სათესლე

კერძო ფიზიოლოგია და ფუნქციური ანატომია

სათესლე (testis) – მამაკაცის წყვილი სასქესო ჯირკვალი, რომელშიც ხორციელდება სასქესო უჯრედების (სპერმატოზოიდების) და მამაკაცის სასქესო ჰორმონების წარმოქმნა. სათესლეებს გააჩნიათ ოვალური ფორმა და მკვრივი კონსისტენცია, განლაგებულნი არიან სათესლე პარკში.

ფუნქციონალური ანატომია. მოზრდილი მამაკაცის სათესლის სიგრძე შეადგენს 4–4,5 სმ–ს, სიგანე – 2,5–3,5 სმ, მასა – 20–30 გრ. გარედან სათესლე დაფარულია ცილოვანი გარსით. მის უკანა კიდეზე, აღნიშნული გარსი სქელდება და ღებულობს მუთაქის ფორმას – ე.წ. სათესლის შუასაყარი, საიდანაც სათესლის შიგნით მარაოსავით იშლებიან შემაერთებელქსოვილოვანი ძგიდეები (სეპტები), რომლებიც სათესლეს ყოფენ წილაკებად (250–300). თითოეულ წილაკში მდებარეობს 2–4 კლაკნილი სათესლე მილაკი, რომლებიც ერთდებიან რა შუასაყარში, წარმოქმნიან სათესლის ქსელს; ამ უკანასკნელისგან იწყება 12–18 გამომტანი მილაკი, რომლებიც ჩაედინებიან სათესლის დანამატში. დანამატის სადინარი გადადის თესლის გამომტან სადინარში, რომელიც უერთდება რა სათესლე ბუშტუკების გამომტან სადინარს, წარმოქმნის თესლის გადმომტყორცნ სადინარს, რომელიც უერთდება შარდსადენს.

სათესლის შუასაყარში და სეპტებში მიემართებიან სისხლის და ლიმფური ძარღვები, განლაგებულნი არიან ენდოკრინული ჯირკვლები (ლეიდიგის უჯრედები). კლაკნილ სათესლე მილაკებში (თითოეული სიგრძით 30–70 სმ) მიმდინარეობს სპერმატოგენეზის პროცესი. მათი კედელი ამოფენილია შემანარჩუნებელი უჯრედებით (სერტოლის უჯრედები), რომელთა შორის მდებარეობენ განვითარების სხვადასხვა სტადიაზე (სპერმატოგონია, სპერმატოციტები, სპერმატიდები და სპერმატოზოიდები) მყოფი სპერმატოგენური უჯრედები.

სათესლე ჯირკვალი

სათესლე მილაკის სითხის და პლაზმის ქიმიური შემადგენლობებს შორის სხვაობა ადასტურებს ნივთიერებების შერჩევით შეყწევას მილაკში და მისგან გამოსვლას. ორგანიზმის ქსოვილებიდან ანტიგენაქტიური სპერმატოციტების იზოლაცია უზრუნველყოფილია იმ სტრუქტურების ერთობლიობით, რომლებიც წარმოდგენილნი არიან კაპილარებსა და სასქესო უჯრედებს შორის; მათ შორის ძირითადია სერტოლის უჯრედები. აღნიშნული ქსოვილოვანი კომპონენტები ქმნიან ე.წ. ჰემატოტესტიკულურ ბარიერს, რომელიც განაპირობებს კლაკნილი სათესლე მილაკის ღრუში და უკან ნივთიერებების შერჩევითი შეღწევის უზრუნველყოფას. სათესლის დანამატი განლაგებულია მისი უკანა კიდის გაყოლებაზე. მასში განასხვავებენ თავს, სხეულს და კუდს. დანამატის თავზე განლაგებულია დანამატის წარმონაქმნი (მეზონეფრალური სადინრის რუდინემტული დანამატი), ხოლო სხეულის და კუდის მიდამოში – ბრმად დამთავრებული მილაკები (მეზონეფროსის – ჩანასახის პირველადი თირკმლის – მილაკების ნარჩენები). თავის უკან განლაგებულია სათესლის დანამატის წარმონაქმნი (ასევე მეზონეფროსის რუდიმენტი). სათესლის დანამატის მიერ მაპროდუცირებელი სითხით ხდება სპერმის განზავება. იგი ააქტიურებს სპერმატოზოიდებს და გამოიმუშავებს გლიკოკალიქსის შრეს, რომელიც ფარავს სპერმატოზოიდებს და უზრუნველყოფს მათ ანტიგენურ თვისებებს და მასზე რიგი ნივთიერებების აბსორბციის უნარს.

ფიზიოლოგია. ორგანიზმში სათესლე ასრულებს ორ ძირითად ფუნქციას: გარესეკრეტორულ (რომელიც წარმოდგენილია სპერმატოზოიდების გამომუშავებით) და შიდასეკრეტორულ (მამაკაცის სასქესო ჰორმონების – ანდროგენების სინთეზის უზრუნველყოფა) ფუნქციებს. ორივე ზემოთაღნიშნული ფუნქცია ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული და ერთიმეორით არიან განპირობებული. ანდროგენები, ძირითადად ტესტოსტერონი, განაპირობებენ მამაკაცური თვისებების ჩამოყალიბებას (მამაკაცის სასქესო ორგანოების ზრდა და განვითარება, მეორადი სასქესო ნიშნების ჩამოყალიბება), სქესობრივი ლტოლვის გაჩენას და შენარჩუნებას; გარდა ამისა, ისინი გავლენას ახდენენ ზრდის, ფიზიკური განვითარების, ჩონჩხის აგებულების და სხ. პროცესებზე.

სათესლის ჰორმონალური ფუნქცია დამოკიდებულია მის ანატომიურ აგებულებაზე და უჯრედული ელემენტების ფუნქციურ მდგომარეობაზე. სპერმატოგენური ეპითელიუმის განვითარება და ანდროგენების სინთეზი ხორციელდება ჰიპოფიზის წინა წილის ჰორმონების კონტროლით, რომელთა სეკრეციაც, თავის მხრივ რეგულირდება ჰიპოთალამუსის ნეიროჰორმონებით. გონადოტროპული ჰორმონების ბიოსინთეზის დარღვევა იწვევს სათესლის ფუნქციის ცვლილებას. ასე მაგალითად, მალუთეინიზირებელი ჰორმონის არასაკმარისი შემცველობის პირობებში ვითარდება ტესტოსტერონის მაპროდუცირებელი გრანულოციტების ატროფია. ეს განაპირობებს მეორადი ჰიპოგონადიზმის ნიშნების გაჩენას, კერძოდ ხდება სპერმატოგენეზის დარღვევა, რომელიც საერთოდ წყდება I რიგის სპერმატოციტების წარმოქმნის ეტაპზე – ავადმყოფებს უვითარდებათ ოლიგოსპერმია და უშვილობა. ამ უკანასკნელს, აგრეთვე იწვევს ფოლიკულ–მასტიმულირებელი ჰორმონის დონის დაქვეითება, რომელიც, ჩვეულებრივ პირობებში, ასტიმულირებს სპერმატოგენეზს. ჰიპოფიზის გონადოტროპული ფუნქციის და სათესლის ფუნქციის ურთიერთდამოკიდებულება ხორციელდება უკუკავშირის პრინციპით. ასე მაგალითად, სისხლში ტესტოსტერონის დონის დაქვეითება, მაგ., კასტარციის დროს, იწვევს გონადოტროპული ჰორმონების პროდუქციის გაძლიერებას და მათ გამოყოფას, ტესტოსტერონის სიჭარბის დროს ხორციელდება აღნიშნული პროცესის დათრგუნვა.

არსებობს მჭიდრო კორელაციური კავშირი სათესლის ფუნქციასა და შინაგანი სეკრეციის სხვა ჯირკვლების (ფარისებრი ჯირკვალი, თირკმელზედა ჯირკვალი) ფუნქციებს შორის. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები (ძირითადად თიროქსინი) აძლიერებენ ნივთიერებათა ცვლის პროცესებს სათესლეში, აჩქარებენ ტესტოსტერონის სეკრეციას და სინთეზს, თუმცა დიდი რაოდენობით ისინი იწვევენ აღნიშნული პროცესების დარღვევას. ადრეული ბავშვობის ასაკში ფარისებრი ჯირკვლის ფუნციის უკმარისობა იწვევს სქესობრივი განვითარების შეფერხებას. თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის მიერ ანდროგენების ჭარბი სეკრეცია იწვევს სათესლე ჰორმონების სეკრეციის დათრგუნვას.


პოსტი წარმოადგენს ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.