ზოგადმატონიზებელი საშუალებები და ადაპტოგენები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”

ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ზოგადმატონიზირებელი გავლენით გამოირჩვიან სხვადასხვა, უპირატესად მცენარეული წარმოშობის საშუალებები. ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე არასპეციფიკური ზოგადმატონიზირებელი ზემოქმედების გარდა ეს სამკურნალო საშუალებები აუმჯობესებენ ენდოკრინულ რეგულაციას და ცვლის პროცესებს, აგრეთვე ზრდიან ორგანიზმის ადაპტაციას არახელსაყრელ ფაქტორებთან. ლევზეას, ჩინური ლიმონურას, არალიას ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების კომპლექსები ხასიათდებიან ზოგადმატონიზებელი მოქმედებით. ჟენშენის, ელეუტეროკოკის, ვარდისფერი როდიოლას და სხვა მცენარეების პრეპარატებში ზოგადმატონიზებელი ეფექტი შეხამებულია ადაპტაციურ თვისებებთან. ზოგადმატონიზებელი და ადაპტოგენური მოქმედების მექანიზმი ჯერ კიდევ ბუნდოვანია. ვარაუდობენ, რომ ადაპტოგენური მოქმედების რეალიზაციაში დიდ როლს ასრულებს რნმ-ის და ცილების ადაპტიური სინთეზის, ენერგეტიკული ცვლის ფერმენტების აქტივობის და რეგენერაციის პროცესების გაძლიერება. ზოგადმატონიზებელი საშუალებების მოქმედების სპექტრი მოიცავს, უპირველეს ყოვლისა, ზოგადმატონიზებელ ეფექტს, რომელიც ვითარდება თანდათანობით და გამოიხატება ორგანიზმის ტონუსის და ცხოველმყოფელობის გაზრდაში. ზოგადმატონიზებელი მოქმედების საფუძველია მეტაბოლიზმის, ენდოკრინული და ვეგეტაციური რეგულაციის აქტივაცია. ზოგადმატონიზებელ მოქმედებას მოსდევს მადის მომატება, სასქესო ორგანოების ტონუსის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ჯირკვალთა სეკრეციის გაზრდა. ამ ეფექტების გარდა აღინიშნება დაქვეითებული სისხლძარღვოვანი ტონუსის აღდგენა, არტერიული წნევისა და გულის მოქმედების უმნიშვნელო გაზრდა. ზოგადმატონიზებელი მოქმედების გარდა ამ ჯგუფის პრეპარატებისათვის დამახასიათებელია სუსტად გამოხატული ფსიქომასტიმულირებელი ეფექტი. ფსიქოსტიმულაცია ვლინდება შრომისუნარიანობის (ფიზიკური და ფსიქიური) გაუმჯობესებაში, ასთენიის და დაღლილობის ნიშნების შემცირებაში. ამ ეფექტს არ მოსდევს აგზნების, მათ შორის ეიფორიის ნიშნები. აღსანიშნავია, რომ როგორც ზოგადმატონიზრებელი, ასევე ფსიქომასტიმულირებელი ეფექტების გამოვლინება ფიზიოლოგიური ნორმის დიაპაზონს არ სცილდება. ადაპტოგენური თვისებების მქონე მცენარეებიდან მიღებული პრეპარატები ხასიათდებიან უმნიშვნელო ფსიქომასტიმულირებელი მოქმედებით (ძალითა და განვითარების სიჩქარით მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან ფსიქოსტიმულატორებს და ზოგადმატონიზირებელ სამკურნალო საშუალებებს). ადაპტოგენების ფარმაკოდინამიკაში ძირითადია შემდეგი ეფექტები:
– სპეციფიკური და არასპეციფიკური იმუნიტეტის სტიმულაცია და ინფექციისადმი ორგანიზმის რეზისტენტობის გაზრდა. ამას ემყარება ადაპტოგენების გამოყენება ეპიდემიების დროს, რის შედეგადაც ხდება დაავადებულთა რაოდენობის შემცირება და დაავადების კლინიკური სურათის შერბილება;
– ორგანიზმის მიერ გარემოს არახელსაყრელი ფაქტორების (გარემოს მაღალი და დაბალი ტემპერატურა, ინტოქსიკაცია, გამოსხივება და სხვა) ამტანიანობის გაუმჯობესება.

ზოგადმატონიზირებელი საშუალებების და ადაპტოგენების პრეპარატების სახით იყენებენ სხვადასხვა სამკურნალო ნედლეულიდან მიღბულ ექსტრაქტებს, როგორიცაა ნაყენები, თხევადი ექსტრაქტები და სხვა. მაგრამ ყველაზე ძლიერი და შერჩევითი ზოგადმატონიზებელი მოქმედებით ხასიათდებიან იზოლირებული ალკალოიდები – სტრიქნინი, ცეკურინინი, ექინოფსინი. ეს ალკალოიდები ხასიათდებიან მაღალი ტოქსიკურობით და ამის გამო პრაქტიკულად არ გამოიყენებიან. ზოგადმატონიზირებელი საშუალებები და ადაპტოგენები მცირედტოქსიკურები არიან და ავადმყოფები მათ ჩვეულებისამებრ კარგად იტანენ. მათი დანიშვნა არ შეიძლება ცენტრალური ნერვული სისტემის მომატებული აგზნებადობის, ჰიპერტონული დაავადების და ზოგიერთი სხვა მდგომარეობის შემთხვევაში.
ზოგადმატონიზირებელი საშუალებების და ადაპტოგენების გამოყენება მიზანშეწონილია ასთენიის (ტრავმების შემდეგ, სომატური დაავადებების და სხვა ), გადაღლილობის, ჰიპოტონიის დროს, ეპიდემიების დროს იმუნიტეტის ასამაღლებლად. ეს პრეპარატები ეფექტურია საერთო ტონუსის და შრომისუნარიანობის შესანარჩუნებლად, მათ შორის ხანდაზმულ პაციენტებში, და ადაპტაციის დასაჩქარებლად (ფიზიკური და გონებრივი გადატვირთვები, ცხოვრებისა და მუშაობის პირობების შეცვლა, არახელსაყრელი ფაქტორების გავლენა). გასათვალისწინებელია, რომ ადაპტოგენები პროფილაქტიკური საშუალებებია, ანუ მათი ეფექტი ჩანს ხანგრძლივი, სისტემატური მიღებისას.
ზოგადმატონიზირებელი და ადაპტოგენური საშუალებების წყარო მარტო მცენარეები არ არის. მათ იღებენ ირმის არაგარქოვანებული რქებიდან (პანტოკრინი და სხვა), აკვაბიონტებიდან ან სინთეზურად – აცეტილქარვამჟავა, სალბუთიამინი და სხვა). აღსანიშნავია, რომ ზოგადმატონიზებელი და ადაპტოგენური მოქმედება ახასიათებთ სხვა ფარმაკოლოგიური ჯგუფების ზოგიერთ პრეპარატებსაც (ბენდაზოლი და სხვა), აგრეთვე ბევრ რთული შემადგენლობის პრეპარატს, რომლებიც შეიცავენ ზემოთაღწერილ სამკურნალო საშუალებებს.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.