მტკიცებულებითი მედიცინა და სამკურნალო პრეპარატები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,ფარმაცია”

პრეპარატების ბაზარზე მძაფრი კონკურენციის პირობებში, ექიმი მრავალი წყაროდან ტენდენციურ და და ხშირად მეცნიერულად დაუსაბუთებელ ინფორმაციას იღებს პრეპარატის აბსოლუტური და ფარდობითი ეფექტურობის შესახებ. ასეთ სიტუაციაში, მნიშვნელოვანია ექიმს შეეძლოს პრეპარატების შესახებ ინფორმაციის საიმედოობის ობიქტური განსაზღვრა – მტკიცებულებითი მედიცინის პრინციპების სამკურნალო პრეპარატების სფეროში გამოყენების საკითხებს ყველა ექიმი უნდა იცნობდეს. ეს პრობლემა, ვფიქრობთ სათანადოდ უნდა აისახოს არა მარტო უმაღლესი, არამედ დიპლომისშემდგომი განათლებისა თუ პროფესიული ტრენინგების პროგრამებში. ლალი დათეშიძის წინამდებარე სტატია საინტერესოა როგორც თეორიულ-მიმოხილვითი, ასევე პრაგმატული თვალსაზრისით.

ცნება ”evidence-based medicine”, ანუ ”მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინა” (მტკიცებულებითი მედიცინა) შემოღებულ იქნა კანადელი მეცნიერების მიერ მაკმასტერის უნივერსიტეტიდან 1990 წელს, ქ. ტორონტოში.  მტკიცებულებითი მედიცინა – ეს ახალი მეცნიერება არ არის. იგი უფრო, სამეცნიერო ინფორმაციის შეკრების, ანალიზის, განზოგადებისა და ინტერპრეტაციისადმი ახალი მიდგომაა. მისი შექმნის ტექნიკური საფუძველი მნიშვნელოვანწილად თანამედროვე ელექტრონულმა, მათ შორის–ინტერნეტ ტექნოლოგიებმა განაპირობეს. შეიძლება ითქვას, შინაარსობრივად, მეთოდის ერთ–ერთი სიახლეა, არასანდო ინფორმაციის დიდი მასის დამუშავების შედეგად სანდო ინფორმაციის მიღებაში. ინფორმაცია უტყუარად (სანდოდ) ითვლება, თუკი იგი დასტურდება დიდი რაოდენობის ექსპერიმენტებით. დროსა და ტერიტორიულად განფენილი საინფორმაციო სივრცე, რომელიც თანამედროვე ელექტრონულმა ტექნოლოგიებმა შექმნეს, საშუალებას იძლევა სტატისტიკურად შემოწმდეს პრაქტიკულად ყველა ინფორმაცია. ცხადია, სტატისტიკურ დასაბუთების პარალელურად მტკიცებულებითი მედიცინა თეორიულ მტკიცებულებებსაც ეყრდნობა და თვით ქმნის ამგვარი მტკიცებულებების მეთოდიკებს.

მტკიცებულებითი მედიცინის შექმნა რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა, რომელთა შორის გამოვყოფდით შემდეგს:
სამეცნიერო ინფორმაციის მოცულობის ექსპოტენციალური ზრდა
კლინიკურ პრაქტიკაში ყოველწლიურად ასეულობით და ათასობით ახალი პრეპარატი, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ათასობით ახალი ტექნოლოგია თუ ალგორითმი შემოდის. მათი შესწავლა აქტიურად ხორციელდება მრავალრიცხოვანი კლინიკური კვლევის შედეგად, რომელთა რეზულტატები, არც თუ იშვიათად, არაერთგვაროვანია, ხოლო ზოგჯერ ურთიერთსაწინააღმდეგოც კი. მიღებული ინფორმაციის პრაქტიკაში გამოყენების მიზნით აუცილებელია აღნიშნული ინფორმაციის არა მარტო საფუძვლიანი შედარება–ანალიზი, არამედ მისი კლასიფიკაცია და განზოგადოება.
ინფორმაციის საიმედოობის ხარისხის კლება
ერთის მხრივ, იზრდება ინფორმაციის მოცულობა, მეორეს მხრივ ცალკე კვლევის საგნად იქცა სამეცნიერო კვლევების შედეგების საიმედოობა. ინფორმაციის საიმედოობას, ზოგჯერ, ეჭვქვეშ აყენებს ისიც, რომ ვლინდება ტენდენცია კლინიკური კვლევების ჩატარებისკენ, რომელთა დაფინანსებაც ხორციელდება ფარმაცევტული მრეწველობისა და სამედიცინო აღჭურვილობის მწარმოებლების მიერ. ეს ზრდის მათი გავლენის ალბათობას კვლევის შედეგებზე. სულ უფრო იზრდება დამოუკიდებელი საფინანსო რესურსებით ჩატარებული კვლევების აუცილებლობა, მაგრამ ასეთი რესურსები ფრიად შეზღუდულია.
სამკურნალო ხარჯების რაციონალიზაციის აუცილებლობა.
მკურნალობის ხარჯები ყოველწლიურად იზრდება. სამკურნალო საშუალებების მრავალრიცხოვანი რაოდენობიდან უნდა მოხდეს იმ ნივთიერებების, მეთოდებისა და ალგორითმების შერჩევა, რომელთაც გააჩნიათ ყველაზე მაღალი ეფექტურობა მინიმალური დანახარჯის პირობებში. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ახალი პრეპარატის გამოჩენა ან მისი მაღალი ღირებულება ყოველთვის არ არის აღნიშნული პრეპარატის მაღალი ეფექტურობის უცილო გარანტია.
ამდენად, კლინიკურ პრაქტიკაში, სამკურნალო საშუალებების კლინიკური კვლევების უტყუარობისა და მნიშვნელოვნების შეფასების კუთხით, მტკიცებულებითი მედიცინის დანერგვა მნიშვნელოვანწილად განპირობებულია ეკონომიკური ასპექტით. პრეპარატების ეფექტურობის შესახებ ზუსტი ინფორმაცია ჭირდება უშუალოდ პაციენტს, ექიმს რომელიც დამიკიდებული არაა მწარმოებელზე, სახელმწიფოს – რომელიც ახორციელებს სხვადასხვა სოციალურ პროგრამებს და სადაზღვევო კომპანიებს. ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ფინანსური საშუალებების ინვესტირების მართებულობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად დამაჯერებელია მეცნიერული მონაცემები დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და პროფილაქტიკის მეთოდების კლინიკურ და ეკონომიკურ ეფექტურობასთან მიმართებაში, რა ფარდობითი უპირატესობები აქვს მას.
კლინიკურ პრაქტიკაში კონკრეტული კლინიკური, ეკონომიკური და სოციალური  გადაწყვეტილებები აუცილებელია მიღებულ იქნას არა იმდენად პირადი გამოცდილების ან ექსპერტების დასკვნების მიხედვით, რამდენადაც მკაცრად დასაბუთებული მეცნიერული მონაცემების საფუძველზე.

ახალი სამკურნალო საშუალებების რაციონალური გამოყენების, მათი მაქსიმალური თერაპიული მოქმედების მიღწევისა და გვერდითი მოვლენების თავიდან აცილების მიზნით აუცილებელია, უკვე კვლევის პროცესში იქნას მიღებული პრეპარატის სრულყოფილი მახასიათებლები და მონაცემები მისი ყველა სამკურნალო და შესაძლო უარყოფითი თვისებების შესახებ.
ახალი სამკურნალო საშუალებების მიღების ერთ–ერთ ძირითად გზას წარმოადგენს ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების სკრინინგი.. უნდა აღინიშნოს, რომ ახალი პრეპარატების მიღების გზა სკრინინგის მეშვეობით ძალიან შრომატევადია – საშუალოდ ერთი ეფექტური პრეპარატის შექმნას ესაჭიროება 5–10 ათასი გამოსაკვლევი ნაერთი. თავის დროზე, სკრინინგისა და შემთხვევითი კვლევების საშუალებით აღმოჩენილ იქნა მნიშვნელოვანი პრეპარატები, რომელთაც მდგრადი ადგილი დაიმკვიდრეს სამედიცინო პრაქტიკაში. თუმცა, შემთხვევითობა ვერ იქნება სამკურნალო საშუალებების შერჩევის ძირითადი პრინციპი. მეცნიერების განვითარების პარალელურად აშკარა გახდა, რომ სამკურნალო პრეპარატების შექმნა უნდა ეფუძნებოდეს ცხოველმყოფელობის პროცესში მონაწილე ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების გამოვლინებას, პათოფიზიოლოგიური და პათოქიმიური პროცესების შესწავლას, რომლებიც საფუძველში უდევს სხვადასხვა დაავადებების განვითარებას, აგრეთვე ფარმაკოლოგიური მოქმედების მექანიზმების საფუძვლიან გამოკვლევას. სამედიცინო–ბიოლოგიური მეცნიერებების მიღწევები საშუალებას იძლევიან უფრო ფართოდ მოვახდინოთ გაუმჯობესებული თვისებებისა და განსაზღვრული ფარმაკოლოგიური აქტივობის მქონე ნივთიერებების მიზანმიმართული სინთეზი.
ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების პრეკლინიკური შესწავლა მიღებულია დაიყოს:
– ფარმაკოლოგიურ
– და ტოქსიკოლოგიურ ნაწილებად.
ასეთი სახის დაყოფა პირობითია, რადგან აღნიშნული კვლევები ურთიერთდამოკიდებულია და ეფუძნება ერთი და იგივე პრინციპებს. პოტენციური სამკურნალო ნაერთების მწვავე ტოქსიკურობის შესწავლის შედეგები იძლევა ინფორმაციას შემდგომი ფარმაკოლოგიური კვლევებისთვის, რომლებიც (კვლევები), თავის მხრივ, განსაზღვრავენ ნივთიერების ქრონიკული ტოქსიკურობის შესწავლის ხარისხსა და ხანგრძლივობას.
ფარმაკოლოგიური კვლევის მიზანია პრეპარატის თერაპიული ეფექტურობის განსაზღვრა, აგრეთვე ორგანიზმის ძირითად ანატომიურ და ფიზიოლოგიურ სისტემებზე მისი გავლენის შესწავლა. ნივთიერების ფარმაკოდინამიკის შესწავლის პროცესში ხორციელდება არა მარტო მისი სპეციფიკური აქტივობის, არამედ ფარმაკოლოგიურ აქტივობასთან დაკავშირებული შესაძლო გვერდითი რეაქციების დადგენაც. გამოსაკვლევი პრეპარატის მოქმედება ჯანმრთელ და ავადმყოფ ორგანიზმზე შესაძლოა განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან, რის გამოც ფარმაკოლოგიური ცდები უნდა ტარდებოდეს იმ მოდელებზე, რომლებიც შეესაბამებიან მოცემულ დაავადებებს ან პათოლოგიურ მდგომარეობებს.
ტოქსიკოლოგიური კვლევების პროცესში ექსპერიმენტულ ცხოველებზე დგინდება პრეპარატების შესაძლო დამაზიანებელი ზემოქმედების ხასიათი და გამოხატულება. ტოქსიკოლოგიური კვლევების დროს გამოყოფენ სამ ეტაპს:
ნივთიერების მწვავე ტოქსიკურობის შესწავლა ერთჯერადად შეყვანის დროს.
ნაერთების ქრონიკული ტოქსიკურობის განსაზღვრა, რაც მოიცავს პრეპარატის განმეორებით შეყვანას ერთი წლის, ზოგჯერ კი უფრო დიდი ხნის განმავლობაში
პრეპარატის სპეციფიკური ტოქსიკურობის – ონკოგენობის, მუტაგენობის, ემბრიოტოქსიკურობის, მათ შორის მაალერგიზირებელი თვისებების, ტერატოგენული მოქმედების, აგრეთვე მედიკამენტური დამოკიდებულების გამოწვევის უნარის დადგენა.
ექსპერიმენტული ცხოველების ორგანიზმზე გამოსაკვლევი პრეპარატის დამაზიანებელი ზემოქმედების შესწავლა საშუალებას იძლევა განისაზღვროს, თუ რომელი ორგანოები და ქსოვილებია ყველაზე მეტად მგრძნობიარე აღნიშნული ნივთიერების მიმართ და განსაკუთრებით რაზე უნდა გამახვილდეს ყურადღება კლინიკური კვლევების დროს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ცხოველებზე მიღებული ექსპერიმენტული კვლევების მონაცემები ადამიანის შემთხვევაში არ იძლევა პრეპარატის სრული უსაფრთხოების გარანტიას.
კლინიკური კვლევების მიზანია ახალი ფარმაკოლოგიური საშუალების თერაპიული ან პროფილაქტიკური ეფექტურობისა და ორგანიზმის მიერ მისი ატანის უნარის შეფასება, მისი გამოყენების ყველაზე რაციონალური დოზების და სქემების დადგენა, აგრეთვე შედარებითი დახასიათება უკვე არსებულ სამკურნალო საშუალებებთან.
კლინიკური კვლევების პროგრამები შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდნენ სხვადასხვა ჯგუფის პრეპარატებისთვის, თუმცა ყოველთვის უნდა იყოს ასახული ზოგიერთი ძირითადი პარამეტრი. მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული კვლევის მიზნები და ამოცანები; კვლევის მიზნით უნდა განისაზღვროს ავადმყოფების შერჩევის კრიტერიუმები; მითითებულ უნდა იქნას ძირითად და საკონტროლო ჯგუფში პაციენტების განაწილების მეთოდი, თითოეულ ჯგუფში ავადმყოფთა რაოდენობა; მკაფიოდ უნდა იქნას ფორმულირებული პრეპარატის ეფექტური დოზების დადგენის მეთოდი, კვლევის ხანგრძლივობა, კონტროლირებადი კვლევის (ღია, ბრმა, ორმაგი და ა.შ.) მეთოდი, შედარების პრეპარატი და პლაცებო, გამოსაკვლევი პრეპარატების მოქმედების რაოდენობრივი შეფასების (მაჩვენებლები, რომლებიც ექვემდებარებიან რეგისტრაციას), აგრეთვე მიღებული შედეგების სტატისტიკური დამუშავების მეთოდები.
კვლევის მიზნით პაციენტების შერჩევა ძირითადად განისაზღვრება მისი (კვლევის) ამოცანებით და პრეპარატის ხასიათით. ჩვეულებრივ, ესენი არიან ავადმყოფები, რომლებიც დაავადებულნი არიან იმ პათოლოგიებით, რომელთა მკურნალობისთვისაც არის განკუთვნილი ახალი პრეპარატი. ეთიკური თვალსაზრისით უფრო მართებულია ვისაუბროთ არა ავადმყოფის შერჩევაზე პრეპარატის კვლევისთვის, არამედ გამოსაკვლევი სამკურნალო საშუალების შერჩევაზე კონკრეტული პაციენტისთვის. კლინიკური კვლევების საწყის სტადიებზე ახალი პრეპარატის დანიშვნა დაუშვებელია მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტებისთვის. უფრო მოგვიანებით სტადიებზე გამოსაკვლევი საშუალების მოქმედება შესწავლილ უნდა იქნას სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის ავადმყოფებზე, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც პრეპარატი განკუთვნილია იმ დაავადებების სამკურნალოდ, რომლებიც ხშირად გვხვდება ხანშიშესულ ადამიანებში და ბავშვებში.
მკურნალობის მეთოდებისადმი მიძღვნილი პუბლიკაციების შეფასებისას უნდა გვახსოვდეს, რომ კვლევის პროცესიდან პაციენტების გამორიცხვის კრიტერიუმები საკმაოდ ხშირადაა მითითებული პუბლიკაციებში, მაშინ როცა პროცესში ავადმყოფის ჩართვის კრიტერიუმები – შედარებით იშვიათად ეთითება. თუკი გაურკვეველია რომელ პაციენტებზე მოხდა მკურნალობის გამოცდა, ვერ მოხერხდება იმის წარმოდგენა, პრაქტიკულად გამოდგება თუ არა კვლევის შედეგები ცალკე აღებულ რომელიმე კლინიკისთვის და მთლიანად ქვეყნისთვის.
კვლევების დიდი უმეტესობა ტარდება სპეციალიზირებულ საუნივერსიტეტო საავადმყოფოებში და სამეცნიერო ცენტრებში, სადაც, ბუნებრივია, პაციენტები განსხვავდებიან რაიონული პოლიკლინიკის ავადმყოფებისგან. სწორედ ამიტომაც, პირველადი კვლევების შემდეგ ტარდება სულ ახალი და ახალი კვლევები, თავდაპირველად – მრავალცენტრული, სადაც კვლევის პროცესში სხვადასხვა კლინიკების და ამბულატორიების ჩართვის წყალობით, ხდება თითოეული მათგანის თავისებურებების ანალიზი, შემდგომ კი – ღია. თითოეულ ეტაპთან ერთად მატულობს იმის ალბათობა, რომ კვლევების შედეგები მისაღები იქნება ნებისმიერი სტაციონარისთვის, თუმცა ყოველივე ამას საფუძვლად უდევს კვლევის პროცესში პაციენტების ჩართვის და გამორიცხვის კრიტერიუმები.
კვლევის პროცესში პაციენტის ”დაკარგვა” წარმოადგენს საკმაოდ გავრცელებულ ნაკლს. ასეთი სახის დანაკარგების შედეგად მკურნალობის წარმატებულობის საბოლოო მაჩვენებლები შესაძლოა მნიშვნელოვნად დამახინჯდნენ. შემაჯამებელ სტატიაში მოყვანილი უნდა იყოს მრავალმხრივი მონაცემები იმ პაციენტების შესახებ, რომელთა დაკვირვებაც მოხერხდა კვლევის დაწყებიდან ბოლომდე და იმ პაციენტებისაც, რომელთა ”დაკარგვაც” მოხდა ამ პროცესში. თუკი დაკარგული პაციენტები განსხვავდებიან კვლევაში ბოლომდე მონაწილე პაციენტებისგან და მათი რიცხვი მაღალია (20%–ზე მეტი), უნდა ვივარაუდოდ მნიშვნელოვანი ცდომილებები მკურნალობის შედეგის შეფასების დროს.
მაგალითად, თუკი მოცემული მეთოდით ნამკურნალები 100 პაციენტიდან ორი წლის შემდეგ გამოკვლეულ იქნა 70 მათგანი და ყველა მათგანს ჰქონდა კარგი შედეგი, მაშინ ეს არის აღნიშნული მეთოდის ღირსებების ფრიად საეჭვო დადასტურება, რადგან შესაძლოა ის 30 ადამიანი, რომელთა გამოკვლევაც არ მოხერხდა, ან გარდაიცვალა ან ისეთი უკმაყოფილონი დარჩნენ მკურნალობის შედეგით, რომ არ ისურვეს მკვლევარებთან თანამშრომლობა. აღნიშნულ სიტუაციებში, შედეგის უტყუარობის შეფასების მიზნით, არსებობს სარწმუნო, თუმცა კი უხეში მეთოდი. ვივარაუდოთ, რომ მკურნალობის ახალი მეთოდი უკეთესია, რის შესახებაც მიუთითებს მისი ავტორი. შემდგომ შედარებისთვის უნდა ჩავთვალოთ, რომ ყველა დაკარგულ პაციენტს არ ჰქონდა არასასურველი შედეგი (მაგალითად გარდაიცვალნენ საუკეთესო შედეგის მქონე ჯგუფში). თუკი ორიგინალური საავტორო მონაცემები მაინც წარმოაჩენს ახალი მეთოდის უპირატესობას, შეიძლება ვთქვათ რომ აღნიშნული მეთოდი ნამდვილად უკეთესია არსებულთან შედარებით. ზემოთ მოყვანილი მაგალითის შემთხვევაში უნდა ჩაითვალოს, რომ დადებითი შედეგი მიღებულ იქნა პაციენტთა არანაკლებ 70%–ში.
შესაბამისად, შედარებისას, თუკი ძველი მეთოდის გამოყენების დროს 100 პაციენტიდან დაკარგულად ჩაითვალა 10 %, ხოლო კიდევ 20 %–ს აღენიშნა უარყოფითი შედეგი, ჩვენი ”ფრთხილი” დაანგარიშებით  შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მკურნალობის აღნიშნული ორი მეთოდი პრაქტიკულად არ გასხვავდება ერთმანეთისგან.
სხვადასხვა პრეპარატების კვლევის მიზნით საკმაოდ რთულია ავადმყოფთა რაოდენობის ოპტიმალური რაოდენობის განსაზღვრა. ის მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია გამოსაკვლევი პრეპარატისა და შესადარებელი პრეპარატის მოქმედებებს შორის გამოხატულ განსხვავებებზე. რაც უფრო ნაკლებია აღნიშნული სხვაობა, მით უფრო მეტი ავადმყოფია საჭირო დასაბუთებული შედარებითი (ფარდობითი) შედეგის მისაღებად. მეტად მნიშვნელოვან და რთულ საკითხს წარმოადგენს გამოსაკვლევი პრეპარატის ოპტიმალური დოზისა და გამოყენების რეჟიმის დადგენა. არსებობს მხოლოდ ძალიან ზოგადი რეკომენდაციები, რომელთა მიხედვითაც კვლევა უნდა დაიწყოს პრეპარატის უმცირესი დოზებით და შემდგომ თანდათანობით მოხდეს მათი გაზრდა სასურველი ან გვერდითი ეფექტის მიღებამდე. ჩვეულებრივ, რეკომენდებულია იმ უმცირესი შესაძლო ეფექტური დოზით დაწყება, რომელიც უკვე განსაზღვრულია ცხოველთა ყველაზე მეტად მგრძნობიარე სახეობებზე ჩატარებული კვლევების შედეგად.
გამოსაკვლევი პრეპარატის გამოყენების სქემებისა და რაციონალური დოზების შემუშავების დროს სასურველია დადგინდეს მისი თერაპიული მოქმედების არეალი და მინიმალურ და მაქსიმალურ უსაფრთხო თერაპიულ დოზებს შორის დიაპაზონი.
ადამიანების შემთხვევაში, გამოსაკვლევი პრეპარატის გამოყენების ხანგრძლივობამ არ უნდა გადააჭარბოს ცხოველებზე ჩატარებული ტოქსიკოლოგიური კვლევების შედეგების დასაბუთებაზე განკუთვნილ პერიოდს.
ახალი პრეპარატის კვლევის პროცესში მონაწილე ავადმყოფები მუდმივად უნდა იმყოფებოდნენ გამოცდილი პერსონალის დაკვირვების ქვეშ. რისკის შემცირების მიზნით აუცილებელია არსებობდეს ფარმაკოდინამიკური ეფექტების (მოსალოდნელი და მოულოდნელი) აღმოჩენის მაღალმგრძნობიარე მეთოდები.
ახალი ფარმაკოლოგიური საშუალებების კლინიკური კვლევის პროცესში გამოყოფენ 4 ურთიერთდამოკიდებულ ფაზას (ეტაპს).
კლინიკური კვლევების I ფაზას ეწოდება ”მიზნობრივი” ანუ ”კლინიკურ–ფარმაკოლოგიური” ფაზა (ინგლ. pilot). მისი მიზანია ავადმყოფის მიერ გამოსაკვლევი პრეპარატის აუტანლობის და მასში თერაპიული მოქმედების არსებობის დადგენა. კვლევები ტარდება ავადმყოფთა განსაზღვრულ რაოდენობაზე (5–10 კაცი). მრავალ ქვეყანაში კლინიკური კვლევების პირველი ფაზა მოიცავს ჯანმრთელ მოხალისეებზე პრეპარატის ფარმაკოკინეტიკის შესწავლასაც.
მე–2 ფაზაში კლინიკურ კვლევას ატარებენ 100–200 პაციენტზე. აუცილებელი პირობაა საკონტროლო ჯგუფის არსებობა, რომელიც შემადგენლობითა და რიცხოვნებით არსებითად არ განსხვავდება ძირითადი ჯგუფისგან. გამოსაცდელი (ძირითადი) და საკონტროლო ჯგუფის ავადმყოფები უნდა იყვნენ მსგავსი ასაკის, სქესის და უნდა გააჩნდეთ მკურნალობის ერთნაირი, საწყისი ფონი (მისი შეწყვეტა სასურველია კვლევის დაწყებამდე 2–4 კვირით ადრე). ჯგუფების ჩამოყალიბება ხდება შემთხვითი პრინციპით, განსაზღვრული ციფრებიანი ცხრილების გამოყენების გზით, სადაც თითოეული ციფრის ან ციფრთა კომბინაციის არჩევის თანაბარი ალბათობაა. რანდომიზაცია ანუ შემთხვევითი განაწილება – ძირითადი და საკონტროლო ჯგუფების შედარების უზრუნველყოფის ძირითადი მეთოდია.

გაგრძელება იხ. >>


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.