გული

კერძო ფიზიოლოგია და ფუნქციური ანატომია. გული

დასაწყისი იხ. >>>

გულის მუშაობის ექსტრაკარდიული ნერვული რეგულაცია ხორციელდება მოგრძო ტვინში არსებული ცდომილი ნერვის ბირთვებით და ზურგის ტვინის გულმკერდის ზედა ხუთი სეგმენტის სიმპათიკური ნერვებით.

სიმპათიკური ნერვული ბოჭკოებით გულისკენ მიმავალი იმპულსები იწვევენ გულის შეკუმშვების გახშირებას (დადებითი ქრონოტროპული მოქმედება), ზრდიან ამ შეკუმშვების ძალას (დადებითი ინოტროპული მოქმედება) და მიოკარდიუმის აგზნებადობას (დადებითი ბათმოტროპული ეფექტი), ზრდიან აგზნების გატარების სიჩქარეს (დადებითი დრომოტროპული ეფექტი). აღნიშნული ეფექტები დაკავშირებულია სიმპათიკური ნერვების დაბოლოებებიდან გამომუშავებული ნორადრენალინის მიერ გულის β–ადრენორეცეპტორების აგზნებასთან. გულში ადრენომიმეტიკების შეყვანა იწვევს გულის მუშაობის ზუსტად ისეთი სახის ცვლილებებს, როგორც სიმპათიკური ნერვების გაღიზიანება.

ცდომილი ნერვის ბოჭკოების გაღიზიანება, რომელიც გამოიმუშავებს აცეტილქოლინს, ან ამ უკანასკნელის ორგანიზმში შეყვანა, იწვევს გულის შეკუმშვების გაიშვიათებას, აქვეითებს მიოკარდიუმის აგზენებადობას და მასში აგზნების იმპულსების გატარებას (ანუ უარყოფითი ქრონო–, ინო–, ბათმო– და დრომოტროპული ეფექტები), რაც განპირობებულია გულის მ–ქოლინორეცეპტორების აგზნებით.
ი. ო. პავლოვმა აჩვენა, რომ გულის ნერვული წნულის ნერვულ ღეროებს შორის არსებობენ ბოჭკოები, რომელთა გაღიზიანება შერჩევითად იწვევს მხოლოდ გულის შეკუმშვების გახშირებას (ე.წ. გულის დამაჩქარებელი ნერვი), აგრეთვე ნერვული ბოჭკოები, რომელთა გაღიზიანება შერჩევითად იწვევს მხოლოდ გულის კუმშვადი ძალის მომატებას (ე.წ. გულის გამაძლიერებელი ნერვი). ი. ო. პავლოვის აზრით გამაძლიერებელი ნერვი ასრულებს ტროფიკულ ფუნქციას. იგი გავლენას ახდენს მიოკარდიუმში აგზნების გატარებაზე. მისი გაღიზიანება იწვევს ატრიო–ვენტრიკულურ კვანძში ბლოკადის მოხსნას.
ცდომილის და სიმპათიკური ნერვების ბირთვების მეშვეობით რეალიზირდება რეფლექსური გავლენა გულზე, რომელიც ვითარდება სხვადასხვა რეფლექსოგენური ზონების გაღიზიანების დროს. ასე მაგალითად, კანის ტკივილისმიერი გაღიზიანება იწვევს გულის შეკუმშვათა რეფლექსურ გახშირებას, კუჭის და პერიტონეუმის მექანორეცეპტორების გაღიზიანება – მათ გაიშვიათებას; მუცლის არეში ძლიერმა დარტყმამ შესაძლოა გამოიწვიოს გულის რეფლექსური გაჩერება.

გულის მუშაობის ნერვული რეგულაციის იერარქიის უფრო მაღალ საფეხურს წარმოადგენს ჰიპოთალამუსი – ვეგეტაციური ფუნქციების რეგულაციის უმაღლესი ცენტრი, რომელიც უზრუნველყოფს გულ–სისხლძარღვთა და ორგანიზმის სხვა სისტემების მუშაობის გარდაქმნას თავის ტვინის ლიმბური სისტემიდან და ქერქიდან მომავალი სიგნალების მიხედვით. აღნიშნულ დონეზე ხდება მთელი გულ–სისხლძარღვთა სისტემის ინტეგრალური რეგულირება სისხლმომარაგების მხრივ ორგანიზმის და ყველა მისი ორგანოს განსხვავებული მოთხოვნილების შესაბამისად, სხვადასხვა რეაქციების დროს, რომლებიც ვითარდებიან შინაგანი და გარემო პირობების ცვლილებების საპასუხოდ. თავის ტვინის ქერქი – ფსიქიკური მოღვაწეობის ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს ორგანიზმის შეგუებით რეაქციებს არა მარტო მიმდინარე, არამედ მომავალი შემთხვევების მიმართ. პირობითი რეფლექსების მხრიდან სიგნალები, რომლებიც უშუალოდ განაპირობებენ აღნიშნულ შემთხვევებს ან მათ შესაძლო განვითარებას, შესაძლოა გამოიწვიონ გულის და მთელი გულ–სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციების აუცილებელი გარდაქმნა იმ ხარისხით, რაც აუცილებელია ორგანიზმის მომავალი მუშაობის უზრუნველყოფა. ძალიან რთული სიტუაციების დროს, განსაკუთრებული გამღიზიანებლების ზემოქმედების პირობებში შესაძლებელია მოხდეს უმაღლესი რეგულატორული მექანიზმების დარღვევები და მოშლილობები, როდესაც ქცევითი რეაქციების მხრივ დარღვევებთან ერთად შეიძლება ადგილი ჰქონდეს გულის და გულსისხლძარღვთა სისტემის მუშაობის მნიშვნელოვან დარღვევებს. ზოგიერთ შემთხვევაში აღნიშნული დარღვევები შესაძლებელია განვითარდნენ პირობითი რეფლექსების ტიპით.

გულის მუშაობის ჰუმორული რეგულაცია ძირითადად ხორციელდება ადრენალინით, რომელიც სეკრეტირდება თირკმელზედა ჯირკვლის მიერ, და სისხლში მოცირკულირე სხვა ნივთიერებებით. ადრენალინის სისხლში გადმოტყორცნა ხდება ემოციური და ფიზიკური დაძაბვის დროს; იგი რეაგიორებს გულის ბოჭკოების მემბრანების β–ადრენორეცეპტორებთან. β–ადრენორეცეპტორების აგზნება განაპირობებს ფერმენტი ადენილატციკლაზას აქტივირებას, რომელიც ხელს უწყობს ციკლური ამფ–ის წარმოქმნას, ეს უკანასკნელი კი აუცილებელია არააქტიური ფოსფორილაზის აქტიურ ფორმაში გადასვლისთვის, რაც უზრუნველყოფს მიოკარდიუმის მომარაგებას ენერგიით. მსგავსი მექანიზმით გულზე მოქმედებს კალციუმის იონები, რომლებიც ააქტიურებენ ფოსფორილაზას და უზრუნველყოფენ კუმშვადობის და აგზნებადობის ურთიერთქმედებას და ამით ქმნიან დადებით ინოტროპულ ეფექტს. ამისგან განსხვავებით K+, HCO3-, H+ იონები აქვეითებენ მიოკარდიუმის კუმშვადობის ძალას.
გულის მუშაობაზე გავლენას ახდენენ სხვადასხვა ჰორმონებიც. პანკრეასის ჰორმონი გლუკაგონი, ასტიმულირებს რა ადენილციკლაზას, გულზე ახდენს დადებით ინოტროპულ ეფექტს; ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონი თიროქსინი ზრდის გულის შეკუმშვათა სიხშირეს.
ნორმაში, მოსვენებით მდგომარეობაში, მოზრდილებში გულის შეკუმშვათა რიცხვი შეადგენს 60–90 დარტყმას წუთში. ახალშობილებში გულის მუშაობის რეგულაციაში წამყვანია სიმპათიკური ნერვული სისტემა, რაც ნივთიერებათა ცვლის გაძლიერებასთან ერთად განაპირობებს გულის შეკუმშვათა სიხშირის მატებასაც. გულის მუშაობაში ცდომილი ნერვის როლის მატებასთან ერთად ასაკთან ერთად თანდათანობით კლებულობს პულსის სიხშირე. ახალშობილებში იგი შეადგენს 120–140 დარტყმას წუთში, 6 თვის ასაკში – 130–135 დარტყმას, 1 წლის ასაკში – 120–125, 2–4 წლისთვის – 100–115 დარტყმას წუთში, 5–7 წლის ასაკისთვის – 85–100, 8–11 წლისთვის – 80–85, 12–15 წლისთვის კი 70–80 დარტყმას წუთში. ერთი და იგივე ასაკის ბავშვებში გულის შეკუმშვათა რიცხვი შესაძლებელია მერყეობდეს ინდივიდუალურად და დამოკიდებულია ტემპერატურაზე, საკვების მიღებაზე, დღე–ღამის პერიოდზე, ემოციურ მდგომარეობაზე და სხ. ჯანმრთელ ბავშვებში ხშირად აღინიშნება სინუსური (სუნთქვითი) არითმია – ვაგუსური პულსი, რაც განსაკუთრებით გამოხატულია სკოლამდელი და სასკოლო ასაკის ბავშვებში. ასაკის მატებასთან ერთად ბავშვებში კლებულობს გულის წუთმოცულობის და დარტყმითი მოცულობის სიდიდეები, ამასთან, მცირდება გულის წუთმოცულობის შეფარდება ბავშვის წონასთან. აღნიშნული შეფარდება, რაც მეტყველებს ჟანგბადის მიმართ ორგანიზმის მოთხოვნილებაზე, მეტია ახალშობილებში და მეძუძური ასაკის ბავშვებში. გულის დარტყმით და წუთმოცულობებს შორის გასხვავებები, ბავშვის სქესიდან გამომდინარე, ვლინდება 10 წლის შემდეგ.
დატვირთვის და გარემო ფაქტორების გავლენა გულზე. სხვადასხვა გარემო ფაქტორები მუდმივად ცვლიან ორგანიზმის მოთხოვნილებას ნივთიერებათა ცვლის და საკვების მიღების მიმართ, რის გამოც იცვლება გულის მუშაობაც.
ფიზიკური დატვირთვა განაპირობებს გულისკენ სისხლის უკუდინების გაზრდას, რისი მიზეზიცაა დატვირთვაში მონაწილე კუნთების მიერ სისხლის განდევნა კიდურების ვენებიდან და მუცლის ღრუში წნევის მომატების შედეგად (მუცლის კუნთების დაჭიმვის გამო) ვენური სისხლის განდევნა მუცლის ღრუს ვენებიდან. აღნიშნული ფაქტორი ძირითადად ვლინდება დინამიკური დატვირთვების დროს ანუ კუნთების რითმული მუშაობის პირობებში. სტატიკური დატვირთვა უმნიშვნელოდ მოქმედებს ვენურ უკუდინებაზე. გაზრდილი გულის განდევნის სიდიდის შემანარჩუნებელ ძირითად ფაქტორებს მიეკუთვნებიან მომუშავე კუნთების სისხლძარღვების მნიშვნელოვანი გაფართოება და სისხლის დინების გაზრდა, რაც განაპირობებს გულისკენ ვენური უკუდინების მაღალი მაჩვენებლის შენარჩუნებას.
მაქსიმალური ფიზიკური დატვირთვის პირობებში მიოკარდიუმში ენერგეტიკული დანახარჯის სიდიდე შესაძლოა 120–ჯერ აღემატებოდეს მოსვენებით მდგომარეობაში არსებულ სიდიდეს. ძაღლებზე ჩატარებული ქრონიკული ექსპერიმენტების დროს ნაჩვენებია, რომ სტანდარტული ფიზიკური დატვირთვა (სირბილი 5 კმ/სთ სიჩქარით) იწვევს ტაქიკარდიას, რომელიც შენარჩუნებულია მთელი დატვირთვის პერიოდში, მარცხენა პარკუჭში სისტოლური წნევის გაზრდას და დიასტოლურის შემცირებას, სისხლის დინების მკვეთრ გაძლიერებას აორტაში, მარცხენა პარკუჭის დარტყმითი მოცულობის და მაქსიმალური სიძლიერის გაზრდას; ამასთან მნიშვნელოვნად მატულობს კორონარული სისხლის მიმოქცევაც. აღნიშნული ცვლილებები იწვევენ მატრენირებელ გავლენას გულზე, ზრდიან გულ–სისხლძარღვთა მდგრადობას არასასურველი ზემოქმედებების მიმართ, ხოლო თვით ფიზიკური ვარჯიში წარმოადგენს გულ–სისხლძარღვთა სისტემის დაზიანებების პროფილაქტიკის მნიშვნელოვან ფაქტორს. მნიშვნელოვანი ფიზიკური დატვირთვების ხანგრძლივი ზემოქმედება იწვევს გულის სარეზერვო შესაძლებლობების გაზრდას.
უარყოფითი ემოციები (შიში, მრისხანება, მღელვარება) იწვევენ ენერგეტიკული რესურსების მობილიზაციას და სისხლში ადრენალინის გადასროლას, შესაბამისად ხელს უწყობენ გულის შეკუმშვათა გახშირებას და გაძლიერებას. გულის აღნიშნული შემგუებლობითი რეაქციები სასარგებლოა მხოლოდ იმ პირობებში,როდესაც ხდება სთენიური ემოციების გამუხტვა ინტენსიური კუნთოვანი მუშაობის შედეგად. ფიზიკური აქტივობის შეკავება სთენიური ემოციების დროს იწვევს მობილიზებული უზარმაზარი ენერგეტიკული პოტენციალის გამოუყენებლობას, რამაც არასასურველი გავლენა შეიძლება მოახდინოს გულის მუშაობაზე.
სიმაღლისმიერი ჰიპოქსიის გავლენით აღინიშნება ფიზიკური დატვირთვის დროს განვითარებული დარღვევების ანალოგიური ცვლილებები. აღნიშნულ პირობებში გულის ფუნქციების ცვლილებები მიმართულია ორგანოების და ქსოვილების ჟანგბადოვანი სიღარიბის დაქვეითებისკენ, რაც ვლინდება ალვეოლურ ჰაერში ჟანგბადის პარციალური წნევის დაქვეითების პირობებში. გულის კომპენსატორული შესაძლებლობები უსაზღვრო არ არის. მაღალ სიმაღლეზე ყველა ორგანოს და ქსოვილის, მათ შორის მიკარდიუმის, ჟანგბადოვანი სიღარიბე არ კომპენსირდება სისხლის მიმოქცევის გაძლიერებით. ამასთან, ეკგ–ზე ვლინდება მიოკარდიუმის მწვავე დიფუზური ჰიპოქსიისთვის დამახასიათებელი ცვლილებები. ჟანგბადის უფრო მაღალი ხარისხის ნაკლებობის შემთხვევაში გულის რიტმი იშვიათდება, რის შემდეგაც დგება ასისტოლია. ზომიერი ხარისხის სიმაღლის ჰიპოქსია (ზღვის დონიდან 2000–2500 მეტრზე ასვლა) იწვევს დადებით მატრენირებელ გავლენას გულზე.
გარემო ფაქტორებს, რომლებიც მოქმედებენ გულის მუშაობაზე მიეკუთვნებიან ტემპერატურის და ხმაურის მკვეთრი ცვალებადობები. თერმორეგულაციის პროცესები, რომლებიც უზრუნველყოფენ სხეულის მუდმივი ტემპერატურის შენარჩუნებას, ძირითადად ხორციელდება სისხლის მიმოქცევის მონაწილეობით. სიცოცხლისთვის აუცილებელ ნივთიერებებთან და ცხოველმყოფელობის პროდუქტებთან ერთად სისხლი აგრეთვე ახორციელდებს სითბოს ტრანსპორტირებას იმ ორგანოებიდან საიდანაც ის გამომუშავდება (ჩონჩხის კუნთები, ღვიძლი, თავის ტვინი და სხ.) კანის და ფილტვების სისხლძარღვებისკენ, საიდანაც ხორციელდება მისი გაცემა. გარემო ტემპერატურის გაზრდას (რომელიც იწვევს კანის სისხლძარღვების გაფართოებას და სითბოს გაცემის გაძლიერებას) თან სდევს გულის წუთმოცულობის მომატებაც. ამასთან დამატებით იზრდება გულზე დატვირთვა, რაც განპირობებულია გაძლიერებული ოფლიანობის პირობებში წყლის დაკარგვის შედეგად სისხლის სიბლანტის მომატების გამო; გულზე უარყოფით გავლენას ახდენს ორგანიზმის მიერ მარილების დაკარგვაც.
გულ–სისხლძარღვთა სისტემაზე ინტენსიური საწარმოო ან საყოფაცხოვრებო ხმაურის არასასურველი გავლენა დაკავშირებულია ფსიქოემოციურ სფეროზე მის ზეგავლენასთან. ხმაურით განპირობებული ნერვული გადაძაბვა ხელს უწყობს სისხლძარღვოვანი ტონუსის და არტერიული წნევის მომატებას, რაც განაპირობებს გულზე დატვირთვის გაზრდას. გარდა ამისა, ხმაურის დროს შესაძლებელია გამოვლინდეს გულის რიტმის დარღვევების ნევროგენული დარღვევები.
მაიონიზირებელი გამოსხივების მოქმედების მიმართ ორგანოების და ქსოვილების მგრძნობელობა პირდაპირპროპორციულია ქსოვილების უჯრედების მიტოტონიურ აქტივობასთან. ამ მხრივ მიოკარდიუმი შეიძლება მივაკუთვნოთ რადიორეზისტენტულ ორგანოების რიცხვს. თუმცა, მოქმედებს რა გენეტიკურ აპარატზე, მაიონიზირებელი გამოსხივება იწვევს ცილების სინთეზის დარღვევას და მიოკარდიუმის დისტროფიას.
ძლიერი ელექტრომაგნიტური ველების და ინფრაბგერითი ტალღების ზემოქმედებაზე გულის რეაქციას, როგორც ჩანს, გააჩნია რეფლექსური და ნეიროენდოკრინული ბუნება. აღნიშნული რეაქციების პათოგენეზი არასათანადოდ არის შესწავლილი.
პროფესიული ფაქტორებიდან გულზე არასახარბიელო გავლენას ახდენს მეტალურგიული ნაერთები, გოგირდწყალბადი, ტყვია, ბენზოლი, რომლებსაც შეუძლიათ გამოიწვიონ მიოკარდიუმის დისტროფია და სისხლძარღვოვანი ტონუსის დარვევა.


პოსტი წარმოადგენს ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.