თავის ტვინი – ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები (4)

ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები

დასაწყისი იხ. >>

სუპრატენტორული სიმსივნეები იყოფიან ბაზალურ (ქალას წინა და უკანა ფოსოების ფუძის სიმსივნე) და ჰემოსფეროს (კონვექსიტალური და ღრმა) სიმსივნეებად. სიმსივნეებს, რომლებიც კეფის დიდი ხვრელის საშუალებით ქალას ღრუდან ვრცელდებიან ხერხემლის არხში ეწოდებათ კრანიოსპინალური სიმსივნეები.

განსაკუთრებულ ჯგუფში გამოყოფენ საოპერაციოდ ყველაზე რთულ, ტვინის თეთრი ხაზის სიმსივნეებს – III პარკუჭის მიდამოს სხვადასხვა ახალწარმონაქმნები, გამჭვირვალე ძგიდის და კოჟრიანი სხეულის გლიომები, ხორკლიანი სხეულის, ტვინის ღეროს სიმსივნეები. ტვინშიდა სიმსივნეების უმეტესობას გააჩნია ინფილტრაციული ზრდა, ისინი შეიძლება გავრცელდნენ ერთი ნახევარსფეროს 2–3 წილში ან მეორე ჰემისფეროში. აღნიშნული სიმსივნეების მთლიანად მოცილება არ შეიძლება. ზოგიერთი ინტრაკრანიალური სიმსივნე მდებარეობს პარკუჭების სიღრმეში (სისხლძარღვოვანი წნულის პაპილომა, ეპენდიმომა) და არ გააჩნიათ გამოხატული ინფილტრაციული ზრდა, ამიტომაც დასაშვებია რადიკალური ქირურგიული გზით მათი მოცილება.

თავის ტვინის მრავლობითი სიმსივნეები შედარებით იშვიათობაა, მაგ., მრავლობითი ნევრილემომები, მენინგიომები; შესაძლებელია სხვადასხვა ჰისტოლოგიური სტრუქტურის ორი სიმსივნის არსებობა (მაგ., ჰიპოფიზის ადენომა და მენინგიომა).

თავსი ტვინის სიმსივნეები იშვიათად მეტასტაზირდებიან სხვა ორგანოებში. ცერებროსპინალური სითხის ცირკულაციის გზით ინტრაკრანიალური მეტასტაზირება გვხვდება ავთვისებიანი სიმსივნეების (მედულობლასტომები, გლიობლასტომები, პინეობლასტომები) დროს.

თავის ტვინის სიმსივნეების კლინიკური სურათი მოიცავს თავის ტვინის ზოგად და კეროვან სიმპტომებს. განასხვავებენ თავის ტვინის სიმსივნეების პირველად და მეორად სიმპტომებს. მეორადი სიმპტომები შეიძლება იყოს როგორც კეროვანი, ასევე ზოგადტვინოვანი. თავის ტვინის სიმსივნეების სიმპტომოკომპლექსიდან პირველადი კეროვანი სიმპტომების გამოყოფა აუცილებელია წინასწარი ტოპიკური დიაგნოზის დასმის და, გამოკვლევის ინვაზიური და არაინვაზიური მეთოდებით, მისი დაზუსტების ოპტიმალური სქემის შემუშავების მიზნით; მეორადი სიმპტომები საშუალებას იძლევიან შეფასდეს თავის ტვინის ფუნქციური მდგომარეობა, რაც განსზღვრავს ოპერაციის ჩვენებას.

თავის ტვინის სიმსივნის პირველად კეროვან სიმპტომს წარმოადგენს თავის ტკივილი, რომელიც, ქალას თაღთან უშუალო სიახლოვეს მდებარეობის შემთხვევაში (განსაკუთრებით მენინგიომების დროს) ატარებს ლოკალურ ხასიათს. ნათხემის  მენინგიომების დროს სიმსივნის ლოკალიზაციის მხარეს აღინიშნება თავისებური თავის ტკივილები, რომლებიც ირადირებენ კეფის მიდამოდან თვალბუდის არეში (ბურდენკო–კრამერის სინდრომი). კავერნოზულ სინუსში ჩაზრდილი სიმსივნეების შემთხვევაში (მენინგიომები, ჰიპოფიზის ადენომა) შეიძლება აღინიშნებოდეს ინტენსიური ცალმხრივი ლოკალიზაციის ტკივილები თვალბუდის არეში, რომლებიც, არც თუ იშვიათად, ერწყმიან თვალის მოძრაობის დარღვევას და ეგზოფთალმს. გასერის (სამწვერა) კვანძის სიმსივნეები ხშირად კლინიკურად ვლინდებიან V წყვილი ნერვის ნევრალგიით. ღებინება, როგორც კეროვანი სიმპტომი, აღინიშნება IV პარკუჭის ფუძის მიდამოში მოთავსებული სიმსივნეების დროს; იგი უხშირესად წარმოადგენს იზოლირებულ სიმპტომს, თუმცა შეიძლება თან სდევდეს მუდმივი ან შეტევითი ხასიათის სლოკინი, თავის ტკივილის შეტევები, თავის იძულებითი მდებარეობის არსებობა; სიმპტომების პროვოცირება ხდება თავის მდებარეობის შეცვლის დროს. მხედველობის მოშლა შეიძლება იყოს მხედველობის ანალიზატორის კეროვანი დაზიანების სიმპტომი მის მთელ გაყოლებაზე მხედველობის ნერვიდან თავის ტვინის კეფის წილის ქერქამდე. მხედველობის ნერვის არხის გაგანიერებასთან (ვლინდება რეზეს წესით თვალბუდეების რენტგენოგრაფიის დროს) შერწყმული მხედველობის ცალმხრივი ან ორმხრივი დაქვეითება დამახასიათებელია მხედველობის ნერვის გლიომისთვის. სრული ანუ ასიმეტრიული ქიაზმური სინდრომი (ბიტემპორალური ჰემიანოფსიის ტიპით მხედველობის ველის ცვლილება მხედველობის სიმახვილის დაქვეითებასთან ერთად), რომელიც შერწყმულია თურქული კეხის გადიდებასთან, აღინიშნება ენდოსუპრასელარული სიმსივნეების, ძირითადად ჰიპოფიზის ადენომების და კრანიოფარინგიოების დროს (კრანიოფარინგიომისთვის დამახასიათებელია სიმსივნეში პეტრიფიკატების არსებობა). ნორმალური ზომების თურქული კეხის შემთხვევაში ქიაზმური სინდრომი ყალიბდება სუპრასელარულად განლაგებული ახალწარმონაქმნების დროს (მენინგიომები, ღეროვანი კრანიოფარინგიომები); მენინგიომებისთვის დამახასიათებელია ჰიეროსტოზის არსებობა ძირითადი ძვლის ბორცვის მიდამოში; კრანიოფარინგიომებისთვის – სუპრასელური მდებარეობის პერიფიკატების არსებობა. ძირითადი ძვლის ფრთების დესტრუქციასთან ან ჰიპეროსტოზთან შერწყმული მხედველობის ასიმეტრიული დარღვევა აღინიშნება აღნიშნული ლოკალიზაციის მენინგიომების დროს, რასაც, არც თუ იშვიათად, თან სდევს კენედის ოფთალმოლოგიური სინდრომი (მხედველობის ნერვის ატროფია სიმსივნის მხარეს და მხედველობის ნერვის დისკის შეშუპება მეორე მხარეს).

ყნოსვის დარღვევა შეიძლება იყოს შუალედურ–ბაზალური ლოკალიზაციის სიმსივნეების, უხშირესად ოლფაქტორული ფოსოს მენინგიომების, კეროვანი სიმპტომი. თვალის მამოძრავებელი დარღვევები და ფტოზი ვითარდება თავის ტვინის III, IV, VI წყვილი ნერვების და მათი ფესვების სიმსივნური დაზიანების დროს (ამ დროს სიმსივნე მდებარეობს კავერნოზული სინუსის მიდამოში). ხორკლიანი სხეულის მიდამოს და შუა ტვინის სიმსივნეების შემთხვევაში შეიძლება ჩამოყალიბდეს ოთხბორცვა სინდრომი (მაღლა ახედვის ფტოზი, სინათლეზე და კონვერგენციაზე გუგის რეფლექსების მოშლა). V წყვილი ნერვის ნევრალიგიის ტიპით მიმდინარე სახის მიდამოს ტკივილები ან ჰიპოანესთეზია მისიინერვაციის მიდამოში გვხვდება ქალას შუა ფოსოს ფუძის სიმსივნეების დროს (V წყვილინერვის ნევრილემომა, საფეთქლის ძვლის პირამიდის წინა კიდის მენინგიომა, რომელიციზრდება ქლქას ღრუში დასხ.). შიგნითა სმენის არხის გაფართოებასთან შერწყმული სმენის ცალმხრივი დაქვეითება (ვლინდება სტივენსის მეთოდის მიხედვით გადაღებულ რენტგენოგრამებზე) ტიპიურია თავის ტვინის VIII წყვილი ნერვის ნევრინომისთვის. თავის ტვინის კაუდალური ჯგუფის ნერვების (IX, X, XI, XII წყვილი) დაზიანებები, რაც გამოიხატება ფონაციის, ყლაპვის დარღვევით, ყლაპვის რეფლექსის დაქვეითებით და სხვა სიმპტომებით, გვხვდება ქალას უკანა ფოსოს სიმსივნეების და კრანიოსპინალური ახალწარმონაქმნების დროს.

თავის ტვინის დიდი ნახევარსფეროების და ნათხემის დაზიანების კეროვანი სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს ფოკალური ეპილეფსიური გულყრებით, ფსიქიკის დარღვევებით, მამოძრავებელი და მგრძნობელობითი დაზიანებებით, მეტყველების, სტატიკის, სიარულის და სხ. დარღვევებით.

თავის ტვინის სიმსივნეების დროს მეორადი გენეზის კეროვანი სიმპტომები (ე.წ. ახლომდებარე, შორეული სიმპტომები) ძირითადად განპირობებულნი არიან თავის ტვინის პერიფოკალური შეშუპებით, მასზე ზეწოლით, თავის ტვინის დისლოკაციით. მათ რიცხვს მიეკუთვნებიან ანოსმია, რომელიც ვითარდება ქალასშიდა ჰიპერტენზიის დროს ქალას ფუძის ძვლებზე ყნოსვის ნერვების მიჭყლეტის შედეგად, და თავის ტვინის VI წყვილი ნერვის ფუნქციის უკმარისობა. დიდი ნახევარსფეროების სიმსივნეების დროს ხდება ტვინის ღეროზე ზეწოლა, რაც გამოიხატება თავდაპირველად შუა ტვინის, შემდეგ კი ტვინის ხიდის და მოგრძო ტვინის დაზიანების სიმპტომებით, ამასთან, თანმიმდევრობით ვითარდება თავის ტვინის III, IV წყვილი ნერვების ფუნქციების დარღვევა, ღებინება, დეცერებრაციული რიგიდობა, სუნთქვის და გულის მუშაობის დარღვევა.

თავის ტვინის სიმსივნეების ზოგადტვინოვანი სიმპტომები დაკავშირებულნი არიან სისხლის მიმოქცევის მოშლასთან, ტვინის შეშუპებასთან, ქალასშიდა წნევის მომატებასთან, თავის ტვინის დისლოკაციასთან და ჩაჭედვასთან. აღნიშნული სიმპტომების რიცხვს მიეკუთვნებიან დიფუზური თავის ტკივილი, თავდაპირველად შეტევითი ხასიათის, შემდეგ კი მუდმივი, რომელიც ძლიერდება ღამით და დილისკენ, რასაც ხშირად თან სდევს ღებინება, რომელიც ავადმყოფს შვებას არ ჰგვრის. თავის ტვინის ზოგადი სიმპტომები მოიცავენ ქალასშიდა ჰიპერტენზიის ისეთ გამოვლინებებს, როგორებიცაა შეგუბებითი მოვლენები თვალის ფსკერზე, ცნობიერების სხვადასხვა სახის დარღვევები (აგზნებიდან მის დათრგუნვამდე, კომის განვითარების ჩათვლითაც კი), გენერალიზირებულ ეპილეფსიურ გულყრებს და თავის ტვინის ბიოელექტრული პოტენციალის ზოგად ცვლილებებს.

თავის ტვინის სიმსივნეების დროს ფსიქიკური დარღვევები ვლინდება შემთხვევათა 50–78%. რაც უფრო ასაკოვანია ავადმყოფი, მით უფრო ხშირია ფსიქიკური მოშლილობები. ისინი ჩვეულებრივ ვითარდებიან კეროვანი ნევროლოგიური სიმპტომების შემდეგ, იშვიათად – მათთან ერთად და ძალზედ იშვიათად, როგორც დაავადების პირველი ნიშნები. ყველაზე ხშირ ფსიქიკურ დარღვევას წარმოადგენს ცნობიერების მოშლა (გაბრუებიდან კომამდე). სიმსივნის ჩამოყალიბების საწყის ეტაპებზე ვლინდება გაბრუების ეპიზედები, პერიოდულად დელირიუმის, ამენციის, ეპილეპტოფორმული აგზნების, გონების დაბინდვის კლინიკური სურათი. სიმსივნის ზოგიერთი სახის ლოკალიზაციის შემთხვევაში, აგრეთვე ხანშიშესული ასაკის პირებში, საწყის ფსიქოპათოლოგიურ მოშლილობას, არც თუ იშვიათად, წარმოადგენს ფსიქოორგანული სინდრომი, სადაც წამყვანია მახსოვრობის დარღვევა. მძიმე შემთხვევებში ამნეზიური მოშლილობები ვლინდება რეტრო– და ანტეროგრადული ამნეზიით, ამნეზიური დეზორიენტაციით, კონფაბულაციებით. ამავდროულად ავადმყოფებს შესაძლოა აღინიშნებოდეთ მომატებული აგზნებადობა და გაღიზიანებადობა ან მოდუნება და აპათია. საფეთქლის, იშვიათად თხემის და კეფის წილების სიმსივნეების დროს ვითარდება გარდამავალი ყნოსვითი და გემოვნების, უსიამოვნო ხასიათის ჰალუცინაციები (მაგ., კვამლის, ჩირქის სუნი), შიშის მომგვრელი ხასიათის მხედველობითი ჰალუცინაციები, ვლინდება დეპერსონალიზაცია–დერალიზაციის სინდრომი და სხ. ზოგიერთ შემთვევაში, მათ შესაძლოა თან სდევდეთ ცნობიერების მოშლა. შუბლის წილის სიმსივნეების დროს (ორმხრივი ან ცალმხრივი) ერთ შემთხვევაში აღინიშნება წაქეზების (განზრახვის) დონის მკვეთრი დაქვეითება (ფრონტალური აკინეზია), სხვა, უფრო იშვიათ შემთხვევებში, ქცევის გამოხატული დარღვევები მიდრეკილების დაუმუხრუჭებლობით და კრიტიკის მკვეთრი დაქვეითებით. მეზოდიენცეფალური მიდამოს სიმსივნეების დროს ხშირად აღინიშნება კორსაკოვის სინდრომი. თალამუსის და ბაზალური განლგიების სიმსივნეების შემთხვევაში შეიძლება აღინიშნებოდეს ნეგატივიზმი, გრიმასულობა, კვებაზე უარის თქმა. სხვადასხვა ლოკალიზაციის სიმსივნეებისას შეიძლება განვითარდეს დისფორია, ექსტაზური მდგომარეობები, აგრეთვე ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა პათოლოგიური ვითარებითობა და აზროვნების შენელება. ძალიან იშვიათად ყალიბდება ფსიქოზები მანიაკალური ან ჰალუცინაციურ–ბოდვითი მდგომარეობების სახით.

ამბულატორიულ პირობებში თავის ტვინის სიმსივნეებზე ეჭვის შემთხვევაში აუცილებელია ავადმყოფის სრულყოფილი ნევროლოგიური, ოფთალმოლოგიური (მხედველობის სიმახვილის, მხედველობის ველის, თვალის ფსკერის) და ოტონევროლოგიური (ყნოსვა, გემო, სმენა, ვესტიბულური ფუნქცია) გამოკვლევების ჩატარება, ორ პროექციაში კრანიოგრაფიის გაკეთება ქალას ძვლების ადგილობრივი (პეტრიფიკატები, ჰიპეროსტოზები, ძვლების დესტრუქციული და სხვა სახის ცვლილებები) და მეორადად ჰიპერტენზიული ცვლილებების გამოვლენის მიზნით. ელექტროენცეფალოგრაფიის მეშვეობით ხდება თვაის ტვინის ბიოელექტრული აქტივობის კეროვანი და ზოგადი ცვლილებების განსაზღვრა, ექოენცეფალოგრაფიით ვლინდება ტვინის შუამდებარე სტრუქტურების ცდომა, პარკუჭების ჰიდროცეფალია და დიდი, განსაკუთრებით კისტური, სიმსივნეების არსებობა. თავის კომპიუტერული ტომოგრაფია, უხშირესად, საშუალებას იძლევა დადგინდეს თავის ტვინის სიმსივნის ტოპიკური დიაგნოზი; აღნიშნული გამოკვლევის, როგორც ამბულატორიული მეთოდის როლი სულ უფრო იზრდება. ჰიპოფიზის ადენომაზე ან სხვა ჰორმონულ–დამოკიდებულ სიმსივნეზე ეჭვის შემთხვევაში, აუცილებელია სისხლში ჰორმონების შემცველობის განსაზღვრა რადიოიმუნოლოგიური მეთოდით.

სპეციალიზირებულ ნეიროქირურგიულ სტაციონარში დიაგნოზის დაზუსტების მიზნით გამოიყენება ანგიოგრაფია, ენცეფალოგრაფიის და ვენტრიკულოგრაფიის სხვადასხვა ვარიანტები, თავის ტვინის რადიოიზოტოპური სკანირება და სხვა დიაგნოსტიკური მეთოდები, რომელთა მიზანსაც წარმოადგენს ტოპიკური დიაგნოზის დამადასტურებელი მონაცემების მიღება, სიმსივნის ჰისტოლოგიური შენების ხასიათის, აგებულების, სისხლმომარაგების, სისხლძარღვებთან და სხვა ქალასშიდა სასიცოცხლო ორგანოებთან მისი დამოკიდებულების დადგენა. ზურგის ტვინის პუნქციის გაკეთება შესაძლებელია მხოლოდ სპეციალიზირებულ სტაციონარში (ტვინის დისლოკაციის და ჩაჭედვის განვითარების საშიშროების გამო).

თავის ტვინის სიმსივნის დიაგნოზის დაზუსტების მიზნით ფსიქიური მოშლილობების მქონე პაცინეტებში აუცილებელია ფსიქიატრის კონსულტაცია. თავის ტვინის სიმსივნეზე ეჭვი უდა მივიტანოთ ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც ძლიერ თავის ტკივილს, ღებინებას (განსაკუთრებით 40 წლის ზემოთ) თან ერთვის პაროქსიზმული და მნეზიური დარღვევები. გარკვეული მნიშვნელობა ენიჭება ალგიური სიმპტომების განვითარების ტემპს – უხშირესად ის ატარებს პროგრედიენტულ ხასიათს და სიმპტომები ყალიბდებიან დროის მოკლე მონაკვეთში.

უმეტეს შემთხვევებში, თავის ტვინის სიმსივნეების,მათ შორის მეტასტაზური სიმსივნეების, დროს ხორციელდება ოპერაციული მკურნალობა. სასწრაფო ოპერაციის ჩვენებას წარმოადგენს გამოხატული ჰიპერტენზიული სინდრომი ტვინის დისლოკაციით და ჩაჭედვით. ოპერაციული ჩარევა უკუნაჩვენებია ტერმინალურ მდგომარეობაში მყოფი პაციანტებისთვის (განსაკუთრებით ხანშიშესულ პირებში), არაოპერაბელური ღრმა გლიომების (განსაკუთრებით ორმხრივი გავრცელების დროს) თავის ტვინის სხვადასხვა მიდამოებში განლაგებული მრავლობითი მეტასტაზების არსებობის შემთხვევებში. სასწრაფო ოპერაციები კეთდება სასიცოცხლოს ფუნქციების მოშლის უშუალო საფრთხის დროს, მაგ., ქიაზმურ–სელარული სიმსივნით დაავადებულში მხედველობის, კვეთრი დაქევეითების დროს, კონვექსიტალური მენინგიომით დაავადებულებში სწრაფად პროგრესირებადი ჰემიპარეზის დროს. ზოგიერთ შემთხვევაში სიმსივნის მოცილება არ იწვევს დარღვეული ფუნქციის აღდგენას (მაგ., სმენა VIII წყვილი ნერვის ნევრილემომის დროს). მსგავსი ოპერაციის ჩვენებას ეწოდება შედარებითი, თუკი არ არის უშუალო საფრთხე ადამიანის სიცოცხლისთვის; თუკი სიმსივნის მოცილება დაამძიმებს უკვე არსებულ ნევროლოგიურ დეფექტს ან გამოიწვევს ახალს, ან როდესაც შესაძლებელია კონსერვატიული მკურნალობა (სხივური, მედიკამენტური).

თავის ტვინის სიმსივნეების სხივური თერაპია, როგორც მკურნალობის დამოუკიდებელი მეთოდი ხორციელდება რადიოქირურგიული იმპლანტაციური მეთოდის ან დისტანციური დასხივების მეშვეობით. რადიოქირურგიულ მეთოდებს მიეკუთვნებიან სიმსივნეში მყარი რადიოფარმაკოლოგიური პრეპარატების ან სიმსივნურ კისტებში (მაგ., კრანიოფარინგიომების დროს) თხევადი რადიოფარმაკოლოგიური პრეპარატების სტერეოტასქსილური ან პირდაპირი იმპლანტაცია. დისტანციური მეგავოლტაჟური რენტგენო– ან გამა–თერაპია, მძიმე აჩქარებული ნაწილაკების კონებით დასხივება, როგორც მკურნალობის დამოუკიდებელი მეთოდი გამოიყენება ქალას ფუძის ზოგიერთი რადიომგრძნობიარე სიმსივნეების, ჰიპოფიზის, ხორკლიანი სხეულის ადენომების, იშვიათად – თავის ტვინის დიდი ჰემოსფეროების გლიომების დროს. დისტანციური დასხივება ძირითადად გამოიყენება ოპერაციების შემდეგ, როგორც კომპლექსური მკურნალობის ერთ–ერთი ეტაპი. თავის ტვინის სიმსივნეების დროს ციტოსტატიკური მოქმედების პრეპარატები, მათი დაბალი ეფექტურობის გამო, ინიშნებიან იშვიათად; უხშირესად გამოიყენება ნიტროზოშარდოვანას პრეპარატები, განსაკუთრებით ზოგიერთი ავთვისებიანი სიმსივნის (მედულობლასტომების, ჰერმინების) კომპლექსურ თერაპიაში. პარლოდელის ჯგუფის პრეპარატები, რომლებიც ამუხრუჭებენ პროლაქტინის მომატებულ სეკრეციას, ეფექტურები არიან ჰიპოფიზის ზოგიერთი ადენომის მკურნალობის დროს, კერძოდ მიკროპროლაქტინომების დროს ისინი ნაჩვენებია როგორც მკურნალობის ძირითადი საშუალება. თავის ტვინის სიმსივნეებით დაავადებული მრავალი ადამიანი ოპერაციამდე და მის შემდეგ საჭიროებს კრუნჩხვების საწინააღმდეგო, სისხლძარღვთა გამაფართოებელი პრეპარატებით მკურნალობას, ჩანაცვლებით ჰორმონოთერაპიას.

ოპერაციები. თავის ტვინზე ოპერაციული ჩარევა ხორციელდება მისი დაზიანებების, ანთებითი და პარაზიტული დაავადებების (თავის ტვინის აბსცესი, ექინოკოკოზი), ცერებროსპინალური სითხის ცირკულაციის მოშლის, სისხლძარღვების პათოლოგიების, თავის ტვინის სიმსივნეების დროს. განასხვავებენ რადიკალურ, პალიატიურ, რეკონსტრუქციულ, ე.წ. ფუნქციონალურ ნეიროქირურგიულ და სხ. ოპერაციებს.

რადიკალურ ოპერაციებს მიეკუთვნებიან აბსცესის, ქალასშიდა სიმსივნის ტოტალური მოცილება, ტომრისებური ანევრიზმის ყელის კლიპირება, ქალასშიდა ჰემატომის მოცილება და სხ.

1

პალიატიური ოპერაციების მიზანი – დაავადების სიმპტომების გამოხატულების შემცირება, მისი განვითარების ტემპების შენელება; ზოგჯერ პალიატიური ოპერაციები წარმოადგენენ  რადიკალური ოპერაციებისთვის მძიმე ავადმყოფების მომზადების ეტაპს. ასეთი სახის ოპერაციებს მიეკუთვნებიან თავის ქალას დეკომპენსირებული ტრეპანაცია, სიმსივნის ნაწილობრივი მოცილება, დიდი ზომის არტერიულ–ვენური ანევრიზმის მომტანი სისხლძარღვების ოკლუზია, გარეთა დრენირება ოკლუზიური შეტევის დროს; ოპერაციები, რომლებიც ქმნიან ცერებროსპინალური სითხის უკუდინების ახალ გზებს ოკლუზიური ჰიდროცეფალიის (ვენტრიკულოცისტეროსტომია, ვენტრიკულოატრიოსტომია, ვენტრიკულოპერიტონეოსტომია და სხ.) და სიმსივნური გენეზის ოკლუზიური სინდრომის დროს.

რეკონსტრუქციული ოპერაციები ტარდება ნერვული სისტემის ანატომიურ–ფუნქციური მთლიანობის აღდგენის მიზნით. მათ რიცხვს მიეკუთვნებიან ოპერაციები თავის ტვინის თიაქრების დროს, ტვინის არტერიულ სისხლძარღვებზე (არტერიულ–ვენური ანასტომოზის ფორმირება ტვინის იშემიის დროს, საძილე არტერიის რეკონსტრუქცია კაროტიდულ–კავერნოზული ფისტულის შემთხვევაში და სხ.), ოპერაციები თავის ტვინის ვენურ სისხლძარღვებზე (დაზიანებული სინუსების პლასტიკა), ქალას და ტვინის მაგარი გარსების დეფექტების პლასტიკური დახურვა, პლასტიკური ოპერაციები ლიქვორეის დროს, თავის ტვინის ნერვების პლასტიკა და სხ.

ფუნქციონალური ნეიროქირურგიული ოპერაციები კეთდება ეპილეფსიის, ალგიური სინდრომების, ჰიპერკინეზების და ექსტრაპირამიდული სისტემის სხვა დარღვევების დროს. ოპერაციების მიზანს წარმოადგენს პათოლოგიური იმპულსების ნაკადის შეწყვეტა. ამ მიზნით ხორციელდება თავის ტვინის ცალკეული სტრუქტურების დესტრუქცია. სხვა შემთხვევებში კეთდება მათი სტიმულაცია სპეციალური ელექტროდების საშუალებით.

ნეიროქირირგიული ოპერაციების უმეტესობა კეთდება ქალას თაღის ძვლების კან–პლასტიკური ან რეზექციულ ტრეპანაციასთან ერთად. რეზექციული ტრეპანაცია კეთდება ქალას ძვლების დაზიანებების დროს (ტრავმა, სიმსივნური ინფილტრაცია და სხ.), დეკომპრესიის მიზნით ქალას უკანას ფოსოს სიმსივნეების მოცილების შემთხვევაში. ზოგიერთი სიმსივნის (ჰიპოფიზის ზოგიერთი ადენომა, ქალას ფუძის სიმსივნეები) მოცილება ხორციელდება ტრანსბაზალური მიდგომის მეშვეობით (ტრანსაზოსფენოიდალური და სხ.). ტრანსლაბილური მიდგომა გამოიყენება VIII წყვილი ნერვის მცირე ზომის ნევრილემომების დროს. ოპერაციები სტერეოტაქსიური მიდგომით კეთდება ქალას ძვლებში მცირე ზომის ფრეზული ხვრელის გზით. აღნიშნული მეთოდის გამოყენებით ხორციელდება სიმსივნის ბიოფსია, კისტის ასპირაცია, ქალასშიდა ჰემატომების მოცილება, არტერიული ანევრიზმის ყელის კლიპირება, სიმსივნეში რადიოფარმაცევტული პრეპარატების იმპლანტაცია, ტვინის ცალკეული სტრუქტურების დესტრუქცია და სხ. ნეიროქირირგიული ჩარევების უმეტესობა კეთდება მიკროქირურგიული ტექნიკის საშუალებით, რაც თავის ტვინის ძნელად მისადგომ ადგილებში მდებარე სიმსივნეების (მაგ., თავის ტვინის ღეროს ზოგიერთი გლიომა) მოცილების საშუალებას იძლევა.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.