პროსტატა – ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები (2)

ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები

დასაწყისი იხ. >>>

პათოლოგია. განვითარების მანკები. წინამდებარე ჯირკვლის აგენეზია – ორგანოს თანდაყოლილი არარსებობა ძალიან იშვიათია და, როგოც წესი, თან ერწყმის საშარდე და სასქესო ორგანოების ანომალიას. შედარებით უფრო ხშირად გვხვდება ჰიპოპლაზია – წინამდებარე ჯირკვლის თანდაყოლილი განუვითარებლობა, რომელიც ჩვეულებრივ თან ერწყმის სათესლეების, სასქესო ასოს, სათესლე ბუშტუკების განუვითარებლობას.

ისეთი ანომალიები, როგორებიცაა დამატებითი წინამდებარე ჯირკვლის არსებობა, წინამდებარე ჯირკვლის ადგილმდებარეობის დარღვევა, შარდსადენის წინამდებარე ნაწილის დივერტიკულები, წინამდებარე საშვილოსნოს ზომების გაზრდა, მიულერის მილაკების ინვოლუციის დარღვევა, მათი საბოლოო ნაწილების შეხორცება რეტენციული კისტების წამოქმნით, ძალიან იშვიათად გვხვდება. წინამდებარე ჯირკვლის განვითარების მანკები შეიძლება იყოს სქესობრივი დარღვევების მიზეზი, რის გამოც ტარდება სასქესო ჰორმონებით მკურნალობა.

დაზიანებები. წინამდებარე ჯირკვალი განლაგებული მცირე მენჯის სიღრმეში, დაცულია მისი ძვლებით და შორისის კუნთოვან-აპონევროზული წარმონაქმნებით. ტოპოგრაფიულ-ანატომიურად იგი დაკავშირებულია შარდის ბუშტთან, შარდსადენთან, სწორ ნაწლავთან და შარდ-სასქესო დიაფრაგმასთან, ამიტომაც წინამდებარე ჯირკვლის დაზიანებები ხშირად შერწყმულია და შეიძლება იყოს ღია და დახურული.

დახურული დაზიანებები ვითარდება მენჯის ძვლების მოტეხილობების, შორისის მიდამოში დარტყმის ან მასზე დავარდნის შედეგად. ამასთან, წინამდებარე ჯირკვლის დაზიანება ან გასკდომა ერწყმის მის გარშემო არსებულ ვენური წნულის დაზიანებას. რიგ შემთხვევებში ზიანდება შარდსადენის აპკისებრი და წინამდებარე ნაწილები და სწორი ნაწლავი.

წინამდებარე ჯირკვლის დაზიანება ვითარდება, აგრეთვე, შარდსადენის უკანა ნაწილში ლითონის ინსტრუმენტების ფორსირებული შეყვანის დროს, განსაკუთრებით მისი სტრიქურის და ანთების, აგრეთვე წინამდებარე ჯირკვლის ადენომის არსებობის პირობებში. წინამდებარე ჯირკვლის ენდოურეთრულ დაზიანებას, არც თუ იშვიათად, თან სდევს ცრუ სავალის ფორმირება. განასხვავებენ არასრულ ცრუ სავალს, რომელიც არ გაივლის წინამდებარე ჯირკვლის მთელ სიგრძეზე, და სრულ ცრუ სავალს, რომელიც გაივლის წინამდებარე ჯირკვლის გვერდის ავლით – მენჯის უჯრედისში, შარდის ბუშტში, სწორ ნაწლავში. წინამდებარე ჯირკვლის დაზიანებას თან სდევს ტკივილები შორისისა და სწორი ნაწლავის მიდამოებში, მტკივნეული და გაძნელებული შარდვა, ჰემატურია, შარდის მწვავე შეკავება; შესაძლებელია სხეულის ტემპერატურის მომატებაც. წინამდებარე ჯირკვლის და შარდსადენის ან შარდის ბუშტის დაზიანებების შერწყმამ და წინამდებარე ჯირკვლის სრულმა ცრუ სავალის ჩამოყალიბებამ შეიძლება გამოიწვიოს შარდისმიერი შეშუპებები, მენჯის უჯრედისის შარდისმიერი ინფილტრაცია, ფლეგმონების ან აბსცესების განვითარება. ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია ჩამოყალიბდეს უროსეფსისი სისხლძარღვშიდა ჰემოლიზით, შოკით, თირკმლის მწვავე უკმარისობით.

დიაგნოზის დასმა ხდება დაზიანების მექანიზმის, პალპატორული გამოკვლევის, შარდის ანალიზის, რენტგენოლოგიური გამოკვლევის მონაცემების საფუძველზე. რექტალური გამოკვლევისას წინამდებარე ჯირკვლის პალპაცია მტკივნეულია, ჯირკვალი გადიდებულია, არაერთგვაროვანი კონსისტენციისაა; მასში ისინჯება დარბილების უბნები. ურეთროცისტოგრამაზე შეიძლება ინახოს კონტრასტული ნივთიერების ჩაღვრის კერები წინამდებარე ჯირკვალში.

წინამდებარე ჯირკვლის დაზიანებების დროს ავადმყოფს ენიშნება წოლითი რეჟიმი, ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები, ანტიბიოტიკები; შარდის შეკავების შემთხვევაში მიმართავენ კათეტერიზაციას ან შარდის ბუშტის პუნქციას, ცალკეულ შემთხვევებში ხდება შარდის ბუშტის სტომის ფორმირება. სიხლდენის შეჩერების მიზნით ნაჩვენებია დამწოლი ნახვევი შორისზე, ანტიფიბრინოლიზური საშუალებები და ადგილობრივი ჰიპოთერმია. წინამდებარე ჯირკვლის გასკდომისას, მასიური სისლხდენის და შარდისმიერი შეშუპების დროს, ნაჩვენებია ოპერაციული ჩარევა.

ღია დაზიანებები გვხვდება შორისის ცეცხლსასროლი ან სხვა სახის ჭრილობების დროს. წინამდებარე ჯირკვლის ჭრილობების ძირითადი სიმპტომებია სისლხდენა, ტკივილები შორისის, სწორი ნაწლავის მიდამოებში, რომელიც ირადიაციას განიცდის სასქესო ასოს თავში, შარდის გამოყოფის დარღვევები. ერთდროულად შარდსადენის უკანა ნაწილის დაზიანებისას გარეგანი სისხლდენის გარდა, სისხლი შეიძლება ჩაიღვაროს შარდის ბუშტშიც, სადაც მისი შენადედები მასით შესაძლოა განვითარდეს შარდის ბუშტის ტამპონადა. წინამდებარე ჯირკვლის, შარდსადენის, სწორი ნაწლავის ან შარდის ბუშტის შერწყმული დაზიანებების დროს ვლინდება აღნიშნული ორგანოების დაზიანების ნიშნები.
წინამდებარე ჯირკვლის ღია დაზიანებების დიაგნოსტიკა დაფუძნებულია დამახასიათებელ სიმპტომატიკაზე, ჭრილობის ლოკალიზაციაზე, ჭრილობის არხის პროექციაზე, წინამდებარე ჯირკვლის პალპაციის მონაცემებზე, მენჯის მიდამოს მიმოხილვით რენტგენოგრაფიაზე, ურეთროგრაფიაზე, ფისტულოგრაფიაზე.
წინამდებარე ჯირკვლის ღია დაზიანებების მკურნალობა მოიცავს ჭრილობის ქირურგიულ დამუშავებას, უცხო სხეულების მოცილებას, სისხლდენის შეჩერებას, შარდისმიერი ინფილტრატებისა და ჩირქგროვების გახსნას. შარდსადენის და სწორი ნაწლავის დაზიანებების დროს, ბოქვენზედა ან შორისის მიდამოში ხდება შარდის ბუშტის სტომის დადება, ხელოვნური უკანა ტანის ფორმირება, მენჯის უჯრედისის დრენირება. კონსერვატიული მკურნალობა ნაჩვენებია მხოლოდ უმნიშვნელო სისხლდენით მიმდინარე, წინამდებარე ჯირკვლის მსუბუქი ჭრილობების და ანთებითი რეაქციების არარსებობის დროს.

დაავადებები
წინამდებარე ჯირკვლის ყველაზე ხშირ დაავადებას წარმოადგენს პროსტატიტი, მათ შორის გონორეული და ტრიქომონადული, რომლებიც აღწერილნი არიან მოცემულ სტატიაში. აგრეთვე გვხვდება წინამდებარე ჯირკვლის ატონია, ტუბერკულოზი, სიფილისი, აქტინომიკოზი, კენჭები და კისტები.
წინამდებარე ჯირკვლის დაავადებების დროს ავადმყოფები უხშირესად უჩივიან ტკივილს შორისის, გავის ძვლის მიდამოებში და ბოქვენის მაღლა, რომელიც ძლიერდება შარდვის, დეფეკაციის, ეაკულაციის დროს; შარდის გამოყოფის დარღვევებს – შარდვის გაძნელებას განლეული ნაკადით, ნიქტურიას, შარდვის მწვავე შეკავებას; დეფეკაციის და მოშარდვის შემდეგ წინამდებარე ჯირკვლის სეკრეტის გამოყოფას; ზოგჯერ აღინიშნება სისხლის მინარევი ეაკულატთან ერთად. წინამდებარე ჯირკვლის მწვავე ანთებითი დაავადებების დროს ავადმყოფები უჩივიან ტკივილს შორისის მიდამოში, ცხელებას, სიმხურვალეს, ოფლიანობას.
გონორეული პროსტატიტი წარმოადგენს გონორეული ურეთრიტის გართულებას, რომელიც, არც თუ იშვიათად, ერწყმის შარდსადენის უკანა ნაწილის და სათესლე გორაკის ანთებას, იშვიათად _ სათესლე ბუშტუკებისა და ბოლქვ-ურეთრული (კუპერის) ჯირკვლების ანთებას. მორფოლოგიურად გონორეული პროსტატიტი მცირედ განსხვავდება წინამდებარე ჯირკვლის არასპეციფიკური ანთებისგან. კლინიკურად მიმდინარეობს მწვავე, ქვემწვავე და ქრონიკული ფორმებით. სიმპტომატიკა არასპეციფიკური პროსტატიტების დროს გამოვლენილი კლინიკული ნიშნების მსგავსია. გონორეული პროსტატიტი უხშირესად მიმდინარეობს ქრონიკული ფორმით, ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია ჩამოყალიბდეს აბსცესები. გონოკოკები შეიძლება ხანგრძლივად იმყოფებოდნენ წინამდებარე ჯირკვლის სეკრეტში, რაც განაპირობებს დაავადების ხშირ რეციდივებს. დიაგნოზის დადგენა ხდება მხოლოდ წინამდებარე ჯირკვლის სეკრეტში გონოკოკების აღმოჩენის შემდეგ. მკურნალობა – იხ. გონორეა.
ტრიქომონადური პროსტატიტი უხშირესად მიმდინარეობს ქვემწვავე და ქრონიკული ფორმით და მორფოლოგიურად, ისევე როგორც გონორეული პროსტატიტი, მცირედ განსხვავდება წინამდებარე ჯირკვლის არასპეციფიკური ანთებისგან. მისთვის დამახასიათებელია მრავალფეროვანი კლინიკური გამოვლინებები: უმნიშვნელო ტკივილები შორისის, გავის ძვლის, იშვიათად ბოქვენის მიდამოებში, შარდვის დროს წვის შეგრძნება შარდსადენის გაყოლებაზე და სხ. პალპაციით წინამდებარე ჯირკვალი მტკივნეულია, ელასტიკური კონსისტენციის, მის ზემოთ სწორი ნაწლავის ლორწოვანი გარსი მოძრავია, ისინჯება წილთაშუა ძგიდე. ჯირკვლის საზღვრები მკაფიოა, თუმცა შესაძლებელია კონტურების შეცვლა პარენქიმის არათანაბარი ანთების გამო. ხანგრძლივად მიმდინარე ქრონიკული ანთება ზოგჯერ იწვევს ჯირკვლის ზედაპირის დეფორმაციასა და მისი ქსოვილების კეროვან გამკვრივებას. ამ შემთხვევაში ურეთროსკოპიით შესაძლებელია ინახოს შარდსადენის უკანა ნაწილის ცენტრალური ფიგურის დეფორმაცია და სათესლე გორაკის ცვლილება (შეწითლება, მისი ზომაში მომატება ან დაპატარავება).
დიგნოსტიკა ეფუძნება წინამდებარე ჯირკვლის სეკრეტში ტრიქომონადების აღმოჩენას. იქიდან გამოდინარე, რომ ტრიქომონიაზი, არც თუ იშვიათად, ერწყმის სხვა პათოგენური მიკროფლორის არსებობას, სრული მიკრობული ბიოცენოზის გამოვლენის მიზნით, აუცილებელია ნატიური და შეღებილი პრეპარატების გამოკვლევა. ტრიქომონადური პროსტატიტით დაავადებულთა მკურნალობისთვის გამოიყენება ანტიტრიქომონადური საშუალებები.

წინამდებარე ჯირკვლის ატონია – ჯირკვლის კუნთოვანი ქსოვილის ტონუსის დაქვეითება ან არარსებობა. მისი მიზეზია ხანგრძლივი ანთება, ინერვაციის დარღვევა, სქესობრივი გადამეტება, ხანგრძლივი სქესობრივი თავშეკავება, ონანიზმი. მუსკულატურის ტონუსის დაქვეითება იწვევს ცვლილებებს ჯირკვლის პარენქიმაში და შემაერთებელქსოვილოვან სტრომაში, სათესლე ბუშტუკების, ხოლო ზოგჯერ შარდის ბუშტის სფინქტერის ნორმალური ფუნქციის დარღვევას.
ატონიის დროს ჯირკვლის ზომები უცვლელია ან ოდნავ მომატებულია, მას გააჩნია ცომისებური კონსისტენცია, სწორი ნაწლავიდან ჯირკვალზე ზეწოლის, აგრეთვე დეფეკაციის დროს შარდსადენიდან გამოიყოფა საკმაოდ დიდი რაოდენობით წინამდებარე ჯირკვლის სეკრეტი. დამახასიათებელი ჩივილებია ტკივილი შორისის მიდამოში, აღნიშნულ არეში უცხო სხეულის არსებობის შეგრძნება, შარდვის გახშირება, პროსტატორეა, ღამის პოლუციები.
მკურნალობა კონსერვატიულია და მიმართულია შორისის მიდამოში და თვითონ ჯირკვალში სისხლის და ლიმფის მიმოქცევის გაუმჯობესებისკენ, წინამდებარე ჯირკვლის მილაკების და ჯირკვლოვანი წილაკების მექანიკური დაცლისკენ, წინამდებარე ჯირკვლის კუნთოვანი ქსოვილის ტონუსის მომატებისკენ (მასაჟი, დიადინამოთერაპია რექტალური ელექტროდით, დიათერმია, წინამდებარე ჯირკვლის დარსოვნალიზაცია, ჩვენების მიხედვით – ჰორმონული თერაპია).

წინამდებარე ჯირკვლის ტუბერკულოზი იზოლირებული სახით იშვიათად გვხვდება. ხშირად ის ერწყმის თირკმლებისა და სასქესო ორგანოების დაზიანებას. კლინიკური სიმპტომატიკა დამოკიდებულია წინამდებარე ჯირკვლის დაზიანების ხარისხზე და ტუბერკულოზის ფორმაზე. დასაწყისში დაავადება მიმდინარეობს უსიმპტომოდ ან უმნიშვნელო სუბიექტური შეგრძნებებით შორისის და უკანა ტანის მიდამოებში. კაზეოზური დაშლის და კავერნების წარმოქმნის შემდეგ აღინიშნება ტკივილი შორისის მიდამოში, შარდის გამოყოფის დარღვევა, შარდსადენიდან ჩირქის გამოყოფა, ზოგჯერ ჰემატურია, ჰემოსპერმია.
დიაგნოსტიკა დაფუძნებულია წინამდებარე ჯირკვლის თითით რექტალურ გამოკვლევაზე, ლაბორატორიულ და რენტგენოლოგიურ მონაცემებზე. კეროვანი პროცესის შემთხვევაში ჯირკვლის ზედაპირი წვრილხორკლიანია, ინფილტრაციული გამკვრივებების ფონზე. კავერნოზული ფორმის დროს პალპატორულად ისინჯება დარბილებული უბნები, ხოლო ზოგჯერ პერიპროსტატული ინფილტრატების კერები და ფისტულის არხები. წინამდებარე ჯირკვლის სეკრეტში ან შარდის ნალექში აღმოჩენილი ტუბერკულოზის მიკობაქტერიები მეტყველებენ წინამდებარე ჯირკვლის სპეციფიკურ დაზიანებაზე. ურეთროგრაფიის, პროსტატიცისტოგრაფიის, წინამდებარე ჯირკვლის მიდამოს ულტრაბგერითი გამოკვლევით, ტომოგრაფიით ან კომპიუტერული ტომოგრაფიით შესაძლებელია აღმოვაჩინოთ კავერნები, ფისტულის არხები, წინამდებარე ჯირკვლის კონტურის ცვლილება.
მკურნალობა ხანგრძლივი და კომპლექსურია; იგი მოიცავს ზოგადგამაჯანსაღებელ და სპეციფიკურ ანტიტუბერკულოზურ თერაპიას, სანატორულ-კურორტულ მკურნალობას. ჩვენებების მიხედვით გამოიყენება სამკურნალო საშუალებების ინსტილაცია შარდსადენში.

წინამდებარე ჯირკვლის სიფილისი იშვიათი დაავადებაა, ხოლო მისი იზოლირებული დაზიანება თითქმის არ გვხვდება. წინამდებარე ჯირკვლის სიფილისური დაზიანება უპირატესად მესამეულ პერიოდში ვითარდება. წინამდებარე ჯირკვლის სიფილისის გამოხატული ფორმების დროს ავადმყოფები უჩივიათ ტკივილს ბოქვენის უკან, შორისის, სწორი ნაწლავის და გავის ძვლის მიდამოებში. ტკივილის ინტენსივობა მატულობს შარდვის, ეაკულაციისა და დეფეკაციის დროს. შარდში აღინიშნება ლეიკოციტების მომატებული რაოდენობა (ლეიკოციტურია); პიურია და ჰემოსპერმია იშვიათია.
სწორი ნაწლავიდან წინამდებარე ჯირკვლის პალპაციისას ისინჯება კეროვანი ან ტოტალური ცვლილებები: მთლიანად წინამდებარე ჯირკვლის ან მისი წილის გადიდება, მისი ზედაპირის გამოხატული ხორკლიანობა (მკვრივი, უმტკივნეულო ხორკლები). წინამდებარე ჯირკვლის ქსოვილში ცალკეული გუმების დარბილებისას, პალპაციით ისინჯება დარბილების კერები. ურეთროსკოპიით, ზოგჯერ აღინიშნება შარდსადენის უკანა ნაწილის სანათურის დეფორმაცია და სათესლე გორაკის ჰიპერემია.
დიაგნოსტიკა ეფუძნება ანამნეზურ მონაცემებს, სხვა ორგანოების და სისტემების სიფილისის არსებობას, ვასერმანის დადებით რეაქციას. საეჭვო შემთხვევებში ნაჩვენებია წინამდებარე ჯირკვლის პუნქციური ბიოფსია. მკურნალობა სპეციფიკურია. მკურნალობის პროცესში ვითარდება წინამდებარე ჯირკვლის დანაწიბურება და ატროფია.

წინამდებარე ჯირკვლის აქტინომიკოზი საწყის სტადიაში ხასიათდება ქრონიკული პროსტატიტის ნიშნებით. თანდათანობით ჯირკვალში წარმოიქმნება ინფილტრატები, ფლეგმონა და ფისტულები. ინფილტრატების გალხობა იწვევს წინამდებარე ჯირკვლის აბსცესების ფორმირებას, რომლებიც იხსნებიან შორისის მიდამოში, შარდსადენში, სწორ ნაწლავში და სხ. ჩირქს გააჩნია არასასიამოვნო სუნი, ზოგჯერ შეიცავს სხივისებური სოკოს გროვებს და თითქმის ყოველთვის პიოგენურ მიკროფლორას.
წინამდებარე ჯირკვლის აქტინომიკოზის დიაგნოსტიკაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ჩირქოვან სეკრეტში სხივისებური სოკოების კოლონიების აღმოჩენას; მკურნალობა კომპლექსურია.

წინამდებარე ჯირკვალში კენჭები შედარებით იშვიათად ყალიბდება, ჩვეულებრივ 50 წლის ასაკში. კენჭების აღმოჩენა ხდება პროსტატულ ჯირკვლებში და წინამდებარე ჯირკვლის მილაკებში. მათ წარმოქმნას საფუძვლად უდევს წინამდებარე ჯირკვლის სეკრეტის შეგუბება და გატუტიანება, მისი ევაკუაციის დარღვევის გამო, რაც განპირობებულია წინამდებარე ჯირკვლის კუნთოვანი ქსოვილის ტონუსის შემცირებით, პროსტატიტით, განვითარების მანკებით, ტრამვებით, მინერალური ცვლის დარღვევით, დიდი რაოდენობით ზოგიერთი სამკურნალო საშუალების (სულფანილამიდური პრეპარატები, პარაამინოსალიცილის მჟავა) მიღებით. წარმოქმნილი კენჭების ბირთვებს წარმოადგენენ ეპითელიუმის слущенные უჯრედები, ამილოიდური სხეულაკები, მიკრობების კოლონიები, სისხლის კოლტები, რომლებიც ინკრუსტირებულნი არიან კალციუმით, ფოსფორით, ქოლესტერინით. კენჭების რაოდენობა და ზომები განსხვავებულია. უხშირესად კენჭები წვრილი ფორმის, მკვრივი კონსისტენციის და მურა ფერისაა, ზოგჯერ, ქვიშის სახით, დიფუზურად არიან გაფანტულნი მთელი ჯირკვალში. იშვიათად კენჭები სოლიტარულები არიან და მათი წონა აღწევს 20-25 გრ-ს. კენჭები იწვევენ გარშემო ქსოვილების ატროფიასა და სკლეროზს; შესაძლებელია პროცესს თან დაერთოს პროსტატიტი, ჩამოყალიბდეს აბსცესები, კისტები.
წინამდებარე ჯირკვალში აგრეთვე გვხვდება მეორადი კენჭები – ე.წ. შარდისმიერი კენჭები, რომლებიც იჭედებიან შარდსადენის სანათურში.
კლინიკური სიმპტომები მოიცავს ტკივილებს შორისის, გავის ძვლის მიდამოებში, გაძნელებულ, გახშირებულ, მტკივნეულ შარდვას; ზოგჯერ აღინიშნება ჰემატურია, შესაძლებელია ჰემოსპერმიაც. შარდსადენში კენჭის გადანაცვლებას შეიძლება მოჰყვეს შარდის შეკავება. აღინიშნება სქესობრივი ლტოლვის დაქვეითება და იმპოტენცია, მტკივნეული პოლუციები. წინამდებარე ჯირკვლის კენჭების დიაგნოსტიკაში ძირითადი როლი ეკუთვნის რენტგენოლოგიურ გამოკვლევას. წინამდებარე ჯირკვლის მიდამოს მიმოხილვით რენტგენოგრამებზე ჩვეულებრივ მოჩანს მრავლობითი, უპირატესად წვრილი ზომის კენჭები, რომლებიც განლაგებულნი არიან ბოქვენის სიმფიზის ორივე მხარეზე; მაგალითად, წინამდებარე ჯირკვლის ადენომის დროს კენჭები შესაძლოა გამოჩნდნენ ბოქვენის სიმფიზის ჩრდილის მაღლა. ცისტოგრამაზე წინამდებარე ჯირკვლის კენჭები მოჩანს შარდის ბუშტის კონტურის ქვემოთ. ჯირკვლის თითით გამოკვლევას გააჩნია დამხმარე მნიშვნელობა. შარდსადენის სანათურში მოხვედრილი კენჭების აღმოჩენა ხდება მასში შეყვანილი ლითონის კათეტერის ან ბუჟის მეშვეობით.
იმ შემთხვევებში, როდესაც წინამდებარე ჯირკვლის კენჭები ხელს უწყობენ ჯირკვალში ანთების განვითარებას, ნაჩვენებია ანტიბაქტერიული თერაპია, აბსცედირების შემთხვევებში – ჩირქგროვის გახსნა და კენჭის მოცილება თეძოს ან შარდის ბუშტის მხრიდან მიდგომით. კენჭების მოცილება აგრეთვე შესაძლებელია წინამდებარე ჯირკვლის ტრანსურეთრული ელექტრორეზექციის ან ადენომექტომიის შედეგად.

წინამდებარე ჯირკვლის კისტები შეიძლება იყოს თანდაყოლილი და შეძენილი, რომლებიც ყალიბდებიან ჯირკვლის გამომტანი მილაკებიდან რეტენციული ტიპის მიხედვით. თანდაყოლილი კისტები ძალიან იშვიათია და მათი აღმოჩენა ხდება ნებისმიერ ასაკში. მათი წარმოქმნა დაკავშირებულია მიულერის სადინრების დისტალური ნაწილების ფორმირების ან ინვოლუციის მანკებთან. ასეთი სახის კისტები ჩვეულებრივ მრავლობითია, არც თუ იშვიათად მათი არსებობა შერწყმულია ჰიპოსპადიასთან, კრიპტორქიზმთან, ერთ-ერთი თირკმლის აგენეზიასთან.
უხშირესად გვხვდება შეძენილი კისტები, რომლებიც ყალიბდებიან ხანშიშესულ ასაკში კენჭით, სიმსივნით ან ფიბროზული ქსოვილით წინამდებარე ჯირკვლის მილაკებზე ზეწოლის ან მათი სრული დახშობის შედეგად. ასეთი სახის კისტები ჩვეულებრივ ერთეულია და მათი დიამეტრი იშვიათად აღემატება 2,5 სმ-ს. თუმცა აღწერილია გიგანტური ზომების კისტებიც, რომლებიც შეიცავენ 1 ლ-მდე სითხეს. კისტების შიგთავსი ბლანტი, მოყვითალო-რუხი ან სისხლისფერ-მურა ფერისაა, იშვიათად უფერო, წყლისმაგვარი კონსისტენციის. მათი კედელბი წარმოქმნილია ფიბროზული ქსოვილით, ხოლო ამოფენილია მკვრივი ცილინდრული ან კუბური ეპითელიუმით. არც თუ იშვიათად, ხანგრძლივად არსებულ კისტებში ეპითელიუმი არ გვხვდება. ინფიცირების შემთხვევაში ხდება კისტების დაჩირქება, შედეგად ყალიბდება აბსცესები; მათ კედლებში ჩნდება ანთებითი ინფილტრატები, აღინიშნება გრანულაციური ქსოვილის ჩაზრდა. დიდი ზომის კისტები იწვევენ მათ გარშემო, წინამდებარე ჯირკვლის ქსოვილების ატროფიასა და სკლეროზს.
ლოკალიზაციიდან გამომდინარე კისტა შესაძლოა გამოვიდეს შარდსადენის სანათურში ან სწორ ნაწლავში. არც თუ ისე დიდი ზომის კისტებისთვის დამახასიათებელი უსიმპტომო მიმდინარეობა; დიდ ზომის კისტები, რომლებიც ახდენენ შარდსადენზე ზეწოლას ან ინფიცირდებიან, იწვევენ შარდის გამოყოფის სხვადასხვა სახის დარღვევებს, რასაც თან ახლავს უსიამოვნო შეგრძნებები და ტკივილები შორისის და სწორი ნაწლავის მიდამოებში. დიაგნოზის დადგენა ხდება წინამდებარე ჯირკვლის თითით გამოკვლევისა და ურეთროცისტოსკოპიის, ურეთროცისტოგრაფიის, ულტრაბგერითი გამოკვლევისა და კომპიუტერული ტომოგრაფიის მონაცემების საფუძველზე. დიდი ზომის ან დაჩირქებული კისტების მკურნალობა გულისხმობს მათ ამოკვეთას ან გახსნას.

გაგრძელება იხ. >>>


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter