თავის ვენები

ადამიანის ნორმალური ანატომია. თავის ვენები Veins of head

ლალი დათეშიძე

თავის ტვინისა და ქალას მაგარი სინუსების სისხლი იკრიბება შიგნითა საუღლე ვენაში. შიგნითა საუღლე ვენის ქალაშიდა ტოტებს მიეკუთვნება: მაგარი გარსის სინუსები – sinus durae matris; თვალბუდის ვენები – vv. ophthalmicae; შიგნითა ყურის ვენები; დიპლოეს ვენები – vv. diploicae; მენინგეალური ვენები – vv. meningeae; დიდი ტვინის ვენები – vv. cerebri.

მაგარი გარსის სინუსები – sinus durae matris, წარმოადგენენ თავისებურ ვენურ ლულებს, რომელთა კედლები ტვინის მაგარი გარსის ფურცლებისგანაა წარმოქმნილი. მაგარი გარსის სინუსების შიგნითა ზედაპირი, ისევე როგორც ვენებისა, ამოფენილია ენდოთელიუმით. განსხვავება მათ შორის ისაა, რომ ვენების კედელი ელასტიკურია და შედგება სამი შრისაგან; გაჭრისას მათი სანათური იფუშება, სინუსების კედლები კი გაჭიმულია, წარმოქმნილია მჭიდრო ბოჭკოვანი ქსოვილით, სინუსების სანათური გაჭრისას ღია რჩება; გარდა ამისა, ვენებს აქვთ სარქველები, სინუსებს – არა. სინუსების ღრუში მდებარეობს ენდოთელიუმით დაფარული ბოჭკოვანი ხარიხები და არასრული ძგიდეები. სინუსების კედლები, ვენებისაგან განსხვავებით არ შეიცავენ კუნთოვან ელემენტებს.

356

ტვინის მაგარი გარსის სინუსებს მიეკუთვნება:

1. ზემო საგიტალური სინუსი – sinus sagittalis superior. აქვს სამკუთხა ფორმის სანათური და მიემართება დიდი ტვინის ნამგალის – Falx cerebri ზემო კიდის გასწვრივ, მამლის ბიბილოდან – crista galli კეფის შიგნითა შემაღლებამდე – protuberantia occipitalis interna, სადაც ერთვის მარჯვენა განივ სინუსს – sinus transversus dexter.

2. ქვემო საგიტალური სინუსი – sinus sagittalis inferior, მიემართება დიდი ტვინის ნამგლის – Falx cerebri ქვემო კიდის გასწვრივ. ქვემო საგიტალური სინუსი ერთვის სწორ სინუსს – sinus rectus.

3. სწორი სინუსი – sinus rectus, მდებარეობს დიდი ტვინის ნამგლის ნათხემის კარავთან – tentorium cerebelli შეერთების ადგილის გასწვრივ. მას აქვს ოთხკუთხა ფორმა და წარმოქმნილია ნათხემის კარვის მაგარი გარსის ფურცლებით. სინუსი მიემრათება ქვემო საგიტალური სინუსის უკანა კიდიდან კეფის შიგნითა შემაღლებამდე – protuberantia occipitalis interna, სადაც ერთვის განივ სინუსს.

4. განივი სინუსი – sinus transversus წყვილია; მდებარეობს ქალას ძვლების განივ ღარში ნათხემის კარვის უკანა კიდის გასწვრივ. კეფის შიგნითა შემაღლებიდან, სადაც ორივე სინუსი უერთდება ერთმანეთს, ისინი მიემართებიან თხემის ძვლის დვრილისებრი კუთხის მიდამოში. აქ თითოეული მათგანი გადადის სიგმოიდურ სინუსში – sinus sigmoideus, რომელიც მდებარეობს საფეთქლის ძვლის სიგმოიდურის სინუსის ღარში, და საუღლე ხვრელით – Foramen jugulare გადადის საუღლე ვენის ზემო ბოლქვში – bulbus v. jugularis superior.

5. კეფის სინუსი – sinus occipitalis, მიემართება ნათხემის ნამგალის – Falx cerebelli კიდის სისქეში, კეფის შიგნითა ქედის – Crista occipitalis interna გასწვრივ, კეფის შიგნითა შემაღლებიდან კეფის დიდ ხვრელამდე. აქ იგი იყოფა განაპირა სინუსებად, როლებიც შემოუვლიან მარცხნიდან და მარჯვნიდან კეფის დიდ ხვრელს და ერთვიან სიგმოიდურ სინუსს, იშვიათად – უშუალოდ, საუღლე ვენის ზემო ბოლქვს. სინუსების შერთული – confluens sinuum მდებარეობს კეფის შიგნითა შემაღლების მიდამოში; შემთხვევათა მესამედში, აქ ერთმანეთს უერთდება შემდეგი სინუსები: ორივე განივი სინუსი – sinus transversus, ზემო საგიტალური სინუსი – sinus sagittalis superior,  სწორი სინუსი – sinus rectus.

6. მღვიმოვანი სინუსი – sinus cavernosus წყვილია, მდებარეობს სოლისებრი ძვლის სხეულის გვერდით ზედაპირებზე. მის სანათურს აქვს არასწორი სამკუთხა ფორმა. მისი სახელწოდება განპირობებულია მის ღრუში მრავალრიცხოვანი შემაერთებელქსოვილოვანი ძგიდეების არსებობით, რაც მას  მღვიმოვან ხასიათს აძლევს. მღვიმოვანი სინუსის ღრუში მდებარეობს შიგნითა საძილე არტერია – a. carotis interna სიმპათიკურ წნულთან ერთად, და განმზიდველი ნერვი – n. abducens. სინუსის გარეთა ზემო კედელში გადის: თვალის მამოძრავებლი ნერვი – N. oculomotorius, და ჭაღისებრი ნერვი – n. trochlearis; გარეთა გვერდით კედელში – თვალბუდის ნერვი – n. ophthalmicus (სამწვერა ნერვის პირველი ტოტი)

7. ინტერკავერნოზული სინუსები – sinus intercavernosi, განლაგებულია თურქული კეხის – Sella turcica და ჰიპოფიზის – HYPOPHYSIS ირგვლივ. აღნიშნული სინუსები იერთებენ ორივე მღვიმოვან სინუსს და მათთან ერთად წარმოქმნიან ჩაკეტილ ვენურ წრეს.

8. თხემ-სოლისებრი სინუსი – sinus sphenoparietalis, წყვილია, მდებარეობს სოლისებრი ძვლის მცირე ფრთების გასწვრივ; ერთვის მღვიმოვან სინუსს.

9. ზემო კლდოვანი სინუსი – sinus petrosus superior, წყვილია; მდებარეობს საფეთქლის ძვლის ზემო კლდოვან ღარში; მიემართება მღვიმოვანი სინუსიდან და  აღწევს თავისი უკანა კიდით სიგმოიდურ სინუსს.

10. ქვემო კლდოვანი სინუსი – sinus petrosus inferior, წყვილია; მდებარეობს კეფისა და საფეთქლის ძვლების ქვემო კლდოვან ღარში. სინუსი მიემარეთება მღვიმოვანი სინუსის უკანა კიდიდან საუღლე ვენის ზემო ბოლქვემდე.

11. ძირითადი წნული – Plexus basilaris,- მდებარეობს სოლისებრი და კეფის ძვლების თავქვეს – Clivus მიდამოში. იგი აერთებს ორივე მღვინოვან სინუსს და ორივე კლდოვან სინუსს, ქვემოთ კი უერთდება ხერხემლის შიგნითა ვენურ წნულს – plexus venosus vertebralis internus.

თვალბუდისა და თვალის კაკლის ვენები:

1. თვალბუდის ზემო ვენა – v. ophthalmica superior, თვალის მედიალური კუთხიდან – Angulus oculi medialis მიყვება თვალბუდის შიგნითა კედელს; თავსდება თვალბუდის ზემო კედლის მედიალურში გადასვლის საზღვარზე, თვალბუდის არტერიასთან – A. supraorbitalis ერთად. თვალბუდის მედიალური კედლის შუა ნაწილში თვალბუდის ვენა იხრება გარეთა მხარეს, მიემართება თვალის ზემო სწორი კუნთის – m. rectus superior oculi, ზემოთ, შემდეგ კი თვალბუდის ზემო ნაპრალით – Fissura orbitalis superior შედის ქალას ღრუში და მაშინვე ერთვის მღვიმოვან სინუსს. თვალბუდის ზემო ვენას უერთდება: ა) თვალის კაკლის ვენები – ბადურას ცენტრალური ვენა – v. centralis retinae, წამწამოვანი ვენები – vv. ciliares, ქოჩრიანი ვენები [თვალის ქოროიდული ვენები] – Vv. vorticosae [Vv. choroideae oculi] და ეპისკლერული ვენები – vv. episclerales; ბ) შუბლისა და ცხვირის მიდამოს ვენები – თვალბუდის ზედა ვენა – V. supraorbitalis, ცხვირ-შუბლის ვენა – v. nasofrontalis; გ) ქუთუთოების ვენები – vv. palpebrales; დ) კონიუნქტივის ვენები – Vv. conjunctivales; ე) კუნთოვანი ვენები თვალის ზემო სწორი და თვალის მედიალური სწორი კუნთებიდან, – საცრემლე ვენა – v. lacrimalis; ე) ცხავისებრი ვენები – vv. ethmoidales.

289

2. თვალბუდის ქვემო ვენა – v. ophthalmica inferior, წარმოიქმნება თვალბუდის წინა ნაწილის ქვემო მედიალურ კუთხესთან, საცრემლე პარკის ვენებისა და კუნთოვანი ვენებისაგან. აქედან იგი მიყვება თვალბუდის ქვემო კედელს თვალის ქვემო სწორი კუნთის – m. rectus inferior oculi, გასწვრივ, ქმნის ანასოტომოზს თვალბუდის ზემო ვენასთან – v. ophthalmica superior. თვალბუდის უკანა ნაწილში თვალბუდის ქვემო ვენა იყოფა ორ ტოტად: ერთი ტოტი გაივლის თვალბუდის ზემო ნაპრალს – Fissura orbitalis superior, შედის ქალას ღრუში და ერთვის მღვიმოვან სინუსს – sinus cavernosus; მეორე ტოტი გამოდის თვალბუდის ქვემო ნაპრალიდან – fissura orbitalis inferior, ერთვის სახის ღრმა ვენას – v. faciei profunda. თვალბუდის ზემო და ქვემო ვენებს სარქველების არა აქვთ.

შიგნითა ყურის ვენებს მიეკუთვნება: ა) შიგნითა ყურის კარიბჭიდან და ნახევარრკალოვანი არხებიდან გამომავალი ვენები. პირველი გამოდის კარიბჭის წყალსადენით – Aqueductus vestibuli, მეორე – რკალქვეშა ფოსოთი – fossa subarcuata და ერთვის ზემო კლდოვან სინუსს; ბ) ლაბირინთის ვენები – vv. labyrinthi, კრებენ ვენურ სისხლს ლოკოკინადან; გამოდიან შიგნითა სასმენი მილით – meatus acusticus internus და ლოკოკინას მილაკის გარეთა ნაჩვრეტით – apertura externa canaliculi cochleae და ერთვიან ქვემო კლდოვან სინუსს.

316

1. ღრუბლისებრი ნივთიერების (დიპლოეს) ვენები vv. diploicae, მოთავსებულნი არიან ღრუბლისებრი ნივთიერების არხებში, უერთდებიან ერთმანეთს და მიემართებიან, უპირატესად ქალას ფუძისაკენ. დიპლოეს ვენების – vv. diploicae, ერთი ნაწილი ერთვის ტვინის მაგარი გარსის სინუსებს, მეორე ნაწილი – გამოსაშვები (ემისარული) ვენებით – vv. emissariae, უერთდება თავის გარეთა საფარვლის ვენებს. ამგვარად, დიპოლოეს ვენები – vv. diploicae და თავის გარეთა საფარვლის ვენები, ასევე თავის ტვინის მაგარი გარსის სინუსები უერთდებიან ერთმანეთს. არჩვეენ დიპლოეს შემდეგ მსხვილ ვენებს: ა) დიპლოეს შუბლისეული ვენა – v. diploica frontalis, მოთავსებულია შუბლის ქიცვის – Squama frontalis სისქეში, შუა ხაზთან ახლოს, და მიაქვს ვენური სისხლი ნაწილობრივ, ზემო საგიტალურ სინუსში და ნაწილობრივ – თვალბუდის ზემო ვენაში – v. supraorbitalis; ბ) დიპლოეს წინა საფეთქლისეული ვენა – v. diploica temporalis anterior, ერთვის ფრთა-თხემის სინუსს და საფეთქლის ღრმა ვენას – v. temporalis profunda; გ) დიპლოეს უკანა საფეთქლისეული ვენა – v. diploica temporalis posterior კრებს სისხლს თხემისა და საფეთქლის ძვლებიდან და დვრილისებრი გამოსაშვები ვენის – v, emissaria mastoidea მიდამოში ერთვის განივ სინუსს – sinus transversus, და ყურის უკანა ვენას – v. auricularis posterior; დ) დიპლოეს კეფისეული ვენა – V. diploica occipitalis ერთვის განივ სინუსს, ან კეფის გამოსაშვები ვენის – v. emissaria occipitalis გავლით ერთვის კეფის ვენას – v. occipitalis.

2. მენინგეალური ვენები – vv. meningeae წყვილად მიყვებიან შესაბამის არტერიებს, ქმნიან აასტომოზებს ერთმენეთთან და ერთვიან ახლომდებარე სინუსებს. მათ შორის ყველაზე მსხვილი – შუა მენინგეალური ვენა – v. meningea media, მიყვება თანამოსახელე არტერიას, გზაზე უერთდება ფრთა-თხემის სინუსს, წვეტიანი ხვრელით გამოდის ქალას ღრუდან და ერთვის ფრთისებრ წნულს – plexus pterygoideus.

315

3. გამოსაშვები (ემისარული) ვენები – venae emissariae, გაივლიან ქალას ხვრელებს და თავის გარეთა საფარველის ვენებს აერთებენ ქალას ღრუს ვენებთან.
გამოსაშვებ ვენებს – vv. emissariae მიეკუთვნება: ა) თხემის გამოსაშვები ვენა – v. emissaria parietalis გაივლის თხემის ხვრელში – foramen parietale; იგი ერთმანეთთან აერთებს ზემო საგიტალურ სინუსს – sinus sagittalis superior და საფეთქლის ზედაპირულ ვენას – v. temporalis superficialis; ბ) კეფის გამოსაშვები ვენა – v. emissaria occipitalis, მოთავსებულია კეფის გარეთა შემაღლების მიდამოში და ერთმანეთთან აერთებს განივ სინუსსა – sinus transversus და სინუსების შერთულს – confluens sinuum კეფის ვენებთან – vv. occipitales; გ) როკის გამოსაშვები ვენა – v. emissaria condylaris მოთავსებულია კეფის ძვლის როკის არხში – Canalis condylaris. იგი სიგმოიდურ სინუსს – sinus sigmoideus აკავშირებს კისრის ღრმა ვენასთან – v. cervicalis profunda, და ხერხემლის გარეთა ვენურ წნულთან – plexus venosus vertebralis externus;  დ) დვრილისებრი გამოსაშვები ვენა – v. emissaria mastoidea, გაივლის საფეთქლის ძვლის დვრილისებრ ხვრელს – foramen mastoideum და სიგმოიდურ სინუსს – sinus sigmoideus აკავშირებს კეფის ვენასთან – v. occipitalis, ან ყურის უკანა ვენასთან – v. auricularis posterior.

გამოსაშვებ ვენებს მიეკუთვნება აგრეთვე შემდეგი ვენური წნულები:
1. საძილე არხის ვენური წნული – plexus venosus canalis carotid; აერთებს მღვიმოვან სინუსს – sinus cavernosus ფრთისებრ სინუსთან – sinus pterygoideus
2. დაფლეთილი ხვრელის – Foramen lacerum ვენები ამ ხვრელის მიდამოში;
3. ოვალური ხვრელის ვენური წნული – Plexus venous forarninis ovalis, რომელიც გადის ოვალურ ხვრლში;
4. ენისქვეშა არხის ვენური წნული – Plexus venosus canalis hypoglossi მოთავსებულია  თანამოსახელე არხში – canalis hypoglossi და ირგვლივ აკრავს ენისქვეშა ნერვს – n. hypoglossus; ეს წნული შიგნითა საუღლე ვენის ზემო ბოლქვს – bulbus v. jugularis superior აკავშირებს ხერხემლის წინა ვენურ წნულთან – plexus vertebralis anterior.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. ანატომიის ნაწილის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია მანანა კიკნაძე (2006 წლიდან). 2008 და 2019 წლის ვერსიები მომზადდა მანანა კიკნაძის რედაქციით.
გაფრთხილება

.