კუჭი – ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები

ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები. კუჭი

გამოკვლევის მეთოდები. კუჭის დაავადებების დიაგნოსტიკაში დიდიმნიშვნელობა ენიჭება ანამნეზის შეგროვებას. ავადმყოფის გამოკითხვისას დგინდება ტკივილის ლოკალიზაცია, ხასიათი და ირადიაცია, კავშირი საკვების მიღებასთან და მის შემადგენლობასთან, ფიზიკურ დატვირთვასთან, აგრეთვე გულისრევის, ღებინების, გულძმარვის და სხვა დარღვევების არსებობა. ავადმყოფის ჩივილები აყალიბებენ ძირითად კლინიკურ სინდრომებს – ტკივილისმიერს ან დისპეფსიურს. აუცილებელია ყურადღება მიექცეს კვების პირობებსა და ხასიათს, მავნე ჩვევებს (ალკოჰოლის, თამბაქოს მოხმარება), სხეულის მასის დინამიკას, განავლის რეგულარულობასა და ხასიათს, კუჭის ლორწოვანი გარსის გამაღიზიანებელი სამკურნალო პრეპარატების ხანგრძლივ მიღებას და სხვ.

ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ მდგომარეობაში ავადმყოფის გასინჯვის დროს ეპიგასტრიუმის არეში შესაძლებელია აღმოვაჩინოთ საკვებით გადავსებული (პილოროსპაზმის დროს) ან აირებით გადაბერილი კუჭის ან მისი ნაწილების კონტურები, პერისტალტიკის პათოლოგიური გაძლიერება, ანტიპერისტალტიკა.
ზედაპირული საორიენტაციო პალპაცია საშუალებას იძლევა გამოვავლინოთ ლოკალური მტკივნეულობა, მუცლის წინა კედლის კუნთების დაჭიმულობა, აგრეთვე კუჭის დიდი ზომის სიმსივნე. ობრაზცოვ–სტრაჟენკო–ვასილენკოს მეთოდით ჩატარებული ღრმა, მცურავი პალპაციით შესაძლებელია გამოვიკვლიოთ კუჭის ორივე სიმრუდე და პილორუსი (ლოკალიზაცია, კონსისტენცია, მოძრაობის უნარი, მტკივნეულობა), განვსაზღვროთ სიმსივნე ან ინფილტრატი მოცემულ მიდამოში.

კუჭის სეკრეტორული ფუნქციის შეფასების მიზნით გამოიყენება ფრაქციული ზონდირება. კუჭის წვენის მჟავიანობის განსაზღვრა ასევე ხდება უზონდო მეთოდის – აციდოტესტის (გასტროტესტი), pH-მეტრიის, რადიოტელემეტრიის მეშვეობით. აციდოტესტი ეფუძნება 2,4–დიამინო–4–ეთოქსიაზოლბენზოლის შემცველი დრაჟეს მიღების შემდეგ შარდთან ერთად საღებავი ნივთიერების გამოყოფას (უკუნაჩვენებია ღვიძლის და თირკმლის ფუნქციის დაღღვევის, კუჭის რეზექციის დროს). შეფერილობის ინტენსივობა დამოკიდებულია კუჭის წვენში თავისუფალი მარილმჟავას რაოდენობაზე. შარდის ბუშტის პირველი დაცლის შემდეგ ავადმყოფი ღებულობს 1–2 აბ კოფეინს, რის შემდეგაც 1 საათში ხელმეორედ ხდება შარდის ბუშტის დაცლა (საკონტროლო შარდი). ამის შემდეგ მცირე რაოდენობით წყალთან ერთად ავადმყოფი დაუღეჭავად ყლაპავს 3 აბს, რის შემდეგაც 1,5 საათში ისევ ცლის შარდის ბუშტს (საათნახევრის სინჯი), მიღებული შარდის 5 მლ. ერევა იგივე რაოდენობის 25%–იან მარილმჟავას. კუჭის წვენის მჟავიანობის განსაზღვრა ხორციელდება წითელი ფერის საათნახევრიანი შარდის ინტენსივობის შედარებით სპეციალურ შკალასთან. ინფორმატიულობით აციდოტესტი ჩამოუვარდება ფრაქციულ ზონდირებას, ამიტომაც ითვლება საორიენტაციოდ.
უჯრედშიდა pH-მეტრია ხორციელდება ორარხიანი ზონდის მეშვეობით. ერთი pH-განმსაზვრელი, როგორც წესი, თავსდება კუჭის სხეულში, მეორე – ანტრალურ ნაწილში. კუჭის სხეულის მიდამოში მოთავსებული მიმღები გამოსახავს კუჭის ჯირკვლების მიერ მჟავას გამოყოფის ინტენსიობას, მეორე – გამოხატავს პილორუსის საერთო მჟავაგამოყოფის და გამატუტიანებელ უნარს. ბაზალური სეკრეციის, აგრეთვე მჟავიანობის განსაზღვრა ხდება სტიმულატორების შეყვანის შემდეგ. შესაძლებელია გამოყენებულ იქნას მიმღებების უფრო მეტი რაოდენობაც, რაც საშუალებას იძლევა განვსაზღვროთ მჟავიანობა კუჭის სხვადასხვა ნაწილში.
რადიოტელემეტრიული მეთოდი საშუალებას იძლევა, მჟავიანობის განსაზღვრასთან ერთად, შევისწავლოთ კუჭის მოტორიკაც. კუჭში შეყვანილი მინიატურული რადიოკაფსულიდან მიღებული სიგნალები გადაეცემა სპეციალურ მოწყობილობას და იწერება მოძრავ ფირზე.
გამოკვლევის ინსტრუმენტული მეთოდებიდან მთავარი როლი ენიჭება გასტროსკოპიას და რენტგენოლოგიურ გამოკვლევას. კუჭის რენტგენოლოგიური გამოკვლევა ტარდება კუჭის დაავადებაზე ეჭვის მიტანის დროს, აგრეთვე ავადმყოფის დისპანსერული მეთვალყურეობის მიზნით. აღნიშნული გამოკვლევის აბსოლიტური უკუჩვენებები არ არსებობს. კუჭის რენტგენოლოგიური გამოკვლევისას ხდება ბარიუმის სულფატის ხსნარით მისი ხელოვნური კონტრასტირება. გამოკვლევა, როგორც წესი, ტარდება უზმოზე, ჩვეულებრივ წინასწარი მომზადების გარეშე. მუცლის ღრუს მიმოხილვითი რენტგენოსკოპიის შემდეგ ხდება ლორწოვანი გარსის რელიეფის შესწავლა კუჭის მცირე ავსების პირობებში (ავადმყოფს ასმევენ რენტგენოკონტრასტული ნარევის 1 ყლუპს). მეორე ეტაპი – კუჭის გამოკვლევა მისი დიდი (მჭიდროდ) ავსების პირობებში (ავადმყოფი სვამს 200–400 მლ. რენტგენოკონტრასტულ ნარევს). ამის შემდეგ ხორციელდება ავადმყოფის მრავალღერძიანი რენტგენოლოგიური კვლევა, რომლის დროსაც ათვალიერებენ ორგანოს ყველა ნაწილის კონტურებს. გაშუქების პროცესში ხდება მიმოხილვითი და დამიზნებითი რენტგენოგრამების გადაღება (რენტგენის აპარატის ტუბუსით მუცლის წინა კედელზე ზეწოლით). იმისთვის ხომ მოხდეს კუჭის ყველა ნაწილის დათვალლიერება, გამოკვლევა ტარდება ავადმყოფის როგორც ვერტიკალურ, ასევე ჰორიზონტალურ მდებარეობაში. კუჭის გამოკვლევის შემდეგ აუცილებელია თორმეტგოჯა ნაწლავის გამოკვლევაც.
ლორწოვანი გარსის დეტალური გამოსახულების მიღება შესაძლებელია ორმაგი კონტრასტირების მეთოდის გამოყენებით, რომლის დროსაც დამატებით ხდება კუჭის ჰაერით გაბერვა (ზონდის მეშვეობით ჰაერის შეყვანის ან აირწარმომქნელი – შუშხუნა ნარევის მიღების გზით). ზოგიერთ შემთხვევაში (კუჭის ტონუსის ან მოტორიკის შეცვლის მიზნით) ავადმყოფის ორგანიზმში შეყავთ ფარმაკოლოგიური საშუალება. ტონუსის და პერისტალტიკის გაძლიერების მიზნით გამოიყენება აერონი, პროზერინი, პერისტალტიკური აქტივობის დაქვეითების და პილორუსის სპაზმის მოხნის მიზნით – ატროპინი, მეტაცინი.
განსაკუთებული ჩვენებების მიხედვით გამოსაყენებელ სპეციალურ რენტგენოლოგიურ გამოკვლევებს მიეკუთვნებიან პარიოეტოგრაფია და კუჭის სისხლძარღვების კონტრასტირება.
ზოგიერთ შემთხვევაში, კუჭის მოტორული ფუნქციის შესწავლის მიზნით გამოიყენება ელექტროგასტროგრაფია – კუჭის ელექტრული პოტენციალების რეგისტრაციაზე დაფუძნებული მეთოდი. კუჭის ევაკუატორული, სეკრეტორული და ექსკრეტორული ფუნქციის შესწავლის მიზნით, აგრეთვე, გამოიყენება გამოკვლევის რადიოიზოტოპური მეთოდები.

გაგრძელება იხ. >>


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.