ნებ – ფალანგის სახსრები

ლალი დათეშიძე

ადამიანის ნორმალური ანატომია. ნებ – ფალანგის სახსრები Articulationes metacarpophalangeae;  Metacarpophalangeal articulations

ნებ – ფალანგის სახსრები – articulationes metacarpophalangeae, – იქმნება ნების ძვლების თავების სასახსრე ზედაპირებითა და მათკენ მიმართული პირველი ფალანგების ფუძეთა სასახსრე ზედაპირების შენაწევრებით. ნების პირველი ძვლის თავი ჩაზნექილია და აქვს ჭაღის ფორმა, დანარჩენი ძვლის თავებს კი სფერული ფორმა აქვთ.

ნებ-ფალანგის სახსრები

სასახსრე ჩანთები – capsulae articulares გამაგრებულია გვერდითი იოგებით – ligg. collateralia, რომლებიც იწყებიან ნების ძვლების თავებიდან და ემაგრებიან პროქსიმალური ფალანგების ფუძეების გვერდით, და ნაწილობრივ, პალმარულ ზედაპირებს. ამ იოგის ბოჭკოთა ერთი ნაწილი, რომლებიც იწყებიან ნების ძვლების თავების გვერდითი ზედაპირებიდან, მიემართებიან ხელგულის ზედაპირზე, პროქსიმალური ფალანგების ფუძეებისაკენ, სადაც ჯვრედინდებიან მოპირდაპირე მხარის ასეთივე ბოჭკოების კონებთან. ამ იოგებს ხელგულის იოგები – ligg. palmaria ეწოდება.
სახსრების პალმარულ ზედაპირებზე, ნების II-V ძვლების თავებს შორის, გაჭიმულია ნების ღრმა განივი იოგები – Lig. metacarpeum transversum profundum.
პირველი (ცერის) ნებ – ფალანგის სახსარი მიეკუთვნება ჭაღისებრ სახსრებს – ginglymus, II-V თითების ნებ – ფალანგის სახსრები კი – სფერულ სახსრებს – articulationes spheroideae.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. ანატომიის ნაწილის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია მანანა კიკნაძე (2006 წლიდან). 2008 და 2019 წლის ვერსიები მომზადდა მანანა კიკნაძის რედაქციით.
გაფრთხილება

.