კანის სიმსივნეები (I)

ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები

დასაწყისი >>

კანის სიმსივნეები. მჯო–ს მიერ მიღებული (1980) ჰისტოლოგიური კლასიფიკაციის მიხედვით კანის სიმსივნეებს შორის განასხვავებენ კანის განვითარების მანკებს, კეთილთვისებიან სიმსივნეებს, კანის კიბოსწინარე დაავადებებს, ადგილობრივად დესტრუქციულ და ავთვისებიან სიმსივნეებს. წარმოშობის მიხედვით გამოყოფენ კანის ეპითელურ, პიგმენტურ და შემაერთებელქსოვილოვან სიმსივნეებს.

კანის განვითარების მანკები. მათ რიცხვს მიეკუთვნებიან განვითარების პაპილომატოზური მანკი, კომედონური ნევუსი, ეპიდერმული კისტა, თმოვანი კისტა, დერმოიდული კისტა, თეთრი ფერისმჭამელები, ათერომა და სხ.

განვითარების პაპილომატოზური მანკი ხასიათდება დაბადებისთანავე ან ადრეული ბავშვობის ასაკიდან კანის ნებისმიერ უბანზე მეჭეჭისებური პაპილომური წანაზარდების (ჰიპერკერატოზული ნევუსი) გაჩენით. გამოყოფენ შემოფარგლულ ფორმას, მკვრივი მონაცისფრო–მოყავისფრო კერის სახით, და მრავლობით ფორმას, რომლის დროსაც კეროვან დაზიანებებს შესაძლებელია გააჩნდეთ ტენდენცია მოწესრიგებულად ლოკალიზაციისკენ (ზახარინ–გედის ზონების მიხედვით). დაზიანებას, არც თუ იშვიათად, თან ახლავს კანის განვითარების სხვა მანკები (პიგმენტური ნევუსი, ქონის ჯირკვლების ნევუსი).

კომედონური ნევუსი უპირატესად ლოკალიზებულია კიდურებზე და სხეულზე. წარმოადგენს დაზიანების კერას, რომლის ფარგლებშიც მჭიდროდ არიან შეჯგუფებულნი ფოლიკულური პაპულები. პაპულების ცენტრალურ ნაწილში წარმოდგენილია მუქი–მონაცისფრო ან შავი ფერის რქოვანა მასები (მათი მოცილების შემდეგ ატროფია შენარჩუნებულია).

ეპიდერმული კისტა ლოკალიზებულია თავის თმიან ნაწილზე, კისერზე, სახეზე, გულმკერდზე. იგი წარმოადგენს 50 მმ და მეტი დიამეტრის, მრგვალი ფორმის, რბილ სიმსივნურ, პალპაციით უმტკივნეულო წარმონაქმნს. გვხვდება უპირატესად ზრდასრულ ასაკში.

თმოვანი კისტა გადაეცემა აუტოსომური ტიპით. იგი უპირატესად ლოკალიზდება თავის თმიან ნაწილში. ავადმყოფთა უმეტესობას აღენიშნება დაზიანების შემოფარგლული კერა; ზოგიერთ შემთხვევაში გვხვდება მრავლობითი კისტები. თმოვანი კისტა – დიდი ზომის (70 მმ–მდე დიამეტრის), მრგვალი ფორმის და მკვრივი ან ცომისებური კონსისტენციის სიმსივნური წარმონაქმნი.

თეთრი ფერიმჭამელები შეიძლება იყვნენ პირველადი და მეორადი. პირველადი თეთრი ფერიმჭამელები ადამიანებს უვითარდებათ მათ მიმართ ინდივიდუალური წინასწარგანწყობის პირობებში, სახის კანზე (მაგ., თვალების გარშემო), აგრეთვე სათესლე პარკის კანზე. ისინი წარმოადგენენ მცირე ზომის (1–2 მმ დიამეტრის), მოთეთრო–მოყვითალო შეფერილობის, პალპაციით მკვრივ კვანძებს. მეორადი თეთრი ფერიმჭამელები კლინიკური სურათით არ განსხვავდებიან პირველადებისგან. მრავალი ავტორი მათ განიხილავს როგორც რეტენციულ კისტებს, რომლებიც ვითარდებიან ტრავმის საპასუხოდ ეპიდერმისის პროლიფერაციული ცვლილებების შედეგად (მაგ., დერმაბრაზიის დროს).

ათერომა ვითარდება ქონის ჯირკვლებისგან და თმის ფოლიკულებისგან, უხშირესად 30 მმ და მეტი დიამეტრის, მრგვალი ან წაგრძელებული ფორმის, ერთეული მკვრივი სიმსივნური წარმონაქმნების სახით. ისინი უპირატესად ლოკალიზდებიან თავის თმიან ნაწილზე, თვალების, ცხვირ–ტუჩის ჩაღრმავებების მიდამოებში. დაავადება გამოირჩევა ნელის მიმდინარეობით და ხანგრძლივი არსებობით; მიდრეკილია ანთებისკენ, ამასთან, ათერომის თავზე კანი ღებულობს ღია ვარდისფერ შეფერილობას, ვითარდება მტკივნეულობა, ფლუქტუაცია; შესაძლებელია მოხდეს ეპიდერმისის განლევა და გასკდომა, რასაც თან ახლავს ათერომის შიგთავსის ევაკუაცია. დაავადებისთვის დამახასიათებელია რეციდივები.

კანის კეთილთვისებიანი სიმსივნეები. კანის ეპითელური კეთილთვისებიანი სიმსივნეები წარმოიქმნებიან ეპიდერმისისგან და კანის დანამატებისგან. ეპიდერმისიდან გამომავალ ეპითელურ სიმსივნეებს მიეკუთვნებიან მეჭეჭები, პაპილომები, მოხუცებულობითი კერატომა, კანის რქა, კერატოაკანტური და სებორეული კერატოზი.

პაპილომა უვითარდებათ საშუალო და ხანშისესული ასაკის პირებს. დაავადება შესაძლებელია ლოკალიზებული იყოს კანის ნებისმიერ უბანზე. იგი წარმოადგენს ერთეულ ახალწარმონაქმნებს ან მრავლობით კერებს, რომლებიც წამოწეულნი არიან კანის ზედაპირიდან, არიან მოძრავნი ფართო ფუძეზე ან ფეხზე. სიმსივნე არის მონაცრისფრო ან მუქი ყავისფერი შეფერილობის, გააჩნია ხორკლიანი ზედაპირი, შესაძლებელია დაფარული იყოს რქოვანა მასებით.

მოხუცებულობითი კერატომა, როგორც წესი, გვხვდება ხანშიშესულ და მოხუცებულობით ასაკში; ლოკალიზებულია კანის ღია უბნებზე (შუბლი, კისერი, ლოყები), უმეტეს შემთხვევაში ერთეულია. იგი წარმოადგენს გარშემო კანიდან შემოსაზღვრულ, 1–2 სმ და მეტი დიამეტრის ფოლაქს მკვეთრი კიდეებით. ფოლაქის ზედაპირი დაფარულია ნაცრისფერი თხელი ქერცლებით.

კანის რქა ლოკალიზებულია კანის ღია უბნებზე და ადვილად ტრავმირებად მიდამოებში. იგი წარმოადგენს გარშემო კანიდან მკვეთრად შემოფარგლულ სიმსივნეს, რომელიც ხასიათდება მკვეთრად გამოხატული გარქოვანებით, ნაცრისფერი მკვრივი მასების წარმოქმნით (სიმსივნემ სიმაღლეში შესაძლებელია მიაღწიოს რამდენიმე სანტიმეტრს, ამასთან მისი ფუძე არ იზრდება). პირველადი კანის რქა ვითარდება შეუცვლელ კანზე, ხოლო მეორადის წარმოქმნას წინ უძღვის კანის სხვადასხვა პათოლოგიური პროცესი (მაგ., კანის ტუბერკულოზი, წითელი მგლურა). კანი რქა, როგორც წესი, წარმოადგენს ერთეულ წარმონაქმნს, რომელიც წამოწეულია კანის ზედაპირიდან.

კერატოაკანთომა – კანის შედარებით იშვიათი სიმსივნე. ზოგი ავტორი თვლის, რომ მის განვითარებაში გარკვეულ როლს თამაშობენ ადამიანის პაპილომის ვირუსები. კერატოაკანტომა ლოკალიზებულია კანის ნებისმიერ უბანზე, უხშირესად სახეზე და კანზე, ხოლო ატიპიურ შემთხვევებში – პირის ღრუს ლორწოვან გარსზე, ტუჩების წითელ არშიაზე, უკანა ტანის გარშემო. მამაკაცებში შედარებით უფრო ხშირია. იგი, როგორც წესი, წარმოადგენს 0,5–1,5 სმ დიამეტრის, ერთეულ, მრგვალი ფორმის წარმონაქმნს, კიდეზე გლუვი ეპითელური ბალიშით და ცენტრში ჩაღრმავებული უბნით, რომელიც ამოვსებულია რქოვანა მასებით. განასხვავებენ სიმსივნის აქტიური განვითარების (2–3 კვირა), პროცესის სტაბილიზაციის და რეგრესის პერიოდებს. მათი საერთო ხანგრძლივობა შეადგენს 7–8 კვირას. შემდგომ სიმსივნე შესაძლოა საერთოდ გაქრეს, ხოლო მის ადგილზე რჩება ნაწიბური. ატიპიურ შემთხვევებში კერატოაკანტომას გააჩნია დიდი დიამეტრი, არსებობს დაახლოებით 1 წელი, შესაძლებელია მოხდეს მისი ტრანსფორმაცია ბრტყელუჯრედოვან კიბოში.

სებორეული კერატოზი ანუ სებორეული მეჭეჭები უხშირესად აღენიშნებათ ხანშიშესული ასაკის პირებს (40 წლის შემდეგ); ლოკალიზებულია კანის დახურულ უბნებზე, მაგ., სხეულზე. დაავადება ხასიათდება 0,5–4 სმ და მეტი დიამეტრის, მკვეთრად ჰიპერპიგმენტირებული (ყავისფერიდან შავ ფერამდე), უხშირესად მრავლობითი ფოლაქების გაჩენით, რომლებიც დაფარულნი არიან ადვილად მოცილებადი ქონის საფარველით.

კეთილთვისებიანი ეპითელური სიმსივნეები შესაძლოა განვითარდნენ საოფლე ჯირკვლებიდან, თმის ფოლიკულებიდან და ქონის ჯირკვლებიდან. საოფლე ჯირკვლების კეთილთვისებიან სიმსივნეებს მიეკუთვნებიან პაპილარული ჰიდრადენომა, ეკრინული პორომა, დვრილისებრი სირინგოცისტადენომა, ეკრინული სპირადენომა და სხ.

პაპილარული ჰიდრადენომა – აპოკრინული ჯირკვლის ერთეული, მოძრავი სიმსივნე. ძირითადად გვხვდება ქალებში, ლოკალიზებულია გარეთა სასქესო ორგანოების კანზე, აგრეთვე შორისის მიდამოებში. მას გააჩნია რბილი კონსისტენცია და დიდი ზომები (4–6 სმ). ჩვეულებრივ ნელა იზრდება.

ეკრინული პორომა – ეკრინული საოფლე ჯირკვლის სადინრის ინტრადერმული ნაწილის სიმსივნე. ლოკალიზდება უპირატესად ტერფის ფეხისგულის ზედაპირზე, ხელისგულებზე, მტევნის თითების შიგნითა ზედაპირებზე. იგი წარმოადგენს 10–20 სმ დიამეტრის ერთეულ, ფოლაქის ფორმის, მკვრივ სიმსივნურ წარმონაქმნს ვარდისფერი ან მუქი ყავისფერი, გლუვი ან ჰიპერკერატოზული ზედაპირით. ეკრინული პაპილომა პალპაციით უმნტკივნეულოა; შესაძლებელია მოხდეს მისი დაწყლულება.

დვრილისებრი სირინგოცისტადენომა (სირინგოადენომა) – საოფლე ჯირკვლის გამომტანის სადინრის ადენომა. იგი, როგორც წესი, წარმოადგენს ნევოიდურ წარმონაქმნს. გვხვდება იშვიათად, ჩვეულებრივ ბავშვებში და ყმაწვილობის პერიოდში. უხშირესად ლოკალიზებულია თავის თმიან ნაწილზე, კისერზე, საზარდულის და იღლიის ფოსოებში. მას გააჩნია მკვრივი კონსისტენციის, ნაცრისფერი ან მონაცისფრო–ყვითელი შეფერილობის ერთეული ან მრავლობითი სიმსივნური წარმონაქმნების სახე ზედაპირზე პაპილომატოზური წანაზარდებით.

ეკრინული სპირადენომა – სიმსივნე, რომელიც ვითარდება საოფლე ჯირკვლების გორგლოვანი ნაწილისგან. იშვიათი პათოლოგიაა; უხშირესად აღენიშნებათ ახალგაზრდა მამაკაცებს. როგორც წესი, დაავადება ლოკალიზებულია სახის კანზე, სხეულის წინა ზედაპირზე. იგი წარმოადგენს მკვრივი კონსისტენციის, მუქი ყვითელი ან მოწითალო–მოლურჯო შეფერილობის, ზოგჯერ პალპაციით უმტკივნეულო კვანძს.

თმის ფოლიკულის კეთილთვისებიან ეპითელურ ფოლიკულებს მიეკუთვნებიან ცილინდრომა, ტრიქოეპითელიომა და სხ. ცილინდრომა ლოკალიზებულია სახეზე და თავის თმიან ნაწილზე (ე.წ. ტურბანული სიმსივნე). იგი წარმოადგენს დიდი ზომის სიმსივნეს გლუვი ზედაპირით, რომელიც ხასიათდება პროგრესირებადი ზრდით, ქირურგიული ამოკვეთის შემდეგ რეციდივისკენ მიდრეკილებით.

ტრიქოეპითელიომა არსებობს ერთეული და მრავლობითი სახით. მრავლობითი ფორმა უხშირესად გვხვდება ბავშვებში – თანდაყოლილი ტრიქოეპითელიომა. მრავალრიცხოვანი წვრილი კვანძები ძირითადად განლაგებულნი არიან სახეზე, ზოგჯერ თავის თმიან ნაწილზე, კისერზე, სხეულის წინა ზედაპირზე. ერთეული ფორმა უპირატესად ვითარდება მოზრდილ ასაკში – საკუთარი ტრიქოეპითელიომა. ლოკალიზდება სხეულის ნებისმიერ ნაწილზე, ჩვეულებრივ სახეზე.

კეთილთვისებიან სიმსივნეს წარმოადგენს ქონის ჯირკვლების ადენომა. დაავადება ძალიან იშვიათად გვხვდება, უპირატესად ხანშიშესულ ასაკში. მას გააჩნია ერთეული, მრგვალი ფორმის, ზოგჯერ ფეხზე მყოფი მკვრივი კვანძების სახე.

სტატიის გაგრძელება >>


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter