თვალი – ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები (2)

ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები

დასაწყისი იხ. >>>

ფუნქციური დარღვევები. მათ რიცხვს მიეკუთვნება ამბლიოპია – მხედველობის დაქვეითება თვალის გარსების და სივრცეების ხილული პათოლოგიური ცვლილებები გარეშე. განასხვავებენ დისბინოკულარულ ამბლიოპიას, რომელიც აღინიშნება სიელმის დროს; ისტერიულ ამბლიოპიას; რეფრაქტერულ ამბლიოპიას, რომელიც უპირატესად ყალიბდება შორსმხედველობის შემთხვევაში და არ ემორჩილება ოპტიკურ კორექციას; ანიზომეტროპულ ამბლიოპიას, რომელიც განპირობებულია მარჯვენა და მარცხენა თვალის განსხვავებული რეფრაქტერობით და ცუდად ემორჩილება კორექციას; ობსკურაციულ ამბლიოპიას, რომელიც დაკავშირებულია რქოვანას და ბროლის თანდაყოლილ ან ადრეულ ასაკში ჩამოყალიბებულ შემღვრევასთან და არ ქრება მათი გამჭვირვალობის აღდგენის შემდეგაც.

აბლიოპიის დროს რეკომენდირებულია ოპტიკური კორექცია, წამყვანი თვალის ხანგრძლივი გამოთიშვა, დაზიანებული თვალის მხედველობის ვარჯიში და სინათლით გაღიზიანება.

თვალის წამწამოვანი კუნთის ან გარეთა კუნთების ფუნქციურ უკმარისობასთან დაკავშირებულია ასთენოპიის განვითარება, რომელიც შესაბამისად შეიძლება იყოს აკომოდაციური ან კუნთოვანი, ვლინდება მხედველობითი დისკომფორტით, თვალის სწრაფად დაღლით. ასთენოპიის მკურნალობა ძირითადად მოიცავს შესაბამისი კუნთების ვარჯიშს, მათი მუშაობის გაუმჯობესებას.
თვალის დაბერების ძირითადი ნიშნებია ბროლის ელასტიკურობის დაქვეითებით განპირობებული აკომოდაციის შესუსტება, რომლის დროსაც ვითარდება პრესბიოპია; ბროლის შემღვრევა – მოხუცებულობითი კატარაქტა. თვალის ასაკობრივ ცვლილებებთან დაკავშირებულია ლიმბთან რქოვანას ბეჭდისებური მონაცრისფრო შემღვრევის გაჩენა, რომელიც მკურნალობას არ საჭიროებს.

გლაუკომადაავადებები. თვალშიდა სითხის ცირკულაციის ნორმალური პროცესის მოშლის შედეგად, რაც იწვევს თვალშიდა წნევის მომატებას, ვითარდება გლაუკომა – სიბრმავის ერთ–ერთი მთავარი მიზეზი.

პათოლოგიის ხშირი ფორმაა სიელმე. თვალის კაკლის კუნთების დამბლას ეწოდება ოფთალმოპლეგია. თვალის პათოლოგიებში ერთ–ერთი წამყვანი ადგილი უკავიათ თვალის გარეთა ნაწილების ანთებით დაავადებებს – კონიუქტივიტებს და რქოვანას დაავადებებს, რომლებიც განიცდიან მიკროორგანიზმების, ფიზიკური და ქიმიური აგენტების უშუალო ზეგავლენას. აგრეთვე გვხვდება სკლერის, სისხლძარღვოვანი გარსის, ბადურას ანთებები. თვალის შიგნითა გარსების ანთებითი პროცესების განვითარებაში, ქსოვილებზე მიკროორგანიზმების პირდაპირი ზემოქმედების გარდა, დიდი მნიშვნელობა ენიჭება მიკრობების ტოქსინების მოქმედებას, ალერგიას და იმუნოაგრესიას, რაც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ მკურნალობის ტაქტიკის შერჩევის დროს. თვალის კაკლის შიგნითა გარსების ჩირქოვანი ანთება იწვევს მინისებრ სხეულში ექსუდატის წარმოქმნას; მძიმე შემთხვევებში ანთებით პროცესში შეიძლება ჩაერთოს თვალის ყველა გარსი და ქსოვილი.
თვალის პარაზიტული დაავადებები შეიძლება გამოიწვიონ ჰელმინთებმა, უმარტივესებმა, ფეხსახრიანებმა. ოფთალმოჰელმინთოზების მიზეზს ძირითადად წარმოადგენენ ლენტისებრი და მრგვალი ჰელმინთები. ლენტისებრი ჰელმინთების მიერ გამოწვეული დაავადებებიდან ყველაზე ხშირად გვხვდება თვალის ცისტიცერკოზი და ექინოკოკოზი. ცისტიცერკი უხშირესად ლოკალიზებულია მინისებრ სხეულში, სადაც ის ხვდება საკუთრივ სისხლძარღვოვანი გარსიდან, თუმცა შეიძლება შეგვხვდეს ბადურას, კონიუქტივის ქვეშაც, თვალის კაკლის წინა საკანში. მას გააჩნია ტოქსიკური მოქმედება თვალის ქსოვილებზე, რასაც თან ახლავს მათი ანთებითი და დისტროფიული ცვლილებები. ცისტიცერკოზი იწვევს თვალის კაკლის ატროფიას. ექინოკოკი ჩვეულებრივ ლოკალიზებულია რეტრობულბარულ სივრცეში და ვლინდება ეგზოფთალმით. მსხვილი ჰელმინთებიდან თვალში შეიძლება შეგვხვდნენ ფილარიების და ტრიქინელების წარმომადგენლები. ფილარიატოზის დროს ჰელმინთები შესაძლებელია აღმოჩნდნენ (ზოგჯერ დიდი რაოდენობითაც) რქოვანას სისქეში, თვალის წინა საკანში, კონიუქტივის ქვეშ და გამოიწვიონ კერატიტი, კონიუქტივიტი, ირიტი. დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის მკვეთრი დაქვეითება სრულ სიბრმავემდეც კი. ტრიქინელოზს თან სდევს ეგზოფთალმი, სახის შეშუპება, ცალმხრივი ფტოზი; აღინიშნება დიპლოპია, კონვერგენციის სისუსტე, ტკივილები თვალის მოძრაობის დროს, თვალშიდა სისხლჩაქცევები და სხ. თვალის ჰელმინთოზების დროს მკურნალობა ოპერაციულია.
თვალის ტოქსოპლაზმოზი შეიძლება იყოს თანდაყოლილი და შეძენილი. თანდაყოლილი ტოქსოპლაზმოზის დროს ხშირად აღინიშნება თვალის განვითარების მანკები, აგრეთვე კეროვანი ქორიორეტინიტი, რომელიც სრულდება თვალის ფსკერზე თეთრი ფერის ატროფიული კერების წარმოქმნით. შეძენილი ტოქსოპლაზმოზი უპირატესად ვლინდება დისემინირებული ქორიორეტინიტით.
ფეხსახსიანებით გამოწვეული თვალის დაზიანებებიდან ყველაზე გავრცელებულია დემოდიკოზი. გამომწვევი – ტკიპა, რომელიც ხვდება ქუთუთოების ჯირკვლებში. დაავადების წამყვანი კლინიკური ნიშანია ბლეფარიტი.
თვალის დაავადებებიდან აგრეთვე გვხვდება ოფთალმომიაზები – თვალის მძიმე დაზიანებები; დაავადების გამომწვევია მწერების – ბორების, ვოლფარტის ბუზების მატლები. ეს უკანასკნელნი ხვდებიან რა კონიუქტივის სიღრმეში, ხელს უწყობენ ქრონიკული კონიუქტივიტის განვითარებას; ისინი ლიმბის გავლით შეიძლება მოხვდნენ თვალის წინა საკანში, მინისებრ სხეულში, რაც განაპირობებს მძიმე ფორმის ირიდოციკლიტის განვითარებას. პროცესი შეიძლება დასრულდეს თვალის სიკვდილით.

თვალის დისტროფიული დაავადებებიდან ყველაზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება ბადურას დაზიანებას. მათ რიცხვს მიეკუთვნებიან ტაპეტორეტინალური დისტროფია, მოხუცებულობითი დისტროფია. ეს უკანასკნელი უვითარდებათ 60 წელს გადაცილებულ პირებს და გამოიხატება ყვითელი ხალის მიდამოში პიგმენტების დაგროვებით და დაზიანების კერების წარმოქმნით. მკურნალობის დროს გამოიყენება სისხლძარღვთა გამაფართოებელი საშუალებები, ვიტამინები, ქსოვილოვანი თერაპია და სხ. კონიუქტივაში მიმდინარე დისტროფიული პროცესით განპირობებულია ე.წ. ფრთისებრი აპკის (პტერიგიუმის) ჩამოყალიბება – თვალის კაკლის კონიუქტივის სამკუთხა ფორმის ნაოჭი, რომელიც შეხორცებულია რქოვანას კიდესთან. იგი ვითარდება კონიუქტივის ხანგრძლივად გაღიზიანების დროს (მაგ., მავნე შენარევების შემცველი ქარით, მტვრით, აგრეთვე მშრალი ჰაერით გაღიზიანება). მკურნალობა ოპერაციულია. თვალის დისტროფიულ დაავადებებს მიეკუთვნებიან კერატომალაცია და კერატოპათია.
თვალის პათოლოგიაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია რეტინოპათიების მრავალრიცხვოვან ჯგუფს, რომლებიც შეიძლება იყვნენ მრავალი დაავადებისთვის დამახასიათებელი ზოგადი ანგიოპათიის გამოვლინებები. ყველაზე ხშირად გვხვდება ჰიპერტონული და დიაბეტური რეტინოპათია. თვალის ერთ–ერთ მძიმე დაავადებას წარმოადგენს ბადურას განშრევება.
დღენაკლულ ბავშვებში სპეციალურ პალატებში ჭარბი რაოდენობით ჟანგბადით ზემოქმედების შედეგად ვითარდება რეტროლენტალური ფიბროპლაზია, რომელიც ხასიათდება ბადურას სისხლძარღვების დესტრუქციული ცვლილებებით; ახალწარმოქმნილი სისხლძარღვები თავიანთ საყრდენ ქსოვილთან ერთად აღწევენ მინისებრ სხეულში, რომელიც თანდათან ივსება ფიბროზული მასებით. დაავადება იწვევს სრულ სიბრმავეს. მკურნალობა არაეფექტურია.
პროფესიული ზემოქმედების შედეგად თვალის დაზიანებები შეიძლება იყოს ზოგადი პროფესიული დაავადებების ერთ–ერთი გამოვლინება, იშვიათად – წამყვანი სიმპტომი (მაგ., მინის მბერავთა კატარაქტა). მექანიკური დამაზიანებელი ფაქტორებიდან წამყვანი ადგილი უკავიათ სხვადასხვა სახის მტვრებს (მიწის, ზუმფარის). ქიმიური ფაქტორებით ზემოქმედება (გოგირწყალბადი, შეკავშირებული დარიშხანი, რომელსაც შეიცავს მტვერი და ორთქლი, ვერცხლის, რომელიც იწვევს არგიროზს და სხ.) აღენიშნებათ საფეიქრო, ტყავის, ქიმიური, ფარმაცევტული, თამბაქოს, შაქრის და სხ, წარმოებებში მომუშავეებს. ფიზიკური ფაქტორებიდან ყველაზე დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა გააჩნია სხივურ ენერგიას, კერძოდ კი ულტრაიისფერ და ინფრაწითელ გამოსხივებას (ელექტროშემდუღებლებში, კინოში მომუშავეებს, მინის მბერავებს). ყველაზე ხშირად ზიანდება კონიუქტივა, ქრონიკული კონიუქტივიტის სახით, და რქოვანა. ტრინიტროტუოლთან კონტაქტირებულ პირებს, ლითონის მსხმელებს, მინის მბერავებს, მჭედლებს, მაიონიზირებელი გამოსხივების ზემოქმედებისგან შეიძლება განუვითარდეთ ბროლის შემღვრევა. მეშახტეებს აღენიშნებათ პროფესიული ნისტაგმი. თვალის პროფესიული დაზიანებების თავიდან აცილების მიზნით აუცილებელია ინდივიდუალური დაცვის საშუალებების (სათვალეები, ფარები) გამოყენება, პროცესების ჰერმეტიზაციის უზრუნველყოფა.

თვალის კაკლის სიმსივნეები იყოფიან ეპიბულბარულ (კონიუქტივის და რქოვანას სიმსივნეები) და თვალშიდა სიმსივნეებად. მათ შორის გამოყოფენ კეთილთვისებიან, ავთვისებიან, აგრეთვე ე.წ. შუალედურ ადგილობრივად დესტრუქციულ სიმსივნეებს, რომლებსაც ახასითებთ ინფილტრაციული ზრდა და მეტასტაზირების არარსებობა. კეთილთვისებიან ეპიბულბარულ სიმსივნეებს მიეკუთვნებიან კერატოაკანტომა – იშვიათი, სწრაფად ზრდადი სიმსივნე, რომელიც წარმოადგენს თეთრი ფერის გაუმჭვირვალე წარმონაქმნს და მოგვაგონებს ყვავილოვან კომბოსტოს; პაპილომა; ნევუსი – მკვეთრად შემოსაზღვრული ბრტყელი პიგმენტური ლაქა, რომელიც ოდნავ წამოწეულია გარშემო ქსოვილებიდან; აგრეთვე კონიუქტივის თანდაყოლილ მელანოზი, რომელიც ხასიათდება კონიუქტივაში, თვალის სისხლძარღვოვან გარსში, სკლერის გარეთა შრეებში პიგმენტის ჭარბი ჩალაგებით. ნევუსი და მელანოზი შეიძლება წარმოადგენდნენ ფონს ავთვისებიანი სიმსივნის ჩამოყალიბებისთვის. ამ მხრივ ყველაზე საშიშია ადგილობრივად დესტრუქციული სიმსივნე – კონიუქტივის პროგრესირებადი ნევუსი და კანის კიბოსწინარე მელანოზი; ეს უკანასკნელი ხასიათდება პიგმენტაციის მომატებით, დიფუზური შესქელებების გაჩენით, რეაქტიული ანთების განვითარებით.

ავთვისებიანი ეპიბულბარული სიმსივნეებიდან გვხვდებიან კიბო და მელანომა. კიბო (უხშირესად ბრტყელუჯრედოვანი) ვითარდება კონიუქტივაზე ან რქოვანაზე. აღინიშნება სიმსივნური კვანძის ინფილტრაციული ზრდა, შესაძლებლია მოხდეს მისი ჩაზრდა თვალის კაკლის ღრუში. მეტასტაზირება ხდება რეგიონალურ ლიმფურ კვანძებში. მელანომას გააჩნია არათანაბრად პიგმენტირებული წანაზარდების სახე, რომლებიც გარშემორტყმულნი არიან გაგანიერებული სისხლძარღვების ქსელით. შესაძლებელია მოხდეს მისი ჩაზრდა თვალბუდეში; სიმსივნე მეტასტაზირებას განიცდის რეგიონალურ ლიმფურ კვანძებში, ღვიძლში, ფილტვებში და სხ.

ეპიბულბარული სიმსივნეების მკურნალობა, როგორც წესი, ოპერაციულია. ავთვისებიანი სიმსივნეების დროს ტარდება კომბინირებული მკურნალობა სხივური თერაპიის გამოყენებით.
თვალშიდა სიმსივნები ლოკალიზებულნი შეიძლება იყვნენ თვალის სისხლძარღვოვან გარსში და ბადურაში. სისხლძარღვოვანი გარსის კეთილთვისებიან სიმსივნეებს მიეკუთვნებიან ფერადი გარსის და საკუთრივ სისხლძარღვოვანი გარსის სტაციონარული ნევუსი – სხვადასხვა ზომის და მკვეთრი კონტურების მქონე ჰიპერპიგმენტაციის უბანი (საკუთრივ სისხლძარღვოვან გარსში, ჩვეულებრივ მდებარეობს მის უკანა ნაწილებში); ფერადი გარსის თანდაყოლილი მელანოზი, რაც განაპირობებს მის ჰეტეროქრომიას. ბადურას კეთილთვისებიან სიმსივნეებს მიეკუთვნებიან ბადურას ანგიომატოზი ანუ ჰიპელ–ლინდაუს დაავადება. დაავადება ატარებს მემკვიდრეობით ხასიათს. თვალის ფსკერზე ვლინდება წითელი ფერის, ერთი ან რამდენიმე მრგვალი ანგიომატოზური კვანძი, რომელთა გადიდებამაც შეიძლება გამოიწვიოს ბადურას განშრევება, სისხლჩაქცევების განვითარება ბადურაში და მინისებრ სხეულში, მეორადი გლაუკომა და სხ.
სისხლძარღვოვანი გარსის ადგილობრივად დესტრუქციულ სიმსივნეებს მიეკუთვნებიან ფერადი გარსის და საკუთრივ სისხლძარღვოვანი გარსის პროგრესირებადი ნევუსი (სტაციონარული ნევუსისგან განსხვავდება საზღვრების გადაშლით, კერის დიდი ზომით, დაზიანების ზონაში სისხლძარღვების გაფართოებით და სხ.); წამწამოვანი სხეულის ეპითელიომა – სისხლძარღვებისგან თავისუფალი კვანძოვანი ახალწარმონაქმნი ვარდისფერი ზედაპირით; მიომა (პიგმენტური და არაპიგმენტური). პიგმენტური მიომა წარმოიქმნება ფერადი გარსის კუნთებისგან, გამოირჩევა ნელი ზრდით, ხდება მისი ჩაზრდა თვალის კაკლის ფერად გარს–რქოვანას კუთხეში და წამწამოვან სხეულში, შეიძლება გამოიწვიოს გლაუკომის განვითარება. არაპიგმენტური მიომა წარმოადგენს ვარდისფერ კვანძს, რომელმაც რქოვანასთან შეხებისას შეიძლება განაპირობოს მისი შემღვრევა. ადგილობრივად დესტრუქციულ სიმსივნეს წარმოადგენს საკუთრივ სისხლძარღვოვანი გარსის ჰემანგიომა. იგი იშვიათად გვხვდება, თანდაყოლილია და ლოკალიზებულია თვალის ფსკერის ცენტრალურ ნაწილში. სიმსივნეს გააჩნია ვარდისფერი ან მოყვითალო შეფერილობა, არამკვეთრი საზღვრები, ნელა იზრდება; შეიძლება გამოიწვიოს ბადურას განშრევება, მეორადი გლაუკომა.
სისხლძარღვოვანი გარსის ავთვისებიან სიმსივნეებს მიეკუთვნებიან მელანომები. ფერადი გარსის მელანომა ამოწეულია მისი ზედაპირიდან, გააჩნია ჭრელი (შავის და ყავისფერის მონაცვლეობა) შესახედაობა, არამკვეთრი საზღვრები, ხორკლიანი ზედაპირი. გარშემო ქსოვილებში სიმსივნის ჩარდა იწვევს გლაუკომის განვითარებას. წამწამოვანი სხეულის მელანომა – სფერული ან ბრტყელი პიგმენტირებული წარმონაქმნი, რომელიც მდებარეობს თვალის კაკლის უკანა საკანში. ადრეულ სტადიებზე სუბიექტურ გამოვლინებებს არ იძლევა, მისი აღმოჩენა ხდება შემთხვევით. დაავადების პირველ კლინიკურ ნიშანს წარმოადგენს ფერად გარს–რქოვანას კუთხის დახურვა და თვალის კაკლის წინა საკნის უსწორმასწორობა, ფერადი გარსი ამობურცვა. წამწამოვანი სხეულის გარეთ პროცესის გავრცელების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს კონტაქტური კატარაქტა, მეორადი გლაუკომა, ბადურას განშრევება. მეტასტაზები უხშირესად აღინიშნება ღვიძლში და ფილტვებში. ყველაზე ხშირად გვხვდება საკუთრივ სისხლძარღვოვანი გარსის მელანომა. იგი წარმოადგენს ნაცრისფერ (ზოგჯერ ყვითელ ან მოვარდისფრო–ყვითელ) ლაქას ან კვანძს, რომლის ზედაპირზეც აღინიშნება ფორთოხლისფერი უბნები. სიმსივნის ზრდის პარალელურად მისი ზედაპირი ხდება ხორკლიანი, შეფერილობა არათანაბარი, ვითარდება მინისებრი სხეულის შემღვრევა, ირიდოციკლიტი, კატარაქტა, ბადურას განშრევება, მეტასტაზირება ღვიძლში, ფილტვებში, პლევრაში.
ბადურას ავთვისებიანი სიმსივნეებიდან გვხვდებიან დიქტიომები და რეტინობლასტომები. დიქტიომა (დიქტიოციტომა, ფუქსის დიქტიომა, მედულოეპითელიომა) – იშვიათი სიმსივნე, რომელიც ვითარდება ბადურას არაპიგმენტირებული ეპითელიუმიდან. უხშირესად ვლინდება ადრეული ბავშვობის ასაკში. ინფილტრაციას განიცდის წამწამოვან სხეულში და ფერად გარსში, ზოგჯერ იზრდება თვალის კაკლის და კონიუქტივას კედელში. რეტინობლასტომამ შეიძლება დააზიანოს ორივე თვალი. ოფთალმოსკოპიით სიმსივნეს გააჩნია მონაცისფრო–თეთრი ფერის კვანძების სახე. პროცესის პროგრესირებასთან ერთად სიმსივნე იკავებს თვალის კაკალს და იზრდება თვალის შიგნითა გარსებში, ზოგჯერ თვალბუდეში, ხოლო მხედველობის ნერვის საშუალებით – თავის ტვინში. იწვევს მეორადი გლაუკომის, ხოლო ნეკროზის შემთხვევაში – ენდოფთალმიტის და პანოფთალმიტის განვითარებას.

თვალშიდა სიმსივნეების შემთხვევებში სამკურნალო ტაქტიკა დამოკიდებულია სიმსივნის ხასიათზე, მის ლოკალიზაციაზე და გავცელებაზე. ფერადი გარსის და საკუთრივ სისხლძარღვოვანი გარსის სტაციონარული ნევუსი, ფერადი გარსის მელანოზი მკურნალობას არ საჭიროებენ. ფერადი გარსის, საკუთრივ სისხლძარღვოვანი გარსის და ბადურას სხვა სისხლძარღვები საჭიროებენ ოპერაციულ მკურნალობას. თვალის სისხლძარღვოვანი გარსის მცირე ზომის ავთვისებიანი სიმსივნეების შემთხვევაში შესაძლებელია გაკეთდეს ორგანოშემანარჩუნებელი ოპერაცია (ფოტოკოაგულაცია, ლაზერექსციზია, კრიოდესტრუქცია და სხ.). დიდი ზომის სიმსივნეების, აგრეთვე ბადურას ავთვისებიანი სიმსივნეების შემთხვევაში, კეთდება თვალის ენუკლეაცია. ავთვისებიანი თვალშიდა სიმსივნეების ოპერაციული მკურნალობა, როგორც წესი, ტარდება სხივურ და ქიმიოთერაპიასთან კომბინაციაში.
ოპერაციები. თვალის კაკალზე ოპერაციები კეთდება მხედველობის თვალიგაუმჯობესების ან აღდგენის (მაგ., კატარაქტის, რქოვანას შემღვრევის, ახლომხედველობის, ბადურას განშრევების დროს), თვალშიდა წნევის დაქვეითების (გლაუკომის დროს), დარღვეული ანატომიური სტრუქტურების აღდგენის და თვალის კაკლის ჰერმეტიზაციის (დაზიანებების დროს) მიზნით, აგრეთვე სიმსივნეების შემთხვევებში. როგორც წესი, გამოიყენება მიკროქირურგიული ტექნიკა, ოპერაციული მიკროსკოპები. თვალის უმცირეს სტრუქტურებზე ოპერაციული ჩარევების დროს დიდი გამოყენება ჰპოვა ფოტოკოაგულაციის მეთოდებმა, განსაკუთრებით ლაზერის, ულტრაბგერის გამოყენებით, დაბალი ტემპერატურების ხმარებამ.
რქოვანაზე ჩატარებული ოპერაციებიდან ყველზე ხშირია რქოვანას გადანერგვა – კერატოპლასტიკა (სრული, ნაწილობრივ გამჭოლი დაკერატოპლასტიკა შრეობრივი). რქოვანას უხეში ნაწიბუროვანი ცვლილებების შემთხვევაში მიმართავენ კერატოპროთეზირებას. თვალის რეფრაქციის ანომალიის შემთხვევაში (ძირითადად ახლომხედველობის დროს) რქოვანას გარდამტეხი ძალის ცვლილების მიზნით გამოიყენებენ კერატომილეზს – საკუთარი რქოვანას ტრანსპლანტაცია მისი წინასწარი სპეციალური დამუშავების შემდეგ; კარატოფაქიას – რქოვანაში ბიოლოგიური ლინზების იმპლანტაციას; კერატოტომიას – რქოვანაზე გუგის ზონიდან ლიმბამდე რამდენიმე რადიალური განაკვეთის გაკეთება.

სკლერაზე ჩატარებული ოპერაციები უხშირესად პლასტიკური ხასიათისაა (სკლეროპლასტიკა). ისინი გამოიყენება პროგრესირებადი ახლომხედველობის დროს თვალის უკანა პოლუსის გასამაგრებლად, ბადურას განშრევების დროს. გარდა ამისა, სკლერაზე ოპერაციული ჩარევა შეიძლება იყოს თვალის კაკალზე ჩასატარებელი ოპერაციის ერთ–ერთი ეტაპი (ე.წ. დიასკლერული ოპერაციები). მათ რიცხვს მიეკუთვნებიან სკლერის გაკვეთა (სკლეროტომია), რომელიც გამოიყენება მაგ., უცხო სხეულების ამოღების, თვალშიდა სიმსივნეების მოცილების მიზნით; სკლერის უბნის ამოკვეთა (სკლერექტომია) და სკლერის ტრეპანაცია, რომელიც გამოიყენება ზოგიერთი ანტიგლაუკომატოზური ოპერაციის დროს.

ფერად გარსზე ოპერაციები კეთდება სამკურნალო და კოსმეტიკური მიზნით, მაგ., კოლობომების მოცილების დროს, გუგის კორექციის მიზნით, ირიდოდიალიზის დროს. ყველაზე გავრცელებულია ირიდექტომია (ფერადი გარსის ნაწილის ამოკვეთა). აღნიშნული ოპერაცია კეთდება ხელოვნური გუგის შექმნის (ოპტიკური ირიდექტომია), ფერად გარს–რქოვანას კუთხის განთავისუფლების და თვალშიდა სითხის უკუდინების გაუმჯობესების, ფერადი გარსის ახალწარმონაქმნის მოცილების მიზნით; შეიძლება შერწყმული იყოს წამწამოვანი სხეულის ნაწილის ამოკვეთასთან – ირიდოციკლიტექტომია. ზოგიერთ შემთხვევაში კეთდება ირიდოტომია – ფერადი გარსის გაკვეთა. ირიდოდიალიზის დროს ფერადი გარსის ფესვი ეკერება ლიმბს. მნიშვნელოვანი პოსტტრავმული დეფექტების დროს გამოიყენება ირიდოპლასტიკა, ირიდოპროთეზირება.
ოპერაციები ბროლზე (ბროლის მოცილება) ნაჩვენებია კატარაქტის დროს. კატარაქტაბროლის ექსტრაქცია ტარდება ინტრაკაფსულარული ან ექსტრაკაფსულარული მეთოდით. ბროლის არარსებობის კომპენსირება ხდება სათვალეებით ან კონტაქტური ლინზებით, აგრეთვე სპეციალური ინტრაოკულარული ლინზებით, რომლებიც თვალში ისმება ოპერაციის დროს.
მინისებრ სხეულზე ოპერაციული ჩარევები (მაგ., ჰემოფთალმის, მინისებრი სხეულის დაზიანების დროს) მოიცავს ფირფიტების გაკვეთას, ბაგირების გადაჭრას. სულ უფრო დიდი გამოყენება ჰპოვა ვიტრეოფაგიამ და ვიტრეოექტომიამ (მინისებრი სხეულის ფრაგმენტაცია, ასპირაცია და ჩანაცვლება).
ბადურაზე ოპერაციები ჩვეულებრივ გამოიყენება მისი განშრევების დროს. განშრევების გარეშე მისი გასკდომის შემთხვევაში ხშირად გამოიყენება ლაზერული მკურნალობა.

თვალის ენუკლეაცია (თვალის კაკლის ამოღება) ნაჩვენებია თვალის ავთვისებიანი სიმსივნეების, მძიმე ტრავმული ირიდოციკლიტების, მასიური დაზიანებების დროს, როდესაც თვალის მთლიანობის აღდგენა შეუძლებელია. კოსმეტიკური მიზნით ტენონის ფასციის ღრუში ათავსებენ ავადმყოფიდან აღებული ცხიმოვანი ქსოვილის ნაწილებს, კონსერვირებულ ხრტილოვან ქსოვილს ან ალოპლასტიურ სინთეზურ მასალებს. ენუკლეაციიდან 4–5 დღის შემდეგ კეთდება პროთეზირება.

თვალის კაკლის ევისცერაცია (რქოვანას ამოღება თვალის კაკლის შიგთავსის შემდგომი მოცილებით) გამოიყენება პანოფთალმიტის დროს, რათა თავიდან ავიცილოთ ჩირქოვანი ექსუდატის გავრცელება თვალბუდეზე.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.