თვალი – ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები (1)

ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები

თვალი (oculus) – მხედველობის ორგანო, რომელიც აღიქვამს სინათლის გაღიზიანებას; წარმოადგენს მხედველობის ანალიზატორის ნაწილს, რომელიც გარდა თვალისა, მოიცავს მხედველობის ნერვს და თავის ტვინის ქერქში განლაგებულ მხედველობის ცენტრებს. თვალი შედგება თვალის კაკლისგან და დამხმარე აპარატისგან – წამწამებისგან, საცრემლე აპარატისგან და თვალის კაკლის კუნთებისგან, რომლებიც უზრუნველყოფენ მის მოძრაობას.

გამოკვლევის მეთოდები. დათვალიერებისას ყურადღებას იქცევს ქუთუთოების მდგომარეობა და თვალის ნაპრალის სიდიდე, დგინდება არის თუ არა ანთების ნიშნები. გამონადენის და კონიუქტივის ან რქოვანას ანთების ნიშნების არსებობისას კეთდება ბაქტერიოლოგიური გამოკვევა.

გვერდითი განათების გამოყენებით ხდება კონიუნქტივის და თვალის წინა ნაწილის დათვალიერება. ამასთან დგინდება რქოვანას დეფექტების და ბინდის, ფერადი გარსის დეფექტების არსებობა, მისი შეფერილობა.

ყურადღება ექცევა გუგების ფორმის და ზომების ცვლილებებს (მარჯვენა და მარცხენა თვალის სხვადასხვა დიამეტრის გუგები შეიძლება აღინიშნებოდეს ირიდოციკლიტის, გლაუკომის მწვავე შეტევის დროს, მეტყველებდეს ცნს–ის პათოლოგიაზე), ბროლის მდგომარეობა. რქოვანას მცირე ზომის დეფექტების, ისევე როგორც ეროზიების, აღმოჩენის მიზნით გამოიყენება ფლუროსცენციური სინჯი (კონიუქტივის პარკში ფლუროსცენის 1 %–იანი ხსნარის ინსტილაციის შემდეგ დეფექტის ადგილი იღებება მწვანედ). გუგის რეფლექსების გამოკვლევის მიზნით გამოიყენება პუპილომეტრია (სპეციალური ხელსაწყოს მეშვეობით გუგის დიამეტრის გაზომვა) და პუპილოგრაფია (მისი სიდიდის ცვლილებების რეგისტრაცია ფოტო– და კინოგადაღების მეშვეობით). რქოვანას, ბროლის და მინისებრი სხეულის უფრო დეტალური გამოკვლევა ტარდება თვალის ბიომიკროსკოპიის მეთოდის გამოყენებით. თვალის გარემოს და მისი ფსკერის გამოკვლევა ხორციელდება ოფთალმოსკოპის მეშვეობით. თვალის რეფრაქციის განსაზღვრა ხდება სკიასკოპიის მეთოდით ან რეფრაქტომეტრების მეშვეობით. რქოვანა გარდამტეხი ძალის განსაზღვრა ხდება ოფთალმომეტრის საშუალებით (ოფთალმომეტრია). თვალის შიდა წნევის გაზომვის მიზნით გამოიყენება ტონომეტრია; ჰიდროდინამიკის გამოკვლევა ტარდება ტონოგრაფიის მეშვეობით, ფერადი გარს–რქოვანას კუთხის მდგომარეობის შეფასება ხორციელდება სპეციალური ხელსაწყოს – გინიოსკოპის საშუალებით (გინიოსკოპია). სიმსივნეების, კედელზე არსებული უცხო სხულების და ზოგიერთი სხვა პათოლოგიური ცვლილებების დიაგნოსტიკის მიზნით გამოიყენება დიაფანოსკოპია (თვალის გამოკვლევა მისი ქსოვილების გაშუქების გზით). თვალის ხაზობრივი პარამეტრების გაზომვა (რაც, მაგ., აუცილებელია ინტრაოკულარული ლინზების დამზადებისთვის), აგრეთვე თვალის შიგნით არსებული ახალწარმონაქმნების ან უცხო სხეულების აღმოჩენა ხორციელდება ულტრაბგერითი ექოგრაფიის მეთოდით. თვალის ჰემოდინამიკის შეფასების მიზნით ხორციელდება თვალის არტერიაში სისხლის წნევის (ოფთალმოდინამომეტრია), თვალის კაკლის მოცულობითი პულსის (ოფთალმოპლეტიზმოგრაფია), სისხლძარღვოვან სისტემაში სისხლის დინების სიჩქარის (ოფთალმორეოგრაფია) განსაზღვრა, აგრეთვე ხდება თვალის ფსკერის სისხლძარღვების გამოკვლევა ფლუორესცინით მათი წინასწარი კონტრასტირების შემდეგ (ფლუროსცენციური ანგიოგრაფია, თვალის ანგიოგრაფია). ელექტროფიზიოლოგიური მაჩვენებლების მიღება (რაც საშუალებას იძლევა შეფასდეს ბადურას და მხედველობის ნერვის ფუნქციური მდგომარეობა) ძირითადად ხორციელდება ელექტრორეტინოგრაფიის და ელექტროოკულოგრაფიის მეშვეობით. ყვითელი ხალის ფუნქციური მდგომარეობის განსაზღვრა ხდება მაკულარული ტესტების მეშვეობით (მაგ., სპეციალური ხელსაწყოს მაკულომეტრის გამოყენებით).

პათოლოგია. თვალის კაკლის ან მისი ნაწილის განვითარების მანკები შეიძლება ატარებდნენ თანდაყოლილ ხასიათს ან ჩამოყალიბდნენ ნაყოფზე სხვადასხვა მავნე ფაქტორების ზეგავლენის შედეგად. განვითარების ყველაზე მძიმე მანკია – თვალის არარსებობა, ხშირად აღინიშნება თვალის ზომების მკვეთრი შემცირება – მიკროფთალმია. რქოვანას განვითარების მანკები მოიცავენ მის გადიდებას (მეგალოკორნეა) და დაპატარავებას (მიკროკორნეა), რქოვანას შესაძლოა გააჩნდეს სკლერის ყველა ნიშანი (სკლერორქოვანა). პიგმენტაციის დარღვევით განპირობებული ჰეტეროქრომია (მარჯვენა და მარცხენა თვალის ფერადი გარსების განსხვავებული შეფერილობა) კლინიკურად შეიძლება არ გამომჟღანვდეს თვალის ფუნქციის დარღვევით; თუმცა ზოგჯერ აღნიშნული პათოლოგია მეტყველებს უფრო სერიოზულ პათოლოგიის არსებობაზე, მაგ., კისრის სიმპათიკური ნერვის თანდაყოლილ დაზიანებაზე ან ფუქსის სინდრომის არსებობაზე – უცნობი ეტიოლოგიის დაავადებაზე, რომელიც ხასიათდება წამწამოვანი სხეულის დისტროფიული ცვლილებებით და კატარაქტის განვითარებით. განვითარების მანკების რიცხვს მიეკუთვნებიან ფერადი გარსის ან საკუთარი სისხლძარღვოვანი გარსის დეფექტები – ე.წ. კოლობომები; შესაძლებელია აღინიშნებოდეს ფერადი გარსის სრული არარსებობა – ანირიდია. ბროლის განვითარების ყველაზე ხშირ მანკს წარმოადგენს თანდაყოლილი კატარაქტა. აგრეთვე გვხვდება ბროლის ცენტრალური ნაწილის ნაწილობრივი ამოზნექვა წინა და უკანა მხარეზე (წინა და უკანა ლენტიკონუსი), მისი ცდომა (ექტოპია), აგრეთვე (იშვიათად) ბროლის არარსებობა – აფაქია. ფერად გარს–რქოვანას კუთხის და შლემის არხის განუვითარებლობის შემთხვევაში შესაძლებელია დაირღვეს თვალის შიგნით არსებული სითხის უკუდინება, რაც იწვევს თვალშიდა წნევის მომატებას და თვალის კაკლის გაჭიმვას – ჰიდროფთალმს (ბუფთალმი ანუ თანდაყოლილი გალუკომა). ბადურას განვითარების მანკები შეიძლება გამოვლინდეს ყვითელი ხალის მიდამოს დისპლაზიით, მხედველობის ნერვის დისკის აპლაზიით ან ჰიპოპლაზიით. აგრეთვე გვხვდება ბადურას და მხედველობის ნერვის დისკის კოლობომები. შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს თანდაყოლილ ფერად სიბრმავეს. უმეტეს შემთხვევებში თვალის განვითარების მანკებს თან სდევთ მხედველობის დაქვეითება. მკურნალობა, ჩვეულებრივ, ტარდება თანდაყოლილი კარატაქტის და გლაუკომის შემთხვევაში, რაც მოითხოვს ადრეულ ოპერაციულ ჩარევას.

თვალის კაკლის დაზიანებები მოიცავენ ჭრილობებს, კონტუზიებს, დამწვრობებს, უცხო სხეულების არსებობას. ჭრილობებს თან სდევთ თვალის კაკლის გარსების მთლიანობის დარღვევა. ისინი შეიძლება იყვნენ შემავალი და ბრმა (შესაბამისად თვალის შიგნითა გარსების გამჭვირვალე არეების დაზიანებით და მის გარეშე). შემავალი ჭრილობები არიან შეღწევადი (თვალის კაკლის ერთი კედლის დაზიანება) და გამჭოლი. შესაძლებელია მოხდეს თვალის კაკლის სრული დაშლა. რქოვანას ჭრილობების დროს, ნამისგან დაცლის გამო, წინა საკანი ზომაში მცირდება, ჭრილობაში შეიძლება გამოვარდეს ფერადი გარსი. ფერადი გარსის დაზიანების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს სისხლჩაქცევა თვალის კაკლის წინა საკანში (ჰიფემა). ბროლის დაზიანების შემთხვევაში ვითარდება ტრავმული კატარაქტა. რქოვანა–სკლერის ან სკლერის დაზიანებების დროს ჭრილობიდან შეიძლება აღინიშნოს შიგნითა გარსების და მინისებრი სხეულის გამოვარდნა, აგრეთვე ვლინდება სისხლჩაქცევები თვალის კაკლის შიგნით – ჰემოფთალმი. თვალის კაკალის მძიმე გამჭოლი ჭრილობები შეიძლება გართულდნენ მეორადი ინფექციის დართვით: ვითარდება კონიუქტივის შეშუპება, გამჭვირვალე არეები მუქდებიან, წინა საკანში ვლინდება ჩირქოვანი შიგთავსი (ჰიპოპიონი), შეიძლება ჩამოყალიბდეს ენდოფთალმიტი ან პაოფთალმიტი. თვალის კაკლის შემავალი ჭრილობის სერიოზულ გართულებას წარმოადგენს სიმპათიკური ანთება და ექსპულსური ჰემორაგია – სისხლჩაქცევა თვალის ღრუში, რაც განპირობებულია სისხლძარღვოვანი გარსის ერთ–ერთი მსხვილი არტერიის დაზიანებით, რასაც თან სდევს ჭრილობიდან ბროლის ან მინისებრი სხეულის გამოვარდნა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თვალის დაღუპვა. გამჭოლი ჭრილობების დროს ორგანიზმში შეყავთ ანტიტეტანური შრატი, ხორციელდება ჭრილობის ქირურგიული დამუშავება. მეორადი ინფექციის დართვის შემთვევაში, აგრეთვე მისი თავიდან აცილების მიზნით, ადგილობრივად გამოიყენება ანტიბიოტიკები და სულფანილამიდები ინსტილაციების, რეტრო– და პარაბულბალური ინექციების და სხ. სახით. რქოვანას ცენტრალური ზონის დაზიანების შემთხვევაში ინიშნება გუგის გამაფართოებელი საშუალებები (ატროპინის სულფატის 0,5–1%–იანი ხსნარი, სკოპოლამინის 0,25%–იანი ხსნარიდა სხ.), რქოვანას და სკლერის დაზიანებისას გამოიყენება მიოტური საშუალებების (პილოკარპინის 1, 2, 6%–იანი ხსნარები). ზოგიერთ შემთხვევაში (მაგ., სიმპათიკური ანთების პროფილაქტიკის მიზნით) ადგილობრივად ინიშნება კორტიკოსტეროიდები. კონიუქტივის და რქოვანას შეუღწევადი ჭრილობების დროს მკურნალობა ჩვეულებრივ შემოიფარგლება კონიუქტივის პარკში ანტიბიოტიკების ან სულფანილამიდების შემცველი მალამოების ან წვეთების შეყვანით.

თვალის კონტუზია ვითარდება მისი დაბეჟილობის დროს, აგრეთვე შეიძლება განვითარდეს თავით დარტყმის შედეგად; აღნიშნულ პათოლგიას თან სდევს გუგის გაფართოება ან შევიწროება, მისი ფორმის ცვლილება, აკომოდაციის სპაზმი ან დამბლა, რაც განპირობებულია წამწამოვანი სხეულის დაზიანებით. შესაძლებელია აღინიშნოს რქოვანას შეშუპება, ფერადი გარსის გასკდომა და მოგლეჯა მის ფუძეზე (ირიდოდიალიზი), საკუთრივ სისხლძარღვოვანი გარსის გახეთქვა, სისხლჩაქცევა წინა საკანში, მინისებრ სხეულში, ბადურაში ან საკუთრივ სისხლძარღვოვან გარსში, ბროლის შემღვრევა, ქვეამოვარდნილობა ან ამოვარდნილობა (ნაწილობრივი ან სრული ცდომა წინა საკანში ან მინისებრ სხეულში), ბადურას შემღვრევა (ე.წ. ბერლინური კონტუზიური შემღვრევა), ბადურას გახეთქვა და აშრევება, თვალშიდა წნევის დაქვეითება ან მომატება. მძიმე კონტუზიას შეიძლება თან ახლდეს სკლერის სუბკონიუქტივური გასკდომა ფერადი გარსის, წამწამოვანი სხეულის და ბროლის გამოვარდნით. სერიოზულ შემთხვევებში (მაგ., თუკი კონტუზიას თან ახლავს ჰემოფთალმი, ბადურის შეშუპება) ნაჩვენებია გამწოვი თერაპია ფიბრინოლიზური ფერმენტების – ფიბრინოლიზინის, ლეკოზიმის ხსნარების სუბკონიუქტივური და თვალშიდა ინექციებთან ერთად. გამოიყენება აუტოჰემოთერაპია, ფიზიოთერაპიული პროცედურები. თვალის კაკლი გარსების დაზიანების შემთხვევაში აუცილებელია ანტიტეტანური შრატის შეყვანა და სკლერაზე ან რქოვანაზე ნაკერების დადება. ბროლის ცდომის შემთხვევაში, არც თუ იშვიათად, საჭირო ხდება მისი მოცილება. ბადურას აშრევების დროს მკურნალობა ასევე ოპერაციულია.

თვალის კაკლის დამწვრობა შეიძლება იყოს თერმული (ორთქლის, ცხელი სითხეების, ალის, ლითონის გახურებული ნაწილები და სხ. მოქმედება), ქიმიური (ტუტეების – კალიუმის და ნატრიუმის ნაერთები, ამონიუმი, ნიშადურის სპირტი და სხ., მჟავების – ანილინის საღებავები), სხივური ენერგიის ზემოქმედებით გამოწვეული (მკაფიო სინათლე, ულტრაიისფერი, ინფრაწითელი სხივები, მაიონიზირებელი გამოსხივება). თერმული და ქიმიური დამწვრობის შემთხვევაში კლინიკური სურათი დამოკიდებულია დამაზიანებელი ნივთიერების ფიზიკურ–ქიმიურ თვისებებზე, მის კონცეტრაციაზე და მოქმედების ხანგრძლივობაზე. მჟავების ზემოქმედებისას ხდება ცილის სწრაფი შედედება და კოაგულაციური ნეკროზის (ფუფხის) ჩამოყალიბება, რაც ხელს უშლის ქსოვილების სიღრმეში ცილის შემდგომ შეღწევას. ტუტეებით გამოწვეული დამწვრობა უფრო მძიმედ მიმდინარეობს, რაც განპირობებულია ცილის დაშლით (გალხობით) და კოლიკვაციური ნეკროზის ჩამოყალიბებით, რაც ხელს არ უშლის ტუტეების შემდგომ დამაზიანებელ მოქმედებას. დამწვრობას თან სდევს მკვეთრი ტკივილი თვალის არეში, ბლეფაროსპაზმი, ცრემლდენა, ქუთუთოების და კონიუქტივის შეშუპება, მხედველობის დაქვეითება. თვალის ქსოვილების დაზიანების ხარისხი განსხვავებულია. მსუბუქი დამწვრობის შემთხვევაში ვითარდება კონიუქტივის ჰიპერემია, რქოვანას მსუბუქი შემღვრევა, ზოგჯერ ეროზიები, რომლებიც შეიძლება გართულდნენ კონიუქტივიტით და ზედაპირული კერატიტით. უფრო მძიმე შემთხვევებში აღინიშნება ბუშტუკები ქუთუთოების კანზე, კონიუქტივის შეშუპება, რქოვანას გამოხატული შემღვრევა. მძიმე დამწვრობას თან სდევს ქუთუთოების, კონიუქტივის ნეკროზი, რქოვანას ინფილტრაცია და შეშუპება; ჩვეულებრივ მსგავსი სახის დამწვრობის გამოსავალი არის ლიბრის წარმოქმნა. რქოვანას მთელი სისქის დაზიანებისას, განსაკუთრებით მეორადი ინფექციის დართვის შემთხვევაში, არც თუ იშვიათად, აღინიშნება თვალის დაღუპვა. სხივური ენერგიით განპირობებული დამწვრობა შედარებით კარგად მიმდინარეობას. აღინიშნება სინათლის შიში, ცრემლდენა, კონიუქტივის ჰიპერემია, ზოგჯერ წერტილოვანი ეროზიები რქოვანაზე. დამწვრობის დროს მკურნალობა იწყება წყლის ნაკადით თვალის რაც შეიძლება ნაადრევი ჩამორეცხვით, დამაზიანებელი ნივთიერების მოცილების მიზნით. ამისთვის შეიძლება გამოვიყენოთ რეზინის ”მსხალი”ან წყალში დასველებული ბამბა, რომელსაც ვწურავთ თვალზე. ქიმიური ნივთიერებების მკვრივი ნაწილები სწრაფად უნდა მოვაცილოთ სველი ტამპონით ან პინცეტით. ანილინის საღებავით (მაგ., ქიმიური ფანქრით) დამწვრობის შემთხვევაში ხდება თვალის ამორეცხვა ტანინის 3%–იანი ხსნარით. ორგანიზმში შეყავთ ანტიტეტანური შრატი, კონიუქტივის პარკში ვაწვეთებთ ანტიბიოტიკების, სულფანილამიდური პრეპარატების შემცველ ხსნარებს, გლუკოზას, რიბოფლავინს; შიგნით მისაღებად ინიშნება მადესენსიბილიზირებელი საშუალებები (სუპრასტინი, პიპოლფენი და სხ.). სხივური ენერგიით თვალის დაზიანების დროს ადგილობრივად გამოიყენება დიკაინის 0,25–0,5%–იანი ხსნარები, მადეზინფიცირებელი მალამოები. მძიმე ხარისხის დამწვრობების შემთხვევაში აუცილებელია ავადმყოფთა ჰოსპიტალიზაცია ოფთალმოლოგიურ განყოფილებაში. რქოვანას ღრმა დაზიანებებისას და კონიუქტივის ნეკროზის შემთხვევაში აუცილებელია რქოვანას სასწრაფო (32 საათის განმავლობაში) გადანერგვა და კონიუქტივის პლასტიკა.

უცხო სხეულები შეიძლება მოხვდნენ თვალის სხადასხვა ნაწილებში. თვალში ლითონის უცხო სხეულების ხანგრძლივად არსებობის პირობებში ვითარდება თვალის მეტალოზი – მის ქსოვილებში და სივრცეებში ლითონების არაორგანული მარილების ჩალაგება, რომლებიც უარყოფით გავლენას ახდენენ თვალის ფუნქციებზე. რკინის შემცველი უცხო სხეულები იწვევენ თვალის სიდეროზს, სპილენძის შემცველი უცხო სხულები კი თვალის ხალკოზს. საწყის სტადიაში თვალის მეტალოზი ვლინდება ექსუდაციით უცხო სხეულის გარშემო, მოგვიანებით ვითარდება ირიდოციკლიტი, უვეიტი, რქოვანას და ბადურას დისტროფია, კატარაქტა, მეორადი გლაუკომა, რაც იწვევს მხედველობის დაქვეითებას ან სრულ სიბრმავეს. დიაგნოსტიკაში წამყვანი მნიშვნელობა ენიჭებათ გამოკვლევის ულტრაბგერით და ელექტროფიზიოლოგიურ მეთოდებს. გართულებების თავიდან აცილების მიზნით აუცილებელია უცხო სხეულის რაც შეიძლება სწრაფად მოცილება.

სტატიის გაგრძელება >>>


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.