კლინიკური ფარმაციის კავშირი მედიცინის სხვა დარგებთან

ლალი დათეშიძე. ,,კლინიკური ფარმაცია”

როგორც აღვნიშნეთ, კლინიკური ფარმაციის უპირველესი ამოცანა პრეპარატთა რაციონალური გამოყენების თეორიული და პრაქტიკული მექანიზმების შექმნაა.
კლინიკური ფარმაცია, უპირველეს ყოვლისა ფარმაციის დარგია და იგი სრულად იყენებს ფარმაცევტული მეცნიერებების რეზულტატებს.
დღეს, პრეპარატების დიდი სიუხვეა და თითქმის ყველა კონკრეტულ კლინიკურ სიტუაციაში შესაძლებელია პაციენტისათვის ათეულობით პრეპარატი შეირჩეს. ამოცანა მდგომარეობს, ამ პრეპარატთაგან ერთის გამოკვეთაში, რომელიც პაციენტს  დაენიშნება. მრავალ ალტერნატივათაგან ერთი ალტერნატივის შერჩევა მართვის თეორიის ამოცანაა, რომელიც მათემატიკური დარგია. ამდენად, კლინიკური ფარმაცია ეყრდობა მათემატიკურ დარგებს, მათ შორის – კომპიუტერულ მეცნიერებებს. კლინიკური ფარმაცევტის მუშაობა, მოითხოვს ფარმაკოლოგიის საკმაოდ ღრმა ცოდნას.

კლინიკური ფარმაცევტი საკმაოდ კარგად უნდა ერკვეოდეს დაავადებების არსსა და მისი მკურნალობის სტრატეგიებში. ამდენად, იგი ეყრდობა, სამკურნალო მეცნიერებებს.

ცალკე უნდა აღინიშნოს, კლინიკური ფარმაციისა და ფარმაკოეკონომიკის მიმართება. ფარმაკოეკონომიკა – ჯანმრთელობის დაცვის ეკონომიკის სფეროა, რომელიც სწავლობს სამკურნალო საშუალებების და ფარმაკოთერაპიის სხვადასხვა ვარიანტების კლინიკურ და ეკონომიკურ ალტერნატივებს. უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე ფარმაკოეკონომიკა  სწრაფად ვითარდება. ეს დაკავშირებულია ჯანდაცვის სისტემების სახელმწიფო რეგულირების გაძლიერების ტენდენციებთან, რაც მიმართულია სამკურნალო საშუალებების რაციონალური გამოყენებისკენ და ზედმეტი დანახარჯებისგან თავის შეკავებისკენ.
ანალიტიკური სააგენტოების მონაცემებით, სამკურნალო საშუალებების დანიშვნის დროს, ექიმთა უმეტესობა ეყრდნობა თავის საკუთარ გამოცდილებას აღნიშნულ პრეპარატის გამოყენებაზე (67,5%) და აღწერილი გვერდითი ეფექტების არსებობას (61,3%). სამკურნალო საშუალების ფასსა და ხარისხს შორის შესაბამისობას ან პრეპარატის ღირებულებას ითვალისწინებენ, შესაბამისად 57,9% და 50,2% შეთხვევებში.

ნებისმიერი დაავადების რაციონალური ფარმაკოთერაპია უნდა იყენებდეს ფარმაკოეკონომიკის ელემენტებს. კლინიკურ პრაქტიკაში ეს გამოიხატება პრეპარატების შერჩევის კრიტერიუმთა სიმრავლეში, პრეპარატის გამოყენების ღირებულების ჩართვით. იხ. სტატიები  “ფარმაკოთერაპია” >>>
“პრეპარატების შერჩევის კრიტერიუმები”  >>>

ნახაზზე გამოსახულია კლინიკური ფარმაციის მიმართება მეცნიერების სხვა დარგებთან. ზოგიერთ დარგთან კავშირი ორმხრივადაა აღნიშნული, ზოგიერთთან -არა. ამით გვინდოდა გვეჩვენებინა, რომ კლინიკური ფარმაცია, როგორც კვლევითი და გამოყენებითი დარგი, თავისი რეზულტატებით ამდიდრებს, უპირველეს ყოვლისა, ორმხრივი ისრებით მონიშნულ დარგებს..

ჩვენ ყურადღება, ცენტრალურ კავშირებზე გავამახვილეთ. კლინიკურ ფარმაციას, რეალურად კავშირი აქვს სამედიცინო და არასამედიცინო მრავალ დარგთან.

გაგრძელება იხ. >>>


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter