თავის კუნთები

ლალი დათეშიძე

ადამიანის ნორმალური ანატომია. თავის კუნთები mm. capitis;  Muscles of head

თავის კუნთები – mm. capitis ორ ჯგუფად იყოფა; პირველ ჯგუფს შეადგენს მიმიკური კუნთები, მეორეს – საღეჭი კუნთები.

I. მიმიკური, ანუ სახის კუნთები, განლაგებულია კანქვეშ და განსხვავებით ჩონჩხის სხვა კუნთებისაგან, არა აქვთ ფასცია. მიმიკური კუნთების უმრავლესობა იწყება ქალას რომელიმე ძვლიდან ან მისი ფასციიდან და უმაგრდება სახის კანს. ამ კუნთების ბოლოები ძირითადად თავს იყრის თვალის, ცხვირის, პირისა და სასმენი ხვრელების ირგვლივ. მიმიკური კუნთების შეკუმშვისას ხდება თავის კანის გარკვეული უბნების გადაადგილება, რითაც სახეს ეძლევა დამახასიათებელი გამომეტყველება და ამიტომ ამ კუნთებს მიმიკური კუნთები ეწოდება.
როგორც ავღნიშნეთ, მიმიკური კუნთები ძირითადად შეჯგუფულნი არიან სახის ბუნებრივი ხვრელების ირგვლივ (თვალის, ნაპრალი, პირის ნაპრალი, ცხვირის ხვრელები, სასმენი ხვრელი). ეს ხვრელები მიმიკური კუნთების მოქმედებით ან ვიწროვდებიან, სრულ დახურვამდე, ან დიდდებიან, ფართოვდებიან.
მიმიკურ კუნთებს ოთხ ჯგუფად ყოფენ:
1. ქალასარქვლის კუნთები;
2. თვალის ირგვლივი კუნთები;
3. პირის ირგვლივი კუნთები;
4. ცხვირის ირგვლივი კუნთები;

II. საღეჭი კუნთების შეკუმშვისას ხდება ქვედა ყბის გადაადგილება და ღეჭვის აქტის შესრულება. თითოეულ საღეჭ კუნთს აქვს მოძრავი წერტილი ქვედა ყბაზე და უძრავი წერტილი, ანუ დასაწყისი – ქალას ძვლებზე. არსებობს საღეჭი კუნთების ოთხი წყვილი:
1. საღეჭი კუნთი – m. masseter
2. საფეთქლის კუნთი – m. temporalis
3. მედიალური ფრთისებრი კუნთი – m. pterygoideus medialis
4. ლატერალური ფრთისებრი კუნთი – m. pterygoideus lateralis


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. ანატომიის ნაწილის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია მანანა კიკნაძე (2006 წლიდან). 2008 და 2019 წლის ვერსიები მომზადდა მანანა კიკნაძის რედაქციით.
გაფრთხილება

.

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter