კბილები – ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები

ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები. კბილები

გამოკვლევის მეთოდები. კბილების გამოკვლევა ხორციელდება სტომატოლოგიურ კაბინეტში, ამასთან პაციენტი მოთავსებულია სტომატოლოგიურ სავარძელში, ხოლო ექიმი განლაგებულია მისგან მარჯვნივ. გამოკვლევა იწყება ანამნეზის შეგროვებით. ტკივილებზე ჩივილების არსებობის შემთხვევაში (ოდონტალგია) დგინდება მათი ხასიათი, ლოკალიზაცია, ინტენსივობა, ხანგრძლივობა, გამოვლინების პერიოდულობა და მიზეზი. ასე მაგალითად, კარიესის დროს ტკივილი ვლინდება მხოლოდ გამაღიზიანებლების ზემოქმედების მომენტში; სხვადასხვა გამაღიზიანებლების, უპირველეს ყოვლისა კი ტემპერატურის მიმართ კბილების მომატებული მგრძნობელობა, რომელიც გამოიხატება ტკივილის ფენომენით (ჰიპერესთეზია), დამახასიათებელია ეროზიებისთვის, სოლისებური დეფექტისთვის, პათოლოგიური გაცვეთისთვის.

ღამის საათებში ტკივილის ინტენსიური შეტევები, როგორც წესი, დამახასიათებელია პულპიტისთვის, კბილების ერთმანეთზე დადების დროს განვითარებული ტკივილი მიუთითებს პერიოდონტში არსებულ პათოლოგიურ პროცესზე. დგინდება ადრე ჩატარებული მკურნალობის ხასიათი, ფასდება მისი ეფექტურობა, ადგენენ ადრე გადატანილ და არსებულ დაავადებებს, სამკურნალო პრეპარატების (უპირველეს ყოვლისა ანესთეტიკების) მიმართ მომატებულ მგრძნობელობას, ყოფა–ცხოვრების პირობების თავისებურებებს, პროფესიული მავნებლობის და მავნე ჩვევების არსებობას და ხასიათს.
ობიექტური გამოკვლევა იწყება დათვალიერებით, რომლის ჩატარებაც უმჯობესია დღის ან სტომატოლოგიური განათების პირობებში. ყურადღება ექცევა ავადმყოფის შესახედაობას, სახის კონფიგურაციას და სიმეტრიას. ხდება ყბისქვეშა და კისრის ლიმფური კვანძების მდგომარეობის შეფასება. პერიოდონტში მიმდინარე ანთებით პროცესებს შეიძლება თან სდევდეს მათი გადიდება, მოძრაობის უნარი, მტკივნეულობა. პირის ღრუს დათვალიერება ხორციელდება სტომატოლოგიური სარკის, ზონდის, პინცეტის ან შპატელის მეშვეობით. პირის ღრუს შესავალს ათვალიერებენ ერთმანეთზე დადებული კბილების პირობებში, ყურადღებას აქცევენ ლორწოვანი გარსის ფერს. პერიოდონტის ანთების დროს შეიძლება აღინიშნებოდეს პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაბერილობა, ჰიპერემია და შეშუპება ან ფისტულის არსებობა. გარდამავალი ნაოჭის პალპაცია საშუალებას იძლევა დადგინდეს ალვეოლური წანაზარდის კორტიკალური ფირფიტის დეფექტი, მტკივნეულობა კბილის ფესვის საპროექციო მიდამოში, რაც, აგრეთვე, დამახასიათებელია პერიოდონტის პათოლოგიისთვის. დათვალიერების დროს ხორციელდება მწკრივში კბილების მდებარეობის და ფერის, მეზობელ და ანტაგონისტ კბილებს შორის კონტაქტების არსებობის, ბჟენების, კბილის პროთეზების ხარისხის შეფასება. კბილების მყარი ქსოვილების მდგომარეობის გამოკვლევა ხორციელდება ზონდირების მეშვეობით. ქსოვილების დეფექტის არსებობის შემთხვევაში, კბილების ზედაპირზე ზონდის გადაადგილება გაძნელებულია. ზონდირების საშუალებით დგინდება კარიოზულ ღრუებსა და კბილების ღრუებს შორის კავშირის არსებობა, რაც დამახასიათებელია პულპიტისთვის და პერიოდონტიტისთვის. ზონდირების დროს ტკივილის არსებობა მიუთითებს კარიესზე, კბილის ქსოვილების ეროზიაზე, სოლისებურ დეფექტზე და ა.შ.

გამოხატული ტკივილის ფენომენი  აღინიშნება კარიოზული ღრუს ფსკერის და  პულპიტის დროს გაშიშვლებული პულპის  ზონდირების დროს, მაშინ როცა  პერიოდონტიტი ხასიათდება ტკივილის  არარსებობით აღნიშნული მანიპულაციის  ჩატარების დროს.
კბილების პერკუსია საშუალებას იძლევა  დავადგინოთ პათოლოგიური პროცესების  არსებობა პერიოდონტში. ნორმაში, კბილის  საღეჭ ზედაპირებზე ან საჭრელ კიდეებზე  მსუბუქი, თანაბარი დარტყმები არ იწვევენ  გამოხატულ ტკივილს. კბილების პალპაციის  დროს ვერტიკალური მიმართულებით  გამოვლენილი მტკივნეულობა მიუთითებს  პათოლოგიური პროცესის არსებობაზე  პერიოდონტში, კბილის მწვერვალის მიდამოში, ხოლო ჰორიზონტალური მიმართულებით – პაროდონტიტის არსებობაზე.
სტომატოლოგიური პინცეტის მეშვეობით დგინდება კბილების მოძრაობის ხარისხი. I ხარისხის მოძრაობის დროს კბილების გადაადგილება ხორციელდება ვესტიბულურ–ორალური მიმართულებით, II ხარისხის მოძრაობის შემთხვევაში – ვესტიბულურ–ორალური და მედიალურ–დისტალური მიმართულებით, ხოლო III ხარისხის მოძრაობის დროს კბილების გადანაცვლება ხორციელდება ყველა მიმართულებით, მათ შორის მისი ღერძის პარალელურადაც.
პულპის დაზიანების გამოვლენის მიზნით გამოიყენება ელექტროოდონტოდიაგნოსტიკა (პულპის ნერვული რეცეპტორების ელექტროაგზნებადობის გამოკვლევის მეთოდი). გამოკვლევა ტარდება შემდეგი აპარატებით – ЭОМ-1, ЭОМ-3, ОД-2М. პირის ღრუს გულდასმით გამოშრობის შემდეგ (რომ არ მოხდეს ელექტრული დენის კონტაქტი ნერწყვთან ან ღრძილთან), აპარატის აქტიურ ელექტროდს ათავსებენ კარიოზული ღრუს, საჭრელი კიდის ან კბილის ბორცვის ზედაპირზე. ელექტროდის მოთავსება აგრეთვე შესაძლებელია ლითონის ბჟენზეც (ცემენტის ან პლასტმასის ბჟენები დენს არ ატარებენ). პასიური ელექტროდი ხელში უჭირავს ავადმყოფს. გამოკვლევა ტარდება 3–4 წერტილში. ჯანმრთელი კბილების პულპა რეაგირებს 2–6 მკ/ა სიდიდის დენზე, 7–60 მკ/ა დენის ძალის ზემოქმედებაზე რეაქციის არარსებობა მეტყველებს უპირატესად გვირგვინოვანი პულპის დაზიანებაზე, ხოლო 60–100 მკ/ა სიდიდის დენზე – ფესვის პულპის დაზიანებაზე. 100–200 მკ/ა დენის ძალაზე პულპის აგზნებადობის არარსებობა მიუთითებს მის სრულ სიკვდილზე. ამასთან, დენზე რეაგირებენ პერიოდონტის ნერვული რეცეპტორებიც. პაროდონტოზის, სამწვერა ნერვის ნევრიტის დროს, ზოგჯერ, აღინიშნება პულპის მგრძნობელობის მომატება, რომელიც რეაგირებს 1,5–0,5 მკ/ა–ზე დაბალ დენის ძალაზეც კი.
ანალოგიური მიზნით, აგრეთვე, გამოიყენება თერმოდიაგნოსტიკა (ტემპერატურულ გამაღიზიანებლებზე – ცივი ან ცხელი წყალი, სამედიცინო ეთერი – კბილების რეაქციის განსაზღვრა). გამაღიზიანებლების ზემოქმედების მომენტში წარმოქმნილი ხანმოკლე ტკივილი დამახასიათებელია კარიესისთვის, გამაღიზიანებლების მოცილების შემდეგ ტკივილის შენარჩუნება მიუთითებს პულპიტის არსებობაზე.
დიდი მნიშვნელობა ენიჭება კბილების რენტგენოლოგიურ გამოკვლევას. მისი მეშვეობით ხორციელდება კარიოზული დეფექტების დადგენა, რომელთა აღმოჩენაც ვერ ხერხდება კბილების დათვალიერების შედეგად (კბილების ფესვების პროქსიმალურ ზედაპირებზე და ყელში, გვირგვინის და ბჟენების ქვეშ), კბილების ღრუების მდგომარეობის შეფასება და მათი ურთიერთქმედება კარიოზულ დეფექტებთან (თუკი სხვა მეთოდებით ამის დადგენა ვერ ხერხდება), კარიოზული კბილების ირგვლივ და პაროდონტში ძვლოვანი ცვლილებების გამოვლენა, ფესვების და არხების ანატომიური თავისებურებების დადგენა, მკურნალობაზე კონტროლის განხორციელება, პათოლოგიურ წარმონაქმნებთან (მოტეხილობის ნაპრალთან, კისტების ან სიმსივნეების ღრუებთან) კბილების ურთიერთდამოკიდებულების განსაზღვრა, რაც აუცილებელია მკურნალობის ტაქტიკის შერჩევისთვის. ბავშვებში, რენტგენოლოგიური გამოკვლევის მეშვეობით ხორციელდება კბილების ჩანასახების შეფასება, მათი განლაგება და მომწიფების ხარისხის დადგენა. გამოიყენება პირშიდა და პირგარეთა რენტგენოგრაფია, ტომოგრაფია (პანტომოგრაფია) და პანორამული რენტგენოგრაფია დენტალურ და სპეციალურ რენტგენოლოგიურ აპარატებზე. გამოკვლევის მიზნებიდან გამომდინარე, პირშიდა რენტგენოგრაფია ხორციელდება განსხვავებული მეთოდებით. ასე მაგალითად, ფესვების, არხების და ფესვის მწვერვალების გარშემო არსებული ძვლოვანი ქსოვილის მდგომარეობის განსაზღვრის მიზნით გამოიყენება კონტაქტური, ახლოფოკუსირებული, პერიაპიკალური სურათი. კარიესის და პაროდონტის ცვლილებების გამოვლენის მიზნით გამოიყენება ინტერპროქსიმალური რენტგენოგრაფია სპეციალური ფირდამჭერებით. ღებინების მომატებული რეფლექსის არსებობის შემთხვევაში ან კბილების მწკრივების უფრო ვრცლად დათვალიერების მიზნით, 4–5 სმ–ის ფირს ათავსებენ კბილებს შორის და ახდენენ რენტგენოლოგიური სურათის გადაღებას. პირგარეთა, ირიბი რენტგენოგრაფიის მეშვეობით ერთდროულად ღებულობენ მრავალი კბილის და ყბების ძვლების სურათს. პანტომოგრაფია, მინიმალური დასხივების პირობებში, იძლევა ალვეოლური წანაზარდების და კბილების კიდითი ნაწილების მკვეთრ გამოსახულებას. იგი წარმოადგენს კვლევის ოპტიმალურ მეთოდს ბავშვებში და პაროდონტის დაავადებების დიაგნოსტიკის დროს. პანორამული რენტგენოგრაფია საშუალებას იძლევა დადგინდეს ძვლოვანი ცვლილებების დეტალები.
პირველადი დათვალიერების დროს, აგრეთვე პროტეზირების წინ, რეკომენდირებულია კბილების ორივე მწკრივის რენტგენოგრაფიის ჩატარება, რისთვისაც, მოზრდილებში გამოიყენება პირგარეთა რენტგენოგრაფია ან პანტომოგრაფია, ხოლო ბავშვებში – პანტომოგრაფია. კბილების მკურნალობის და დინამიკური დაკვირვების პროცესში გამოიყენება ერთჯერადი პირგარეთა რენტგენოგრამები. რენტგენოგრაფიის ჩატარება აუცილებელია პულპიტის, საშუალო და ღრმა კარიესის მკურნალობის, კბილების ექსტრაქციის დროს ფესვების ანკილოზის ან ჰიპერცემენტოზის გამოვლენის მიზნით.

გაგრძელება იხ. >>


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.