მენჯ-ბარძაყის სახსარი

ლალი დათეშიძე

ადამიანის ნორმალური ანატომია. მენჯ-ბარძაყის სახსარი   Articulatio coxae;   Hip joint, articulation of hip

მენჯ – ბარძაყის სახსარში – articulatio coxae ბარძაყის თავი – Caput femoris ენაწევრება მენჯის ძვლის ტაბუხის ბუდეს – Acetabulum. ბარძაყის თავის სასახსრე ზედაპირი მთლიანად დაფარულია ჰიალინური ხრტილით, გარდა ბარძაყის თავის ღრმულისა – fovea capitis; რაც შეეხება სატაბუხეს, ხრტილით დაფარულია ტაბუხის ბუდის მხოლოდ მთვარისებრი ზედაპირი – Facies lunata, დანარჩენ დაწილში კი იგი ამოვსებულია ცხიმოვანი და ფაშარი შემაერთებელი ქსოვილით და ამოფენილია სინოვიური გარსით.

86

ტაბუხის ბუდის ნაჭდევზე – Incisura acetabuli, გაჭიმულია ტაბუხის ბუდის განივი იოგი – lig. transversum acetabuli; იგი აერთებს ტაბუხის ბაგის – labrum acetabulare ბოლოებს, რომელიც რამდენამდე ზრდის ტაბუხის ბუდის სიღრმეს. სასახსრე ჩანთა – capsula articularis ფიქსირებულია: მენჯის ძვალზე – ტაბუხის ბაგის კიდეებზე, ბარძაყის ძვალზე კი – ციბრუტთაშუა ხაზზე – linea intertrochanterica; უკან იგი მოიცავს ბარძაყის ძვლის ყელის 2/3-ს და ვერ აღწევს ციბრუტთაშუა ქედამდე – Crista intertrochanterica.

88

მენჯ – ბარძაყის სახსარი გამაგრებულია შემდეგი იოგებით:
1. თეძო – ბარძაყის იოგი – lig. iliofemorale, – მდებარეობს მენჯ – ბარძაყის წინა ზედაპირზე; იწყება თეძოს წინა ქვემო წვეტიდან – spina iliaca anterior inferior და ფიქსირდება ციბრუტთაშუა ხაზზე – linea intertrochanterica. იოგი ზღუდავს გაშლას მენჯ – ბარძაყის სახსარში.

2. ბოქვენ – ბარძაყის იოგი – lig. pubofemorale, – მიემართება ბოქვენის ძვლის ზემო ტოტიდან – Ramus superior ossis pubis, გადადის მენჯ – ბარძაყის სახსრის სასახსრე ჩანთაში და თავის კონების ერთი ნაწილით აღწევს ციბრუტთაშუა ხაზის – linea intertrochanterica მედიალურ ნაწილს.

873. საჯდომ – ბარძაყის იოგი – lig. ischiofemorale, – იწყება საჯდომი ძვლის სხეულის – Corpus ossis ischii წინა ზედაპირიდან, მიემართება წინ, გადადის მენჯ – ბარძაყის სახსრის სასახსრე ჩანთაში და თავისი კონების ერთი ნაწილით აღწევს ბარძაყის ძვლის   ციბრუტის ფოსოს – fossa trochanterica.

4. ყალთა იოგი – Zona orbicularis, – ჩაქსოვილია სასახსრე ჩანთის სისქეში, მარყუჟისებურად ეხვევა ბარძაყის ძვლის ყელს და ფიქსირდება თეძოს წინა ქვემო წვეტზე – Spina iliaca anterior inferior.

5. ბარძაყის თავის იოგი – lig. capitis femoris, – მდებარეობს სასახსრე ღრუში. იწყება ტაბუხის ბუდის განივი იოგიდან – lig. transversum acetabuli, დაფარულია სინოვიური გარსით და ფიქსირებულია ბარძაყის თავის ღრმულზე – Fovea capitis femoris. იოგის სისქეში მდებარეობს  ბარძაყის თავისაკენ მიმავალი სისხლძარღვები.
მენჯ – ბარძაყის სახსარი სფერული, მრავალღერძიანი სახსარია და სხვაგვარად მას კაკლისებრ – arliculatio cotylica სახსარსაც უწოდებენ.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. ანატომიის ნაწილის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია მანანა კიკნაძე (2006 წლიდან). 2008 და 2019 წლის ვერსიები მომზადდა მანანა კიკნაძის რედაქციით.
გაფრთხილება

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter