ასო Penis – ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები (1)

ორგანოთა პათოლოგიები, კვლევის მეთოდები

ასოს ზოგიერთი პათოლოგიური პროცესის და დაავადების შემთხვევაში (ოსიფიკაცია, პრიაპიზმი, მღვიმოვანი სხეულების თრომბოზი) აუცილებელია მიმოხილვითი რენტგენოგრაფიის, კავერნოზოგრაფიის (მას აკეთებენ მღვიმოვან სხეულში რენტგენოკონტრასტული ნივთიერების წინასწარი შეყვანის შემდეგ) ჩატარება.

ასოს ზოგიერთი პათოლოგიური პროცესის და დაავადების შემთხვევაში (ოსიფიკაცია, პრიაპიზმი, მღვიმოვანი სხეულების თრომბოზი) აუცილებელია მიმოხილვითი რენტგენოგრაფიის, კავერნოზოგრაფიის (მას აკეთებენ მღვიმოვან სხეულში რენტგენოკონტრასტული ნივთიერების წინასწარი შეყვანის შემდეგ) ჩატარება.

ასო (penis) – მამაკაცის გარეთა სასქესო ორგანო. ის წარმოქმნილია ორი მღვიმოვანი და ერთი ღრუბლისებრი სხეულისგან.

გამოკვლევის მეთოდები

გამოკვლევის ტრადიციული მეთოდები (დათვალიერება, პალპაცია) საშუალებას იძლევა გამოვლინდეს ასოს თითქმის ყველა პათოლოგია. ასოს სიღრმეში არსებული ინფილტრაციული ცვლილებების დადგენა შედარებით უფრო მარტივია შარდსადენ მილში შეყვანილ ლითონის ბუჟზე ასოს პალპაციის დროს.
ასოს ზოგიერთი პათოლოგიური პროცესის და დაავადების შემთხვევაში (ოსიფიკაცია, პრიაპიზმი, მღვიმოვანი სხეულების თრომბოზი) აუცილებელია მიმოხილვითი რენტგენოგრაფიის, კავერნოზოგრაფიის (მას აკეთებენ მღვიმოვან სხეულში რენტგენოკონტრასტული ნივთიერების წინასწარი შეყვანის შემდეგ) ჩატარება. დიდი გავრცელება ჰპოვეს კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ, ულტრაბგერითმა და რადიოიზოტოპურმა გამოკვლევებმა, სცინტიგრაფიამ. ასოს ზოგიერთი დაავადება (წყლული, ტუბერკულოზი, კიბო) ხასიათდება მსგავსი მაკროსკოპული სურათით და მათი დიფერენცირება ხდება მხოლოდ ბიოფსიის შედეგების მიხედვით.

განვითარების მანკები. განვითარების ყველაშე ხშირ მანკს წარმოადგენს ფიმოზი. თუმცა ბავშვებში ე.წ. ფიზიოლოგიური ფიმოზი არის არა განაპირა სხეულის ანატომიური შევიწროების, არამედ ასოს თავიდან მისი ჯერ კიდევ დაუსრულებელი გამოყოფის შედეგი.

ასოს განვითარების ჭეშმარიტი, იზოლირებული მანკები ძალიან იშვიათად გვხვდება. მათ რიცხვს მიეკუთვნება გაორებული ასო – დიფალია, ასოს თანდაყოლილი არარსებობა, მისი ექტოპია.

ასოს გაორება შეიძლება იყოს სრული, როდესაც, როდესაც თითოეულ ორგანოს გააჩნია საკუთარი ღრუბლისებრი სხეული და შარდსადენი მილი, და არასრული, როდესაც ასოს ორი თავი, შარდსადენის საერთო ხვრელით, განლაგებულია ერთი ასოს სხეულზე. ძალიან იშვიათად გვხვდება გიგანტური ასო (მეგალოპენისი), შედარებით უფრო ხშირი პათოლოგიაა მცირე ზომის ასო (მიკროპენისი) ჰიპოგენიტალიზმის დროს (ენდოკრინული დარღვევების ფონზე).

ასოს განვითარების მანკებიდან ყველაზე ხშირია ლაგამის დამოკლება, რაც იწვევს პრეპუციალური პარკის არასრულ გახსნას, მისი შიგთავსის შეგუბებას და ერექციის დროს ასოს თავის მოხრას, რაც ართულებს სქესობრივ აქტს, შედეგად ადგილი აქვს ლაგამის გაწყვეტას და სისხლდენის განვითარებას. აღნიშნული მანკის მკურნალობა ხდება ოპერაციული გზით – აწარმოებენ ასოს ლაგამის გაკვეთას (ფრენულოტომია).

გაცილებით ეფრო ხშირად გვხვდება ასოს განვითარების შერწყმული მანკები, რაც დაკავშირებულია შარდსადენი მილის ანომალიებთან. ასე მაგალითად, ჰიპოსპადიის დროს აღინიშნება ასოს შემცირება, დამოკლება და მოხრა უკანა მხრიდან; ეპისპადიის დროს ასო დამოკლებულია და მიზიდულია მუცლის წინა კედლისკენ. მკურნალობა ყოველთვის ოპერაციულია და მიმართულია შარდსადენი მილის მთლიანობის აღდგენისკენ.

ასოს დაზიანება შეიძლება იყოს ღია და დახურული. დახურული დაზიანებებიდან ყველაზე ხშირად გვხვდება დაჟეჟილობა, გახეთქვა, ღრძობა, ჩაჭედვა. ღია დაზიანებებს მიეკუთვნებიან ნაკვეთი, ნაჩხვლეტი, ნაკბენი ჭრილობები, ასოს სკალპირება, ცეცხლნასროლი ჭრილობები (ძირითადად გვხვდება ომიანობის დროს).

დაჟეჟილობა – ასოს ყველაზე მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ვითარდება არაერეგირებულ ასოზე მაგარი საგნით დარტყმის შედეგად და ხასიათდება შეშუპების, კანქვეშა ემფიზემის განვითარებით, რომელმაც, ფაშარი კანქვეშა ქსოვილის არსებობის გამო, შეიძლება მიაღწიოს დიდ ზომებს და გავრცელდეს სათესლე პარკზეც.

მკურნალობა კონსერვატიულია: წოლითი რეჟიმი, დაზიანებული მიდამოს მოსვენება (სუსპენზორიების ტარება), ადგილობრივად – პირველი 3–4 დღე ცივი, ხოლო შემდეგ თბილი საფენები. ჰემატომის ინფიცირების ნიშნების გაჩენისთანავე ინიშნება ანტიბაქტერიული თერაპია.

მღვიმოვანი სხეულების გახეთქვა (ე.წ. ასოს მოტეხილობა) ვითარდება ერექცირებული ასოს ტრავმირების შედეგად (უხშირესად აღინიშნება ძალადობრივი ან დაუცხრომელი სქესობრივი აქტის დროს ერეგირებული ასოს მოხრის დროს). ასოს აღნიშნული სახის დაზიანებას თან სდევს დამახასიათებელი ტკაცუნი, მკვეთრი ტკივილი, ერექციის შეწყვეტა, რის შემდეგაც სწრაფად ვითარდება შეშუპება და გავრცელებული კანქვეშა ჰემატომა, კანი ხდება მეწამული–მოლურჯო შეფერილობის. ზოგჯერ ჰემატომა (უროჰემატომა) ვრცელდება სათესლე პარკზე, შორისზე, მუცლის ქვედა ნაწილებზე. იშვიათ შემთხვევებში, როდესაც ერთროულად აღინიშნება შარდსადენი მილის გახეთქვაც, ვითარდება ურეთრორაგია და ირღვევა შარდის გამოყოფა.

მკურნალობა ოპერაციულია: ხდება ასოს მღვიმოვანი სხეულების და ცილოვანი გარსის დეფექტის მობილიზება და გაკერვა; შარდსადენი მილის ერთმომენტიანი გახეთქვის შემთხვევაში შარდის გამოყოფა ხორციელდება ეპიცისტოსტომის მეშვეობით, რასაც მოსდევს შარდსადენი მილის მთლიანობის ერთეტაპიანი ან მოგვიანებითი (გადადებული) აღდგენა, ხდება ჰემატომის და შარდისმიერი შეშუპების დრენირება. პოსტოპერაციულ პერიოდში ინიშნება წოლითი რეჟიმი, ადილობრივად ცივი საფენები, ბრომიდები შიგნით მისაღებად (ერექციის თავიდან აცილების მიზნით), ჰემოსტაზური და ანტიბაქტერიული თერაპია. ზოგჯერ, მღვიმოვანი სხეულების გახეთქვის შემდეგ, მათში ნაწიბუროვანი ქსოვილის განვითარების შედეგად შესაძლებელია განვითარდეს ერექციის დარღვევა, რაც მოითხოვს ხანგრძლივი, დაცხრომისკენ მიმართული თერაპიის დანიშვნას.

ასოს ღრძობის მიზეზები იგივეა, რაც მღვიმოვანი სხეულების გახეთქვის შემთხვევაში. ამასთან, ვლინდება იმ იოგების დაზიანებაც, რომლებიც ასოს აფიქსირებენ ბოქვენის ძვალთან, ხოლო ასოს ფესვი ინაცვლებს სათესლე პარკში, ბოქვენის სიმფიზის, ბარძაყის ან შორისის კანქვეშ. ამავე დროს, არც თუ იშვიათად,  ხდება ასოს სხეულის კანის აცლა (ე.წ. სკალპირება) ასოს თავიდან. მკურნალობა ოპერაციულია: ხდება ასოს ნორმალური მდგომარეობის აღდგენა, გაწყვეტილი იოგების, ასოს სხეულის კანის მთლიანობის აღდგენა.

ასოს ჩაჭედვა აღინიშნება თოკით მისი გადაწევის, მასზე ბეჭდისმაგვარი საგნების ჩამოცმის (რაც ბავშვობაში შეიძლება იყოს ბავშვური სიცელქის, ხოლო მოზრდილებში მასტურბაციის შედეგი), შარდის შეუკავებლობის დროს მისთვის წინააღმდეგობის შექმნის, ერექციის შენარჩუნების ან ფსიქიკური დაავადებების შედეგად. აღნიშნული პათოლოგიის ძირითადი სიმპტომია ასოს შეშუპება ჩაჭედვის ადგილის დისტალურად, ხოლო ხანგრძლივად ჩაჭედვის შემთხვევაში ვითარდება ნეკროზული ცვლილებები, განგრენის ჩათვლითაც კი. მკვეთრი შეშუპების შემთხვევაში, რაც ფარავს ჩაჭედვის ადგილს, მისი და რგოლის ხასიათის განსაზღვრა ხდება რენტგენოგრაფიის მეშვეობით.

მკურნალობა – ჩაჭედილი საგნის მოცილება. ასოს უმნიშვნელო ჩაჭედვის შემთხვევაში, რგოლისებრი სხეულის მოცილების მიზნით შეიძლება გამოყენებულ იქნას ჰარტმანის მეთოდი

ასოს, დისტალური ბოლოდან სპირალურად, ჩაჭედვის ადგილის მიმართულებით, მჭიდროდ ახვევენ ლენტს ან ძაფს, რაც ამცირებს შეშუპებას. ჩაჭედილ ადგილამდე დახვევის შემდეგ, მას, ბლაგვი ნემსის მეშვეობით ატარებენ რგოლის ქვეშ და ახვევენ უკუმიმართულებით, რის შედეგადაც ხდება რგოლის გადანაცვლება დისტალური ბოლოსკენ. მკვეთრი შეშუპების შემთხვევაში, როგორც წესი, ნაჩვენებია ოპერაციული ჩარევა: თავდაპირველად, ჩაჭედილი ადგილიდან პროქსიმალურად და დისტალურად ხდება ჩაჭედილი ქსოვილების გაკვეთა, მის ქვეშ ატარებენ ზონდს, რომელზეც, შერჩეული ინსტრუმენტის მეშვეობით, ხორციელდება რგოლის გაკვეთა. ამის შემდეგ, ზოგჯერ, საჭირო ხდება ნეკროზული ქსოვილის მოცილებაც.

ნაკვეთი ჭრილობები – ასოს ღია დაზიანებების ყველაზე ხშირი მიზეზი. ზედაპირული ჭრილობა მსუბუქად მიმდინარეობს, მღვიმოვანი სხეულების დაზიანებას თან სდევს ძლიერი სისხლდენა. მკურნალობა ოპერაციულია: ხდება ჭრილობის პირველადი ქირურგიული დამუშავება, სისხლმდენი სისხლძარღვების გადაკვანძვა და ნაკერების დადება დაზიანებულ ქსოვილებზე. ასოს ქსოვილების ჭარბი სისხლმომარაგების და მაღალი რეპარაციული უნარის გამო, მკურნლობის ტაქტიკა უნდა იყოს მაქსიმალურად დამზოგველი. ასოს ამპუტაციის შემთხვევაში, მიკროქირურგიის დახმარებით, შესაძლებელია ორგანოს ანატომიური და ფუნქციური აღდგენა.

ნაჩხვლეტი და ნაკბენი ჭრილობები, რომლებიც ჩვეულებრივ ხასიათდებიან ქსოვილების შემოფარგლული დაზიანებით და უმნიშვნელო სისხლდენით, მოითხოვენ მხოლოდ ჭრილობის პირველად დამუშავებას და დეფექტის გაკერვას. ერთდროულად შარდსადენი მილის დაზიანების შემთხვევაში, შარდის გამოყოფის უზრუნველყოფის მიზნით, აუცილებელია ეპიცისტოსტომია და ურეთრის პირველადი ან მოგვიანებითი პლასტიკა.

ტრავმული სკალპირება, რომელიც ხასიათდება ასოს კანის მოცულობითი დაჩეჩქვით, მისი ინბიბიციით და დიდი ზომის ჰემატომის ფორმირებით, მოითხოვს მოშიშვლებული მღვიმოვანი სხეულების დაფარვას სათესლე პარკიდან, ბარძაყიდან, მუცლის კედლიდან აღებული კანით. ოპერაციის პირველ ეტაპზე, ასოს მოცილებულ კანს ათავსებენ ბოქვენზედა მიდამოს ან ბარძაყის შიგნითა ზედაპირის კანქვეშ, შორისის მიდამოში, შარდის გამოყოფის უზრუნველყოფის მიზნით ხდება ურეთრალური ფისტულის ფორმირება. შემდგომში ხორციელდება ასოს გამონთავისუფლება, საჭირო ზომის კანის ლოსკუტით მისი დაფარვა, კიდეების მიკერება ერთმანეთთან და ასოს თავთან და კანის ყველა დეფექტის საბოლოო დაფარვა. მოგვიანებით ხდება შარდსადენი მილის მთლიანობის აღდგენა.

ასოს დამწვრობები და მოყინვები იშვიათად გვხვდება. მათი მკურნალობა ხორციელდება ზოგადი პრინციპებით, დიდი დეფექტების შემთხვევაში ხდება აღნიშნული დეფეტქების დაფარვა სხეულის სხვა ნაწილებიდან გადანერგილი კანით, რათა თავიდან ავიცილოთ ასოს მადეფორმირებელი ნაწიბურების განვითარება, რომლებიც ასევე იწვევენ მისი ფუნქციის დარღვევას.

ასოს ცეცხლნასროლი ჭრილობებიდან განასხვავებენ: შემხებ ჭრილობას, რომელიც შემოიფარგლება მხოლოდ კანის დაზიანებით; შემხებ ჭრილობებს ერთი ან ორივე მღვიმოვანი სხეულის ცილოვანი გარსის მთლიანობის დარღვევით; ბრმა ჭრილობებს, რომლის დროსაც ტყვია (ან სხვა დამაზიანებელი ჭურვი) რჩება ერთ ან ორივე მღვიმოვან სხეულში; გამჭოლ ჭრილობებს ერთი ან ორივე მღვიმოვანი სხეულის დაზიანებით; ასოს ამპუტაციას.

პირველადი,  ექიმამდელი დახმარება მოიცავს ასეპტიკური ნახვევის დადებას, სისხლდენის დროებით შეჩერებას დამწოლი ნახვევით, ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების შეყვანას. ყველა სახის ცეცხლნასროლი ჭრილობების შემთხვევაში აუცილებელია ნეკროზული ქსოვილების ეკონომიური რეზექცია და გარშემო ქსოვილების ანტიბიოტიკებით ინფილტრაცია. ნაფლეთი ჭრილობების შემთხვევაში, კიდეებზე დაკიდებული კანის ნაფლეთებს არ აცილებენ, არამედ მათი მეშვეობით ფარავენ დეფექტს და ადებენ რამდენიმე ნაკერს. ასოს კანის მოცულობითი დაზიანების დროს ხდება ნეკროზული უბნების მოცილება, სისხლდენის შეჩერება.  მეორადი დაჭიმვით შეხორცების მიზნით ჭრილობა ღიად რჩება. ასოს მღვიმოვანი სხეულების დაზიანების შემთხვევაში, მათი გაკერვა ხორციელდება ცილოვანი გარსთან ერთად კეტგუტის ძაფით და განივი მიმართულებით. ამ დროს საჭიროა სიფრთხილე, რომ არ მოხდეს მსხვილი არტერიების გაკერვაც, რაც თავიდან აგვაცილებს მღვიმოვანი სხეულების უჯრედების გამოცარიელებას. ორივე მღვიმოვანი სხეულის მნიშვნელოვანი დაზიანების შემთხვევაში, ასოს ამპუტაციას აკეთებენ მხოლოდ განგრენის დემარკაციული ხაზის დადგენის შემდეგ. ასოს დაზიანების ყველა საეჭვო შემთხვევაში, მაშინაც კი როდესაც მას გააჩნია სრული ამპუტაციის ხასიათი, ნაჩვენებია ორგანოშემანარჩუნებელი ოპერაციული მკურნალობა: კანის დეფექტების კიდეების დაახლოება და ნაკერების დადება იმ იმედით, რომ ასოს ქსოვილებს გააჩნიათ ჭარბი სისხლმომარაგება და კარგი რეპარაციული უნარი. ასოს და შარდსადენი მილის შერწყმული დაზიანების შემთხვევაში ხორციელდება შარდის ბუშტის ბოქვენზედა ფისტულის ფორმირება. შემდგომში, კანის პლასტიკის და რეკონსტრუქციური ოპერაციების მეშვეობით, ხდება დიდი დეფექტების დაფარვა, ფისტულების მოცილება და გართულებების თავიდან აცილება.

სტატიის გაგრძელება >>>


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.