჯრედების ლუთეინიზაციით – მათში ლიპიდური ჩანართების დაგროვებით. თუკი განაყოფიერება არ მოხდა, ყვითელი სხეული ჩანაცვლდება შემაერთებელი ქსოვილით, რის შედეგადაც წარმოიქმნება თეთრი სხეული. საკვერცხის თეთრ გარსზე, ფოლიკულის გასკდომის ადგილას ყალიბდება ნაწიბურები.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.