ვაზოდილატატორები და  მიოტროპული ჰიპოტენზიური საშუალებები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,კერძო ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”

ვაზოდილატატორები წარმოადგენენ სისხლძარღვების გამაფართოვებელი საშუალებებს. ისინი  განსხვავდებიან მოქმედების მექანიზმით. ვაზოდილატაციური მოქმედება გააჩნიათ შემდეგ ფარმაკოლოგიურ ჯგუფებს:  ცენტრალური ალფა2-ადრენომიმეტური საშუალებები, განგლიების მაბლოკირებელი (განგლიობლოკატორები), ალფა1-ადრენობლოკატორები, ანგიოტენზინური AT1-რეცეპტორების მაბლოკირებელი საშუალებები, ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის (AT1-ქვეტიპი) ინჰიბიტორები და პროსტაციკლინის მსგავსი (პროსტაგლანდინები, თრომბოქსანები, ლეიკოტრიენები და მათი ანტაგონისტები) საშუალებები და სხვა.
მიოტროპულ ჰიპოტენზიურ საშუალებებს მიაკუთვნებენ სამკურნალო საშუალებებს, რომლებსაც გააჩნიათ სპაზმოლიტური და სისხლძარღვების გამაფართოებელი აქტივობა, რაც განპირობებულია გლუვი კუნთების ტონუსის დაქვეითებით და მოდუნებით. ამ ჯგუფის პრეპარატები (ბენდაზოლი, პაპავერინი, დროტავერინი, ჰიდრალაზინი, მინოქსიდილი, ქსანტინოლის ნიკოტინატი, მაგნიუმის სულფატი და სხვა) ძირითადად გამოიყენება ანტიჰიპერტენზიული საშუალებების სახით (ჰიპერტონული დაავადების კომბინირებული თერაპია), რომლებიც აქვეითებენ პერიფერიულ სისხლძარღვოვან წინააღმდეგობას. მათი სისხლძარღვების გამაფართოვებელი მოქმედება რეალიზდება, როგორც წესი, სისხლძარღვების კედელში იონური ბალანსის შეცვლის გზით, რასაც იწვევს აგრეთვე ფოსფოდიესთერაზას ინჰიბირება ან ადენილატციკლაზას აქტივაცია, ადენოზინური რეცეპტორების ბლოკადა და სხვა. ბოლო დრომდე ჰიპერტონული დაავადების დროს  ამ საშუალებათა გამოყენებას ზღუდავდა გულის (კომპენსატორული ტაქიკარდია) და იუქსტაგლომერულარული აპარატის უჯრედების (რენინის ამოტყორცნა არტერიული წნევის  გაზრდით) გამოხატული სიმპათიკური სტიმულაცია. ახალი მაღალეფექტური ანტიადრენერგიული საშუალებების, ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტების ბლოკატორების გაჩენამ და მათმა გამოყენებამ მიოტროპულ სპაზმოლიტიკებთან კომბინაციებში შესაძლებელი გახადა ამ უკანასკნელთა კლინიკური ეფექტურობის გაზრდა.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter