კბილები – ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები (2)

ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები. კბილები

დასაწყისი იხ. >>>

პათოლოგია მოიცავს ცალკეული კბილების ან მწკრივების განვითარების ანომალიებს, თანკბილვის ანომალიებს, კბილების და მის გარშემო არსებული ქსოვილების დაზიანებებს და დაავადებებს – კბილების კარიესი და მისი გართულებები: პულპიტი და პერიოდონტიტი, პაროდონტიტი, პაროდონტოზი.

განვითარების ანომალიები მოიცავენ კბილების ფორმის, ზომის, რაოდენობის, მდგომარეობის, აგრეთვე ამოჭრის ანომალიებს და სხ. ფორმების ანომალიების შემთხვევაში გამოყოფენ გვირგინის (წაწვეტებული, კუბური და სხ.) და ფესვის ანომალიებს. კბილების ზომების როგორც გაზრდა (მაკროდონტია, მეგალოდონტია), ასევე შემცირება (მიკროდონტია) იწვევს თანკბილვის, დიქციის დარღვევას, ტრემების (კბილებს შორის ნაპრალი) და დიასტემების (ნაპრალი ცენტრალურ საჭრელ კბილებს შორის) ჩამოყალიბებას, სხვა კბილების მდგომარეობების ცვლილებებს. კბილების რაოდენობის ანომალიები მოიცავენ მათი რიცხვის მომატებას ან შემცირებას. ზეკომპლექტური კბილების არსებობის შემთხვევაში (უფრო ხშირად მჭრელები, პრემოლარები და მოლარები), მათ შესაძლოა ჰქონდეთ შეცვლილი ფორმა, რაც გამოიხატება მწკრივებს მიღმა, მაგალითად ცხვირის ღრუში ან თვალბუდის კიდეზე, კბილების ჩაზრდით. კბილების რაოდენობის შემცირება, მათ სრულ არარსებობამდეც კი (ადენტია), იწვევს თანკბილვის პათოლოგიას, ალვეოლური წანაზარდების და ყბების, სახის (მოხუცის გამომეტყველება) დეფორმაციას. განლაგების ანომალია (დისტოპია) გამოიხატება მწკრივებს მიღმა ზოგიერთი კბილის (უფრო ხშირად ეშვების და პრემოლარების) ჩაზრდით, რაც შეიძლება განპირობებული იყოს სარძევე კბილების ადრეული ექსტრაქციით (მაგალითად, კარიესის შემთხვევაში) და იწვევს თანკბილვის, მეტყველების დარღვევას, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ტრავმატიზაციას და სხ.

ზემოთჩამოთვლილი ანომალიების დროს მკურნალობა ტარდება მხოლოდ კბილების მნიშვნელოვანი ცვლილებების არსებობის შემთხვევაში, რაც იწვევს მათი ფუნქციების დარღვევას. გვირგვინების ფორმის გამოხატული დარღვევების ან მიკროდონტიის შემთხვევაში ხორციელდება კბილებზე ხელოვნური გვირგვინების გადაკვრა; აგრეთვე ხდება ზეკომპლექტური ან ანომალურად განლაგებული კბილების მოცილება; კბილების რაოდენობის შემცირების ან მათი სრული არარსებობის შემთხვევაში ნაჩვენებია პროთეზირება. ხშირად გამოიყენება ორთოდონტული მკურნალობა.
კბილების ამოჭრის ანომალიები მოიცავს როგორც ნაადრევ ამოჭრას, აგრეთვე მის დაგვიანებას (რეტენცია). ნაადრევი ამოჭრა შესაძლოა აღენიშნებოდეთ ახალშობილებს. მუდმივი კბილების დაჩქარებული ამოჭრა ვითარდება ნეიროფიბრომატოზის, რაქიტის ან ენდოკრინული დაავადებების ფონზე. ახალშობილებში კბილების ნაადრევი ამოჭრის შემთხვევაში ხდება მათი მოცილება ან პლასტმასის საფარველით დაფარვა, რამეთუ ისინი ხელს უშლიან ძუძუთი კვებას.
კბილების რეტენციის, რომელიც ხშირად ვლინდება მუდმივი თაკბილვით (ზედა ეშვები, ქვედა მეორე პრემოლარები და ქვედა მოლარები), მიზეზი შეიძლება იყოს კბილის ჩანასახის არასწორი ჩასახვა ან ტრავმირება, მისი გადანაცვლება, კბილის რკალში არსებული არასაკმარისი ადგილი, ანთებითი პროცესები, თანდაყოლილი სიფილისი, ენდოკრინული დაავადებები. რეტენციული კბილი, ხშირად ხელს უწყობს ფოლიკულური კისტის წარმოქმნას. ბავშვებში, ყბა–სახის სისტემის მეორადი ცვლილებების პროფილაქტიკის მიზნით, რეტენციის მკურნალობა რაც შეიძლება ნაადრევად უნდა დაიწყოს. ხორციელდება რეტენირებული კბილის მოცილება ან ორთოდონტული მეთოდების გამოყენება.
რიგ შემთხვევებში აღინიშნება კბილების გაძნელებული ამოჭრა (უფრო ხშირად ქვედა მესამე მოლარების), რაც შეიძლება განპირობებული იყოს ყბების, ალვეოლური წანაზარდების განვითარების დარღვევით. ამასთან, როგორც წესი, ხორციელდება მხოლოდ მედიალური ბორცვების ამოჭრა, ხოლო გვირგვინის დანარჩენი ნაწილი დაფარულია ლორწოვანი გარსით – ე.წ. ”კაპიუშონით”. ამ უკანასკნელის ქვეშ საკვების დაგროვება იწვევს გვირგვინის მფარავი ღრძილის ანთებას – პერიკორონიტს, რომელიც შესაძლოა გართულდეს ყბის ძვალსაზრდელქვეშა აბსცესის ფორმირებით. მკურნალობა მიმართულია ანთებითი პროცესის ლიკვიდაციისაკენ. ღრძილის ჯიბის ამორეცხვა ხორციელდება ანტისეპტიკური ხსნარებით – 3 %–იანი წყალბადის ზეჟანგის ხსნარი, 1%–ინაი ქლორამინის, 0,1% ეტაკრიდინის ლაქტატის (რივანოლის) ხსნარები და სხ., შეყავთ ლიზოციმის ხსნარი, ხოლო ანთებითი ექსუდატის უკუდინების გაუმჯობესების მიზნით, ღრუში ათავსებენ ვაზელინის ზეთით და იოდოფორმით გაჟღენთილ მარლის ნაჭერს. აუცილებლობის შემთხვევაში მიმართავენ ”კაპიუშონის” გაკვეთას (ანთებითი პროცესის არარსებობის შემთხვევაში მთლიანად იღებენ მას), ჭრილობას ამორეცხვას ზემოთჩამოთვლილი ხსნარებით და დრენირებას. ინიშნება ანალგეტიკები, ჰიპომასენსიბილიზირებელი პრეპარატები, ფიზიოთერაპიული პროცედურები.
კბილების ჩანასახებში, ჩანასახის ან ბავშვის ორგანიზმში მინერალური და ცილოვანი ცვლის გადახრებით განპირობებული მეტაბოლიზმის დარღვევების გამო, ვითარდება კბილების მკვრივი ქსოვილების სტრუქტურული ანომალია – ჰიპოპლაზია.

მას შეიძლება ჰქონდეს სისტემური, ადგილობრივი ან კეროვანი (გვერდით განლაგებული სარძევე კბილების და მათი ჩამნაცვლებელი მუდმივი კბილების დაზიანება) ხასიათი. ჰიპოპლაზია გამოხატულია ემალზე ლაქების, ორმოების, ღარების არსებობით, კბილების ფორმის და ფერის ცვლილებებით, ფესვების განუვითარებლობით.
ჰიპოპლაზიის ერთ–ერთ ვარიანტს წარმოადგენს გვირგვინის შეფერილობის ცვლილება, რასაც ადგილი აქვს კბილების ფორმირების პროცესში ტეტრაციკლინური რიგის ანტიბიოტიკების ხმარებისას (ტეტრაციკლინური კბილები).
დაზიანების ხასიათიდან გამომდინარე, კბილების გათეთრება ხორციელდება ქლორწყალბადმჟავის ან წყალბადის ზეჟანგის ხსნარის მეშვეობით, ატარებენ კბილების კვარცირებას შემდგომი რემინერალიზაციური თერაპიით, რაც გამოიყენება ლაქოვანი, ბჟენით სტადიაში მყოფი კარიესის დროს ან მათი დაფარვა ხორციელდება ხელოვნური გვირგვინების გამოყენებით.

ჰიპოპლაზიის სახესხვაობას  წარმოადგენს ენდემური ფლუოროზი,  რომელიც ყალიბდება მომატებული  რაოდენობით ფტორის შემცველი  სასმელი წყლის ხმარებისას. კბილების  ემალზე ჩნდება ცარცისებური, ყვითელი  ან მონაცრისფრო ლაქები, გვირგვინის  დეფექტები, ეროზიები, დეფორმაციები.
სასმელ წყალში 1,5 მგ/ლ–ზე მეტი კონცეტრაციის ფტორის არსებობის შემთხვევაში უნდა ჩატარდეს წყლის დეფტორირება, მაგალითად მისი ადუღების, დალექვის ან გაყინვის მეშვეობით. რეკომენდირებულია ძუძუთი ხანგრძლივი კვება, წვენების გამოყენება. ხდება ლაქების გათეთრება, დეფექტების დაბჟენა. კბილებს აკრავენ ხელოვნური გვირგვინებს.
რიგ შემთხვევებში გვხვდება ემალის და დენტინის განვითარების თანდაყოლილი ანომალიები (კაპდეპონის დისპლაზია ანუ სტეინტონ–კაპდეპონის სინდრომი), რომელიც ხასიათდება გვირგვინის შეფერილობის ცვლილებით (მოწყლო–მონაცრისფრო სადაფისებური ბზინვარებით), ამოჭრისთანავე ემალის გამკვრივებით, კბილების პროგრესირებადი ცვეთით. გაშიშვლებული დენტინი იძენს გამჭვირვალე შესახედაობას მოყვითალო–ყავისფერი ელფერით, კბილების ღრუები ობლიტირებულია, ფესვები დამოკლებული, სუსტად რეაგირებენ მექანიკურ, ქიმიურ და ტემპერატურულ გამაღიზიანებლებზე. დაქვეითებულია პულპის ელექტროაგზნებადობა. რენტგენოგრამაზე, ფესვების მწვერვალებში ვლინდება ძვლოვანი ქსოვილის რეზორბციის კერები. მკურნალობა მოიცავს კბილების დაფარვას ხელოვნური გვირგვინებით ან პროთეზირებას.
კბილების დაზიანება შეიძლება იყოს მწვავე და ქრონიკული. მწვავე დაზიანებებს მიეკუთვნებიან კბილების ტრავმირება, ამოვარდნილობა, მოტეხილობა. კბილების ტრავმირება ხასიათდება პერიოდონტის და ნერვულ–სისხლძარღვოვანი კონის დაზიანებით, მას შესაძლოა თან სდევდეს პულპის სიკვდილი; კბილბუდეებში კბილების განლაგება უცვლელია. დამახასიათებელია ტკივილები კბილების ერთმანეთზე დადების, პერკუსიის დროს, აღინიშნება კბილების მოძრაობა. პულპის მდგომარეობის განსაზღვრის მიზნით აფასებენ მის ელექტროაგზნებადობას: ტრავმირებიდან პირველ დღეებში ეს მაჩვენებელი შესაძლოა შემცირდეს, შემდგომ კი ნორმას უბრუნდება. 2–3 კვირის შემდეგ ხდება ელექტროაგზნებადობის ხელმეორედ განსაზღვრა. ტრავმირების დროს კბილებისთვის უნდა უზრუნველყოთ სიმშვიდე, გამოვრიცხოთ მაგარი საკვები. პულპის ნეკროზის შემთხვევაში ხდება მისი მოცილება და არხის დაბჟენა.
კბილების (უფრო ხშირად სარძევე კბილების) ამოვარდნილობა ვითარდება მექანიკური ტრამვის შედეგად, თან სდევს პერიოდონტის დაზიანება იმ ბოჭკოების მთლიანობის დარღვევით, რომლებიც ამაგრებენ კბილებს კბილბუდეეში, რის შედეგადაც კბილები იცვლიან მათთვის ჩვეულ მდებარეობას (არასრული ამოვარდნა) ან მთლიანად ვარდებიან კბილბუდიდან (სრული ამოვარდნილობა). არასრული ამოვარდნილობის დროს ფესვი ნაწილობრივ გადანაცვლებულია ალვეოლიდან, აღინიშნება ტკივილი კბილების ერთმანეთზე დადების დროს, ღეჭვის გაძნელება, გამოხატულია კბილების მოძრაობა. მუდმივი კბილების არასრული ამოვარდნილობის შემთხვევაში, ხდება მისი მართებული მდგომარეობის აღდგენა და ფიქსირება ლიგატურების, სალტეების ან დამჭერების მეშვეობით. ნეკროზულ პულპას აცილებენ, ხოლო არხს ბჟენიან. სარძევე კბილების შემთხვევაში, ჩვეულებრივ, ხდება მათი მოცილება. სრული ამოვარდნილობის შემთხვევაში, ტრამვიდან პირველი სამი დღის განმავლობაში (პერიოდონტის ანთების და ფესვის რეზორბციის არარსებობის პირობებში) ნაჩვენებია რეპლანტაცია. თუკი რეპლანტაცია ტარდება ტრამვიდან 15–20 წუთის განმავლობაში, კბილების შეხორცების შემდეგ ხდება პულპის მოცილება. სხვა შემთხვევებში, ხდება ამოვარდნილი კბილის ფესვის არხის წინასწარი დაბჟენა, შემდეგ ფესვი თავსდება ბუდეში და მას აფიქსირებენ დამჭერების ან ორთოდონტული აპარატის მეშვეობით.
ზოგჯერ გვხვდება ჩასობილი ამოვარდნილობა, როდესაც ადგილი აქვს კბილბუდიდან ყბის მიმართულებით კბილების გადანაცვლებას, რასაც თან სდევს კბილების ალვეოლის დაშლა. კბილების მდგომარეობის განსაზღვრა ხდება მხოლოდ რენტგენოგრამის მეშვეობით. პულპა ჩვეულებრივ კვდება. კბილები თავისით გადმოინაცვლებენ წინ და იკავებს მათთვის ჩვეულ ადგილს, რის შემდეგაც ხდება პულპის მოცილება და არხის დაბჟენა. თუკი კბილი თავისით არ მოთავსდა მისთვის ჩვეულ ადგილას, გამოიყენება მკურნალობის ორთოდონტული მეთოდები. კბილების მნიშვნელოვანი გადანაცლების, პერიოდონტის ანთების, სარძევე კბილის მუდმივის ჩანასახში შეჭრის შემთხვევებში, ხდება ამოვარდნილი კბილის მოცილება, შემდგომი რეპლანტაციით.
კბილების მოტეხილობა ხასიათდება მისი ნაწილის ჩამოტეხვით. გვირგვინის მოტეხილობის შემთხვევაში, თუკი მოტეხილობის ხაზი მდებარეობს ემალის და დენტინის ფარგლებში და პულპა გაშიშვლებული არ არის, ნაჩვენებია ისეთივე დაბჟენა, როგორც კარიესის დროს. თუკი მოტეხილობის ხაზი გადის კბილების ღრუს გვირგვინოვან ნაწილზე, რასაც თან სდევს პულპის გაშიშვლება, მკურნალობა იგივეა, რაც პულპიტის დროს, ხოლო პულპის ნეკროზის შემთხვევაში – როგორც პერიოდონტიტის დროს.
კბილების ფესვების მოტეხილობის შემთხვევაში აღინიშნება ტკივილი მათი ერთმანეთზე დადების და კბილების გვირგვინის მოძრაობის დროს. დიაგნოზი დადგენა ხდება რენტგენოგრამის მონაცემების საფუძველზე. გვირგვინის ჩამოტეხვის დროს პულპის ნეკროზის შემთხვევაში, ხდება ამ უკანასკნელის მოცილება და არხის დაბჟენა. კბილების ყელის მიდამოში ფესვის მოტეხილობის დროს, გვირგვინის ნატეხს და ფესვის პულპას აცილებენ, ხოლო არხებს ბჟენიან. ალვეოლის მიდამოში ფესვის მოტეხილობის შემთხვევაში ხორციელდება გვირგვინის ნატეხების და ფესვის რეპოზიცია შტიფტის მეშვეობით, რასაც თან სდევს ფესვის არხის დაბჟენა. კბილების მოტეხილობის დროს ნაჩვენებია ანტაგონისტებთან მათი კონტაქტის თავიდან აცილება ემალის გახეხვის გზით.
კბილების ქრონიკულ დაზიანებებს მიეკუთვნებიან დეფექტები, კბილების საჭრელი კიდეების გაცვეთა, მყარი ქსოვილების ეროზიები (ეს უკანასკნელი ხშირად თან ახლავს ენდოკრინულ პათოლოგიას). დეფექტების გაჩენა დამახასიათებელია იმ პირებში, რომლებიც, მაგალითად, მიჩვეულნი არიან კბილებში ფანქრის ჩადებას, კბილებით ძაფის მოწყვეტას. მყარი ქსოვილების გაცვეთა ვითარდება ღეჭვის პროცესში, რისი გაძლიერების შედეგადაც მან შეიძლება მიიღოს პათოლოგიური ხასიათი. აღნიშნული პათოლოგიით დაავადებულებს აღენიშნებათ კბილების საჭრელი კიდეების და ბორცვების, ემალის და დენტინის ლოყის ზედაპირების განლევა, ზოგჯერ გვირგვინის ფუძის დონემდე, რასაც თან სდევს მომატებული მგრძნობელობა. პროცესის პროგრესირებისას შეიძლება ჩამოყალიბდეს თანკბილვის და საფეთქელ–ქვედა ყბის სახსრის პათოლოგია.

ეროზიები ვლინდება კბილის ვესტიბულურ ზედაპირზე (რომელიც ესაზღვრება ლოყას ან ტუჩს) ლამბაქის ფორმის დეფექტების სახით, აღინიშნება ჰიპერესთეზიები.
საშუალო და ხანშიშესული ასაკის პირებში კბილების ქსოვილების დისტროფიის შედეგად, არც თუ იშვიათად, წარმოიქმნება სოლისებური დეფექტი. პროცესი მოიცავს ემალს და დენტინს. დაზიანებას ყელის მიდამოში გააჩნია სოლისებური ფორმა, მისი ზედაპირი გლუვი და მბზინავია. აღინიშნება ჰიპერესთეზია, შეიძლება განვითარდეს გვირგვინის მოტეხილობა. დაზიანება შესაძლოა განპირობებული იყოს იონიზირებული გამოსხივებით (მაგალითად, სახის სიმსივნეების სხივური თერაპიის შემთხვევაში), ელექტრული დენით, ულტრაბგერით, ლაზერული გამოსხივებით. დამახასიათებელია პულპის უპირატესი დაზიანება, ვლინდება ემალის და დენტინის ნახეთქები და სხვა დეფექტები, ლაზერის მოქმედების შემთხვევაში – კბილის ქსოვილების გალღობა, წვა, აორთქლება.
ზემოთჩამოთვლილი ქრონიკული დაზიანებების მკურნალობის დროს, შეძლებისდაგვარად, უნდა გამოვრიცხოთ დამაზიანებელი ფაქტორის ზემოქმედება. ზედაპირული დაზიანებების შემთხვევაში ტარდება რემინერალიზაციური თერაპია, ღრმა დეფექტების დროს ხდება კბილების დაბჟენა, გამოიყენება ხელოვნური გვირგვინები ან პროთეზირება. გარდა ამისა ნაჩვენებია ზოგადი მკურნალობაც – ვიტამინების, კალციუმის გლიცეროფოსფატის მიღება. სოლისებური დეფექტის დროს თავი უნდა ავარიდოთ კბილის ჯაგრისის ჰორიზონტალურ მოძრაობას კბილების წმენდის დროს.
კბილების დაზიანების მიზეზი შეიძლება იყოს პროფესიული ფაქტორებიც. სუპერფოსფატის და ალუმინის ქარხნებში, აგრეთვე მინისა და ხის გადამამუშავებელ მრეწველობაში მომუშავეებს ხშირად აღენიშნებათ გვირგვინის მოტეხილობები, ნახეთქები, კბილების პათოლოგიური ცვეთა. აიროვანი სახით, გარემოში არსებული მჟავა პროდუქტების ზეგავლენით ვითარდება მჟავა ნეკროზი – ემალის დაზიანება, რაც ხასიათდება მისი დემინერალიზაციით. დაავადება გამოხატულია ემალის გამოხატული ხორკლიანობით, ფერის და ბზინვარების ცვლილებებით, მისი გალღობით, განსაკუთრებით ყელის მიდამოში, ჰიპერესთეზიით ყველა სახის გამაღიზიანებლებზე. სამკურნალო ღონისძიებები იგივეა, რაც კბილების სხვა ქრონიკული დაზიანებების დროს. პროფილაქტიკის მიზნით აუცილებელია ჰიგიენის წესების დაცვა, პირის ღრუს გეგმიური სანაციების ჩატარება, ტექნოლოგიების ნორმატივების და პროფესიონალური ჰიგიენური მოთხოვნების დაცვა, მათ შორის დამცავი საშუალებების გამოყენება, ნატრიუმის ჰიდროკარბონატის 2%–იანი ხსნარით პირის ღრუს გამოვლება, სრულყოფილი კვება, კალციუმის პრეპარატების და ვიტამინების მიღება.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.