ბრონქები – ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები

ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები. ბრონქები 

პათოლოგია. ბრონქების ფუნქციის დარღვევა გამოიხატება ვენტილაციის ობსტრუქციული ტიპის დარღვევებით, რაც შესაძლებელია განპირობებული იყოს სხვადასხვა მიზეზებით: ბრონქების სპაზმით, ბრონქული ხის შეშუპებით–ანთებითი ცვლილებებით, ბრონქული ჯირკვლების ჰიპერსეკრეციით, რასაც თან სდევს პათოლოგიური შიგთავსის დაგროვება ბრონქის სანათურში, წვრილი ბრონქების კოლაფსით ფილტვების მიერ ელასტიურობის დაკარგვის დროს, ფილტვების ემფიზემით და სხ.

ფილტვ–ბრონქის დაავადებების პათოგენეზში დიდი მნიშვნელობა ენიჭება მუკოცილიარული ტრანსპორტის დარღვევებს – რესპირატორული ტრაქტის დაცვის ერთ–ერთ ძირითად მექანიზმს. მუკოცილიარულ ტრანსპორტზე უარყოფით გავლენას ახდენენ ბრონქების ლორწოვანი გარსის გამოშრობა, ჟანგბადის, ამიაკის, ფორმალდეჰიდის ინჰალაცია, თამბაქოს მოხმარება, ორგანიზმის სენსიბილიზაცია და სხ. მისი დარღვევა ხდება ქრონიკული ბრონქიტის, ბრონქოექტაზიების, ბრონქული ასთმის, მუკოვისციდოზის და ზოგიერთი სხვა დაავადების დროს. ბრონქული ჯირკვლების სეკრეტის რაოდენობის გაზრდამ და სიბლანტის მომატებამ, მისი გამოყოფის დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს ბრონქების ობტურაცია და ”მუნჯი ფილტვის” (ასთმური სტატუსის დროს) განვითარება ან მსხვილი ბრონქის ობტურაციის შემთხვევაში ფილტვის სეგმენტის ან წილის ატელექტაზის ჩამოყალიბებაც კი.

ბრონქების მგრძნობელობის და რეაქტიულობის მომატება საფუძვლად უდევს ბრონქოსპაზმის განვითარებას – ბრონქული კედლის კუნთების სპაზმური შეკუმშვების შედეგად ბრონქების და ბრონქიოლების სანათურის შევიწროება. ბრონქების არასპეციფიკური ჰიპერრეაქტიულობა დაკავშირებულია პარასიმპათიკური ნერვული სისტემის რეგულატორის – აცეტილქოლინის გაძლიერებულ გავლენასთან და რეგულაციის ადრენერგული რგოლის დისფუნქციასთან: α–ადრენორეცეპტორების მგრძნობელობის მომატებასთან და β2–ადრენორეცეპტორების მგრძნობელობის დაქვეითებასთან. ბრონქული ჰიპერრეაქტიულობის ჩამოყალიბების მთავარ ფაქტორად მიიჩნევა ანთება, რომელიც ვითარდება როგორც ინფექციური აგენტების, ასევე ფიზიკურ–ქიმიური ფაქტორების, მათ შორის მცენარეული მტვრის და თამბაქოს კვამლის ზემოქმედების შედეგად. ბრონქული ჰიპერრეაქტიულობის მექანიზმების რეალიზაციაში ცენტრალური ადგილი უკავია ღრუბლისებრი უჯრედების ფუნქციებს, რომლებიც ახდენენ ანთების და ბრონქოკონსტრიქციის მნიშვნელოვანი მედიატორების გამომუშავებას და გამოყოფას: ჰისტამინის, ნეიტრალური პროტეაზების, ნეიტროფილების და ეოზინოფილების ქემოტაქსისის ფაქტორების, არაქიდინის მჟავას მეტაბოლიზმის პროდუქტების (პროსტაგლანდინების, ლეიკოტრიენების, თრომბოციტების აქტივაციის ფაქტორის) და სხ. ბრონქოსპაზმის უჯრედული და სუბუჯრედული მექანიზმები, ძირითადად, მდგომარეობენ უჯრედშიდა ნუკლეოტიდების შეფარდების ცვლილებაში: ციკლური 3,’5’–ამფ–ის და ციკლური 3,’5’–გუანოზინმონოფოსფატის, ამ უკანასკნელის რაოდენობის გაზრდის ხარჯზე. ბრონქოსპაზმის მნიშვნელოვანი პათოგენეზური მექანიზმი შეიძლება გახდეს უჯრედის შიგნით კალციუმის იონების შემცველობის გაზრდა.

ბრონქოსპაზმი წარმოადგენს ბრონქული ობსტრუქციის ერთ–ერთ ვარიანტს და კლინიკურად გამოიხატება ამოსუნთქვის აქტის გაძნელებით (ექსპირატორული ქოშინი ან ჰაერის უკმარისობა). ამასთან, მოისმინება უხეში სუნთქვა გახანგრძლივებული ამოსუნთქვით, დიდი რაოდენობით მშრალი, მსტვინავი ხიხინი. ფილტვების ფუნქციონალური გამოკვლევის შედეგად ვლინდება სიჩქარითი მაჩვენებლების (ფამ1,  ფმვ, ტიფნოს ინდექსის) დაქვეითება. ბრონქოსპაზმი შეიძლება იყოს ლოკალური, დიფუზური და ტოტალური. ლოკალური ბრონქოსპაზმის (ცალკეული ბრონქების კუნთების სპაზმური შეკუმშვა) გამომწვევი უხშირესად არის ბრონქების ლოკალური გაღიზიანება, მაგ., უცხო სხეულით. მყარი დიფუზური ბრონქოსპაზმის დროს (უხშირესად წვრილი კალიბრის ბრონქების გავრცელებული სპაზმური შევიწროება), რომელიც ვლინდება ბრონქული ასთმის და ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტის დროს, ვითარდება სუნთქვის უკმარისობის მოვლენები, ჰიპოქსია, ჰიპერკაპნია, რომელიც თავის მხრივ კიდევ უფრო აძლიერებს ბრონქოსპაზმს. ტოტალური ბრონქოსპაზმის დროს (ყველა გენერაციის ბრონქების მკვეთრი, ერთმომენტიანი სპაზმი), რომელიც უხშირესად აღინიშნება ასთმური სტატუსის დროს, სასუნთქი კუნთების არაეფექტურობის გამო სპონტანური სუნთქვა პრაქტიკულად შეუძლებელია. აღნიშნულ შემთხვევებში ნაჩვენებია ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია. ბრონქოსპაზმის კუპირების მიზნით გამოიყენება β2–ადრენოსტიმულატორები (სალბუტამოლი, ბეროტეკი), პურინერგული რეცეპტორების სტიმულატორები (ეუფილინი), ქოლინოლიტიკები (პლატიფილინი, ატროპინი, ატროვენტი). პროგნოზი დამოკიდებულია ბრონქოსპაზმის მიზეზზე და ძირითადი დაავადების (ბრონქული ასთმა, ობსტრუქციული ბრონქიტი და სხ.) სიმძიმეზე.

ბრონქების განვითარების მანკები იშვიათად გვხვდებიან, ჩვეულებრივ ერწყმიან ტრაქეის განვითარების მანკებს და განპირობებულნი არიან მუცლადყოფნის პერიოდის მე–5–8 კვირაზე ტრაქეობრონქული ხის ჩამოყალიბების დარღვევებით. ტრაქეის და ბრონქების ყველაზე ხშირი განვითარების მანკებია ტრაქეობრონქომეგალია, ტრაქეის და ბრონქების სტენოზი, ტრაქეალური ბრონქი. ძალიან იშვიათად აღინიშნება თანდაყოლილი ბრონქოექტაზები, ბრონქული ფისტულა.

ტრაქეობრონქომეგალია (მუნიე–კუნის სინდრომი, ტრაქეობრონქომალაცია) ხასიათდება ტრაქეობრონქული ხრტილოვანი რგოლები დრეკადობის არარსებობით, ტრაქეის და ბრონქების ჩავარდნის გამო სუნთქვის მექანიკის დარღვევებით, ტრაქეის და ბრონქების მნიშვნელოვნად გაფართოებით. კლინიკური გამოვლინებები უხშირესად დამოკიდებულია მორფოლოგიური ცვლილებების გამოხატულების ხარისხზე, პათოლოგიური პროცესსის გავრცელებაზე და ბრონქ–ფილტვის სისტემაში განვითარებული მეორადი ცვლილებებით. ტრაქეობრონქომალაციის პათოგნომური ნიშანია ხველა, რომელიც წააგავს ჭრიალის ხმას გამოხატული რეზონანსით. არც თუ იშვიათად, აღინიშნება მყეფავი მუდმივი ხველა, რომელსაც თან სდევს ჰიპოქსიის შეტევები, ხმაურიანი სუნთქვა. ხშირია მორეციდივე პნევმონიები. ტრაქეის და ბრონქების სანათურის გაგანიერების დიაგნოსტირება ხორციელდება ფილტვების რენტგენოგრაფიის და ტომოგრაფიის მეშვეობით. ყველაზე დიდი დიაგნოსტიკური მნიშვნელობა ენიჭება ბრონქოსკოპიას და ბრონქოგრაფიას. ტრაქეობრონქომალაციის ბრონქოსკოპიული ნიშნებია ტრაქეის და მსხვილი ბრონქების სანათურის მნიშვნელოვანი გაგანიერება, ლორწოვანი გარსის გასქელება, ტრაქეის და ბრონქების უკანა (აპკოვანი) ნაწილის ჩაზნექვა სანათურში ერთმანეთთან კედლების მთლიანად შეხებამდეც კი. ბრონქოგრაფიის დროს კარგად მოჩანს ტრაქეის და ბრონქების გაფართოება, მათი დეფორმაცია და კედლების უსწორმასწორობა. კინემატოგრაფიის მეშვეობით შეიძლება გამოვავლინოთ ტრაქეის და ბრონქების კედლების ჩავარდნა სუნთქვის დროს, ზუსტად განსაზღვროთ დაზიანების გავრცელება. დიფერენციალური დიაგნოსტიკა ტარდება მეორად ტრაქეობრონქომალაციასთან, რომელიც ვითარდება ანგიოგრაფიით გამოვლენილი სისხლძარღვების განვითარების მანკების დროს (აორტის ორმაგი რკალი, ფილტვის და ლავიწქვეშა არტერიების არასწორად განლაგება და სხ.), ტრაქეის და ბრონქების კედლებზე ზეწოლის შედეგად. ტრაქეობრონქომალაციის მკურნალობა განისაზღვრება კლინიკური გამოვლინებების სიმძიმით. ჰიპოქსიის შეტევების არარსებობის შემთხვევაში ტარდება სიმპტომატური მკურნალობა, რომელიც მიმართულია ბრონქების დრენაჟული ფუნქციის გაუმჯობესებისკენ, ფილტვებში და ბრონქებში ანთებითი პროცესების თავიდან აცილებისკენ ან ლიკვიდაციისკენ (დრენირებადი მდებარეობა, ანტიბაქტერიული თერაპია, ტუტეების ინჰალაცია, სუნთქვითი ვარჯიშები). ასაკის მატებასთან ერთად ავადმყოფის მდგომარეობა შესაძლებელია გაუმჯობესდეს – ხდება სრული კომპენსაცია. დაავადების გამოხატული სიმპტომების და სუნთქვის უკმარისობის დროს მიმართავენ ოპერაციულ მკურნალობას – ნეკნის ხრტილების ან ხელოვნური მასალის დახმარებით ტრაქეის და ბრონქების უკანა კედლის დამაგრება, რაც კარგ შედეგს იძლევა შემოფარგლული დაზიანების შემთხვევაში. მეორადი ტრაქეობრონქომალაციის დროს ოპერაციული მკურნალობა მიმართულია ზეწოლის მოხსნისკენ და ტრაქეის და ბრონქების პათოლოგიურად შეცვლილი კედლის გამაგრებისკენ; ზოგჯერ კეთდება ტრაქეის და ბრონქების დაზიანებული უბნების შემოფარგლული რეზექცია.

ტრაქეის და ბრონქების თანდაყოლილი სტენოზების დროს მათი სანათური, ჩვეულებრივ, შევიწროებულია ტრაქეობრონქული ხის მთელ სიგრძეზე (ტოტალური სტენოზი); შემოსაზღვრული თანდაყოლილი სტენოზები ძალიან იშვიათად გვხვდება. ტრაქეა და ბრონქები ჩვეულებრივ წარმოდგენილია დახურული ხრტილოვანი რგოლებით. კლინიკური სიმპტომები ყველაზე მეტად გამოხატულია ტრაქეის და ბრონქების ტოტალური სტენოზის დროს. არც თუ იშვიათად, მეძუძურ ბავშვებში და ახალშობილებში შეიძლება აღინიშნებოდეს ხმაურიანი სუნთქვა, სუნთქვის უკმარისობის ნიშნები, ჰიპოქსია. სიმპტომები ძლიერდება ბავშვის მოუსვენრობის შემთხვევაში, არც თუ იშვიათად ტრაქეის და ბრონქების სტენოზი იწვევს ტრაქეობრონქიტის განვითარებას, რასაც თან სდევს ჰიპოვენტილაცია და ფილტვის ცალკეული უბნების ატელექტაზი. დიფერენციალური დიაგნოზი პირველ რიგში ტარდება ანომალური სისხლძარღვების ზეწოლით განპირობებულ ტრაქეის და ბრონქების სტენოზთან. გარედან ტრაქეაზე და ბრონქებზე ზეწოლის შემთხვევებში ბრონქოსკოპიით ვლინდება აღნიშნული უბნის კარგი გამტარობა და მისი ჩავარდნა ბრონქოსკოპის ამოსვლის შემდეგ, ანომალური სისხლძარღვების გადაცემითი პულსაცია. დიაგნოზის დაზუსტების მიზნით ნაჩვენებია ანგიოგრაფია, ხოლო სუნთქვითი დარღვევების არარსებობის შემთხვევებში – ბრონქოგრაფია. ოპერაციული მკურნალობა ტარდება სუნთქვის გამოხატული დარღვევების დროს ბავშვის ასაკის მიუხედავად. ტრაქეის და ბრონქების შემოსაზღვრული სტენოზების შემთხვევაში ოპერაცია მოიცავს შევიწროვებული უბნის რეზექციას ანასტომოზის ფორმირებით; პროგნოზი კეთილსაიმედოა. ტოტალური სტენოზების შემთხვევაში ხორციელდება ტრაქეის და ბრონქების გაკვეთა მთელ სიგრძეზე და ნეკნის ხრტილების ან ხელოვნური პლასტიკური მასალის ჩაკერება; პროგნოზი სერიოზულია.

ტრაქეული ბრონქი უხშირესად წარმოადგენს დამატებით ბრონქს, რომელიც გამოდის ტრაქეის ბიფურკაციის მაღლა; იგი მთავრდება ყრუდ, წარმოქმნის რა დივერტიკულს, ან ვენტილირდება ფილტვის დამატებით (ტრაქეულ) წილში, რომელიც, არც თუ იშვიათად, ჰიპოპლაზირებულია. დამატებით ბრონქში და ჰიპოპლაზირებული ფილტვის ქსოვილში შესაძლოა განვითარდეს ქრონიკული ანთებითი პროცესი ბრონქოექტაზების განვითარებით. დიაგნოზის დადგენა ხდება ბრონქოლოგიური გამოკვლევით. ტრაქეული ბრონქი შესაძლოა გამოვლინდეს აგრეთვე რენტგენოტომოგრაფიით და კომპიუტერული ტომოგრაფიით. მორეციდივე ჩირქოვანი პროცესის შემთხვევაში ნაჩვენებია დამატებითი ბრონქის და ფილტვის ჰიპოპლაზირებული ქსოვილის რეზექცია. პროგნოზი კეთილსაიმედოა.
მსხვილი ბრონქების დაზიანებები ვითარდება ტრაქეის დაზიანებებთან ერთად მძიმე დახურული ტრამვების და გულმკერდის ღია ჭრილობების დროს. ბრონქები შესაძლებელია დაზიანდეს ბრონქოსკოპიის დროსაც. კლინიკურად ტრაქეის და მსხვილი ბრონქების დაზიანებები გამოიხატება სუნთქვის მკვეთრი დარღვევებით: ქოშინით, ციანოზით, კისრის, თავის და სხეულის სწრაფად პროგრესირებადი კანქვეშა ემფიზემით. არაპლევრული დაზიანებების შემთხვევაში დომინირებს მედიასტინური და კანქვეშა ემფიზემის სიმპტომები, პლევრისშიდა დაზიანებების შემთხვევებში ვითარდება დაჭიმული პნევმოთორაქსის, ფილტვის კოლაფსის ნიშნები და სისხლჩაქცევები პლევრის ღრუში. ტრაქეის, ბრონქების ჭრილობები და გასკდომა, მათი ხრტილების მოტეხილობები ხშირად ერწყმის მსხვილი სისხლძარღვების დაზიანებებს, რასაც მოჰყვება მასიური სისხლდენების განვითარება და, არც თუ იშვიათად, დაზარალებულის დაღუპვა შემთხვევის ადგილზე ან სამკურნალო დაწესებულებაში ტრანსპორტირების დროს. ბრონქების ხრტილოვანი რგოლების მოტეხილობების დროს მათი კედლის გასკდომის გარეშე, ჭარბობს გულმკერდის დაზიანების და ფილტვზე ზეწოლის სიმპტომები: მკვეთრი ტკივილი გულმკერდის მიდამოში, ქოშინი, სისხლიანი ხველა. ტრაქეის და ბრონქების დაზიანების რენტგენოლოგიურ ნიშნებს წარმოადგენენ აირის და სითხის არსებობა პლევრის ღრუში, შუასაყრის ცდომა, სითხის ჰორიზონტალური დონე ან დაჩრდილვა შუასაყარში სისხლჩაქცევის შემთხვევაში; ბრონქების ხრტილოვანი რგოლების მოტეხილობა გამოიხატება ფილტვის ჰომოგენური დაჩრდილვით დაზიანების მზარეზე და შუასაყრის ცდომით ამავე მხარეს. რთულ შემთხვევებში ბრონქების დაზიანების დადგენა ხორციელდება ბრონქოსკოპიის მეშვეობით. მკურნალობა მოიცავს პლევრის ღრუს დრენირებას და პუნქციას, ანტიბაქტერიულ და სიმპტომურ მკურნალობას. გულმკერდის დიდი ზომის დეფექტის და მიმდინარე ფილტვისმიერი სისხლდენის შემთხვევაში, ნაჩვენებია ოპერაციული მკურნალობა. ხდება დაზიანებული მსხვილი ბრონქების და სისხლძარღვების გაკერვა. უმეტეს შემთხვევებში პროგნოზი კეთილსაიმედოა.

დაავადებები. ყველაზე ხშირად გვხვდება მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი და ბრონქიოლიტი, ბრონქოექტაზები, ბრონქული ასთმა. ბრონქები შესაძლებელია დაზიანდეს ტუბერკულოზის, მიკოზების (მაგ., ასპერგილოზის დროს), სკლერომის დროს. ბრონქების დაზიანება შესაძლებელია ზოგიერთი სახის ჰელმინთოზის შემთხვევაში –  მაგ., ასკარიდოზის დროს, ზოგჯერ, ვითარდება ბრონქოსპაზმი, ბრონქოპნევმონია. ბრონქების პროფესიულ დაავადებებს მიეკუთვნებიან მტვრით გამოწვეული და ტოქსიკური ბრონქიტები, პროფესიული ბრონქული ასთმა.
ფილტვ–ბრონქულ სისტემაში სხვადასხვა პათოლოგიური პროცესების გამოვლინებებს და გართულებებს შესაძლებელია წარმოადგენდნენ ბრონქოსტენოზი, ბრონქოლითიაზი, ბრონქული ფისტულა.

ბრონქოსპაზმი – ბრონქის სანათურის შევიწროება მისი კედლის პათოლოგიური პროცესის ან გარედან მასზე ზეწოლის შედეგად. გამოყოფენ ბრონქების თანდაყოლილ და შეძენილ სტენოზებს. სეგმენტური და უფრო მსხვილი კალიბრის ბრონქების შეძენილი სტენოზის განვითარების მიზეზი მრავალია: ბრონქების ავთვისებიანი და კეთილთვისებიანი სიმსივნეები; ბრონქების აქტიური ტუბერკულოზი; ბრონქების პოსტტუბერკულოზური და პოსტტრავმული ნაწიბუროვანი ცვლილებები; შუასაყრის წარმონაქმნებით, გადიდებული ლიმფური კვანძებით (ტუბერკულოზის, სარკოიდოზის, ლიმფოგრანულომატოზის და სხ. დროს) ბრონქების კედლებზე ზეწოლა. ბრონქების მყარი სტენოზი იშვიათად ვითარდება არასპეციფიკური ანთებითი პროცესების დროს, რომლებიც, როგორც წესი, არ ვრცელდება ბრონქების საყრდენ ელემენტებზე და არ აზიანებს მათ. პირობითად გამოყოფენ ბრონქოსტენოზის 3 ხარისხს: I – ბრონქის სანათურის შევიწროება 50%–ით; II – 2/3–ით შევიწროება; III – 2/3–ზე მეტად შევიწროება. I ხარისხის ბრონქოსტენოზს არ ახლავს სერიოზული ფუნქციური დარღვევები. II და III ხარისხის ბრონქოსტენოზის დროს აღინიშნება ბრონქების ჰაერგამტარი და დრენაჟული ფუნქციების დარღვევები. მკვეთრი ბრონქოსტენოზის შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ვენტილაციის დარღვევა სარქვლოვანი მექანიზმით, რომლის დროსაც ბრონქები გამტარია ჩასუნთქვის დროს და იხურება ამოსუნთქვისას, რის შედეგადაც ვითარდება ფილტვის ნაწილის გაბერვა სტენოზის ადგილის დისტალურად. ფილტვის ვენტილაციის დარღვევის ზონაში ხშირად აღინიშნება ანთებითი პროცესები. მსხვილი ბრონქის (მთავარი, წილოვანი, სეგმენტური) II და III ხარისხის სტენოზით დაავადებულები უჩივიან ხველას, ზოგჯერ შეტევითი, შემაწუხებელი ხასიათის, რომელსაც შვება არ მოაქვს.

აუსკულტაციით დაზიანების უბნის თავზე მოისმინება უხეში სუნთქვა. მთავარი ბრონქის სტენოზის შემთხვევაში შესაძლებელია მოისმინებოდეს სტენოზური სუნთქვა (ხმაურიანი და ხიხინებით ჩასუნთქვის დროს). გულმკერდის რენტგენოგრაფია საშუალებას იძლევა გამოვავლინოთ მეორადი დაზიანებები ფილტვებში ბრონქოსტენოზის დისტალურად: ჰიპოვენტილაციის უბნები, ატელექტაზი, ემფიზემა, ანთებითი კერები, აგრეთვე ბრონქოსტენოზის გამომწვევი დაავადებების ნიშნები – სიმსივნის ჩრდილი, გადიდებული ლიმფური კვანძები და სხ. სტენოზის ადგილას ბრონქების მდგომარეობის შეფასება ხორციელდება ტომოგრაფიის და ბრონქოგრაფიის მონაცემების საშუალებით. ბრონქოსკოპია საშუალებას იძლევა დაზუსტდეს ბრონქოსტენოზის ლოკალიზაცია, შევიწროების ხარისხი, ხოლო ბრონქების ლორწოვანი გარსის ბიოფსია – დაავადების ეტიოლოგია. წვრილი ბრონქების სტენოზი უხშირესად მიმდინარეობს კლინიკური გამოვლინებების გარეშე. სტენოზირებული ბრონქით არასაკმარისად ვენტილირებული ფილტვის უბანში შეიძლება განვითარდეს მორეციდივე ანთებითი პროცესები. მსხვილი ბრონქების ნაწიბუროვანი სტენოზების მკურნალობა, როგორც წესი, ოპერაციულია: ბრონქის შევიწროვებული უბნის ამოკვეთა და ბრონქთაშორის ანასტომოზის ფორმირება; ჩვენებების მიხედვით – შევიწროებული ბრონქით ვენტილირებული ფილტვის ნაწილის მოცილება ან პულმონექტომია. ბრონქების ნაწიბუროვანი სტენოზების მკურნალობის მიზნით აგრეთვე გამოიყენება ენდობრონქული ლაზერული ქირურგიის მეთოდები. ბრონქების მეორადი (კომპრესიული) შევიწროებების დროს ხდება ამ შევიწროების განმაპირობებელი პათოლოგიური წარმონაქმნის მოცილება. ნაჩვენებია ბრონქის სტენოზის და მისი გართულებების გამომწვევი ძირითადი დაავადების თერაპიული მკურნალობა. ბრონქების შეძენილი სტენოზების დროს, რადიკალური ოპერაციის ფონზე პროგნოზი კეთილსაიმედოა.
ბრონქოლითიაზი – პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება ბრონქების სანათურში ერთი ან რამდენიმე გაკირული ქვის (ბრონქოლითები) არსებობით. უხშირესად მათი ბრონქებში მოხვედრა ხდება გადატანილი ტუბერკულოზის დროს ტრაქეობრონქული ლიმფური კვანძებიდან პეტრიფიკატების პენეტრაციის შედეგად. ძალიან იშვიათად ბრონქოლითების წარმოქმნა ხდება ლორწოს გუნდების, სოკოების კოლონიების (მაგ., Candida-ს რიგის) კალციფიკაციის და ა.შ. გზით. უხშირესად ბრონქოლითები ლოკალიზებულნი არიან წილოვან და სეგმენტურ ბრონქებში. ავადმყოფებს აღენიშნებათ ძლიერ ხველა, ტკივილი გულმკერდის არეში, სისხლიანი ხველა, ზოგჯერ ფილტვისმიერი სისხლდენის განვითარება. დიაგნოზის დადგენა ხდება რენტგენოლოგიური და ბრონქოსკოპიური გამოკვლევების საფუძველზე. ავადმყოფთა უმეტესობაში ბრონქოლითების ამოღება შესაძლებელია ბრონქოსკოპის ტუბუსით, სპეციალური მაშების მეშვეობით. თუკი ამის გაკეთება შეუძლებელია, ტარდება ოპერაციული მკურნალობა (მაგ., ფილტვის წილის ან სეგმენტის მოცილება).

ბრონქების სიმსივნეები ყალიბდებიან ბრონქის კედლების სხვადასხვა ელემენტებისგან; შეიძლება იყოს კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი.
ბრონქების კეთილთვისებიანი სიმსივნეებიდან გამოყოფენ ეპითელურ (ადენომა, პაპილომა), მეზენქიმურ (კავერნოზული და კაპილარული ჰემანგიომები, ჰემანგიოენდოთელიომა), ნევროგენულ (ნევრინომა, ნეიროფიბრომა, კარცინოიდი), შემაერთებელქსოვილოვან (ფიბრომა, ლიპომა, ქონდრომა), კუნთოვან (ლეიომიომა) და თანდაყოლილ სიმსივნეებს, რომლებიც ვითარდებიან ბრონქების განვითარების მანკების ფონზე (ჰამარტომა, ტერატომა). ბრონქების კეთილთვისებიანი სიმსივნეები შეადგენენ ფილტვების ყველა პირველადი ახალწარმონაქმნის 7–10%–ს. უხშირესად აღინიშნება 50 წლამდე ასაკის პირებში. ადენომა უფრო ხშირად ქალებში გვხდება, ჰამართრომა – მამაკაცებში. კეთილთვისებიანი სიმსივნეები ნელა იზრდებიან, მათი ზომების გაორმაგება ხდება 3–4 და მეტი წლის განმავლობაში. სიმსივნეებს ახასიათებთ როგორც ენდობრონქული, ასევე პერიბრონქული ზრდა. სიმსივნეებს, რომლებიც დაკავშირებულნი არიან მთავარი, წილოვანი და სეგმენტური ბრონქების კედლებთან, ეწოდებათ ცენტრალური, ხოლო მათ, რომლებიც გამოდიან უფრო წვრილი კალიბრის ბრონქებიდან – პერიფერიული. კლინიკური გამოვლინებები დამოკიდებულია სიმსივნის ლოკალიზაციაზე ბრონქის სანათურის მიმართ და დაზიანებული ბრონქის დიამეტრზე. დიაგნოსტიკა, მათ შორის დიფერენციალური, დაფუძნებულია ფილტვების რენტგენოლოგიური გამოკვლევის, ბრონქოსკოპიის და ბიოფსიის მონაცემებზე. მკურნალობა, როგორც წესი, ოპერაციულია. უმეტეს შემთხვევებში პროგნოზი კეთილსაიმედოა.
ყველაზე ხშირად გვხვდება ბრონქების ადენომა და ჰამართრომა. ბრონქების ადენომა მიეკუთვნება ცენტრალურ სიმსივნეებს. აგებულების მიხედვით განასხვავებენ მუკოიდურ, მუკოეპიდერმოიდულ, ცილინდრომატოზულ (ცილინდრომა) და კარცინოიდულ ადენომას. ადენომა მდებარეობს მსხვილი ბრონქის სანათურში ფეხზე ან ფართო ფუძეზე და გააჩნია მოწითალო ან მოწითალო–მონაცრისფრო შეფერილობა. ადენომის ენდობრონქულ ზრდას შესაძლებელია წინ უძღოდეს უფრო გამოხატული პერიბრონქული ზრდა. დაავადების დასაწყისში შესაძლოა აღინიშნებოდეს მშრალი ხველა, ზოგჯერ სისხლიანი ნახველით, შემდგომში ბრონქული გამავლობის დარღვევის განვითარების პარალელურად ხველა ძლიერდება, ხდება ნახველის გამოყოფა (თავდაპირველად ლორწოვან–ჩირქოვანი, შემდგომ კი ჩირქოვანი), ძლიერდება სისხლიანი ხველა. სიმსივნით ბრონქის ობტურაცია იწვევს ფილტვის წილის ან მთლიანად ფილტვის ატელექტაზს, ფილტვის ქსოვილის ანთებითი პროცესის განვითარებას ქრონიკულ ჩირქოვან პროცესში გადასვლით. დაავადება ნელა პროგრესირებს, ხდება შედარებითი გაუმჯობესების და გაუარესების პერიოდების მონაცვლეობა. რენტგენოლოგიური გამოკვლევით ვლინდება ჰიპოვენტილაცია, ფილტვის წილის ან მთლიანად ფილტვის ატელექტაზი, ტომოგრაფიით – კვანძი ბრონქის სანათურში. საბოლოო დიაგნოზის დადასტურება ხდება ბრონქოსკოპიით და ბიოფსიით. მკურნალობა ოპერაციულია – დაზიანებული წილის ან მთლიანი ფილტვის ამოკვეთა, ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია ბრონქის დაბოლოებითი ან ცირკულაციური რეზექცია, სიმსივნის მოცილება ბრონქოტომიის გზით. პროგნოზი კეთილსაიმედოა.

ჰამართრომა – არაეპითელური სიმსივნე, რომელიც ვითარდება ბრონქის კედლის რომელიმე ქსოვილის, უხშირესად ხრტილის, (ქონდროჰამართრომა) პროლიფერაციის შედეგად ბრონქების განვითარების მანკის ფონზე. სიმსივნე, როგორც წესი, მდებარეობს ბრონქული ხის პერიფერიულ ნაწილებში, უხშირესად მარჯვნივ, ქვედა წილში. იშვიათად სიმსივნე ვითარდება მსხვილი ბრონქების სანათურში. დაავადება ხანგრძლივად და ჩვეულებრივ უსიმპტომოდ მიმდინარეობს, იშვიათად ვლინდება სისხლიანი ხველით. რენტგენოლოგიური გამოკვლევით ფილტვში, უცვლელი ფილტვის სურათის ფონზე, ვლინდება მრგვალი ფორმის, მკვეთრად შემოსაზღვრული, ბრტყელი, ჰომოგენური დაჩრდილვა. უხშირესად სიმსივნე ერთეულია, იშვიათად მრავლობითი. მკურნალობა ჩვეულებრივ ოპერაციულია – სიმსივნის ამოკვეთა. სიმსივნის ზრდის არარსებობის შემთხვევაში შესაძლებელია მოხდეს ავადმყოფის დინამიკაში კონტროლი. მსხვილ ბრონქში სიმსივნის ლოკალიზაციის შემთხვევაში ტარდება იგივე ოპერაცია, რაც ბრონქების ადენომის დროს. პროგნოზი კეთილსაიმედოა.
ბრონქების ავთვისებიანი სიმსივნეებიდან ყველაზე ხშირად გვხვდება ბრონქოგენული კიბო. გაცილებით იშვიათია ბრონქების სარკომა, რომლის კლინიკურ–რენტგენოლოგიური სიმპტომები არსებითად არ განსხვავდება ბრონქული კიბოს სიმპტომებისგან. დიაგნოზის დაზუსტება ხდება მხოლოდ ჰისტოლოგიური გამოკვლევის შედეგად.

გაგრძელება  იხ. >>


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.