კუჭი – ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები (2)

ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები. კუჭი

დასაწყისი იხ. >>

პათოლოგია. კუჭის სხვადასხვა დაავადებების გამოვლინებები ერთიანდებიან ორ ძირითად კლინიკურ სინდრომში – დისპეფსიური და ტკივილისმიერი. დისპეფსიური სინდრომის შემთხვევაში აღინიშნება მადის დარღვევა, გემოს გაუკუღმართება, ბოყინი, გულძმარვა, გულისრევა, ღებინება. კუჭისმიერი დისპეფსიით დაავადებულის განავალს აქვს ლპობითი სუნი და ტუტე რეაქცია, შეიცავს გადაუმუშავებელ და ნაკლებად გადამუშავებულ კუნთოვან ბოჭკოებს (კრეატორეა), გადამუშავებულ უჯრედისს.

კუჭის დაავადებებით განპირობებული ტკივილები ლოკალიზებულია ეპიგასტრიუმის არეში. წარმოშობის მიხედვით ისინი შეიძლება იყვნენ სპაზმური (მაგ., პილორუსის სპაზმის დროს) და დისტენზიური (ორგანოს გადაჭიმვა მისი შიგთავსით). სპაზმური ტკივილები განპირობებულია კუჭის მომატებული სეკრეციით; ისინი ინტენსიური და შეტევითი ხასიათისაა, ჩვეულებრივ დაკავშირებულნი არიან საკვების (განსაკუთრებით მწარეს) მიღებასთან. ტკივილი შესაძლებელია წარმოიშვას საკვების მიღებიდან 30–40 წუთის (ადრეული ტკივილი) ან 1,5–2 საათის შემდეგ (მოგვიანებითი ტკივილი). მათი ინტენსიობა კლებულობს ღებინების, ანტაციდური საშუალებების და სპაზმოლიტიკების მიღების შემდეგ. დისტენზიური ტკივილები ძლიერი ინტენსივობის არ არიან (ყრუ ტკივილები) და ქრებიან ღებინების შემდეგ. პერიგასტრიტის დროს და კუჭსა და მეზობელ ორგანოებს შორის შეხორცებების არსებობის შემთხვევაში შეიძლება წარმოიშვას ე.წ. პერიტონეალური ტკივილი, რომელიც ძლიერდება ფიზიკური დატვირთვის და ავადმყოფის სხეულის მდებარეობის შეცვლის შემდეგ.

კუჭის ორგანული დაზიანების ნიშანია კუჭიდან სისხლდენა, რომლის მიზეზიც შეიძლება იყოს ლორწოვანი გარსის დეფექტები (სხვადასხვა გენეზის, მათ შორის, ტუბერკულოზური, სიფილისური, ეროზიები და წყლულები), დაშლის პროცესში მყოფი ახალწარმონაქმნი (კიბო, ჩაჭედილი პოლიპი ფეხზე), სისხლძარღვების ეროზია (მაგ., რანდიუ–ოსლერის დაავადების დროს). კუჭიდან სისხლდენა შეიძლება იყოს მასიური და ფარული.

პირველი მათგანი გამოიხატება ალისფერი ან ე.წ. ყავის ნალექის ფერის სისხლიანი ღებინებით, კუპრისებური თხევადი განავლით (მელენა). ნაღებინებ და განავლოვან მასებს მუქ შეფერილობას ანიჭებს მარილმჟავა ჰემატინი, რომელიც წარმოიქმნება მარილმჟავასთან სისხლის ჰემოგლობინის ქიმიური რეაქციის შედეგად. კუჭიდან ფარული სისხლდენა შესაძლებელია გამოვლინდეს მხოლოდ რკინადეფიციტური ანემიით; მისი დადასტურება ხდება ფარულ სისხლდენაზე განავლის დადებითი რეაქციის შედეგად. არც თუ იშვიათად, კუჭის დაავადებების დროს გვხვდება B12- და ფოლიუმდეფიციტური ანემიები, რაც განპირობებულია კასლის შინაგანი ფაქტორის უკმარისობით.
კუჭის განვითარების მანკები შედარებით იშვიათად გვხვდება. მათ რიცხვს მიეკუთვნებიან კუჭის კედლის განვითარების მანკები, თანდაყოლილი პილოროსტენოზი, პილორული ნაწილის ატრეზია, ორგანოს გაორება. კუჭის კედლის განვითარების მანკების შემთხვევაში აღინიშნება კუჭის განსაზღვრულ უბანზე, უხშირესად ფუძის მიდამოში, კუნთოვანი შრის არარსებობა. მანკი ვლინდება ბავშვის დაბადებიდან უმოკლეს პერიოდში კუჭიდან მასიური სისხლდენით, რომლის თავისებურებას წარმოადგენს კონსერვატიული მკურნალობის არაეფექტურობა. დიაგნოსტიკა საკმაოდ რთულია. მკურნალობა ოპერაციული – კუჭის დაზიანებული ნაწილის რეზექცია. დროული ოპერაციული ჩარევის შემთხვევაში პროგნოზი კეთილსაიმედოა.
პილორუსის ატრეზია ხასიათდება გაუვალობის სიმპტომებით: ბავშვის პირველი–მეორე კვების შემდეგ აღინიშნება ღებინება, ნაღებინები მასების მოცულობა აღემატება ერთ ჯერზე მიღებული საკვების მოცულობას. კუჭის მოქმედება მწირია, განავლოვანი მასები შეფერილია ნაღველით. რენტგენოლოგიური გამოკვლევით ვლინდება სითხის დონე, რომელიც შეესაბამება გადაბერილ კუჭს, თორმეტგოჯა ნაწლავში და კუჭ–ნაწლავის დისტალურ ნაწილებში აირები არ ვლინდება. ენდოსკოპიური გამოკვლევით აღინიშნება ბრმად დამთავრებული კუჭის პილორული ნაწილი, განლეული ლორწოვანი გარსის გადასწორებული ნაოჭები. მკურნალობა ოპერაციულია. პროგნოზი კეთილსაიმედო.
კუჭის გაორების შემთხვევაში ღრუს შეიძლება ჰქონდეს სფერული ან დაგრძელებული ფორმა. კლინიკური სურათი ძირითადად დამოკიდებულია იმაზე, უერთდება თუ არა დამატებითი ღრუ კუჭ–ნაწლავის ტრაქტის სანათურს. იზოლირებულმა დამატებითმა ღრუებმა შესაძლებელია გამოიწვიონ კუჭ–ნაწლავის ტრაქტის მომიჯნავე ნაწილებზე ზეწოლა; აგრეთვე შეიძლება აღინიშნებოდეს ნაწილობრივი ან სრული გაუვალობის ნიშნები (ამოქაფება, მრავალჯერადი შადრევნისებური ღებინება და სხ.). კუჭთან ან ნაწლავებთან დაკავშირებული დამატებითი ღრუების არსებობა ხანგრძლივი დროის განმავლობაში შესაძლებელია უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს, ან გამოიხატოს მწვავე ან ქრონიკული გასტროინტესტინალური სისხლდენებით (სისხლიანი ღებინება, კუპრისებური განავალი, ანემია; მასიური სისხლდენის დროს შეიძლება განვითარდეს ჰემორაგიული შოკი). კუჭის გაორების ერთ–ერთი ყველაზე სერიოზული გართულებაა დამატებითი ღრუს კედლის პერფორაცია პერიტონიტის განვითარებით. პერფორაცია იშვიათად ვითარდება კუჭის სანათურის შიგნით, ასევე იშვიათად აღინიშნება პენეტრაცია პანკრეასში, განივ კოლინჯში. იზოლირებული დამატებითი ღრუს აღმოჩენა პალპაციით ზოგჯერ შესაძლებელია მოძრავი, როგორც წესი, უმტკივნეულო სიმსივნური წარმონაქმნის სახით მუცლის ზედა ნახევარში, გლუვი ზედაპირით და მკვეთრი საზღვრებით. კუჭის გაორების დიაგნოსტიკის ძირითად მეთოდს წარმოადგენს რენტგენოლოგიური გამოკვლევა. მიმოხილვით რენტგენოგრამებზე კუჭთან დაკავშირებული ღრუ მდებარეობს კუჭის გვერდით ან უკან, გააჩნია სითხის ჰორიზონტალური დონე; ავადმყოფის მდებარეობის ცვლილების შედეგად დამატებით ღრუში შესაძლებელია მოხვდეს საკონტრასტო ნივთიერება. რენტგენოლოგიურად იზოლირებული ღრუ ვლინდება მხოლოდ მისი დიდი ზომების შემთხვევაში; მას გააჩნია ერთიანი, ჰომოგენური დაჩრდილვის შესახედაობა, რომელიც ავიწროებს კუჭის სანათურს. ზოგიერთ შემთხვევაში აღინიშნება მეზობელი ორგანოების, განსაკუთრებით წვრილი ნაწლავების და განივი კოლინჯის მარყუჟების, ცდომა. დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება კუჭის, რეტროპერიტონეალური სივრცის, თირკმლების სიმსივნეებთან, ჰიდრონეფროზთან, აგრეთვე პანკრეასის კისტებთან. ხშირად, საბოლოო დიაგნოზი ისმევა მხოლოდ ოპერაციის დროს. მკურნალობა ოპერაციულია – დამატებითი წარმონაქმნის რადიკალური მოცილება ან მასა და კუჭს შორის ფართო ანასტომოზის ფორმირება. ზოგიერთ შემთხვევაში მიმართავენ კუჭის რეზექციას. ოპერაციიდან შორეულ პერიოდში შესაძლებელია გამოვლინდეს კუჭის ფუნქციის დარღვევა, გაორების მიდამოში ლორწოვანი გარსის დაწყლულება, დივერტიკულების წარმოქმნა.

კუჭის დაზიანებები შეიძლება იყოს ღია და დახურული; მათ რიცხვს აგრეთვე მიეკუთვნება დამწვრობა და უცხო სხეულების არსებობა. დახურული დაზიანებები (უხშირესად გახეთქვა) ჩვეულებრივ დაკავშირებულია ბლაგვ ტრამვასთან (მძიმე საგნით მუცლის არეში დარტყმა, დაზიანება ვარდნის გამო, კუჭის ზეწოლა ნანგრევებში მოყოლის, ფეთქებადი ტალღის ზემოქმედების შედეგად) და, როგორც წესი, თან სდევს სხვა ორგანოების დაზიანებებს. აღნიშნული დაზიანებები, ჩვეულებრივ, ვითარდებიან საკვების მასებით ან ჰაერით კუჭის გადავსების პირობებში. ყველაზე ტიპიურ დაზიანებას წარმოადგენს კუჭის კედლის განივი გასკდომა. ამ დროს აღინიშნება მკვეთრი ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში, არტერიული წნევის და პულსის დაქვეითება (შოკის კლინიკური სურათი), მუცლის წინა კედლის კუნთების მკვეთრი დაჭიმულობა, პერიტონეუმის გაღიზიანების დადებითი ნიშნები, ღვიძლის მოყრუების შემცირება ან სრული გაქრობა, მუცლის დამრეც ადგილებში პერკუტორული ხმიანობის მოყრუება. რენტგენოლოგიურად მუცლის ღრუში ვლინდება თავისუფალი აირი. საკონტრასტო ნივთიერებით გამოკვლევისას აღინიშნება ამ უკანასკნელის ჩაღვრა კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის უკან. სისხლში შესაძლებელია აღინიშნებოდეს მაღალი ლეიკოციტოზი, ლეიკოციტური ფორმულის მნიშვნელოვანი გადახრა მარცხნივ. მკურნალობა ოპერაციულია: სასწრაფოს წესით ხდება კუჭის კედლის გაკერვა, მუცლის ღრუს სანაცია და დრენირება.
კუჭის ღია დაზიანება ვითარდება ჭრილობის (უხშირესად ცეცხლნასროლი) შედეგად. კლინიკური სურათი დამოკიდებულია ტრავმის ხასიათზე და ორგანიზმის მდგომარეობაზე. ჭრილობა წარმოადგენს სასწრაფო ლაპარატომიის ჩვენებას, რომლის დროსაც დგინდება დაზიანების ზუსტი ლოკალიზაცია, ხასიათი და დაზიანების ხარისხიდან გამომდინარე კეთდება კუჭის გაკერვა ან რეზექცია. კუჭის ღია დაზიანებების დროს დროული ოპერაციული ჩარევის პირობებში პროგნოზი კეთილსაიმედოა.
დამწვრობა ვითარდება კუჭში ქიმიური ნივთიერებების მოხვედრის შედეგად. ამ დროს აღინიშნება კოროზიული გასტრიტი კუჭის ლორწოვანი გარსის კოაგულაციური (კონცეტრირებული მჟავების ზემოქმედებისას) ან კოლიკვაციური (მწვავე ტუტეების ზემოქმედებისას) ნეკროზით. ადგილობრივ დაზიანებებს ერთვის ორგანიზმის ზოგადი ინტოქსიკაცია კუჭში მოხვედრილი ნივთიერებების სისხლში შეწოვის გამო. დამწვრობას შესაძლებელია თან სდევდეს შოკის განვითარება, ზოგჯერ ხორხის შეშუპებით განპირობებული ასფიქსია. მძიმე შემთხვევებში, ორგანოს მთელ კედელზე ნეკროზის სწრაფი გავრცელების დროს, შესაძლებელია ჩამოყალიბდეს მწვავე მუცლის სურათი, რაც განპირობებულია კუჭის პერფორაციით და პერიტონიტის განვითარებით.
უცხო სხეულები კუჭში უხშირესად ხვდებიან პირის ღრუდან, იშვიათად (მაგ., ნაღვლის კენჭები) მისი კედლის დაზიანების შედეგად. ჩვეულებრივ, პირის ღრუდან მოხვედრილი უცხო სხეულები გამოდიან ბუნებრივი გზით (ფსიქიკურ ავადმყოფებში უცხო სხეულების სისტემატურად გადაყლაპვის გამო ისინი გროვდებიან კუჭში). დიდი ზომის ან ბასრი საგნის კუჭში მოხვედრის შემთხვევაში, მის კედელში შესაძლებელია განვითარდეს ანთებითი პროცესი ნეკროზის ჩამოყალიბებამდე, ორგანოს შესაძლო პერფორაციით და პერიტონიტის განვითარებით. არსებობენ უშუალოდ კუჭში წარმოქმნილი უცხო სხეულები – ბეზოარები. ისინი შედგებიან მცენარეული უჯრედისისგან, ნაყოფის კურკებისგან, ბეწვისგან, თმებისგან, იშვიათად – სისხლის კოლტებისგან, ცხიმისგან, ფისოვანი ნივთიერებებისგან. კუჭის ბეზოარების დროს კლინიკური სიმპტომები შესაძლებელია არ აღინიშნებოდეს ან გამოხატული იყოს ეპიგასტრიუმის არეში გადავსების შეგრძნებით, ღებინებით, ბოყინით და პირის ღრუდან ლაყე, უსიამონვო სუნით. პროცესი შეიძლება გართულდეს გასტრიტის, კუჭის კედლის ნაწოლების ან პერფორაციის განვითარებით, ანემიით. უცხო სხეულების დიაგნოსტიკაში დახმარებას გვიწევს ანამნეზური მონაცემები (მაგ., ბეზოარების შემთხვევაში ანამნეზში ვლინდება თმების გადაყლაპვის მავნე ჩვევა). პალპაციით შესაძლებელია ისინჯებოდეს უმტკივნეულო, სიმსივნური წარმონაქმნი ეპიგასტრიუმის არეში. ყველაზე დიდი დიაგნოსტიკური მნიშვნელობა ენიჭება რენტგენოლოგიურ გამოკვლევას, რომელიც საშუალებას იძლევა აღმოვაჩინოთ კუჭის ავსების დეფექტი, რომელიც დაკავშირებული არ არის მის კედელთან, აგრეთვე გასტროსკოპია. კუჭიდან უცხო სხეულების ამოღება ხორციელდება გასტროსკოპის მეშვეობით (ბეზოარების მოცილება ხდება მისი წინასწარი ფრაგმენტაციის შემდეგ); რთულ სიტუაციებში ნაჩვენებია გასტროტომია.

დაავადებები. კუჭის ჰიპერმოტორული დისკინეზია წარმოადგენს პათოლოგიური რეფლექსების შედეგს გასტროდუოდენალური წყლულების, ქოლელითიაზის დროს; აღნიშნული პათოლოგია აგრეთვე აღინიშნება ნევროზების, ნერვულ–ფსიქიკური გადაძაბვის, ტეტანუსის, ჰიპოპარათირეოიდიზმის, მძიმე ლითონების მარილებით მოწამვლის დროს. ძირითადი ჩივილები – შეტევითი ტკივილები ეპიგასტრიუმის არეში, რომელსაც საკვების მიღებასთან გამოხატული კავშირი არ აქვს, გულისრევა, ღებინება, რაც განპირობებულია პილორუსის სპაზმით. არც თუ იშვიათად, ჭიპის ირგვლივ მიდამოში პალპირდება სპაზმირებული პილორუსი მკვრივი, მტკივნეული, ჰორიზონტალურად განლაგებული ჭიმის სახით. რენტგენოლოგიური გამოკვლევით ვლინდება კუჭის პერისტალტიკის მოშლის ნიშნები (ბარიუმის სულფატის ხსნარის ხანგრძლივად დაყოვნება, სპაზმური შეკუმშვები, კუჭის რქის ფორმის დეფორმაცია).

პილოროსპაზმის და პილორუსის სტენოზის დიფერენციალური დიაგნოსტიკის მიზნით გამოსაყენებელ ერთ–ერთ ტესტს წარმოადგენს ქოლინოლიზური პრეპარატების გამოყენებაზე დადებითი ეფექტის არსებობა. კუჭის ჰიპერმოტორული დისკინეზიის აღმოჩენის შემთხვევაში აუცილებელია ავადმყოფის გულდასმით გამოკვლევა აღნიშნული დარღვევების განვითარების მიზეზების დადგენის და ორგანული ბუნების დაზიანების გამორიცხვის მიზნით. მკურნალობა მოიცავს დიეტა #1, სედაციურ საშუალებებს, ქოლინოლიზურ და სპაზმოლიზურ საშუალებებს, პროლონგირებული მოქმედების ნიტრატებს.
კუჭის ფუნქციონალური აქილია (კუჭის სეკრეციის დროებითი დათრგუნვა) აღინიშნება დეპრესიული მდგომარეობების, ნერვულ–ფსიქიკური და ფიზიკური გადაძაბვის, მძიმე ინტოქსიკაციების, ჰიპოვიტამინოზის და სხ. დროს. დაავადება, როგორც წესი, უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ზოგიერთ შემთხვევაში აღინიშნება დისპეფსიური სინდრომი. დიაგნოსტიკის ძირითად მეთოდს წარმოადგენს კუჭის სეკრეციის ფრაქციული შესწავლა, რომელიც ავლენს ჰიპო– და აქლორჰიდრიას. ჰისტამინის ან პენტაგასტრინის სუბმაქსიმალური დოზებით სტიმულაცია საშუალებას იძლევა დავთრგუნოთ დამამუხრუჭებელი ფაქტორების ზემოქმედება პარიესულ უჯრედებზე, არანაკლებ ინფორმაციულია ინტრაგასტრალური pH-მეტრია. დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება ჭეშმარიტ (ჰისტამინის მიმართ მდგრადი) აქლორჰიდიასთან და აქილიასთან – კუჭის ავთვისებიანი სიმსივნის არც თუ იშვიათ მიზეზთან, რისთვისაც საჭირო ხდება გასტროსკოპიის ჩატარება. მკურნალობა უპირველეს ყოვლისა მიმართულია კუჭის სეკრეციის დამთრგუნველი ფაქტორების მოცილებისკენ. ნაჩვენებია ზოგადგამაჯანსაღებელი თერაპია, შრომის და დასვენების რეჟიმის დაცვა, კუჭის წვენის მასტიმულირებელი საკვების მიღება (ხორცის და ბოსტნეულის ნახარშები, უცხიმო ხორცი, შემწვარი თევზი, ქაშაყი, შავი ხიზილალა, მწვანილეულობა, ბოსტნეული, ხილი, კვერცხი, კეფირი, ნაღები, ხაჭო, ფაფები, მურაბა და სხ.). სეკრეციის გაძლიერებას აგრეთვე ხელს უწყობს მწარე საკვები.
კუჭის ფუნქციონალური ჰიპერსეკრეცია (”გაღიზიანებული კუჭი”, ფუნქციონალური ჰიპერქლოჰიდრია) აღინიშნება ნერვულ–ფსიქიკური გადაძაბვის, საკვებში კუჭის წვენის სეკრეციის გამაძლიერებელი პროდუქტების (ექსტრაქტები, სპეციები, ალკოჰოლი და სხ.) გამოყენების, სისხლის სტეროიდული ჰორმონების და ფირისებრი ჯირკვლის ჰორმონების დონის მომატების დროს. აღნიშნული პათოლოგია, როგორც წესი, უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ზოგიერთ შემთხვევაში ავადმყოფი უჩივის გულძმარვას, ბოყინს მჟავე გემოთი, შეკრულობას, ტკივილს ეპიგასტრიუმის არეში. დიაგნოზის დადგენა ხდება კუჭის ფრაქციული ზონდირების მეშვეობით ჰისტამინით ან პენტაგასტრინით სტიმულაციის ფონზე. დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება წყლულოვან დაავადებასთან და ზოლინგერ–ელისონის სინდრომთან. კუჭის ფუნქციონალური ჰიპერსეკრეციის მკურნალობა მოიცავს შრომის და დასვენების რეჟიმის დაცვას, ანტაციდური და სედაციური საშუალებების მიღებას.
კუჭის ფუნქციონალურ დარღვევებს აგრეთვე მიეკუთვნება აეროფაგია (კუჭის პნევმატოზი).
კუჭის ანთებითი დაავადებები შეიძლება იყოს არასპეციფიკური და სპეციფიკური. კუჭის ტუბერკულოზი გვხვდება ძალიან იშვიათად და, ჩვეულებრივ, თან ახლავს ტუბერკულოზურ პროცესს ფილტვებში, ხორხში, საყლაპავში, ნაწლავებში. დაავადება შესაძლებელია მიმდინარეობდეს წყლულოვანი ან ჰიპერტროფიული ფორმით, აგრეთვე პირველადი ტუბერკულოზური აფექტის სახით. აღნიშნული პათოლოგიის ძირითად სიმპტომებია ყრუ, იშვიათად წყლულოვანი დაავადების მსგავსი ტკივილები კუჭის არეში, დისპეფსიური დარღვევები. დიაგნოსტიკა შედარებით გაადვილებულია სხვა ორგანოების (განსაკუთრებით ფილტვების) ტუბერკულოზური დაზიანების არსებობის შემთხვევაში. მანტუს რეაქცია მკვეთრად დადებითია. კუჭის ამონარეცხ წყლებში შესაძლებელია აღმოჩენილ იქნას ტუბერკულოზის მიკობაქტერიები, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ისინი შესაძლებელია კუჭში მოხვდნენ ნახველის გადაყლაპვის შემთხვევაშიც. რენტგენოლოგიური და ენდოსკოპიური გამოკვლევით ვლინდება სპეციფიკური წყლულოვანი დეფექტები და ორგანოს ნაწიბუროვანი დეფორმაცია. კუჭის სეკრეტორული ფუნქცია დათრგუნულია აქილიის განვითარებამდეც კი. დიაგნოზის დაზუსტება ხდება დაზიანებული უბნის (მაგ., წყლულის კიდეების) დამიზნებითი ბიოფსიის და მიღებული მასალის შემდგომი მორფოლოგიური გამოკვლევის საფუძველზე. დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება წყლულოვან დაავადებასთან, კუჭის კიბოსთან, სიფილისურ დაზიანებასთან. მკურნალობა სპეციფიკურია. დამატებით ინიშნება დიეტა #1, სპაზმოლიზური და ქოლინოლიზური საშუალებები. კონსერვატული მკურნალობის არაეფექტურობის შემთხვევაში გართულებული ტუბერკულოზური წყლულები, აგრეთვე პილორუსის ნაწიბუროვანი დეფორმაცია წარმოადგენს კუჭის რეზექციის ჩვენებას.
კუჭის სიფილისი, როგორც წესი, ვლინდება დაავადების მეორეულ და მესამეულ პერიოდებში და შეადგენს სიფილისის ყველა შემთხვევის 0,5–0,8%. აღნიშნული პათოლოგია მამაკაცებში უფრო ხშირია, ვიდრე ქალებში. მირფოლოგიური სურათი დამოკიდებულია დაავადების პერიოდზე. მეორეული პერიოდისთვის დამახასიათებელია როზეოლურ–პაპულური გამონაყარი კუჭის ლორწოვან გარსზე, სიფილისური წყლულების და ორგანოს კედლის ინფილტრაციის არსებობა; მესამეული პერიოდისთვის დამახასიათებელია სიფილისური გუმების ან დიფუზური გრანულომატოზის არსებობა კუჭის შემდგომი შეჭმუხვნით. დაავადების სიმპტომატიკა არასპეციფიკურია. იგი შეიძლება მიმდინარეობდეს სიფილისური გასტრიტის სახით; ზოგჯერ კლინიკური სურათი მოგვაგონებს წყლულოვან დაავადებას ან კუჭის კიბოს. დიაგნოზის დადგენა ხორციელდება ანამნეზური მონაცემების, კუჭის რენტგენოლოგიური გამოკვლევის, გასტროსკოპიის (დამიზნებით ბიოფსიასთან ერთად), დადებითი სეროლოგიური რეაქციების საფუძველზე. მკურნალობა სპეციფიკურია. ისეთი გართულებები, როგორიცაა სიფილისური პილოროსტენოზი, კუჭიდან სისხლდენა წარმოადგენენ ოპერაციის ჩვენებას.
კუჭის სოკოვანი დაავადებები გვხვდებიან ძალიან იშვიათად. კუჭის კანდიდოზი, ჩვეულებრივ, წარმოადგენს კანდიდამიკოზური სეფსისის გამოვლინებას, შესაძლოა განვითარდეს პირის ღრუს დაზიანების შედეგად. კუჭის აქტინომიკოზი ვითარდება იმუნიტეტის მკვეთრი დათრგუნვის ფონზე. დაავადების განვითარებას ხელს უწყობს კუჭის წყლული, პილოროსტენოზი. ჩვეულებრივ, კუჭის სოკოვანი დაზიანებები მიმდინარეობენ კატარული ან ეროზიულ–წყლულოვანი გასტრიტის სახით. კლინიკურ სურათში ჭარბობს დისპეფსიური სინდრომი. დიაგნოზის დადგენა ხდება გასტროსკოპიის და დამიზნებითი ბიოფსიის მონაცემების, სპეციფიკური ვაქცინით და პოლისაქარიდული ანტიგენით სეროლოგიური რეაქციის, კუჭის წვენში სოკოს მიცელების აღმოჩენის საფუძველზე. მკურნალობა ტარდება სოკოს საწინააღმდეგო საშუალებებით (ნისტატინი, ლევორინი და სხ.), ინიშნება სპეციფიკური იმუნოსტიმულატორები (აქტინოლიზატი, აქტინომიცეტური პოლივალენტური შრატი).
დივერტიკულები (თანდაყოლილი ან შეძენილი) შეადგენენ კუჭის ყველა პათოლოგიის 0,01–0,05%; თანაბარი სიხშირით გვხვდება ქალებში და მამაკაცებში. უხშირესად განლაგებულნი არიან კუჭის კარდიალურ ნაწილში, იშვიათად მის ანტრალურ ნაწილში დიდ სიმრუდეზე და კუჭის სხეულის ქვედა მესამედში. მცირე ზომის დივერტიკულების კედელი შედგება ოთხი შრისგან. დიდი ზომის დივერტიულების კედლებში არ არსებობს კუნთოვანი გარსი ან შეიცავენ მხოლოდ ერთეულ გლუვკუნთოვან უჯრდებს. კუჭის თანდაყოლილი დივერტიკულები ჩვეულებრივ შერწყმულნი არიან სხვა ლოკალიზაციის დივერტიკულებთან; შეძენილი დივერტიკულები გვხვდებიან მაგ., ჰიპერმოტორული დისკინეზიების, პილოროსპაზმის, მეზობელ ორგანოებთან კუჭის შეხორცების დროს განვითარებული შეუჩერებელი ღებინების დროს. გაურთულებელი კუჭის დივერტიკულები უხშირესად მიმდინარეობენ უსიმპტომოდ. დივერტიკულის ჩამოყალიბებაზე მიუთითებს გულისრევის, ბოყინის, აეროფაგიის, დისფაგიის, ეპიგასტრიუმის არეში დისკომფორტის შეგრძნების და ყრუ ტკივილების გაჩენა. დივერტიკულის ძირის დაწყლულების შემთხვევაში ტკივილები ღებულობენ წყლულოვან ხასიათს. დივერტიკულის ფეხის გადაგრეხა და მისი პერფორაცია იწვევს მწვავე მუცლის კლინიკური სურათის ჩამოყალიბებას. დივერტიკულიდან სისხლდენა, როგორც წესი, მასიურ ხასიათს არ ატარებს, თუმცა შესაძლებელია გამოიწვიოს რკინადეფიციტური ანემიის განვითარება. აღწერილია დივერტიკულის მალიგნიზაციის შემთხვევები. დაავადების დიაგნოსტიკაში წამყვანი როლი ენიჭება რენტგენოლოგიური გამოკვლევის შედეგებს. ამასთან, მცირე ზომის დივერტიკულების დიფერენცირება ხდება წყლულოვან ნიშასთან, ხოლო ძალიან დიდი ზომის დივერტიკულების – კუჭის თანდაყოლილ გაორებასთან. გასტროსკოპია საშუალებას იძლევა ვიმსჯელოთ დივერტიკულის ლორწოვანი გარსის მდგომარეობაზე. გაურთულებელი დივერტიკულების შემთხვევაში მკურნალობა საჭირო არ არის. გართულებების დროს ნაჩვენებია დივერტიკულის ამოკვეთა. კუჭის დივერტიკულით დაავადებულები საჭიროებენ დისპანსერულ მეთვალყურეობას.
გასტროპტოზი (კუჭის დაწევა) შეიძლება იყოს თანდაყოლილი და შეძენილი. თანდაყოლილი გასტროპტოზი დაკავშირებულია მსხვილი ნაწლავის ჯორჯლის დაგრძელებასთან. შეძენილი გასტროპტოზი გამოწვეულია კუჭის იოგოვანი აპარატის გაჭიმვით მუცლის წინა კედლის კუნთების ჰიპოტონიის ფონზე (მაგ., წონაში მკვეთრად დაკლების, ასციტური სითხის ევაკუაციის, მუცლის ღრუს დიდი ზომის კისტების და სიმსივნეების მოცილების დროს). განასხვავებენ პარციალურ (ანტროპილოროპტოზი) და ტოტალურ გასტროპტოზს. არც თუ იშვიათად გასტროპტოზს თან ერთვის სხვა ორგანოების დაწევაც (ღვიძლის, განივი კოლინჯის, თირკმლების). პროცესის გამოხატულობის ხარისხის მიხედვით გამოყოფენ I ხარისხის გასტროპტოზს, რომლის დროსაც მცირე სიმრუდე მდებარეობს linea biiliaca–დან (ხაზი, რომელის გადის თეძოს ძვლების წინა ზედა კიდეების შემაერთებელ ხაზზე, რომელიც ერთმანეთისგან გამოყოფს ეპიგასტრიუმს და მეზოგასტრიუმს) 2–3 სმ მაღლა, II ხარისხის გასტროპტოზს (მცირე სიმრუდე ზემოთ მოცემული ხაზის დონეზეა) და III ხარისხის გასტროპტოზს (მცირე სიმრუდე აღნიშნული ხაზის დაბლაა). I და II ხარისხის გასტროპტოზი უსიმპტომოდ მიმდინარეობს. III ხარისხის გასტროპტოზს თან სდევს დისკომფორტის, სიმძიმის შეგრძნება, ყრუ ტკივილები ეპიგასტრიუმის არეში საკვების მიღების შემდეგ ირადიაციით წელის არეში, რაც განპირობებულია კუჭის იოგოვანი აპარატის გაჭიმვით. დათვალიერებისას ხშირად ვლინდება დაკიდული კუჭი, იშვიათად ისინჯება მთელი კუჭის ან მისი ნაწილის კონტურები. ორგანოს გადანაცვლება ასევე შესაძლებელია დადგინდეს ღრმა, მცურავი პალპაციის მეთოდით. რენტგენოლოგიურად აღინიშნება კუჭის განივი ზომების გაზრდა, დიდი და მცირე სიმრუდეების ერთმანეთთან დაახლოება, საკონტრასტო ნივთიერების პერისტალტიკის და ევაკუაციის შენელება, არც თუ იშვიათად, ორგანოს ქვედა პოლუსის განლაგება მცირე მენჯის ღრუში. ჰისტამინით სტიმულაციის ფონზე კუჭის სეკრეციის ფრაქციული გამოკვლევისას ხშირად აღინიშნება აქლორჰიდრია. გასტროპტოზის კონსერვატიული მკურნალობის კუთხით ძირითადი ადგილი უკავია სამკურნალო ფიზკულტურას, მუცლის მასაჟს, ბალნეოთერაპიას. რეკომენდირებულია ხშირი კვება მცირე ულუფებით, დიეტა #5, III ხარისხის გასტროპტოზის დროს – სპეციალური ბანდაჟის ხმარება.
კუჭის მწვავე გაგანიერება (კუჭის პარეზი ან ატონია) გვხვდება იშვიათად. პათოლოგიის ყველაზე ხშირ მიზეზს წარმოადგენს ოპერაციული ჩარევა მუცლის ღრუს ორგანოებზე. კუჭის მწვავე გაგანიერება შეიძლება განვითარდეს მიოკარდიუმის ინფარქტის, პილორუსის სტენოზის, კუჭის ტრამვების, მძიმე ინფექციური დაავადებების დროს. აღნიშნულ პათოლოგიას საფუძვლად უდევს კუჭის კუნთოვანი აპარატის დამბლა, რასაც თან სდევს ატონია და შეწოვის პროცესის მკვეთრი დარღვევა ორგანოს შენარჩუნებული სეკრეტორული ფუნქციის ფონზე. ავადმყოფები უჩივიან მკვეთრ ტკივლის მთელი მუცლის არეში, გულისრევას, შეუჩერებელ ღებინებას, წყურვილის შეგრძნებას. აღინიშნება კანის სიმშრალე, მოდუნება, შებოჭილობა, სწრაფად ვითარდება გაუწყლოვნების ნიშნები, დაავადებას ემატება გულ–სისხლძარღვთა ფუნქციის დარღვევაც. მუცელი შებერილია, ზომებში მნიშველოვნადაა მომატებული, პალპაციით ვლინდება შხეფის ხმიანობა. მუცლის წინა კედლის დაჭიმულობა და პერიტონეუმის გაღიზიანების სხვა ნიშნები არ აღინიშნება. დიაგნოსტიკის ძირითად მეთოდს წარმოადგენს რენტგენოლოგიური გამოკვლევა, რომლის დროსაც აღინიშნება დიაფრაგმის მაღლა დგომა; კუჭი უზარმაზარი ზომის (შესაძლებელია ეკავოს თითქმის მთელი მუცლის ღრუ) და მკვეთრად გაბერილია, შეიცავს დიდი რაოდენობით სითხეს. მკურნალობა კონსერვატიულია: ხორციელდება კუჭის მუდმივი დრენირება წვრილი ზონდის მეშვეობით, პარენტერალურად შეყავთ სითხეები, ელექტროლიტები, საკვები ხსნარები, ტარდება სიმპტომატური თერაპია. უკუნაჩვენებია საკვების მიღება, სპაზმოლიტიკების, ქოლინოლიტიკების, ნარკოტიკული ანალგეტიკების გამოყენება.

გაგრძელება იხ. >>


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter