ზემო კიდურის ფასციები

ლალი დათეშიძე

ადამიანის ნორმალური ანატომია. ზემო კიდურის ფასციები Fasciae of upper limb

ზემო კიდურის სარტყლის მიდამოში არჩევენ შემდეგ ფასციებს:
ა) დელტისებრი ფასცია – წარმოქმნილია ორი ფურცლით – ზედაპირული, შედარებით სუსტი და ღრმა, შედარებით ძლიერი. ზედაპირული ფურცელი ფარავს დელტისებრ კუნთს გარედან, აღწევს კუნთის წინა კიდემდე და გადადის გულმკერდის ფასციაში.

მხრის ფასცია

ღრმა ფურცელი ეკვრის დელტისებრ კუნთს – m. deltoideus, გამოყოფს მას ზემო კიდურის სარტყლის კუნთებისაგან (m. infraspinatus, m. teres minor) და მხრის სახსრის სასახსრე ჩანთისაგან და გადადის სამთავა კუნთის მფარავ ფასციაში;

ბ) ქედზედა ფასცია – გაჭიმულია ქედზედა ფოსოს – fossa supraspinata კიდეებზე და ფარავს თანამოსახელე კუნთს;
გ) ქედქვედა ფასცია – ეს ფასცია უმაგრდება ქედქვედა ფოსოს – fossa infraspinata კიდეებს და შეზრდილია დელტისებრი კუნთის  ღრმა ფურცელთან და ქმნის ბუდეს ქედქვედა კუნთისა – m. infraspinatus და მცირე მრგვალი კუნთისათვის – m. teres minor;

დ) ბეჭქვეშა ფასცია – საკმაოდ თხელი, სუსტად გამოხატული ფასციაა და დამაგრებულია თანამოსახელე ფოსოს კიდეებზე; ფარავს ბეჭქვეშა კუნთს.

იღლიის ფასცია – fascia axillaris შედარებით მკვრივი ფურცელია და  ქვემოდან ფარავს იღლიის ფოსოს;

ფასციას აქვს ხვრელები, რომლებშიც გადიან ნერვები, სისხლძარღვები და ლიმფური ძარღვები. იღლიის ფასცია მკვეთრი საზღვრების გარეშე გადადის: ზედა ნაწილში – დელტისებრი კუნთის ფასციაში, ქვემოთ – მხრის ფასციაში – fascia brachii, უკანიდან – ზურგის უგანიერესი კუნთისა – M. latissimus dorsi და დიდი მრგვალი კუნთის – M. teres major მფარავ ფასციაში.

მხრის ფასცია – facia brachii, – კარგად განვითარებული ფასციაა. მხრის ქვემო ნახევარში მომხრელებსა და გამშლელებს შორის გადის ორი ფრონტალურად განლაგებული კუნთთაშუა ძგიდე – ლატერალური და მედიალური, რომლებიც ქმნიან ფასციურ ბუდეებს ამ ჯგუფის კუნთებისათვის და წარმოადგენენ მხრისა და წინამხრის კუნთების ზოგიერთი ნაწილების მიმაგრების ადგილს.

მხრის ფასცია

მხრის ლატერალური კუნთთაშუა ძგიდე – septum intermusculare brachii laterale მიემართება შიგნით და უმაგრდება მხრის ძვლის გარეთა კიდეს, დაწყებული დელტისებრი ხორკლიდან – tuberositas deltoidea ლატერალურ ზედაროკამდე – epicondylus lateralis, და გამოაცალკევებს სამთავა კუნთის ლატერალურ და მედიალურ თავებს – caput laterale et mediale m. tricipitis მხრისა – m. brachialis და მხარ – სხივის – m. brachioradialis კუნთებისაგან. მხრის მედიალური კუნთთაშუა ძგიდე – septum intermusculare brachii mediale, შედარებით უფრო ძლიერია, გამოდის მხრის ფასციიდან – fascia brachii და თავსდება მხრის შიგნითა ზედაპირზე და ფიქსირდება მხრის ძვლის შიგნითა კიდის გასწვრივ, ნისკარტ – მხრის კუნთის – m. coracobrachialis დისტალური ბოლოდან მედიალურ ზედაროკამდე – epicondylus medialis, და გამოაცალკევებს სამთავა კუნთის მედიალურ თავს – caput mediale m. tricipitis მხრის კუნთისა – m. brachialis და მრგვალი პრონატორისაგან – m. pronator teres. ფასციას ზოგ ადგილებში ხვრეტს მასში გამავალი ნერვები და სისხლძარღვები.

წინამხრის ფასციები

წინამხრის ფასცია – fascia antebrachii, წარმოადგენს მხრის ფასციის გაგრძელებას. განსაკუთრებულ სიმტკიცეს იგი აღწევს იდაყვის სახსრის მიდამოში, საიდანაც დასაბამს ღებულობს წინამხრის რიგი კუნთები.

წინამხრის ფასცია

ფასციას მთელს გაყოლებაზე გამოეყოფა მრავალრიცხოვანი თხელი ძგიდეები, რომლებიც მოთავსებულნი არიან კუნთთა ცალკეულ ჯგუფებს შორის და ქმნიან მათთვის ფასციურ ბუდეებს. წინამხრის ფასცია მჭიდროდაა შეზრდილი ზედაპირულ კუნთებთან. ზემოთ იგი შეზრდილია ფიბროზულ აპკთან – მხრის ორთავა კუნთის აპონევროზთან – aponeurosis m. bicipitis brachii, ქვემოთ ფასცია ქმნის კარგად გამოხატულ განივ კონებს, რომლებიც მოიცავენ სხივ – მაჯის სახსრის მოდამოს. ფასციური ძგიდეებით და წინამხრის ძვლებით, ასევე ძვალთაშუა აპკით წინამხრის ზემო ნახევარში იქმნება სამი კუნთოვანი საწოლი – ლატერალური, უკანა და წინა. ლატერალურ საწოლში მოთავსებულია მხარ – სხივის კუნთი – m. brachioradialis და მაჯის სხივისაკენ გამშლელი კუნთები – mm. extensores carpi radialis, უკანა საწოლში – თითების გამშლელი კუნთი – m. extensor digitorum, ნეკის გამშლელი კუნთი – extensor digiti minimi, მაჯის იდაყვისაკენ გამშლელი კუნთი – m. extensor carpi ulnaris, იდაყვის კუნთი – m. anconeus, და სუპინატორი – m. supinator. წინა საწოლი ფასციური ფირფიტით იყოფა ორ ნაწილად – ზედაპირულ და ღრმა ნაწილებად. მასში მოთავსებულია წინა მხრის წინა ჯგუფის კუნთები. ამასთან, წინა საწოლის ღრმა ნაწილში მოთავსებულია თითების ღრმა მომხრელი კუნთი – m. flexor digitorum profundus და ცერის გრძელი მომხრელი კუნთი – m. flexor pollicis longus, ხოლო ზედაპირულში – მრგვალი პრონატორი – m. pronator teres, მაჯის სხივისაკენ მომხრელი კუნთი – m. flexor carpi radialis, თითების ზედაპირული მომხრელი კუნთი – m. flexor digitorum superficialis, ნების გრძელი კუნთი – m. palmaris longus, მაჯის იდაყვისაკენ მომხრელი კუნთი – m. flexor carpi ulnaris. წინამხრის ქვემო ნახევარში ფასციური საწოლები რიცხვი ისეთივეა, მაგრამ კლებულობს მათი სიდიდე, ვინაიდან ისინი ფარავენ უკვე არა კუნთებს, არამედ მათგან გამომავალ მყესებს.

მტევნის ფასციები

მტევნის ფასციები – fasciae manus, წარმოადგენენ წინამხრის ფასციის უშუალო გაგრძელებას. მტევნის ხელგულის ზედაპირზე არჩევენ ორ ფასციას – ზედაპირულსა და ღრმას. ზედაპირული ფასცია წარმოადგენს თხელ ფირფიტას, რომელიც ფარავს ცერისა და ნეკის შემაღლებების კუნთებს.

მტევნის ფასცია

ხელისგულის ცენტრში ფასცია საგრძნობად სქელდება და გადადის ხელგულის აპონევროზში – aponeurosis palmaris. აპონევროზს აქვს სამკუთხედის ფორმა, რომელიც ფუძით ქვემოთ, თითებისკენაა მიმართული, წვერით კი – ზემოთ, წინამხრისაკენ და შეზრდილია მომხრელების საბმელთან – retinaculum flexorum.   აპონევროზის მწვერვალის მიდამოში ჩაწნულია  ნების გრძელი კუნთის – m. palmaris longus მყესები, რომლის კონები მარაოსებურად იშლებიან აპონევროზის სისქეში და აღწევენ თითების ფუძეებს. აქ კონები ჯგუფდებიან შედარებით მსხვილ კონებად. გარდა სიგრძივი კონებისა, ხელგულის აპონევროზის შემადგენლობაში შედის ასეევე განივი კონები – fasciculi transversi, რომლებიც განსაკუთრებით კარგად არიან გამოხატული თითებშუა შუალედებში. მტევნის ღრმა ფასცია – ხელგულის ძვალთაშუა ფასცია – ფაშარი შემაერთებელი ქსოვილის შედარებით თხელი ფურცელია და ფარავს ძვალთაშუა პალმარულ კუნთებს. ღრმა ფასციასა და ხელგულის აპონევროზს შორის მდებარეობს თითების მომხრელების მყესები, სისხლძარღვები და ნერვები. ორივე ფასცია გვერდებიდან უერთდებიან ერთმანეთთან და ქმნიან სივრცეს, სადაც გაივლის აღნიშნული მყესები, ასევე ჭიაყელა კუნთები. თითების ხელგულისმხრივი ფასცია ქმნის მტევნის თითების ფიბროზულ ბუდეებს, რომლებშიც მოთავსებულია თითების მომხრელების მყესები; ბუდეები შიგნიდან ამოფენილია სინოვიური გარსით. მტევნის თითების ფიბროზული ბუდეები – vaginae fibrosae digitorum manus გამაგრებულია იოგებით. მათ შორის არჩევენ განსაკუთრებით კარგად განვითარებულ ფიბროზული ბუდის რგოლისებრ ნაწილს – pars anularis vaginae fibrosae; აქვეა გვერდითი იოგები – ligg. collateralia.

მტევნის მყესების სინოვიური ბუდეები

ხელგულის ზედაპირზე მდებარეობს 5 ერთმანეთისაგან იზოლირებული მტევნის თითების სინოვიური ბუდე – vaginae synoviales digitorum manus. მათგან ყველაზე დიდია მტევნის თითების მომხრელი კუნთების საერთო სინოვიური ბუდე – vagina synovialis communis mm.flexorum digitorum manus, რომელიც მოთავსებულია მაჯის არხში – canalis carpi და შეიცავს თითების ზედაპირულ და ღრმა მომხრელი კუნთების – mm. flexores digitorum superficialis et profundus მყესებს, მათი მტევანზე გამოსვლის მიდამოში.

მტევნის ფასცია

ამავე ბუდეს უერთდება ნეკის ბუდე, რომელიც შეიცავს ნეკთან მომავალი მომხრელების მყესებს. სამი ერთნაირი სიმოვიური ბუდე მოთავსებულია საჩვენებლი, შუა და უსახელო თითების პალმარულ ზედაპირზე. ეს ბუდეები იწყება ნებ – ფალანგის სახსრების დონეზე და აღწევენ დისტალური ფალანგების ფუძეებს. ბუდეები შეიცავენ თითების ღრმა და ზედაპირული მომხრელების მყესებს. ცერის გრძელი მომხრელი კუნთის მყესი მოთავსებულია ცალკე – მტევნის ცერის გრძელი მომხრელის მყესის ბუდეში – vagina tendinis m.flexoris pollicis longi.   ეს ბუდე მდებარეობს მტევნის თითების მომხრელი კუნთების საერთო სინოვიური ბუდის – vagina synovialis communis mm. flexorum digitorum manus ლატერალუად მაჯის არხში – canalis carpi, მიემართება ცერისაკენ და მთავრდება მისი დისტალური ფალანგის ფუძესთან.

მტევნის ფასცია

ხელზურგის ზედაპირზე მტევნის დორსალური ფასცია – fascia dorsalis manus ფარავს დორსალურ (ხელზურგის) ძვალთაშუა კუნთებს, მონაწილეობს სინოვიური ბუდეების წარმოქმნაში. მტევნის დორსალურ ზედაპირზე 6 სინოვიური ბუდეა;  თითოეული მათგანი შეიცავს წინამხრის დორსალურ ზედაპირზე განლაგებულ გარკვეული კუნთების მყესებს. ბუდეები მოთავსებულნი არიან გამშლელების საბმელის ქვეშ – retinaculum extensorum, იქ, სადაც წინამხრის მყესები გადადიან მტევანზე. დაწყებული სხივისეული მხრიდან, პირველ ბუდეში მოთავსებულია ხელის ცერის გრძელი განმზიდველი კუნთის – M. abductor pollicis longus და ცერის მოკლე გამშლელი კუნთის – M. extensor pollicis brevis მყესები; მეორეში – მაჯის სხივისაკენ გამშლელი კუნთის – mm. extensores carpi radiales მყესები, მესამეში – ცერის გრძელი გამშლელი კუნთის – m. extensor pollicis longus მყესი, მეოთხეში – თითების გამშლელი კუნთისა – m. extensor digitorum და მაჩვენებელი თითის გამშლელი კუნთის – m. extensor indicis მყესები; მეხუთეში – ნეკის გამშლელი კუნთისა – m. extensor digiti minimi და მეექვსეში – მაჯის იდაყცვისაკენ გამშლელი კუნთის – m. extensor carpi uln aris მყესები.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. ანატომიის ნაწილის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია მანანა კიკნაძე (2006 წლიდან). 2008 და 2019 წლის ვერსიები მომზადდა მანანა კიკნაძის რედაქციით.
გაფრთხილება

.