კანის სიმსივნეები (II)

ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები

დასაწყისი >>

კანის კეთილთვისებიან შემაერთებელქსოვილოვან სიმსივნეებს მიეკუთვნებიან ფუბრომა, დერმატოფიბრომა, ამობურცული დერმატოფიბროსარკომა (დარიეს–ფერანის ფიბროსარკომა), ჰემანგიომა, ლიმფანგიომა, ლეიომიომა, ლიპომა.

ფიბრომა შესაძლოა განვითარდეს კანის ნებისმიერ უბანზე. განასხვავებენ მაგარ და რბილ ფიბრომას. მაგარ ფიბრომას გააჩნია ფართო ფუძე, მკვრივი კონსისტენცია, გლუვი ზედაპირი, ნორმალური კანის ან სუსტად ვარდისფერი შეფერილობა. ეს არის კანის ზედაპირდან ამოწეული ზომიერად მოძრავი სიმსივნე. რბილი ფიბრომა შეიძლება იყოს ერთეული და მრავლობითი. უხშირესად ლოკალიზებულია კისერზე, გულმკერდის წინა ზედაპირზე, საზარდულის ნაკეცებში და იღლიის ფოსოებში. მას გააჩნია სხვადასხვა ზომის ტომრისებურად დაკიდებული სიმსივნის სახე ვარდისფერი ან ყავისფერი ხორკლიანი ზედაპირით.

დერმატოფიბრომა შეიძლება იყოს ერთეული ან მრავლობითი. როგორც წესი გვხვდება ქალებში ზემო და ქვემო კიდურების კანზე. იგი წარმოადგენს მკვრივი კონსისტენციის, მრგვალი ფორმის, კანში ღრმად განლაგებული, მუქი ყავისფერი შეფერილობის კვანძს, რომელიც კანის ზედაპირიდან არ ამოდის.

ამობურცული დერმატოფიბროსარკომა – ადგილობრივად ინვაზიური სიმსივნე. უხშირესად აღენიშნებათ მამაკაცებს მხრის სარტყლის, თავის მიდამოებში. შეიძლება იყოს ერთეული და მრავლობითი. ამოდის კანის ზედაპირიდან, გააჩნია ბორცვისებური ზედაპირი, რომელიც შეიძლება დაწყლულდეს. სიმსივნისთვის დამახასიათებელია ნელი ზრდა და ამოკვეთის შემდეგ რეციდივების განვითარებისკენ ტენდენცია.

ჰემანგიომა ვითარდება სისხლძარღვებისგან. გამოყოფენ კაპილარულ, არტერიულ, არტერიულ–ვენურ და კავერნულ ფორმებს. ჰემანგიომის განსაკუთრებულ ფორმას წარმოადგენს პიოგენური გრანულომა. სიმსივნე ყალიბდება ტრავმის შედეგად, ლოკალიზდება სახეზე, უხშირესად ტუჩების მიდამოებში, ზემო კიდურებზე. წარმოადგენს მუქი წითელი ფერის სიმსივნეს ფეხზე ან ფართო ფუძეზე და ეროზიული ზედაპირით.

ლიმფანგიომა – ლიმფური ძარღვებიდან წარმოქმნილი სიმსივნე. ხშირად აღინიშნება დაბადებიდანვე. ლოკალიზდება სხეულის ნებისმიერ უბანზე. ერწყმის ჰემანგიომას. განასხვავებენ კაპილარულ, კისტოზურ და კავერნოზულ ფორმებს. კისტოზური და კავერნოზული ლიმფანგიომების ფონზე შეიძლება ჩამოყალიბდეს პაპილომატოზის და ჰიპერკერატოზის უბნები. მეორადი ლიმფანგიომა შეიძლება გამოვლინდეს ლიმფოსტაზის ნიშნებით, ზოგჯერ ვლინდება გადატანილი ინფექციური დაავადების (მაგ., წითელი ქარი) შემდეგ.

ლეიომიომა – კუნთებისგან, თმებისგან განვითარებული სიმსივნე. გამოყოფენ 3 კლინიკურ სახესხვაობას: მრავლობითი ლეიომიომა, სოლიტარული ლეიომიომა სასქესო ორგანოებზე და ძუძუს დვრილებზე და ანგიოლეიომიომა, რომელიც წარმოიქმნება კანის წვრილი სისხლძარღვებისგან. მრავლობითი ლეიომიომა ხასიათდება სხეულზე და კიდურებზე მცირე ზომის (3–5 მმ დიამეტრის), მრგვალი ფორმის, გლუვი ზედაპირი მქონე, პალპაციით მტკივნეული და დაჯგუფებისკენ მიდრეკილი სიმსივნის წარმოქმნით. სოლიტარულ ლეიომიომა დაახლოებით 20 მმ–მდე დიამეტრის სიმსივნეა; დაზიანების კერის გარშემო აღინიშნება ერითემა. ანგიოლეიომიომა – გაჯერებული, წითელი ფერის სოლიტარული კისტა, მკვრივი, ელასტიური კონსისტენციის. ხშირად ლოკალიზდება მსხვილი სახსრების მიდამოებში.

ლიპომა – ცხიმოვანი ქსოვილის სიმსივნე ერთეული ან მრავლობითი კერების სახით. ლოკალიზდება კანის ნებისმიერ უბანზე, ამოდის კანის ზედაპირიდან. როგორც წესი, გააჩნია დიდი ზომები (10 სმ–მდე დიამეტრი), ცომისებური კონსისტენცია, ნორმალური კანის ფერი. ლიპომის ერთ–ერთ ვარიანტს წარმოადგენს სიმეტრიული, მრავლობითი ლიპომატოზი (დერკუმის დაავადება), რომელიც ხასიათდება პალპაციით მტკივნეული, დაზიანების კერების გაჩენით, უპირატესად ზემო კიდურებზე.

კანის კეთილთვისებიან პიგმენტურ სიმსივნეებს მიეკუთვნებიან პიგმენტური ნევუსის და ლენტიგოს სხვადასხვა ფორმები. პიგმენტური ნევუსები ხასიათდებიან კანზე ლაქების ან ახალწარმონქმნების გაჩენით, რომლებიც შედგებიან ნევუსის უჯრედებისგან. სიმსივნეები ვითარდებიან დაბადებისთანავე ან სიცოცხლის პირველ წლებში; ზოგჯერ ვლინდებიან სიყმაწვილის პერიოდში მზის სხივების ზემოქმედებით ან ორსულობის დროს. პიგმენტური ნევუსები – მუქი–ნაცრისფერი, ყავისფერი ან შავი ფერის, 1 სმ და მეტი დიამეტრის, წაგრძელებული ან მრგვალი ფორმის ლაქები ან ბრტყელი კვანძები. პიგმენტური ნევუსის ზედაპირი ხშირად გლუვია, თუმცა ზოგჯერ აღინიშნება დვრილისებული, მეჭეჭოვანი წანაზარდები. ზოგიერთ შემთხვევაში, დიდი ზომის ნევუსს უკავია სხეულის, სახის, კისრის ან კიდურების კანის მნიშვნელოვანი ნაწილი და წარმოადგენს კოსმეტიკურ დეფექტს (გიგანტური პიგნემტური ნევუსი). არც თუ იშვიათად, მის ზედაპირზე იზრდება თმები. ზოგჯერ ნევუსს გააჩნია ცისფერი შეფერილობა – ცისფერი ნევუსი. ის უხშირესად გვხვდება ქალებში სახის და წინამხრების კანზე. ცისფერი ნევუსის სახესხვაობას წარმოადგენს მონგოლური ლაქა. იგი უპირატესად აღენიშნებათ აზიური წარმოშობის პირებს დაბადებიდან 1–2 დღის შემდეგ, როგორც წესი, გავა–წელის მიდამოში. გააჩნია მოლურჯო ან მოყავისფრო შეფერილობა, დიამეტრით 10 სმ და მეტი. 4–5 წლის შემდეგ ლაქა თანდათანობით ფერმკრთალდება და ქრება.

ოტის ნევუსი უხშირესად აღენიშნებათ ქალებს – აზიურ ხალხთა წარმომადგენლებს. ის შეიძლება იყოს თანდაყოლილი ან გამომჟღანვდეს სიცოცხლის პირველ წლებში. სიმსივნეს გააჩნია პიგმენტური ლაქას ფორმა, რომელიც განლაგებულია სახეზე სამწვერა ნერვის I და II ტოტების გასწვრივ (შუბლი, ღაწვის მიდამო, ცხვირის ფრთები, აგრეთვე კონიუქტივა, სკლერა და თვალის ფერადი გარსი). აგრეთვე გამოყოფენ სატონის ნევუსს (სატონის დაავადება) – მცირე ზომის პიგმენტური ლაქა კანის დეპიგმენტირებული არშიით, რომელიც ლოკალიზებულია სხეულზე ან კიდურებზე.

ტრავმატიზაციის შემდეგ ცისფერი ნევუსი, ოტის ნევუსი, პიგმენტური ნევუსი დვრილისებური მეჭეჭოვანი წანაზარდებით შესაძლოა გადაგვარდნენ მელანომაში.

კანის კიბოსწინარე დაავადებები. მათ რიცხვს მიეკუთვნებიან პიგმენტური ქსეროდერმა, კანის სხივური დაზიანება, მზის კერატოზი და სხ. ზოგიერთი ავტორი ამ ჯგუფში განიხილავს აგრეთვე ბოუენის დაავადებას, კეირის დაავადებას და პეჯეტის დაავადებას (სარძევე ჯირკვლის არეოლის და დვრილის გარეთ ლოკალიზაციის შემთხვევაში), რომლებიც ძალიან იშვიათად გვხვდება.

მზის კერატოზი ვითარდება ჭარბი ინსოლაციის შედეგად. ამასთან, პოიკილოდერმიის ფონზე (ჰიპერპიგმენტაციის კერების შერწყმა ატროფიის უბნებთან) ვლინდებიან ჰიპერკერატოზის მრავლობითი კერები 0,5–1 სმ დიამეტრის, წაგრძელებული ან მრგვალი ფორმის, ნაცრისფერი ქერცლებით დაფარული ფოლაქების სახით. დაზიანებულ უბანზე შესაძლებელია განვითარდეს ბოუენის დაავადება ან ბრტყელუჯრედოვანი კიბო.

ავტორთა უმეტესობა ბოუენის დაავადებას განიხილავს როგორც ინტრაეპიდერმულ კიბოს. უპირატესად აღენიშნებათ საშუალო და ხანშიშესულ ასაკის პირებს, უხშირესად ლოკალიზებულია სახის, სხეულის კანზე. სიმსივნე ჩვეულებრივ წარმოადგენს ერთეულ, მონაციფრო–მოყავისფრო, სუსტად ინფილტრირებულ, არასწორი, მკვეთრი კონტურების მქონე და ქერცლებით ან ქერქებით დაფარულ ფოლაქებს.

დაზიანების კერა თანდათანობით იზრდება პერიფერიისკენ, მისი ზედაპირი არც თუ იშვიათად, წყლულდება, მასზე აღინიშნება ატროფიის კერები, რაც ქერცლებთან და ქერქოვან საფარველთან ერთად სიმსივნეს აძლევს ჭრელ შესახედაობას. ბოუენის დაავადებით დაავადებულ პირებს, არც თუ იშვიათად, აღენიშნებათ შინაგანი ორგანოების კიბო.

კეირის დაავადება ანუ კეირის ერითროპლაზია – შედარებით იშვიათი სიმსივნეა. წარმოადგენს სასქესო ორგანოების ლორწოვანი გარსის ინტრაეპიდერმულ კიბოს (უხშირესად სასქესო ასოს თავის, განაპირა სხეულის შიგნითა ფურცლის). დაზიანების კერას გააჩნია მკვეთრი კონტურები, მბზინავი ხავერდოვანი ზედაპირი. მეორადი ინფექციის დართვის შემთხვევაში შესაძლებელია განვითარდეს ლიმფადენიტი, რომლის დიფერენცირებაც რეგიონალური ლინფური კვანძების მეტასტაზებისგან ძალიან რთულია.

პეჯეტის დაავადება სარძევე ჯირკვლის დვრილის და არეალის გარეთ ლოკალიზაციის შემთხვევაში, ხასიათდება მაცერაციის და სისველის შემოფარგლული კერების არსებობით, რომლებიც უპირატესად განლაგებულნი არიან შორისის და ჭიპის მიდამოებში.

სიმსივნეები ადგილობრივი დესტრუქციული ზრდით. ეპითელურ სიმსივნეს ადგილობრივი დესტრუქციული ზრდით წარმოადგენს ბაზალიომა (ბაზალურ–უჯრედოვანი კიბო). იგი ვითარდება ეპიდერმისის ბაზალური შრიდან ან კანის დანამატებიდან (ქონის და საოფლე ჯირკვლებიდან). იგი წარმოადგენს კანის ყველაზე ხშირ ეპითელურ სიმსივნეს. უპირატესად ვლინდება ხანშიშესულ ასაკში. ხასიათდება ინვაზიური ზრდით; ძალიან იშვიათად განიცდის მეტასტაზირებას. კლინიკური გამოვლინებები მრავალფეროვანია. გამოყოფენ ბაზალიომის ზედაპირულ (ყველაზე სახარბიელო ფორმა), კისტოზურ, წყლულოვან, სკლეროდერმულ და პიგმენტურ ფორმებს.

ზედაპირული ბაზალიომა – შემოფარგლული ლაქა, რომლის პერიფერიაზეც არის ცალკეული კვანძებისგან (“მარგალიტებისგან”) წარმოქმნილი მუთაქა. ხშირად ლოკალიზდება სხეულის ღია უბნებზე, რომლებიც განიცდიან ინსოლაციას და ხანგრძლივ მექანიკურ გაღიზიანებას. ღია ფერის კანის მქონე ადამიანებში შესაძლებელია განვითარდეს მრავლობითი კერები, რომლებიც ერთმანეთს ერწყმიან  ქერცლით დაფარულ მსხვილ ფოლაქების წარმოქმნით. არც თუ იშვიათად, ფოლაქის ცენტრში ხდება თვითნებური დანაწიბურება, ხოლო პერიფერიაზე – სიმსივნის ზრდა (თვითდანაწიბურებადი ბაზალიომა)

კისტოზური ბაზალიომის შემთხვევაში დაზიანების კერა ხშირად ერთეულია, მკვეთრად შემოსაზღვრულია გარშემო ქსოვილებისგან, არის ღია ვარდისფერი და ცომისებური კონსისტენციის; არც თუ იშვიათად, მის ზედაპირზე აღინიშნება ტელექანგიექტაზიები. უპირატესად ლოკალიზებულია სახის კანზე (თვალების, ცხვირი გარშემო).

წყლულოვანი ბაზალიომა შესაძლებელია განვითარდეს ზედაპირული ან კისტოზური ბაზალიომისგან. უხშირესად ვლინდება ნიკაპზე, ცხვირის ფუძეზე ან თვალის შიგნითა კუთხეზე. გამოიხატება დაწყლულებისკენ მიდრეკილი კვანძების წარმოქმნით. ხასიათდება ქვეშმდებარე ქსოვილების სიმსივნური ინფილტრაციით, დეფექტის ჩამოყალიბებით ძვლოვანი და ხრტილოვანი ქსოვილის დაშლამდეც კი. წყლულოვანი ბაზალიომის ყველაზე მძიმე ფორმებს წარმოადგენენ ulcus rodens – ამოჭმული სიმსივნე და ulcus terebrans (შემავალი წყლული). Ulcus terebrans-ის დროს პროცესი ვრცელდება პერიფერიაზე. ზოგიერთ შემთხვევაში დაწყლულებული ზედაპირიდან წარმოიქმნება პაპილომატოზური წანაზარდები (ვარიკოზულ–წყლულოვანი ბაზალიომა).

სკლეროდერმული ბაზალიომის დროს სახეზე, სხეულის ზედა ნაწილზე წარმოიქმნებიან მკვრივი კონსისტენციის ფოლაქები მკვეთრი საზღვრებით. ისინი მოგვაგონებენ სკლეროდერმიის კერებს, სადაც დაზიანების კერის პერიფერიაზე აღინიშნება ერითემული არშია. სკლეროდერმიისგან განსხვავებით სკლეროდერმული ბაზალიომის დროს კერის პერიფერიაზე ვლინდება მუთაქისებური კიდე და ერთეული კვანძები – “მარგალიტები”.

პიგმენტურ ბაზალიომას გააჩნია უფრო მუქი შეფერილობა (მოყვითალო–ყავისფერიდან ან მოცისფრო–ყავისფერიდან მუქ–ყავისფრამდე ან შავ შეფერილობამდე), რაც დაკავშირებულია სიმსივნური უჯრედების ციტოპლაზმაში მელანინის არსებობასთან.

ჰისტოლოგიური სურათის მიხედვით გამოყოფენ ბაზალიომის მულტიცენტრულ, სოლიდურ და ადენოიდურ ფორმებს. ბაზალიომის ჰისტოლოგიურ სურათსა და კლინიკურ ფორმას შორის კანონზომიერება, როგორც წესი, არ ვლინდება. იმ შემთხვევებში, როდესაც ჰისტოლოგიურად ვლინდება თმის ფოლიკულების მსგავსი სტრუქტურა, საუბრობენ ტრიქობაზალიომაზე. იგი ლოკალიზებულია შუბლის კანზე, თავის თმიან ნაწილზე ერთეული, იშვიათად მრავლობითი, 2–5 მმ დიამეტრის, მუქი–ნაცრისფერი ან ყავისფერი შეფერილობის, მკვრივი კონსისტენციის  კვანძების სახით. იშვიათად კვანძები უფრო დიდი ზომისაა, გააჩნიათ არათანადარი ზედაპირი, ზოგჯერ გამოხატული ტელეანგიექტაზიებით.

კანის ავთვისებიან სიმსივნეებს მიეკუთვნებიან ბრტყელუჯრედოვანი კიბო, პიგმენტური სიმსივნეები – დიუბრეას კიბოსწინა მელანოზი და მელანომა. კანის ბრტყელუჯრედოვანი კიბო წარმოადგენს ეპითელურ ავთვისებიან სიმსივნეს; უხშირესად ვითარდება მუდმივი გაღიზიანების და მექანიკური დაზიანების, ადგილებში, ხანგრძლივად შეუხორცებელი ტროფიკული წყლულების, ფისტულების, კანის სხივური დაზიანებების ფონზე, აგრეთვე შესაძლებელია განვითარდეს ბოუენის დაავადებისთვის, პიგმენტური ქსეროდერმისთვის, მზის კერატოზისთვის დამახასიათებელი დაზიანების კერებიდან. კლინიკური სურათის მიხედვით განასხვავებენ ბრტყელუჯრედოვანი კიბოს ენდოფიტურ (წყლულოვან) და ეგზოფიტურ (სიმსივნური ან პაპილარული) ფორმებს. წყლულოვანი ფორმის დროს წარმოიქმნება კრატერისებური წყლული ბტყელი ძირით და მუთაქისებური კიდეებით. წყლული ნელა, მაგრამ მუდმივად იზრდება და სისხლმდენი ხდება. პაპილარული ფორმის დროს მეჭეჭების ან კერატოაკანტომის მსგავსი ერთეული მკვრივი კვანძები ერთმანეთს ერწყმიან და წარმოქმნიან დაზიანების უფრო დიდი ზომის კერებს, რომელიც მოგვაგონებს ყვავილოვან კომბოსტოს. ბრტყელუჯრედოვანი გარქოვანებული კიბო გამოირჩევა ქვეშმდებარე ქსოვილებში ინფილტრაციული ზრდით, იძლევა მეტასტაზებს რეგიონალურ ლიმფურ კვანძებში და ლიმფურ ძარღვებში, ხოლო შორსწასულ შემთხვევებში – სისხლძარღვებშიც.

დუბრეას კიბოსწინარე მელანოზი წარმოადგენს ნელა ზრდად სიმსივნეს, რომელიც ჩვეულებრივ აღენიშნებათ 30 წელს გადაცილებულ ქალებს. როგორც წესი, ლოკალიზდება კანის ღია უბნებზე. გააჩნია დიდი ზომის (40–60 მმ დიამეტრის), ერთეული ფოლაქების სახე არასწორი მოხაზულობით და არათანაბარი პიგმენტაციით (ღია–ყავისფერიდან მუქ–ყავისფრამდე და შავ ფერამდე). ზრდის ტენდენცია, სიმსივნის ფერის ცვლილება (გამუქება), ზედაპირზე პაპილომატოზური წანაზარდების განვითარება ან ატროფიის უბნების გაჩენა მეტყველებს მელანომაში მის ტრანსფორმაციაზე.

მკურნალობა. კანის სიმსივნეების უმეტესობას თან არ ახლავს გამოხატული სუბიექტური გამოვლინებები. კანის ახალწარმონაქმნის გაჩენის შემთხვევაში აუცილებელია ონკოლოგთან ან დერმატოლოგთან (ონკოდერმატოლოგი) კონსულტაცია; დიაგნოზი ისმევა ანამნეზური მონაცემების, კლინიკური ნიშნების და ჰისტოლოგიური და ციტოლოგიური გამოკვლევების საფუძველზე, რის შემდეგაც ტარდება შესაბამისი მკურნალობა. კანის კეთილთვისებიანი სიმსივნეების შემთხვევაში ქირურგიული მკურნალობა (სიმსივნის მოცილება) კეთდება სიმსივნის იმ ადგილებში ლოკალიზაციის შემთხვევაში, რომლებიც განიცდიან მუდმივ ტრავმატიზაციას, აგრეთვე ავადმყოფის სურვილის მიხედვით (მაგ., კოსმეტიკური დეფექტის დროს). კიბოსწინარე დაავადებები საჭიროებენ აუცილებელ მკურნალობას. ამ მიზნით გამოიყენება ქირურგიული ამოკვეთა, მათ შორის ელექტროქირურგიული მეთოდი, კრიოდესტრუქცია, სხივური თერაპია, ლაზერული თერაპია. ჩვენებების მიხედვით ინიშნება სხვადასხვა ციტოსტატიკური პრეპარატები (5–ფტორურაცილი, ფტორაფური, პროსპიდინი და სხ.).

პროფილაქტიკა მდგომარეობს კანის სიმსივნეების საწყისი ნიშნების ადრეულ აღმოჩენაში, პროფილაქტიკური გამოკვლევების ჩატარებაში და რისკის ჯგუფის დადგენაში (პირები, რომელთაც აღენიშნებათ ხანგრძლივად შეუხორცებელი წყლულები, კანის ნაწიბუროვანი ცვლილებები და სხ.), კიბოსწინარე დერმატოზების აქტიურ მკურნალობაში. მიზანშეწონილია მოვერიდოთ ხანგრძლივ ინსოლაციას და ონკოგენურ ნივთიერებებთან კონტაქტს.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter