კანისა და ლორწოვანი გარსების გამაღიზიანებელი საშუალებები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”

ადგილობრივად გამაღიზიანებელი პრეპარატები აღაგზნებენ კანში მგრძნობიარე ნერვების დაბოლოებებს, იწვევენ ადგილობრივ და რეფლექსურ რეაქციებს, რომლებიც ხელს უწყობენ ქსოვილების სისხლმომარაგების და ტროფიკის გაუმჯობესებას, ტკივილის შესუსტებას და სხვა. მოქმედების მექანიზმში დიდ როლს თამაშობს აგრეთვე ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება – აუტაკოიდების – კინინების, ჰისტამინის, პროსტაგლანდინების და სხვა – ლოკალური გამოთავისუფლება. ლორწოვანი გარსის, კანის და კანქვეშა წარმონაქმნების რეცეპტორების გაღიზიანებას თან სდევს ენკეფალინების, ენდორფინების, დინორფინების და სხვა პეპტიდების წარმოქმნა და გამოთავისუფლება, სისხლძარღვთა გამტარობის, აგრეთვე უჯრედული და ქსოვილური რეაქტივობის და ა.შ. ცვლილება.

ზოგიერთი ადგილობრივი საშუალება ამა თუ იმ ხარისხით შეიწოვება და იწვევს რეზორბციულ სისტემურ ეფექტს, გავლენას ახდენს სხვადასხვა რეგულატორულ პროცესზე, ნეირომედიატორულის, იმუნურის და სხვათა ჩათვლით. წამლის დადების ადგილზე და სეგმენტარულად განლაგებულ შიდა ორგანოებზე და კუნთებში გამაღიზიანებელი ნივთიერებების ინტეგრალურ ადგილობრივ-რეფლექტორულ მოქმედებას თან სდევს სისხლძარღვების გაფართოება (უმჯობესდება ქსოვილების ტროფიკა და სითხის განდევნა), ამავე ორგანოებიდან გამომავალი ტკივილის შესუსტება. გამაღიზიანებელი საშუალებების სახით გამოიყენება მდოგვის ქაღალდი (თბილი წყლით მდოგვის ქაღალდის შესველებისას გლიკოზიდი სინიგრინი იხლიჩება მიროზინის ფერმენტით ძლიერი გამაღიზიანებელი აქტივობის მქონე ალილთიოციანატამდე), სკიპიდარის მალამო და ლინიმენტი, ფინალგონი, ქაფურის სპირტი, ფუტკრის და გველის შხამები (აპიზარტრონი, ვიპროსალი და სხვა), წიწაკის სალბუნი და სხვა. გამაღიზიანებელი საშუალებების გამოიყენება ართრიტების, მიოზიტების, ნევრიტების, რბილი ქსოვილების დახურულ დაზიანებების, დაჭიმვების, სისხლის მიმოქცევის დარღვევების და სხვა დროს.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.