ნაწლავები – ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები (3)

ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები

დასაწყისი იხ. >>

დაავადებები. ნაწლავთა დისკინეზიები (ზოგიერთ ლიტერატურაში გამოიყენება ტერმინი ”გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი”) განპირობებულნი არიან უპირატესად მსხვილი ნაწლავის მოტორული ფუნქციის რეგულაციის მოშლით.

ისინი წარმოადგენენ საჭმლის მომნელებელი სისტემის ერთ–ერთ ყველაზე ხშირ დაავადებებს და გვხვდებიან უპირატესად 20–50 წლის ასაკში; ქალებში დაავადების სიხშირე 2–ჯერ მეტია. ნაწლავთა დისკინეზიები იყოფიან ჰიპერ– და ჰიპოკინეტიკურ ტიპებად, პირველადად და მეორადად. პირველადი დისკინეზიის ერთ–ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია კვებითი ბოჭკოებით ღარიბი პროდუქტების ხანგრძლივად გამოყენება, ჰორმონული დარღვევები, ზოგიერთი სამკურნალო პრეპარატის ბოროტად გამოყენება, ალერგია. მეორადი დისკინეზიები ვითარდებიან სხვა ორგანოების დაავადებების დროს; აღნიშნულ შემთხვევებში წამყვანი მნიშვნელობა ენიჭება რეფლექტორულ ზეგავლენას. კლინიკურად დისკინეზიები ვლინდებიან შეკრულობებით, უმტკივნეულო დიარეით, იზოლირებული ალგიური სინდრომით კუჭის მოქმედების დარღვევის გარეშე. ნაწლავთა დისკინეზიის ერთ–ერთ ფორმას წარმოადგენს ლორწოვანი კოლიკა, რომლისთვისაც დამახასიათებელია სპაზმური ხასიათის ტკივილები მუცლის არეში, რასაც თან სდევს უკანა ტანიდან ფირფიტების სახით ლორწოს გამოყოფა. ნაწლავთა დისკინეზიები მიმდინარეობენ ვაზომოტორული ლაბილობის, ვეგეტაციური დისფუნქციის ფონზე. მუცლის ღრუს პალპაციისას ისინჯება მსხვილი ნაწლავის სპაზმურად შეკუმშული, მტკივნეული ნაწილები. დისკინეზიების დიაგნოსტიკაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება რენტგენოლოგიურ გამოკვლევას, რომელიც ტარდება პირის ღრუდან ან ირიგოსკოპიის მეთოდის გამოყენებით საკონტრასტო ნივთიერებით ნაწლავების შევსების პირობებში, აგრეთვე რექტორომანოსკოპიას და კოლონოსკოპიას. ჰიპერკინეტიკური დარღვევების დროს რენტგენოლოგიური გამოკვლევის მეშვეობით ვლინდება ნაწლავების რეგიონალური სპაზმი (სპაზმირებულ ადგილს გააჩნია ზონარის შესახედაობა), ღრმა, არც თუ იშვიათად, სეგმენტური ჰაუსტრაცია მრავლობითი ჭიმების სახით. ჰიპოკინეტიკური დისკინეზიების დროს აღინიშნება მთელი მსხვილი ნაწილის ან მისი ცალკეული სეგმენტების ტონუსის დაქვეითება, სანათურის გაგანიერება, ჰაუსტრაციების გადასწორება. ენდოსკოპიური გამოკვლევით მომატებული მოტორიკის შემთხვევაში ვლინდება ნაწლავის ნესტიანი ლორწოვანი გარსი, მოჩანს პერისტალტიკა; მოტორიკის დაქვეითების დროს – ლორწოვანი გარსი გამომშრალია, მკრთალი, ნაწლავის დისტალური ნაწილი ჩავარდნილ მდგომარეობაშია.
მკურნალობა დამოკიდებულია დისკინეზიის ტიპზე. ჰიპერკინეტიკური მოტორული დარღვევების სიჭარბის დროს იზღუდება ნაწლავთა მოქმედების მასტიმულირებელი პროდუქტები (შავი პური, ბოსტნეული, მსხვილად დაფქვილი ბურღულეულის კერძები), აგრეთვე საკვები, რომელიც იწვევს ჭარბი რაოდენობით აირების დაგროვებას (კომბოსტო, პარკოსნები). ინიშნება სპაზმოლიტიკები (პაპავერინი, ნოშპა), ქოლინოლიზური (ატროპინი, მეტაცინი), განგლიომაბლოკირებელი (ბენზოჰექსონი და სხ.) და ანტიჰისტამინური (დიმედროლი, ტავეგილი და სხ.) საშუალებები. ჰიპომოტორული დისკინეზიების დროს ინიშნება ანტიქოლინესთერაზული საშუალებები (პროზერინი), სიმპათო– და ადრენოლიტიკები (რეზერპინი, ანაპრილინი), ვიტამინი B1. დისკინეზიების ნებისმიერი ტიპის შემთხვევაში ნაწლავთა მოტორიკის მარეგულირებელი გავლენა გააჩნია მეტოკლოპრამიდს (ცერუკალი). ფსიქიკური სფეროს მდგომარეობიდან გამომდინარე ინიშნება ტრანქვილიზატორები ან ანტიდეპრესანტები, ან ორივე ერთად.
ზოგიერთი პათოლოგიური პროცესის დროს (პერიტონიტი, თირკმლის ან ღვიძლის კოლიკა, ტრავმები, ოპერაციები მუცლის ორგანოებზე, მიოკარდიუმის ინფარქტი, პნევმონია) შესაძლებელია განვითარდეს ნაწლავთა პარეზი, რომლის პათოგენეზშიც გარკვეული მნიშვნელობა გააჩნია ვეგეტაციური ნერვული სისტემის მოქმედების დარღვევას, თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონების დეფიციტს, ჰიპოკალემიას და სხ. ნაწლავი გაჭიმულია, კედლები განლეული, ვლინდება სისხლმომარაგების დარღვევა. ავადმყოფები უჩივიან აირების და განავლის შეკავებას, შებერილობას და სიმძიმის შეგრძნებას მუცლის არეში, ღებინებას, აუსკულტაციით ნაწლავური ხმაური მკვეთრად შემცირებულია. მკურნალობის (ან პროფილაქტიკის) მიზნით ინიშნება გამწმენდი ოყნები (ჩვეულებრივი, ჰიპერტონული, ვაზელინის და სხ.). ამავდროულად ნაჩვენებია კუჭ–ნაწლავის ზედა ნაწილების დრენირება, რისთვისაც კუჭში ან (უკეთესია) თორმეტგოჯა ნაწლავში ან მლივ ნაწლავში შეყავთ მილერ–ებოტის ზონდი. ნაწლავების მოტორული ფუნქციის სტიმულაციის მიზნით ინიშნება პროზერინი, პიტუიტრინი, ცერუკალი და სხ., აგრეთვე კალიუმის პრეპარატები. ზოგიერთ შემთხვევაში მიმართავენ ნაწლავთა ელექტროსტიმულაციას. ადექვატური მკურნალობის ფონზე პროგნოზი კეთილსაიმედოა. შესაძლებელია პროცესი გადავიდეს ნაწლავთა დინამიკურ გაუვალობაში. ოპერაციული ჩარევების შემდეგ ნაწლავთა პარეზის განვითარების პროფილაქტიკა მოიცავს პირის ღრუდან საკვების ადრეულ მიცემას, რეჟიმის ნაადრევ გაფართოებას, ნარკოტიკული ანალგეტიკების სწრაფ მოხსნას.
ნაწლავთა ანთებითი დაავადებები მოიცავენ მწვავე და ქრონიკულ ენტერიტებს, რომელთა მიზეზიც შეიძლება გახდეს ინფექციის, მათ შორის სპეციფიკურის, გამომწვევი, ალერგიული, ტოქსიკური ფაქტორების ზემოქმედება და სხ., აგრეთვე ნაწლავის კედლის მწვავე ჩირქოვანი ანთებას – ფლეგმონას.

ფლეგმონა ყალიბდება ნაწლავის ჭრილობის, ყრუ ტრავმის შედეგად, ასევე მისი მიზეზი შეიძლება გახდეს განავლოვანი კენჭები, უცხო სხეულები, დაშლის პროცესში მყოფი სიმსივნეები, მეკელეს დივერტიკულის ანთება. დაავადება ხასიათდება უეცარი დაწყებით, ტკივილებით მუცლის არეში, გულისრევით, ღებინებით, განავლოვანი მასების და აირების გამოყოფის შეფერხებით, ზოგადი ინტოქსიკაციის სიმპტომებით. აღნიშნული პათოლოგიის დროს ნაწლავი შეშუპებულია, დაფარულია ფიბროზული ნადებით, მუცლის ღრუში აღინიშნება ჩირქოვანი გამონადენი. დიაგნოზის დასმა ხდება მხოლოდ ლაპარატომიის შემდეგ. ნაწლავის შემოფარგლული დაზიანებისას გავრცელებული პერიტონიტის არარსებობის შემთხვევაში, ნაჩვენებია მისი რეზექცია; გავრცელებული დაზიანების და პერიტონიტის შემთხვევაში ხდება ნაწლავის ფისტული ფორმირება, ხოლო სასურველი გამოსავლის არსებობის პირობებში, ნაწლავთა გამავლობის აღდგენის მიზნით ხორციელდება განმეორებითი ოპერაციული ჩარევა. ფლეგმონის ფონზე, აგრეთვე სეფსისის დროს, შეიძლება ჩამოყალიბდეს ნაწლავის აბსცესი, რომელიც მიმდინარეობს როგორც ფლეგმონა. მკურნალობა – აბსცესის და მუცლის ღრუს დრენირება. ორივე დაავადების შემთხვევაში პროგნოზი სერიოზულია.

ნაწლავების სხვადასხვა ანთებითი დაავადებები, აგრეთვე გადატანილი პერიტონიტი, სხვადასხვა სახის დაზიანებები, ნაწლავის გადაგრეხა გრძელი ჯორჯლის შემთხვევაში, შესაძლებელია გართულდნენ პერიკოლიტით (პარაკოლიტი), რომლისთვისაც დამახასიათებელია მუცლის ღრუში შემაერთებელი ქსოვილის ჩაზრდა ნაწიბურების და ჭიმების წარმოქმნით, რაც იწვევს მარყუჟების ერთმანეთთან, მეზობელ ორგანოებთან და პერიტონეუმთან შეხორცებას. კლინიკურად დაავადება გამოიხატება ტკივილებით მუცლის არეში, ნაწლავთა ნაწილობრივი გაუვალობის სიმპტომებით. დიაგნოზი ეფუძნება ანამნეზურ მონაცემებს, კლინიკურ სურათს, რენტგენოლოგიური გამოკვლევის შედეგებს. მკურნალობა ოპერაციულია – შეხორცებების გათიშვა შემდგომი პერიტონიზაციით. შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს პროცესის რეციდივს.
ნაწლავთა პარაზიტულ დაავადებებს მიეკუთვნებიან მისი დაზიანება ჰელმინთოზების და პროტოზოული ინვაზიების დროს (მათ შორის ყველაზე ხშირია ამებიაზი, ბალანტიდიაზი, ლამბლიოზი).

სოკოვანი დაავადებებიდან გვხვდება აქტინომიკოზი და კანდიდამიკოზი. ნაწლავთა აქტინომიკოზის დროს აღინიშნება ნაწლავის კედლის გრანულომატოზურ–ჩირქოვანი ანთება, რომელიც მოიცავს გარშემო ქსოვილებსაც. უხშირესად პროცესი ლოკალიზებულია ილიოცეკალურ არეში. გამოხატულია ტკივილები ბრმა ნაწლავის მიდამოში, ზოგჯერ აპენდიციტის სიმულაციით, აგრეთვე აღინიშნება დისპეფსიური მოვლენები. ილიოცეკალური მიდამოს ან მუცლის ღრუს სხვა ნაწილების მიდამოების პალპაციით მუცლის წინა კედლის სისქეში ისინჯება მკვრივი ინფილტრატები. სწორი ნაწლავის აქტინომიკოზის დროს, უკანა გასავლის გარშემო ყალიბდებიან ფისტულები. ავადმყოფები ანემიურები და განლეულები არიან. კანდიდამიკოზის შემთხვევაში, რომელიც მიმდინარეობს ნაწლავის კედელში წყლულების წარმოქმნით, ვითარდება სისხლიან–ლორწოვანი დიარეა, განავალში ვლინდება დიდი რაოდენობით სოკოები. ზოგჯერ პროცესი მოიცავს მთელ ნაწლავებს და შეიძლება გართულდეს კანდიდამიკოზური წყლულების პერფორაციით და პერიტონიტის განვითარებით. ნაწლავთა სოკოვანი დაავადებების მკურნალობის მიზნით ინიშნება სოკოს საწინააღმდეგო ანტიბიოტიკები, სპეციფიკური იმუნოთერაპია (აქტინოლიზატის და სხვა იმუნომოდულატორების შეყვანა), იოდის, ქინოლური ჯგუფის პრეპარატები (ჰიმგამინი და სხ.).

ნაწლავთა სიფილისი ძალიან იშვიათად გვხვდება. მიმდინარეობს გუმოზური ან წყლულოვანი ფორმით. კლინიკური სურათი ისეთივეა, როგორც ენტერიტის და კოლიტის დროს. გუმოზურმა ფორმამ შესაძლებელია გამოიწვიოს ნაწლავის სტენოზი, რაც გამოიხატება მისი გაუვალობის ნიშნებით. წყლულოვანი ფორმის დროს შესაძლებელია მოხდეს ნაწლავის კედლის პერფორაცია. საბოლოო დიაგნოზის დასმა ხდება სეროლოგიური გამოკვლევების მონაცემების, აგრეთვე სპეციფიკურ მკურნალობაზე დადებითი შედეგის არსებობის საფუძველზე.

ნაწლავთა ტუბერკულოზი უხშირესად უვითარდებათ ფილტვების ტუბერკულოზით დაავადებულებს. ყველაზე გავრცელებული ლოკალიზაციაა – თეძოს ნაწლავი. დაავადება ხასიათდება წყლულების და ჯორჯლის ლიმფური კვანძების სიმსივნური კონგლომერატების წარმოქმნით. დაავადება შესაძლებელია ფარულად მიმდინარეობდეს ან გამოვლინდეს ტკივილებით მუცლის არეში, დიარეით, სისხლდენებით, სხეულის ტემპერატურის მომატებით და სხ.
ნაწლავთა სისხლის მიმოქცევის მოშლა იწვევს იშემიური კოლიტის, ქრონიკული ინტესტინალური იშემიის, ნაწლავთა ინფარქტის განვითარებას. ქრონიკული ინტესტინალური იშემიის მიზეზს, ჩვეულებრივ, წარმოადგენს ჯორჯლის არტერიების ათეროსკლეროზი, იშვიათად მათი ანთებითი დაავადებები (არასპეციფიკური აორტოარტერიიტი და სხ.). დაავადება უხშირესად აღენიშნებათ ხანშიშესულ პირებს, უპირატესად მამაკაცებს. ტიპიურ შემთხვევებში დამახასიათებელია სიმპტომების ტრიადა: ტკივილები მუცლის არეში საკების მიღების შემდეგ, შეწოვის დარღვევის ნიშნები, აუსკულტაციით ნაწლავთა ხმაურის გაძლიერება. ტკივილი მუცლის არეში, როგორც წესი, ჩნდება საკვების მიღებიდან 10–15 წუთის შემდეგ, თავდაპირველად მხოლოდ ჭარბი კვების შემდეგ, შემდგომში მიღებული საკვების რაოდენობის მიუხედავად; შესაძლებელია დაკავშირებული იყოს სიარულთან; ატარებს ყრუ ან ნაწლავური კოლიკის მსგავს ხასიათს, შესაძლებელია გაგრძელდეს რამდენიმე საათი; ზოგჯერ თან სდევს ბოყინი და ღებინება, რომელიც შვებას არ იძლევა; ტკივილების ინტენსივობა დამოკიდებულია მიღებული საკვების რაოდენობაზე. აღინიშნება შეკრულობა ან დიარეა. დაავადების შედარებით ადრეულ სიმტომს წარმოადგენს მეტეორიზმი. უმნიშვნელოვანეს დიაგნოსტიკურ გამოკვლევას წარმოადგენს აორტოგრაფია. მკურნალობა მოიცავს დამზოგავ დიეტას, სპაზმოლიზურ, ქოლინოლიზურ, ანალგეტიკურ საშუალებებს, ნიტრატებს. ზოგიერთ შემთხვევაში მიმართავენ ოპერაციულ ჩარევას – სისხლძარღვების პლასტიკა, ენდარტერექტომია.
ნაწლავთა ინფარქტი ვითარდება ჯორჯლის არტერიების ტოტების თრომბოზის ან ემბოლიის შედეგად. დაავადება იწყება უეცრად, ინტენსიური, შეტევითი ხასიათის ტკივილებით მუცლის არეში. ერთ–ერთ ძირითად სიმპტომს წარმოადგენს კოლაფსი. დამახასიათებელია ჭარბი, თხიერი განავალი, მოგვიანებით სტადიებში – ინტესტინალური სისხლდენების განვითარება. დათვალიერებით მუცელი რბილია ან ვლინდება მისი წინა კედლის კუნთების უმნიშვნელო დაჭიმულობა. სისხლში აღინიშნება ლეიკოციტოზი, ედს–ის მომატება. მკურნალობა ოპერაციულია. პროგნოზი სერიოზული.

ნაწლავთა დივერტიკულოზი – ფართოდ გავრცელებული დაავადებაა, განსაკუთრებით ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებში, რამაც განაპირობა კლინიკურ პრაქტიკაში ტერმინის ”დივერტიკულური დაავადება” შემოღება, რომელიც მოიცავს დივერტიკულოზს, დივერტიკულიტს – დივერტიკულების ანთება, რაც განპირობებულია მათ ღრუში შიგთავსის შეკავებით, აგრეთვე დაავადების პრედივერტიკულურ ფაზას, რომლის აღმოჩენაც შესაძლებელია მხოლოდ რენტგენოლოგიური გამოკვლევით. დივერტიკულოზის სიხშირე მუდმივად იზრდება.
დივერტიკულები უპირატესად ლოკალიზებულნი არიან ნაწლავთა თანდაყოლილი ანომალიების განვითარების ადგილებში (ემბრიონული წინა ნაწლავის უკანაში გადასვლის ადგილი), რამაც საფუძველი მოგვცა ვივარაუდოთ, რომ დაავადების განვითარება დაკავშირებულია ნაწლავის კუნთოვანი გარსის თანდაყოლილი განუვითარებლობით განპირობებულ მისი კედლის სისუსტესთან. კუნთოვანი კედლის სისუსტეზე, როგორც დივერტიკულოზის ეტიოლოგიურ ფაქტორზე, მეტყველებს აგრეთვე დივერტიკულების ჩამოყალიბება უპირატესად სუსტ ზონებში – იქ, სადაც გადიან სისხლძარღვები და აღინიშნება კუნთოვანი ქსოვილის გამეჩხერება (მაგ., ნაწლავის ჯორჯლის კიდე). ნაწლავის კედლის სისუსტე, რაც იწვევს დივერტიკულოზს, შეიძლება განპირობებული იყოს კუნთოვანი ტონუსის დაქვეითებით და შემაერთებელქსოვილოვანი საფუძვლის მექანიკური მდგრადობის უნარის დაკარგვით ორგანიზმის დაბერების დროს, რაც მტკიცდება დივერტიკულოზის გაცილებით დიდი სიხშირით უფროს ასაკობრივ კატეგორიებში. დაავადების ძირითად ეტიოლოგიურ მომენტს, აგრეთვე, წარმოადგენს ორგანოს ფუნქციის მოშლა და ღრუსშიდა წნევის მომატება, ასევე გარშემო ქსოვილების ნაწიბუროვან–ანთებითი ხასიათის ცვლილებები, რის შედეგადაც ნაწლავის კედელი გაიჭიმება შესაბამისი მიმართულებით (ე.წ. ტრაქციული დივერტიკულები). დაავადების პათოგენეზში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საკვებში მცენარეული უჯრედისის დეფიციტს. რაფინირებული პროდუქტების გამოყენება იწვევს ნაწლავის შიგთავსის შეფერხებას და, ამით, ხელს უწყობს ნაწლავშიდა წნევის მომატებას.

ნაწლავთა დივერტიკულოზი ხანგრძლივი დროის განმავლობაში შეიძლება უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს და შემთხვევით მოხდეს მისი აღმოჩნა. გამოხატული სიმპტომატიკა დამახასიათებელია დივერტიკულიტისთვის. აღინიშნება სხვადასხვა ლოკალიზაციის ტკივილები მუცლის არეში; ალგიური სინდრომის გამოხატულების ხარისხი მერყეობს დისკომფოტრის შეგრძნებიდან ნაწლავის კოლიკის მსგავსი შეტევების განვითარებამდე. ნაწლავთა ფუნქციების დარღვევა გამოიხატება შეკრულობებით, იშვიათად – გარდამავალი ხასიათის დიარეით. შეიძლება აღინიშნებოდეს გულისრევა და ღებინება. თორმეტგოჯა ნაწლავის დიდი დვრილის მიდამოში განლაგებული დივერტიკულის (პერიფატერული დივერტიკული) ანთების დროს, ნაღვლის საერთო სადინრის ტერმინალური ნაწილის შეშუპების შედეგად ვითარდება სიყვითლე. არც თუ იშვიათად, დივერტიკულიტს თან სდევს პერიტონეალური მოვლენები. შესაძლებელია მოხდეს დივერტიკულის დაწყლულება, განვითარდეს სისხლდენა. მასში წნევის მკვეთრმა მომატებამ შეიძლება გამოიწვიოს პერფორაცია და პერიტონიტი. აღწერილია მალიგნიზაციის შემთხვევები.
დიაგნოზის დადგენა ხდება რენტგენოლოგიური და ენდოსკოპიური გამოკვლევების საფუძველზე.
ნაწლავთა დივერტიკულოზის მკურნალობა მოიცავს დიეტას (საკვებად დიდი რაოდენობით მცენარეული უჯრედისის შემცველი პროდუქტების გამოყენება). ამ მიზნით ფართოდ გამოიყენება ხორბლის ქატო, რომელიც თავის ჰიდროჰილურობის (წყლის შეკავების უნარი იმ რაოდენობით, რაც 4–ჯერ აღემატება მის საკუთარ წონას) წყალობით ხელს უწყობს ნაწლავის შიგთავსის გადაადგილების დაჩქარებას და გამორიცხავს დივერტიკულებში მის დაგროვებას. დივერტიკულიტით დაავადებულებისთვის აგრეთვე რეკომენდირებულია მცენარეული უჯრედისით მდიდარი პროდუქტების მიღება, მწვავე პერიოდში ავადმყოფები საჭიროებენ ჰოსპიტალიზაციას, ინიშნება მოსვენება და დამზოგავი დიეტა. გარდა ამისა, მათ უტარდებათ მედიკამენტური თერაპია. ნაჩვენებია სპაზმოლიზური (ნო–შპა და სხ.) და ქოლინოლიზური (მაგ., ატროპინის პრეპარატები) საშუალებები; მორფინის პრეპარატები უკუნაჩვენებია, რადგან ისინი მკვეთრად ზრდიან ნაწლავშიდა წნევა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დივერტიკულის პერფორაცია. ინიშნება მოქმედების ფართო სპექტრის ანტიბიოტიკები, ინტესტოპანი, რომელსაც გააჩნია ანთების საწინააღმდეგო ეფექტი, და ნაწლავური მიკროფლორის აღმდგენი პრეპარატები (ბიფიდუმბაქტერინი და სხ.). გართულებების ნიშნების გაჩენის შემთხვევაში ნაჩვენებია ოპერაციული ჩარევა – დივერტიკულის ამოკვეთა და სხ.
პროგნოზი, როგორც წესი, კეთილსაიმედოა; გართულებების შემთხვევაში დამოკიდებულია დროულ ოპერაციულ ჩარევაზე.
პროფილაქტიკა მოიცავს სწორ კვებას, ნაწლავის ფუნქციების დარღვევების თავიდან აცილებას და დროულ მკურნალობას.
სხვა დაავადებები. ნაწლავთა დაავადებების ცალკე ჯგუფს შეადგენენ ე.წ. ნაწლავური ენზიმოპათიები (თანდაყოლილი და შეძენილი), რომლებიც ხასიათდებიან კუჭ–ნაწლაცის ტრაქტის რომელიმე ფერმენტის დეფექტით და ვლინდებიან მონელების და შეწოვის ფუნქციების მოშლით. ყველაზე ხშირად გვხვდება ლაქტაზას დეფიციტი. ავადმყოფები ძნელად გადაიმუშავებენ რძის შაქარს – ლაქტოზას, რომელიც არის რძეში და რძის პროდუქტებში. დაავადება განსაკუთრებით მძიმედ მიმდინარეობს მეძუძურ ბავშვებში. რძის მიღების შემდეგ მათ უვითარდებათ პროფუზული დიარეა (განავალი ჭარბი და ქაფიანია). აღინიშნება ღებინება, ტკივილები მუცლის არეში. მოზრდილებში დაავადების კლინიკური სურათი ნაკლებად გამოხატულია. აღნიშნულ ჯგუფში შედის გლუტენური დაავადებაც. შეწოვის და/ან ექსუდაციური ენტეროპათიის სინდრომები თან ახლავს კრონის დაავადებას, უიპლის დაავადებას, არასპეციფიკურ წყლულოვან კოლიტს და სხ., აგრეთვე ნაწლავთა ლიმფური სადინრების თანდაყოლილ ანომალიებს (პირველადი ექსუდაციური ენტეროპათია). შეწოვის და მონელების გამოხატული დარღვევებით ხასიათდება თავისებური ენტერიტი, რომელიც გვხვდება აზიის, აფრიკის, ცენტრალური ამერიკის, შუა აზიის ქვეყნებში და ცნობილია ტროპიკული სპრუს სახელწოდებით.

გაგრძელება იხ. >>


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.