ნაფტირიდინის წარმოებულები. ფთორქინოლონები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”

იმის გათვალისწინებით, რომ 8–ოქსიქინოლინის წარმოებულებს გააჩნიათ მაღალი ანტიბაქტერიული აქტივობა და დამახასიათებელი გვერდითი მოვლენები, გამოკვლეული იქნა მრავალი  ქიმიური ნივთიერება. მე–20 საუკუნის 60-იან წლებში აღმოჩენილი იქნა ოქსიქინოლებთან მონათესავე ნაფტირიდინის წარმოებულთა მაღალი ქიმიოთერაპიული აქტივობა. საკმაოდ აქტუალური აღმოჩნდა ნალიდიქსის მჟავა (ნევიგრამონი, ნეგრამი). შემდეგში მიღებული იქნა ახალი მაღალაქტიური ნაერთი, ქინოლინის წარმოებული ოქსოლინის მჟავა, რომელიც სტრუქტურულად ახლოსაა ნალიდიქსინის მჟავასთან, მაგრამ უფრო აქტიურია (in vitro 24-ჯერ). ორივე პრეპარატი გამიყენება საშარდე გზების ინფექციების სამკურნალოდ.

გამოკვლევებმა ოქსოლინის მჟავას განსაკუთრებული უპირატესობა არ დაადასტურა. ამ სამუშაოთა მსვლელობაში სინთეზირებული იქნა 4–ქინოლონის წარმოებულები. ამ ჯგუფის ნაერთები აღმოჩნდნენ აქტიური ანტიბაქტერიული საშუალებები, ამასთან, განსაკუთრებით აქტიურები არიან ნაერთები, რომლებიც შეიცავენ ქინილინის ბირთვის მე–7 მდგომარეობაში ჩანაცვლებულ ან ჩაუნაცვლებელ პიპერაზინის ციკლს, ხოლო 6 – მდებარეობაში – ფტორის ატომს. ამ ნაერთებს ეწოდათ ფტორქინოლონები (მეორე თაობის ქინოლონები).  ნალიდიქსისა და ოქსოლინის მჟავებთან შედარებით ამ ჯგუფის ნაერთებს გააჩნიათ მოქმედების უფრო ფართო სპექტრი. ისინი ეფექტური არიან არა მარტო საშარდე გზების ინფექციების, ასევე სხვა ინფექციური დაავადებების დროს. ბაქტერიათა მიმართ აქტიურობით ისინი ნალიდიქსის მჟავას 10–20-ჯერ აღემატებიან.

უკანასკნელ დროს ფტორქინოლონებს, მათ შორის ნორფლოქსაცინს, პეფლოქსაცინს, ოფლოქსაცინს, ციპროფლოქსაცინს და სხვ. ფართოდ იყენებენ სამედიცინო პრაქტიკაში. ფტორქინოლონთა მოქმედების მექანიზმში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მათ გავლენას ბაქტერიის დნმ-ის მეტაბოლიზმზე. ეს პრეპარატები ახდენენ ფერმენტ დნმ–ჰირაზის ინჰიბირებას, რომელსაც შეიცავს ბაქტერიის უჯრედები და მიეკუთვნებიან ტოპოიზომერაზებს, რომლებიც თავის მხრივ აკონტროლებენ დნმ-ის სტრუქტურასა და ფუნქციებს. დნმ-ჰიდრაზის ინჰიბირება იწვევს ბაქტერიის სიკვდილს (ბაქტერიოციდული ეფექტი). ქინოლონების ანტიბაქტერიული აქტივობა განპირობებულია აგრეთვე ბაქტერიის რნმ-ზე, და ბაქტერიული ცილების სინთეზზე, მემბრანების სტაბილურობაზე და ბაქტერიათა უჯრედების სხვა სასიციცხლო პროცესებზე ზეგავლენით. ყველა ქინოლონი ძლიერად მოქმედებს აერობულ გრამუარყოფით ბაქტერიებზე. ნალიდიქსის მჟავისაგან განსხვავებით, ისინი ეფექტურები არიან Pseudomonas aeruginosa-ს მიმართ, მაგრამ ნაკლებ ეფექტური – გრამუარყოფითი ბაქტერიებისადმი. სტაფილოკოკების შტამების უმრავლესობა მგრძნობიარენი არიან ქინოლონების მიმართ; სტრეპტოკოკები შედარებით მდგრადი არიან. თუმცაღა მდგრადობის ხარისხი დამოკიდებულია ბაქტერიის სახეობასა და ამა თუ იმ პრეპარატის მოქმედების თავისებურებაში. ანაერობული ბაქტერიების მიმართ ფტორქინოლონები ნაკლებაქტიურნი არიან. ყვლა ფტორქინოლონი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და ეფექტურია შიგნით მიღებისას. სისხლში მათი მაქსიმალური კონცენტრაცია აღინიშნება მიღებიდან 2 საათის შემდეგ, კონცენტრაციის პიკი და ნახევრად გამოყოფის პერიოდის განსხვავებულია. ისინი ნაკლებად უკავშირდებიან პლაზმის ცილებს; აღწევენ სხვადასხვა ორგანოსა და ქსოვილებში. გამოიყოფიან ძირითადად თირკმელებით, ხშირად შეუცვლელი სახით. მაღალი ეფექტურობის გამო, რეკომენდებული არ არის ფტორქინოლონების გამოყენება მსუბუქი, ,,ბანალური” ინფექციებისას. მათი ძირითადი ჩვენებებია: საშარდე გზების ინფექციები; სასუნთქი გზების გართულებული ინფექციები (გრამუარყოფითი ფლორის დროს); სალმონელებითა და შიგელებით გამოწვეული ინფექციები; ოსტეომიელიტები, პროსტატიტები, Pseudomonas მიერ გამოწვეული ინფექციები. ჩვეულებრივ, ფტორქინოლები კარგად გადაიტანება. თუმცა შესაძლებელია გვერდითი მოვლენების არსებობაც: გულისრევა, ღებინება, დიარეა. ექპსერიმენტალური მონაცემების მიხედვით, შარდის ტუტე რეაქციისას, შესაძლოა ქინოლონების კრისტალების გამოლექვა თირკმელში; თუმცა ნეფროტოქსიურობის მოვლენები ნაკლებ სავარაუდოა, რადგან ადამიანთა შარდს ჩვეულებრივ მჟავა რექცია აქვს. ქინოლონებმა შესაძლოა გამოიწვიონ თავის ტკივილი, უძილობა, ან მოთენთილობა, შფოთვა, ტრემორი და სხვ. შესაძლოა ეს მოვლენები დაკავშირებულია ქინოლონთა ცნს-ში დაგროვების  და გაემ-ის რეცეპტორული კავშირის დათრგუნვის ან დაკავშირებული ნეირომედიატორის გამოთვისუფლების უნარით.  დიდი დოზების მიღებისას ქინოლონებმა შესაძლოა კრუნჩხვითი შეტევები განავითარონ. ექსპერიმენტის პირობებში, ქინოლინების დამახასიათებელ ტოქსიკოლოგიურ თავისებურებას წარმოადგენს ახლგაზრდა მოზარდ ცხოველთა  სახსრების ხრტილოვან ნაწილებზე ვეზიკულებისა და ეროზიების წარმოქმნით გამოხატული ართროპათიის განვითარება.  დღეემდე არ არსებობს მონაცემები ადამიანებში ამ პათოლოგიის წარმოქმნაზე, მიუხედავად ამისა, ქინოლონები უკუნაჩვენებია ბავშვებსა და მოზარდებში, ასევე ორსულებსა და მეძუძურ დედებში. ნალიდიქსის მჟავა ექსპერიმენტის პირობებში გავლენას არ ახდენდა სახსრების ხრტილოვან ნაწილებზე. ქინოლონებმა შესაძლოა გამოიწვიონ სხვა გვერდითი მოვლენები: კანზე გამონაყარი, ფოტოსენსიბილიზაციასთან დაკავშირებული მოვლენები და სხვ. გასათვალისწინებელია, რომ ქინოლონები ახდენენ ღვიძლის დამჟანგავ ფერმენტების ინჰიბირებას და შესაძლოა გააძლიერონ წამალთა მოქმედება, რომლებიც ციტოქრომ P-450 სისტემით მეტაბოლიზდებიან. სახელდობრ, ქინოლონების გავლენით ძლიერდება თეოფილინის გვერდითი მოვლენები. ამ პრეპარატთა შედარებით ეფექტურობისა და მათ უპირატესობების შესახებ საკითხი, კვლავ შესწვლის პროცესშია. გრძელდება ახალი ფტორქინოლების ძიება, ამის მაგალითია, დი- და ტრიფტორირებული პრეპარატები. დიფლორწარმოებულის მაღალეფექტური პრეპარატია ლომეფლოქსაცინი (იხ.) მიღებულია აგრეთვე ტრიფტორწარმოებულები (ტემაფლოქსაცინი და სხვ.)


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.