ზემო კიდურის ვენები

ადამიანის ნორმალური ანატომია. ზემო კიდურის ვენები

ლალი დათეშიძე

ზემო კიდურის ვენები იყოფა ორ ჯგუფად: ზედაპირულ, ანუ კანქვეშა და ღრმა ვენებად. ზედაპირული ვენებს მიეკუთვნება: შევარდენის ვენა – v. cephalica და სალამის ვენა – v. basilica. ორივე მათგანი იწყება მტევნის ვენური წნულიდან.

ვენები

ზედაპირული ვენები კარგადაა განვითარებული მტევნის ზურგზე. თითების ხელგულისმხრივ ზედაპირზე მდებარეობს ვენური სისხლძარღვების ბადე, რომელიც წარმოქმნილია თითების პალმარული ვენებით – Vv. digitales palmares. აღნიშნული ბადე უერთდება თითების დორსალური ზედაპირის ვენურ ბადეს. პროქსიმალური ფალანგების ფუძესთან თითების ხელგულის წნულის ვენები წარმოქმნიან თავებშორის ვენებს – vv. intercapitales, რომლებიც გადიან მტევნის ზურგზე. ხელგულის ზედაპირზე II-III-IV-V თითების ფუძესთან, თავებშორისი ვენები უერთდებიან ერთმანეთს, წარმოქმნიან რკალს და ერთვიან ნების პალმარულ ვენებს – vv. metacarpeae palmares. ეს უკანასკნელნი გადადიან ხელგულის ზედაპირულ და ღრმა ვენურ რკალებში Arcus venosus palmaris superficialis et profundus, საიდანაც დასაბამს ღებულობენ იდაყვისა და სხივის ვენები – vv. ulnares et vv. radiates.

ვენები

მტევნის ზურგზე მდებარეობს მტევნის დორსალური ვენური ბადე – Rete venosum dorsale manus, რომელიც იწყება ფრჩხილის ფესვთან, სადაც უერთდება ხელგულის ვენებს. დორსალური ვენური ბადის ვენებიდან გამოყოფენ შედარებით მსხვილ, თითების საკუთარ დორსალურ ვენებს. თითოეულ თითზე 2 ასეთი ვენაა, რომლებიც მიემართებიან გასწვრივი მიმართულებით, ქმნიან ანასტომოზურ კავშირს ერთმანეთთან და პროქსიმალური ფალანგების შუაში დორსალურ მხარეზე წარმოქმნიან თითების დორსალურ ვენურ რკალებს. სისხლძარღვები, რომლებსაც გამოაქვთ სისხლი ორი მეზობელი თითიდან, ღებულობენ თავებშორის ვენებს – vv. intercapitales, უერთდებიან ერთმანეთს და წარმოქმნიან 4 ვენას – ნების დორსალურ ვენებს – vv. metacarpeae dorsales. მტევნის იდაყვისკენა და სხივისკენა მხარეებზე მდებარეობს I და V თითების დორსალური ვენების გაგრძელება. ნების პირველი და მეოთხე დორსალურ ვენას ერთვიან ნების დანარჩენი დორსალური ვენები. ნების პირველი დორსალური ვენა გადადის წინამხარზე, და მას ეწოდება შევარდენის ვენა – v. cephalica, ნების მეოთხე დორსალური ვენას კი – სალამის ვენა – v. basilica.

ვენები

შევარდენის ვენა – v. cephalica, წარმოადგენს ნების პირველი დორსალური ვენის უშუალო გაგრძელებას. იწყება მტევნის ზურგზე, მიემართება ზემოთ, შემოუვლის სხივ-მაჯის სახსარს – Articulatio radiocarpea და მიყვება სხივის ძვლის უკანა ზედაპირის გარეთა კიდეს, გადადის წინა ზედაპირზე, აღწევს იდაყვის ფოსოს. აქედან იგი გადადის მხარზე და თავდაპირველად წვება ორთავა კუნთის ლატერალურ ღარში – sulcus bicipitalis lateralis, შემდეგ კი დელტისებრი და მკერდის დიდი კუნთს შორის ღარში, სადაც იგი ხვრეტს ფასციას და შედის სიღრმეში; აღწევს ლავიწქვეშა მიდამოს, გაივლის მკერდ-დვრილის ფასციის – fascia clavipectoralis მედიალურ ნაწილს და ჩაერთვება იღლიის ვენას – v. axillaris

სალამის ვენა – v. basilica, წარმოადგენს ნების მეოთხე დორსალური ვენის გაგრძელებას. იგი მიემართება ზემოთ, თავდაპირველად წინამხრის წინა ზედაპირზე, მიყვება იდაყვის ძვალს და აღწევს იდაყვის ფოსოს. აქ ვენა ღებულობს იდაყვის შუა ვენას – v. mediana cubiti და შესამჩნევად მსხვილდება, გადადის მხარზე, წვება ორთავა კუნთის მედიალურ ღარში – sulcus bicipitalis medialis. მხრის დაახლოებით ქვემო და შუა მესამედის საზღვარზე სალამის ვენა – v. basilica ხვრეტს მხრის ფასციას, აგრძელებს გზას და ჩაერთვება მხრის ვენაში – v. brachialis. ზოგჯერ სალამის ვენა მხოლოდ ქმნის ანასტომოზურ კავშირს მხრის ვენებთან – vv. brachiales, თვითონ კი მხრის სისხლძარღვოვან-ნერვულ კონასთან ერთად მიდის იღლიის ფოსომდე, სადაც ჩაერთვება იღლიის ვენაში – v. axillaris.

იდაყვის შუა ვენა – v. mediana cubiti, იწყება შევარდენის ვენიდან – v. cephalica წინამხრის ზემო მესამედში და, მიემართება ზემოთ და მედიალურად, გადაუვლის ირიბად იდაყვის ფოსოს და ჩაერთვება სალამის ვენაში – v. basilica. წინამხრის ხელგულისკენა ზედაპირზე სალამის ვენასა და შევარდენის ვენას შორის გვხვდება ზედაპირული წინამხრის შუა ვენა – v. mediana antebrachii. მხრის ზემო მესამედში ეს ვენა წვება იდაყვის შუა ვენასთან – v. mediana cubiti ერთად, ან მისი ღერო იყოფა ორად: ერთი ტოტი – შევარდენის შუა ვენა – v. mediana cephalica, მიემართება შევარდენის ვენისაკენ – v. cephalica; მეორე – სალამის შუა ვენა – v. mediana basilica, მიემართება სალამის ვენისაკენ – v. basilica. წინამხრის დისტალურ ნაწილში, როგორც შევარდენის ვენა, ასევე სალამის ვენა უერთდებიან ხელგულის ღრმა ვენურ რკალს – arcus venosus palmaris profundus. გარდა ამისა, ეს ორი ვენა ეანასტომოზება ერთმანეთს წინამხრის ორივე ზედაპირზე.

ზემო კიდურის ღრმა ვენები ორ-ორად მიყვებიან თანამოსახელე არტერიებს. მტევნის მიდამოში არსებობს ორი ვენური რკალი. ხელგულის ზედაპირული ვენური რკალი – arcus venosus palmaris superficialis, შედარებით სუსტადაა განვითარებული, მიყვება თანამოსახელე არტერიულ რკალს. ხელგულის ღრმა ვენური რკალი – arcus venosus palmaris profundus, ასევე იმეორებს ღრმა არტერიული რკალის მდებარეობას. ხელგულის ღრმა ვენური რკალი შედგება ორი ერთმანეთთან ანასოტომოზით დაკავშირებული ვენისაგან; ამ ვენებს უერთდება წყვილი ნების პალმარული ვენები – vv. metacarpeae palmares, რომლებიც სისხლს კრებენ თითებშუა კუნთებიდან, ასევე მაჯის ხელგულის ღრმა ვენური ბადიდან, რომელიც მდებარეობს მაჯის ძვლებზე და იოგებზე. ნების პალმარული ვენები ქმნიან ანასოტმოზურ კავშირებს მტევნის დორსალურ ვენებთან. ხელგულის ღრმა ვენური რკალი ქმნის ანასოტომოზს ნების ძვალთაშუა პირველ სივრცეში ნების პირველ დორსალურ ვენასთან. ზედაპირული და ღრმა ვენური რკალების ვენები გადადიან წინამხარზე, წაროქმნიან ერთმანეთთან მოანასტომოზე იდაყვის ვენებს – vv. ulnares, და სხივის ვენებს – vv. radiales.

ვენები

იდაყვისა და სხივის ვენები – vv. ulnares et vv. radiales, თანამოსახელე არტერიებთან ერთად აღწევენ იდაყვის ფოსოს; მსვლელობისას იდაყვისა და სხივის ვენებს ერთვის კუნთებისა და ძვლების ვენები, რომელთა სახელწოდება შეესაბამება იდაყვისა და სხივის არტერიების ტოტების სახელწოდებებს. იდაყვის ფოსოს მიდამოში იდაყვისა და სხივის ვენები ერთდებიან და წარმოქმნიან  მხრის ვენებს – vv. brachiales.(2). ეს ვენები მიყვებიან მხრის არტერიას, გზაზე ღებულობენ რიგ მსხვილ და წვრილ ვენურ ტოტებს, შედიან იღლიის ფოსოში, უერთდებიან ერთმანეთს და წარმოქმნიან იღლიის ვენას.

ვენები

იღლიის ვენა – v. axillaris, მოთავსებულია იღლიის ფოსოში თანამოსახელე არტერიის წინ. იგი ვრცელდება მკერდის დიდი კუნთის – m. pectoralis major ქვემო კიდიდან პირველ ნეკნამდე და წარმოადგენს მთავარ კოლექტორს, სადაც იკრიბება ვენური სისხლი ზემო კიდურის ზედაპირული და ღრმა ვენებიდან. იღლიის ვენა ღებულობს ტოტებს, რომლებიც შეესაბამებიან იღლიის არტერიის ტოტებს. მათ მიეკუთვნება: მხრის შემომხვევი ვენები – vv. circumflexae humeri, ბეჭქვეშა ვენები – vv. subscapulares, და გულმკერდის ლატერალური ვენა – v. thoracica lateralis.

ვენები

ლატერალურ ვენას ერთვის: ა) გულმკერდ – ეპიგასტრული ვენები – vv. thoracoepigastricae, რომლებიც იწყებიან გულმკერდისა და მუცლის კედლების გვერდით ნაწილებში, ქმნიან ანასოტმოზურ კავშირს ზედაპირულ ეპიგასტრულ ვენასთან – v. epigastrica superficialis, მიყვებიან გულმკერის გვერდით კედელს იღლიის ფოსომდე; ბ) ვენები, რომლებსაც სისხლი მოაქვს დვრილის ბაკის ვენური წნულიდან – plexus venosus areolaris. გ) ვენები, რომლებიც დასაბამს ღებულობენ ნეკნთაშუა უკანა ვენებიდან, გაივლიან წინა დაკბილულ კუნთს – m. serratus anterior და ერთვიან გულმკერდის ლატერალურ ვენას – v. thoracica lateralis,  ან გულმკერდ -ეპიგასტრულ ვენას – v. thoracoepigastrica. გარდა ჩამოთვლილი ვენებისა, იღლიის ვენას ერთვის ასევე შევარდენის ვენა –  v. cephalica. იღლიის ვენა პირველი ნეკნის გარეთა კიდესთან გადადის ლავიწქვშა ვენაში.

ლავიწქვეშა ვენა – v. subclavia, წარმოადგენს იღლიის ვენის უშუალო გაგრძელებას. იგი წვება პირველი ნეკნის ზემო ზედაპირზე, აღწევს მკერდ – ლავიწის სახსრის უკანა ზედაპირს. აქ ლავიწქვეშა ვენას აქვს ორი სარქველი; იგი უერთდება შიგნითა საუღლე ვენას და მასთან ერთად წარმოქმნის მხარ-თავის ვენას. ლავიწქვეშა ვენისა – v. subclavia და შიგნითა საუღლე ვენის – v. jugularis interna შერწყმის ადგილს ორივე მხარეზე ეწოდება მარჯვენა და მარცხენა ვენური კუთხე. ლავიწქვეშა ვენას ერთვის: კისრის განივი ვენები – vv. transversae colli, ბეჭის დორსალური ვენა – v. scapularis dorsalis, მკერდის ვენები – vv. pectorales, და გულმკერდ – აკრომიონის ვენა – V. thoracoacromialis (არამუდმივია); ეს ვენები მიყვებიან თანამოსახელე არტერიებს და ხშირად ერთვიან გარეთა საუღლე ვენას.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. ანატომიის ნაწილის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია მანანა კიკნაძე (2006 წლიდან). 2008 და 2019 წლის ვერსიები მომზადდა მანანა კიკნაძის რედაქციით.
გაფრთხილება

.

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter