არაბული სამედიცინო კულტურა და ტერმინოლოგია

istoria

”სამედიცინო ტერმინოლოგიის ისტორია. სამედიცინო ტერმინოლოგიის განვითარების ისტორია და  თანამედროვე ტენდენციები. სამედიცინო ტერმინოლოგიის “ევროპული ხაზის” ისტორია”, დასაწყისი იხ. >>>

ფეოდალიზმის ეპოქის მედიცინის უდიდეს მიღწევად ითვლება არაბული აღმოსავლეთის ხალხების მედიცინა. რომის იმპერიის დაცემის შემდეგ, ალბათ, ბერძნულ-ლათინური სამედიცინო კულტურა დაიკარგებოდა, რომ არა არაბული კულტურა. VII – VIII საუკუნის მუსულმან დამპყრობებს, რომლებმაც მოიცვეს ევროპის, აზიისა და აფრიკის მნიშვნელოვანი ნაწილი, ახასიათებდათ დაპყრობილ ხალხთა კულტურების და ტრადიციების შემწყნარებლობა და ამ კულტურების გათავისება – განვითარების საოცარი უნარი. ერთის მხრივ, არაბული მედიცინის ისტორიული დამსახურებაა ანტიკური სამედიცინო სამყაროს უმდიდრესი მემკვიდრეობის შემონახვა, მეორეს მხრივ, მან მედიცინა გაამდიდრა მნიშვნელოვანი ნაშრომებით. პირველ რიგში აღსანიშნავია აბუ ბექრ რაზის (865-925 წწ.) ნაშრომები და განსაკუთრებით ალი იბნ-სინა, იგივე ავიცენა (980-1037 წწ.). უშუალოდ სამედიცინო ტერმინოლოგიის განვითარებაზე არაბულ მედიცინას რაიმე მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია.

IX—X სს ბერძნულიდან არაბულ ენაზე ითარგმნა ჰიპოკრატესა და გალენის თითქმის ყველა სამედიცინო ნაშრომი. მათ ბაზაზე  ჩამოყალიბდა არაბულენოვანი სამედიცინო ლიტერატურა. თავდაპირველად არაბული სამედიცინო ლიტერატურა მხოლოდ ენობრივი თვალსაზრისით იყო არაბული, იგი ბერძნულ – ლათინურ ენოვანი ნაწარმოებების  კომპილაციური გადამუშავების შედეგს წარმოადგენდა. მხოლოდ  მოგვიანებით ჩნდება უშუალოდ არაბულ სამყაროში შექმნილი  დამოუკიდებელი ნაწარმოებებიც, რომლებიც არაბი ექიმების მიერ იქმნებოდა.

არაბული სამედიცინო სკოლიდან აგრეთვე აღსანიშნავია: ხუან იბნ-ისხაკ ალ-იბადინის (809 – 877 წწ) ტრაქტატი „თვალის ალტერაცია“ არაბული ოფთალმოლოგიის ყველაზე ძველი ნაშრომია. აღსანიშნავია სპარსი წარმოშობის არაბი ექიმის რაზის (IX ს) 200-მდე სამედიცინო ნაშრომი, ასევე უზარმაზარი სამედიცინო ენციკლოპედია „ყოვლისმომცველი წიგნი მედიცინაზე“, რომელიც მოკლებულია სისტემატიზაციას. რაზი თავის პოპულარულობას უნდა უმადლოდეს ტრაქტატს „ყვავილი და წითელა“, რომელშიც კარგად არის აღწერილი განსხვავებები ამ ორ დაავადებას შორის. რაზი იყენებდა ჰიპოკრატეს მეთოდებს, რამაც ხელი შეუწყო  მის კლინიცისტად ჩამოყალობებას.   ამ პერიოდის კიდევ ერთი გამოჩენილი სამედიცინო ნაშრომის ავტორია სოლომონ ისრაელი (845-940 წწ); მის  წიგნებში აღწერილი იყო სამკურნალო საშუალებები, ცხელება და სწორი კვება. სოლომონის ნაშრომები პოპულარობით XVII საუკუნემდე სარგებლობდა.

X საუკუნეში სამედიცინო ენციკლოპედიების შექმნის პროცესი გააგრძელა იბნ აბბასმა (ან იბნ ალ აბბასი), რომლის სამეფო წიგნი იმ დროის სამედიცინო ნაშრომების კრებულს წარმოადგენდა. ის რაზის ენციკლოპედიაზე უკეთ შედგენილი და სისტემატიზებული იყო. ორივე ნაშრომი ავიცენას (აბუ იბნ სინა 980-1037 წწ.) კანონმა დაჩრდილა. ამ ნაშრომში თავმოყრილი იყო მთელი არაბულ – ბერძნული მედიცინის მიღწევები, რომელიც  ევროპული და აზიური სამედიცინო ცოდნის მთავარი წყარო იყო შემდგომი ექვსი საუკუნის განმავლობაში. ავიცენაგამოირჩეოდა იდივიდუალურობითა და საქმის წამოწყების დიდი ნიჭით; ის იყო ბრწყინვალე ექიმი, თავის საქმიანობაში ხშირად იყენებდა გალენისა და არისტოტელეს დოგმებს. ავიცენას ნაშრომები აღიარებულია არაბული მედიცინის განვითარების უმაღლეს წერტილად. X საუკუნეში არაბული მედიცინის ცენტრმა ესპანეთში გადაინაცვლა. იქ კორდოვის ხალიფატში მოღვაწეობდა ერთადერთი ცნობილი არაბი ქირურგი – ალბუკასისი (აბულ-კასიმი, 936-1013 წწ). ქირურგია დიდი ხნის განმავლობაში ჩამოუვარდებოდა სტატუსით  მედიცინას, რაც ახასიათებდა როგორც არაბულ, ასევე ევროპულ ცივილიზაციასაც. აბულკასისი ცდილობდა ქირურგიის პრესტიჟის წამოწევას; მისი ტრაქტატი ერთ-ერთი ყველაზე ძველი ილუსტრირებული წიგნია ქირურგიაში. აღსანიშნავია, რომ აბულკასისმა პირველმა აღწერა ჰემოფილია. არაბ ქირურგს ავენზოარს (იბნ ზუხრუ 1072-1162 წწ.) ეკუთვნის ცნობილი ტერმინი ბეზოარის ქვა (მკვრივი წარმონაქმნი, რომელიც წარმოიქმნება მცოხნელების კუჭში, უპირატესად თხებში; მას მიეწერებოდა უზარმაზარი სამკურნალი თვისება) მიუხედავათ ამ ცრუ შეხედულებისა, ავენზოარი კარგი კლინიცისტი იყო, რომელმაც პირველმა გამოიყენა საკვები ოყნა; მას შეეძლო კუჭის კიბოს დიაგნოსტირება. ავენზოარის მოსწავლე ავერროესი (იბნ რუდში 1126-1198 წწ.) კარგად ფლობდა არა მხოლოდ მედიცინას, არამედ ფილოსოფიასაც. მედიცინისა და ფილოსოფიის ურთიერთშეხამება კარგად შესძლო ავეროესის მოწაფემ მაიმონიდმა (1135-1204 წწ.).

საინტერესოა, რომ მიუხედავად არაბული ენის მრავალსაუკუნოვანი გაბატონებისა, ასევე შუასაუკუნოვანი ლათინური ენის არაბიზმებით დაბინძურებისა, არაბულმა მედიცინამ თითქმის არ დატოვა კვალი თანამედროვე სამედიცინი ტერმინოლოგიაში.  შემოინახა მხოლოდ ერთეული არაბიზმები, ძირითადად სამკურნალო პრეპარატების დასახელებების სახით, მაგალითად: კალიუმი და ალკალოიდი – არაბ. al‑qali (მცენარეული ნაცარი), რომლიდანაც წარმოიშვა ლათინური alkali (ტუტე); ალკოჰოლი— არაბ. al‑kohl (სტიბიუმის ფხვნილი); ელექსირი, არაბ.— al-iksir (ფილოსოფიური ქვა); ბორაკი — არაბ.- buraq.
ლათინურ ანატომიურ ნომენკლატურაში უცვლელად  შემორჩა არაბული წარმოშობის მხოლოდ ერთი სიტყვა – nucha, რომელიც ძველად გამოიყენებოდა  კისრის მნიშვნელობით (კისრის უკანა მიდამო). ის მოხსენიებულია იბნ-სენას „საექიმო მეცნიერების კანონები“-ში „ზურგის ტვინის” მნიშვნელობით, ხოლი კისრის უკანა მიდამოს იბნ-სინა სხვაგვარად მოიხსენებს. ასეთი შერეული ტერმინები შეიძლება ჩაითვალის მთარგმნელ გერარდ კრემნოსელის  შეცდომებად. ,,საექიმო მეცნიერების კანონები“-ის  ლათინური თარგმანიდან შემორჩენილია ნეოლოგიზმები albugineum (მოთეთრო?), ileum (მლივი ნაწლავი). მთარგმნელების მიერ არაბული დასახელებების არასწორ გაგებასთან დაკავშირებულია ასევე ლათინური ნეოლოგიზმი -retina, რომელიც პირველად გამოჩნდა „საექიმო მეცნიერების კანონები“-ის თარგმანში, კლასიკურ ლათინურში ასეთი სიტყვა არ არსებობდა, ის ჰგავს ბერძნულ სიტყვას rhētinē (გუმფისი), რომალსაც არანაირი შეხება არ ჰქონდა ანატომიასთან. არაბულ დედანში სიტყვა retina – ს შეესაბამებოდა სიტყვა rescheth, რომელიც შეცდომით გაიგივებული იყო ლათინურ სიტყვასთან  rete (ბადე) რომლის საფუძველზეც მთარგმნელის მიერ შეიქმნა ნეოლოგიზმი retina (ბადურა). ანატომიური თავალსაზრისით უცნაურია ხელის ლატერალური კანქვეშა ვენის ლათინური დასახელება „vena cephalica“ (თავის ვენა), ეს შესაძლოა მთარგმნელის ეტიმოლოგიური შეცდომის ბრალიც იყოს. არაბულ დედანში არსებული სიტყვა  al‑kifal (გარეთა), მთარგმნელმა გააიგივა ბერძნულ kephalē (თავი).
ზოგიერთი ლათინური გადათარგმნილი დასახელებები შეიქმნა როგორც სემანტიკური კალკები შესაბამის არაბულ მეტაფორულ მნიშვნელობებთან. ასეთებია, მაგალითად: vermis cerebelli  (ნათხემის ჭია). ბერძნებთან ეს წარმონაქმნი ასოცირდებოდა ყურძნის მტევანთან – botrys;  auricula cordis — გულის ყური, ცელსიუსთან სიტყვა auricula გამოიყენება მხოლოდ ყურის აღმნიშვნელად – ყურის ნიჟარა; orbita — თვალბუდე (კლასიკურ ლათინურში ეს სიტყვა ნიშნავდა „კიდეს“? „კალაპოტს“?, ხოლო ძველ რუსულ ნაწარმოებებში ითარგმნებოდა როგორც „გზის პირი“. საგნების აღმნიშვნელად მეტაფორების გამოყენება არაბული პოეზიისათვის დამახასიათებელი შტრიხია. ამით აიხსნება ბერძნული ენისათვის და კლასიკური შუასაუკუნოვანი ლათინურისათვის უჩვეულო, ტვინის რბილი და მაგარი გარსების დასახელება— dura mater და pia mater, რომლებიც მეტაფორებია. ლათინური სიტყვა mater ნიშნავს  „დედას“, მაშასადამე, ამ სიტყვის ზუსტი მნიშვნელობაა  ტვინის დედა, ანუ გარსი გვევლინება როგორც „დედა – ტვინის დამცველი“, ხოლო pia სიტყვასიტყვით ნიშნავს „მოსიყვარულე, ნაზი“, რაც კარგად ეთვისება სიტყვა „დედას“. ბერძნებთან ტვინის გარსებს პირდაპირი და ზუსტი სახელი ერქვა — meninx sklera ან meninx pacheia (მკვრივი ან მაგარი გარსი) და meninx lepte (თხელი, ნაზი, რბილი). არაბებმა ეს ცნება გადმოსცეს მეტაფორის სახით, ხოლო მთარგმნელი ცდილობდა შეენარჩუნებინა იგივე აზრი ლათინურ თარგმანშიც.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ იმ ხალხთა ენებში, სადაც ძირითადად მუსულმანური რელიგიაა გავრცელებული, დიდია არაბული ენის გავლენა, მათ შორის სამედიცინო ტერმინოლოგიაზე. ნაწილობრივ, არის სპარსული ენის გავლენაც.


საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე, უცვლელად და შემოკლებების გარეშე. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “ .
ნაშრომში, სათანადო მითითებით გამოყენებულია ფრაგმენტები ლადო კოტეტიშვილის ნაშრომებიდან; ქვეპარაგრაფში ”ლათინიზაციის პროცესი”, სათანადო აღნიშვნებით, გამოყენებულია ფრაგმენტები ნანა ამირანაშვილის სადისერტაციო ნაშრომიდან.

ლიტერატურა

1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.

2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქცით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.

3. ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია,ვლადიმერ ბაზიაშვილი, მანანა კიკნაძე, <span style=”font-size:10.0pt;