კანი

კერძო ფიზიოლოგია და ფუნქციური ანატომია

დასაწყისი იხ.  >>>

ფიზიოლოგია. კანი მჭიდრო კავშირშია ორგანიზმის ყველა ორგანოსთან და სისტემასთან. იგი ასრულებს მრავალ მნიშვნელოვან ფუნქციას, რომელთა შორის ძირითადია დამცველობითი, სასუნთქი, აბსორბციული (შემწოვი), გამომყოფი, პიგმენტწარმომქნელი ფუნქციები.

გარდა ამისა, კანი მონაწილეობას ღებულობს სისხლძარღვოვან რეაქციებში, თერმორეგულაციაში, ნივთიერებათა ცვლის პროცესებში, ორგანიზმის ნერვულ–რეფლექტორულ რეაქციებში.
კანის დამცველობითი ფუნქცია ძალიან მრავალფეროვანია. გარეგანი გამღიზიანებლებისგან მექანიკური დაცვა (მექანიკური ბარიერული ფინქცია) ხორციელდება მკვრივი რქოვანა გარსის (განსაკუთრებით ხელისგულებზე და ფეხისგულებზე), შემაერთებელი ქსოვილის ბოჭკოვანი სტრუქტურების ელასტიური და მექანიკური რეზისტენტობის, კანქვეშა ქსოვილის ბუფერული თვისებების საშუალებით. ამის წყალობით, კანს გააჩნია მექანიკურ ზემოქმედებაზე (წნევა, დაბეჟილობები, ნახეთქები და სხ.) წინააღმდეგობის უნარი.
კანი მნიშვნელოვან წილად იცავს ორგანიზმს სხვადასხვა სახის გამოსხივებისგან. რქოვანა შრის მიერ თითქმის სრულად ხდება ინფრაწითელი გამოსხივების შეკავება, ხოლო ულტრაიისფერის – ნაწილობრივ. აღწევენ რა ეპიდერმისის სიღრმეში, ულტრაიისფერი სხივები ასტიმულირებენ მელანინის გამომუშავებას, რომლებიც შთანთქავენ ულტრაიისფერ სხივებს და ამით იცავენ უჯრედებს ჭარბი ინსოლაციის მავნე ზემოქმედებისგან.
ქიმიური გამღიზიანებლებისგან ორგანიზმის დაცვაში დიდ როლს თამაშობს რქოვანა შრის კერატინი. ელექტროლიტების, არაელექტროლიტების, აგრეთვე წყლის ორგანიზმში მოხვედრის გზაზე ძირითად ბარიერს წარმოადგენს კანის მბზინავი შრე და რქოვანა გარსის ყველაზე ღრმა შრე, რომლებიც მდიდარნი არიან ქოლესტერინით. კანი ახდენს მჟავების და ტუტეების სუსტი ხსნარების ნეიტრალიზაციას. კანის გამანეიტრალებელი თვისებები, პირველ რიგში, დაკავშირებულია ოფლის გამოყოფასთან. ბარიერული ფუნქციების უზრუნველყოფა, აგრეთვე ხდება კანის ელექტროსტატიკური თავისებურებებით: მარცვლოვანი შრე დამუხტულია დადებითად, ხოლო მის ზემოთ არსებული შრეები – უარყოფითად.
კანის ბაქტერიციდული თვისებები იცავს მას მიკროორგანიზმებისგან. ჯანმრთელი კანის ზედაპირზე სხვადასხვა მიკროორგანიზმების რაოდენობა მერყეობს 115 ათასიდან 32 მლნ–მდე 1 სმ2–ზე. დაუზიანებელი კანი შეუღწევადია მიკროორგანიზმებისთვის. ქერცლთან, საოფლე და ქონის ჯირკვლების სეკრეტთან ერთად ხდება არა მარტო გარედან მოხვედრილი სხვადასხვა მავნე ქიმიური ნივთიერების, არამედ მიკროორგანიზმების მოცილება. ლიზოციმის ტიპის პროდუქტები, დაბალმოლეკულური ცხიმოვანი მჟავები (მაგ., ოლეინის), კერატინის, საოფლე და ქონის ჯირკვლების მჟავე რეაქცია ქმნიან ე.წ. კანის მჟავე მანტიას, რაც ხელს უშლის მიკროორგანიზმების გამრავლებას და გააჩნია ბაქტერიციდული მოქმედება. კანის ბაქტერიციდული თვისებები ქვეითდება გადაღლის, გადაცივების, დაბინძურების, აგრეთვე სასქესო ჰორმონების არასაკმარისი აქტივობის და სხ. დროს; აღნიშნული თვისებების გაძლიერება კი ხდება კანზე სითბოს, სუბერითემულ დოზებში ულტრაიისფერი გამოსხივების ზემოქმედებით, მასაჟის და სხ. ფაქტორების ზეგავლენით.

ეპიდერმისის ზედა შრეებში მიკროორგანიზმების მოხვედრის შედეგად ხდება სისხლძარღვებიდან ლეიკოციტების მიგრაცია და მათი მოხვედრა დერმაში და ეპიდერმისში, აგრეთვე მიკრობშიდა პროდუქტების (მაგ., ბაქტერიოლიზინების, აგლუტინინების, ოპსინინების) მიდინება, ხორციელდება ისეთი ფერმენტების გამომუშავება, როგორიც არის ლიდაზა და დამცველობითი ანთებითი რეაქციის განვითარებას.
კანი მონაწილობას ღებულობს იმუნიტეტის პროცესებში. განასხვავებენ არასპეციფიკურ იმუნიტეტს, რომელიც დამოკიდებული არ არის თანმხლებ ინფექციაზე ან ვაქცინაციაზე, რომელიც ყალიბდება კანზე ულტრაიისფერი გამოსხივების ზემოქმედებით, და სპეციფიკურს, რომელიც ვითარდება კანში განსაკუთრებით მგრძნობიარე ანტიგენების (მაგ., ციმბირის წყლულის გამომწვევი) მოხვედრის შედეგად.
კანს გააჩნია სუსტი ელექტროგამტარობა, ხოლო მისი (განსაკუთრებით რქოვანა შრის) ელექტრორეზისტენტობა მაღალია. ელექტრორეზისტენტობა ქვეითდება კანის ნოტიო უბნებზე, განსაკუთრებით მომატებული ოფლიანობის დროს, აგრეთვე პარასიმპათიკური ნერვული სისტემის ტონუსის სიჭარბის შემთხვევაში. ელექტრული წინააღმდეგობა დამოკიდებულია კანის ფიზიკურ თვისებებზე, საოფლე და ქონის ჯირკვლების, კანის სისხლძარღვების, ნერვული და ენდოკრინული სისტემების ფუნქციურ მდგომარეობაზე.
კანის გზით (თავის მფარავი კანის გარდა) ადამიანი დღე–ღამის განმავლობაში გამოყოფს 7–9 გრ ნახშირორჟანგს და შთანთქვას (30˚ ტემპერატურის პირობებში) 3–4 გრ ჟანგბადს, რაც შეადგენს ორგანიზმში მთლიანად აირთა ცვლის დაახლოებით 2%–ს. კანით სუნთქვა ძლიერდება გარემო ტემპერატურის მომატების, ფიზიკური დატვირთვის, ბარომეტრული წნევის მომატების, საჭმლის გადამუშავების, კანში მიმდინარე მწვავე ანთებითი პროცესების და სხ. დროს. კანით სუნთქვა მჭიდრო კავშირშია ჟანგვა–აღდგენით პროცესებთან, სისხლძარღვებით და ნერვული ბოჭკოებით მდიდარი საოფლე ჯირკვლების ფუნქციონირებასთან.

კანის აბსორბციული ფუნქცია რთულია და არასათანადოდ არის შესწავლილი. ძუძუმწოვრებში კანის გზით წყლისა და ხსნადი მარილების შეწოვა პრაქტიკულად არ ხდება, რისი მიზეზიც არის ლიპიდებით გაჟღენთილი მბზინავი და რქოვანა შრეების არსებობა, რომლებიც ასრულებენ ბარიერულ ფუნქციას. ცხიმში ხსნადი ნივთიერებების შეწოვა ხორციელდება უშუალოდ ეპიდერმისის მეშვეობით, ხოლო წყალში ხსნადის – ქონის ჯირკვლების, თმის ფოლიკულების და საოფლე ჯირკვლების გამომტანი სადინრების გზით ოფლის გამოყოფის დათრგუნვის პერიოდში. აიროვანი (მაგ., ჟანგბადი, ნახშირორჟანგი) და ზოგიერთი ნივთიერები, რომლებიც ხსნიან ლიპიდებს და მასში ხსნადები არიან ( ქლოროფორმი, ეთერი, იოდი და სხ.), ადვილად შეიწოვებიან კანის მეშვეობით. ტოქსიკური აირების უმეტესობა (გარდა იპრიტის, ლუიზიტის ტიპის აირების) კანის გზით არ შეიწოვება. ადვილად ხდება მორფინის, ეთილენგლიკოლის მონოეთილის ეთერის, გლიცერინის, დიმეთილსულფოქსიდის და სხვა ნივთიერებების შეწოვა, ხოლო ანტიბიოტიკების – უმნიშვნელო რაოდენობით.

კანის გამომყოფი ფუნქცია ხორციელდება საოფლე და ქონის ჯირკვლების მეშვეობით. კანის საშუალებით გამოყოფილი ნივთიერებების რაოდენობა დამოკიდებულია ასაკზე, სქესზე, კანის ტოპოგრაფიულ თავისებურებებზე. თორკმლების ან ღვიძლის ფუნქციური უკმარისობის დროს კანის მეშვეობით იზრდება ისეთი ნივთიერებების გამოყოფა, რომლებიც ჩვეულებრივ გამოიყოფიან თირკმლებით (აცეტონი, ნაღვლის პიგმენტები და სხ.). ოფლის გამოყოფა ხორციელდება სინქრონულად, კანის სხვადასხვა უბანზე ცნს–ის კონტროლის ქვეშ. ოფლის შემადგენლობაში შედის წყალი, ორგანული ნივთიერებები (0,6%), ქლორირებული ნატრიუმი (0,5%), შარდოვანას, ქოლინის, აორთქლებადი ნაღვლის მჟავების მინარევები. საშუალოდ, დღე–ღამის განმავლობაში გამოიყოფა დაახლოებით 700–1300 მლ. ოფლი. ოფლის გამოყოფა დამოკიდებულია გარემოს ტემპერატურაზე, კანის მდგომარეობაზე, ძირითადი ცვლის ინტენსივობაზე და სხ. ოფლის გამოყოფა მატულობს გარემო ტემპერატურის მომატების, ჰაერის გამოშრობის, კანის ჰიპერემიის დროს; ნარკოზის ან ძილის დროს ის მკვეთრად დაქვეითებულია ან სრულიად შეწყვეტილია. ქონის ჯირივლების სეკრეტი შედგება 2/3 წყლისა და 1/3 კაზეინის, ქოლესტეროლის და ზოგიერთი მარილის ანალოგებისგან. მასთან ერთად გამოიყოფა თავისუფალი ცხიმოვანი და გაუსაპნავი მჟავები, სასქესო ჰორმონების ცვლის პროდუქტები და სხ. ქონის ჯირკვლების მაქსიმალური აქტიურობა აღინიშნება სქესობრივი მომწიფების პერიოდიდან 20–25 წლის ასაკამდე. კანი ასრულებს ფილტრის როლს, რომელიც ეწინააღმდეგება ზედაპირზე წყლის ჭარბ გამოყოფას.
კანის პიგმენტწარმომქმნელი ფუნქცია მოიცავს მელანინის გამომუშავებას. აღნიშნული პიგმენტის გამომუშავებას ახდენენ მელანოციტები,რომლებიც შეიცავენ სპეციფიკურ ციტოპლაზმურ ორგანელებს – მელანოსომებს, რომელთა ცილოვან მატრიცაზეც, თიროზინაზების ზემოქმედებით, თიროზინიდან წარმოიქმნება მელანინი; ეს უკანასკნელი ლაგდება მელანოპროტეინული კომპლექსის სახით. მელანოგენეზის რეგულაცია ხორციელდება ჰიპოფიზის მელანოციტომასტიმულირებელი ჰორმონის მეშვეობით. კანის პიგმენტაცია, ძირითადად განპირობებულია მელანინის ჩალაგებით, თუმცა ადამიანის კანის შეიცავს სხვა პიგმენტებსაც – მელანოიდს, კაროტინს, ოქსიჰემოგლობინს და აღდგენილ ჰემოგლობინს. პიგმენტწარმოქმნის დარღვევა იწვევს ჰიპერპიგმენტაციას (მაგ., ადისონის დაავბადების დროს) და დეპიგმენტაციას (მაგ., ალბინიზმის და სხ. დროს).
კანის სისხლძარღვების მაინერვირებელი ნერვული ბოჭკოებიდან გამოყოფენ ადრენერგულ და ქოლინერგულ ნერვულ ბოჭკოებს. სისხლძარღვებზე მუდმივ მარეგულირებელ ზეგავლენას ახდენენ ნეიროჰუმორული ფაქტორები. ადრენალინი, ნორადრენალინი და ჰიპოფიზის უკანა წილის ჰორმონი განაპირობებენ სისხლძარღვების შევიწროებას, ხოლო ჰისტამინი, აცეტილქოლინი, ესტროგენები და ანდროგენები აფართოებენ მათ. ნორმაში კანის სისხლძარღვების უმეტესობა იმყოფება ნახევრადშევიწროებულ მდგომარეობაში, კაპილარებში სისხლის ნაკადის სიჩქარე უმნიშვნელოა; იგი მნიშვნელოვნად ცვალებადობს ადგილობრივი და ზოგადი ფაქტორების ზემოქმედებით. დერმის გაფართოებული სისხლძარღვები შეიცავენ დაახლოებით 1 ლ სისხლის (კანის მადეპონირებელი როლი); მათმა სწრაფმა გაფართოებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლის მიმოქცევის მნიშვნელოვანი დარღვევა.
კანი თამაშობს მნიშვნელოვან როლს ორგანიზმის თერმორეგულაციაში. თერმორეგულაციის წყალობით ორგანიზმში სითბური ენერგიის გამომუშავება, მიუხედავად გარემოს ცვალებადი ტემპერატურისა, შენარჩუნებულია განსაზღვრულ დონეზე. 80%–ით სითბოს გაცემა ხდება კანის მეშვეობით (სხივის გატარების, სითბოს გატარების და ოფლის აორთქლების შედეგად). კანის ზედაპირის ცხიმოვანი ”შეზეთვა” და კანქვეშა ქსოვილის ცუდი თბოგამტარობა ხელს უშლის როგორც გარედან სითბოს ან სიცივის ჭარბ შეღწევას, აგრეთვე სითბოს ჭარბად დაკარგვასაც.
თერმორეგულაცია – რთული რეფლექსური აქტი, რომელშიც მონაწილეობას ღებულობენ თავის ტვინის ქერქი (თერმორეგულაციის ცენტრები) და სიმპათიკური ვეგეტაციური ნერვული სისტემა; მასზე აგრეთვე გავლენას ახდენენ სისხლძარღვთა მამოძრავებელი და სუნთქვითი ცენტრები, ოფლის გამომყოფი ცენტრი, თირკმელზედა ჯირკვლების, ჰიპოფიზის, ფარისებრი და სასქესო ჯირკვლების ჰორმონები. კანის ტემპერატურა დამოკიდებულია დღე–ღამის პერიოდზე, საკვების მიღებაზე, ოფლის გამოყოფის ინტენსივობაზე, ადამიანის კუნთოვან მუშაობაზე და ასაკზე. დღე–ღამის განმავლობაში ადამიანი გამოყოფს დაახლოებით 2600 კალორია სითბოს, ბავშვები ცოტათი უფრო მეტს. კანის ტემპერატურა მის სხვადასხვა უბნებზე განსხვავებულია (31,1˚-დან 36,2˚-მდე), ყველაზე მაღალი ტემპერატურა არის კანის ნაოჭებში – ნორმაში 37˚– მდე).
კანი დიდ როლს თამაშობს ნივთიერებათა ცვლის პროცესებში. კანის სუნთქვის გზით განხორციელებული აირთა ცვლის გარდა, კანში ხორციელდება შუალედური ნახშირწყლოვანი, ცილოვანი, ცხიმოვანი, მარილოვანი და მინერალური ცვლა. წყლის, მინერალური და ნარხშრიორჟანგოვანი ცვლის ინტენსივობის მიხედვით კანი უმნიშვნელოდ ჩამოუვარდება ღვიძლს და კუნთებს. კანში, სხვა ორგანოებზე სწრაფად და ადვილად ხდება წყლის დაგროვება და უფრო მეტი რაოდენობით წყლის გაცემა. მეტაბოლიზმის და მჟავა–ტუტოვანი წონასწორობის პროცესები დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე, მათ შორის ადამიანის კვებაზე (მაგ., მჟავე საკვების ბოროტად გამოყენების დროს კანში ქვეითდება ნატრიუმის შემცველობა). კანი, განსაკუთრებით კანქვეშა ქსოვილი, წარმოადგენს საკვები მასალების მძლავრ დეპოს, რომელთა გამოყენებაც ორგანიზმის მიერ ხდება შიმშილის დროს.

კანი წარმოადგენს უზარმაზარ რეცეპტორულ ველს, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება ორგანიზმის კავშირი გარემოსთან. იგი მონაწილეობას ღებულობს სხვადასხვა რეფლექტორულ რეაქციებში – სიცივის, ტკივილის, მაღალი ტემპერატურის და სხ. რეაქციებში, აგრეთვე ფეხისგულის, პილომოტორულ და სხ. რეფლექსებში. კანის ექსტერორეცეპტორები აღიქვამენ სხვადასხვა გარეგან გამღიზიანებლებს, რომლებიც ნერვული იმპულსის სახით გადაეცემიან ცნს–ში. განასხვავებენ კანის მგრძნობელობის სხვადასხვა სახეებს. ტკივილისმიერი მგრძნობელობა ვითარდება მექანიკური, თერმული გამღიზიანებლების და ელექტრული ძაბვის ზემოქმედების შედეგად; ტემპერატურული – სიცივით და სითბურ გამაღიზიანებლებზე. ტაქტილური მგრძნობელობა ყველაზე მეტად გამოხატულია ხელის თითების ბალიშებზე, გარეთა სასქესო ორგანოების კანში, ძუძუს დვრილების მიდამოებში, სადაც განლაგებულნი არიან დიდი რაოდენობით მაღალდიფერენცირებული ნერვული დაბოლოებები. მის ერთ–ერთ ვარიანტს, როგორც ჩანს, წარმოადგენს კანის თმისმიერი მგრძნობელობა, რომელიც ვითარდება თმაზე შეხების დროს და დამოკიდებულია თმის ფოლიკულების რთული ნერვული წნულის გაღიზიანებაზე. მგრძობელობის რთულ ფორმებს მიეკუთვნებიან ადგილის (ლოკალიზაციის), სტერეოგნოზული, ორგანზომილებიან–სივრცითი შეგრძნებები და გაორების შეგრძნება (დისკრიმინაციული მგრძნობელობა).

გაგრძელება იხ.  >>>>


პოსტი წარმოადგენს ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.