დოზები და კონცენტრაციები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,ზოგადი ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”

სამკურნალო საშუალებების მოქმედება, მნიშველოვან წილად, განისაზღვრება მათი დოზირებით. დოზიდან (კონცეტრაციიდან) გამომდინარე იცვლება ეფექტის განვითარების სიჩქარე, მისი გამოხატულება, ხანგრძლივობა, ზოგჯერ ხასიათიც კი. ჩვეულებრივ, დოზის (კონცეტრაციის) გაზრდის პარალელურად მცირდება ლატენტური პერიოდი და მატულობს ეფექტის გამოხატულება და ხანგრძლივობა.
დოზა ეწოდება ნივთიერების რაოდენობას ერთ მიღებაზე (ჩვეულებრივ აღინიშნება როგორც ერთჯერადი დოზა).
აუცილებელია არა მარტო ერთ მიღებაზე განკუთვნილ დოზაზე (pro dosi) ორიენტირება, არამედ სადღეღამისო დოზის (pro die) გათვალისწინებაც.

დოზას აღნიშნავენ გრამობით ან გრამის წილადებით. პრეპარატების უფრო ზუსტი დოზირებისთვის ხდება მათი რაოდენობის გაანგარიშება 1 კგ. სხეულის მასაზე (მაგ., 1მგ/კგ; 1მკგ/კგ). ცალკეულ შემთხვევებში ნივთიერებების დოზირებისას უპირატესობას ანიჭებენ სხეულის ზედაპირის მოცულობაზე გაანგარიშებას (1 მ2–ზე).
იმ მინიმალურ დოზებს, რომლებითაც სამკურნალო საშუალებები იწვევენ საწყისს ბიოლოგიურ ეფექტებს, ეწოდება ზღვრული ანუ მინიმალური მოქმედი დოზები. პრაქტიკულ მედიცინაში უხშირესად გამოიყენება საშუალო თერაპიული დოზები, რომლებითაც, პაციენტთა დიდ უმეტესობაში, პრეპარატებს გააჩნიათ საჭირო ფარმაკოთერაპიული მოქმედება. თუკი აღნიშნული დოზებით პრეპარატის დანიშვნის შემთხვევაში ეფექტი არასათანადოდ არის გამოხატული, დოზას ზრდიან მაქსიმალურ თერაპიულ დოზამდე. გარდა ამისა, გამოყოფენ ტოქსიკურ დოზებს, როდესაც ნივთიერებები იწვევენ ორგანიზმისთვის სახიფათო ტოქსიკურ ეფექტებს, და სასიკვდილო დოზებს.
ზოგიერთ შემთხვევაში ხდება პრეპარატის დოზის მითითება მკურნალობის მთელი კურსის განმავლობაში (საკურსო დოზა). ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ანტიმიკრობული ქიმიოთერაპიული საშუალებების გამოყენების შემთხვევებში.
იმ შემთხვევაში, თუ ჩნდება ორგანიზმში სამკურნალო საშუალების მაღალი კონცეტრაციის სწრაფად შექმნის აუცილებლობა, პირველი დოზა (დარტყმითი) აღემატება შემდეგ დოზებს.
ინჰალაციური გზით შესაყვანი ნივთიერებებისთვის (მაგალითად, აიროვანი და აქროლადი ნარკოტიკები), ძირითადი მნიშვნელობა ენიჭება მათ კონცეტრაციას შესასუნთქ ჰაერში (აღინიშნება მოცულობით პროცენტებში).


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.