ანტისეპტიკური საშუალებები

პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან  ,,ზოგადი ფარმაკოლოგია და კლინიკური ფარმაცია”. 2000 წ.

ანტისეპტიკური საშუალებები (ბერძ. anti-წინააღმდეგ+ septikos დაჩირქების გამომწვევი, ჩირქოვანი) – ნაერთები, რომელsაც გააჩნიათ ანტიმიკრობული თვისებები.

ანტისეპტიკური საშუალებები მიეკუთვნებიან სხვადასხვა ქიმიური ნაერთების კლასებს და შეიძლება დაიყონ შემდეგ ჯგუფებად: 1) ჰალოიდები – ქლორის, იოდის პრეპარატები; 2) დამჟანგველები – წყალბადის ზეჟანგი, ჰიდროპერიტი, მანგანუმმჟავა კალიუმი, ბერთოლის მარილი; 3) მჟავები – ბენზოის, ბორის, ბრომსალიციდანილიდის, ნუშის, სალიცილის, გოგირდმჟავა, ტრიქლორმარმჟავა, ძმარმჟავა, უნდეცილის, ქრომის; 4) ტუტეები – ამიაკი, ბიკარმინტი, ბორაკი, კალციუმის ჟანგი, სოდა; 5) მძიმე ლითონების ნაერთები – ალუმინის, ბისმუტის, სპილენძის, ვერცხლისწყლის, ტყვიის, ვერცხლის, თუთიის; 6) სპირტები – ეთილის, იზოპროპილის, ტრიქლორიზობითილის (ქლორეთონი), ზოგიერთი გლიკოლი; 7) ალდეჰიდები – ფორმალდეჰიდი, უროტროპინი 8) ფენოლები; 9) ორგანული მასალების მშრალი გამოხდის პროდუქტები – სხვადასხვა ფისები და კუპრები, იხტიოლი; 10) საღებავები – ბრილიანტის მწვანე, ჰენციანვიოლეტი, მეთილენის ლურჯი, ეტაკრიდინი, ფლავაკრიდინი; 11) ნიტროფურანის წარმოებულები – ფურაცილინი, ფურადონინი, ფურაზოლიდონი და სხ.; 12) 8–ოქსიქინოლის წარმოებულები – ქინოზოლი, ქინიოფონი და სხ.; 13) ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები ანუ დეტერგენტები; 14) ფიტონციდები. ანტისეპტიკურ საშუალებებს შეიძლება მივაკუთვნოთ ზოგიერთი ანტიბიოტიკი – გრამიციდინი, კოლიმიცინი, ნეომიცინი, მიკროციდი და სხ.

ანტისეპტიკურ საშუალებებს გააჩნიათ ბაქტერიოსტატული მოქმედება, ხოლო მაღალი კონცეტრაციებით მოქმედებენ ბაქტერიოციდულადაც. ანტისეპტიკური საშუალებების ანტიბაქტერიული აქტივობა განისაზღვრება ფენოლის კოეფიციენტით, რომელიც წარმოადგენს ფენოლის ბაქტერიოციდული კონცეტრაციის შეფარდებას მოცემული ნივთიერების ბაქტერიოციდულ კონცეტრაციასთან. ქიმიოთერაპიული ნივთიერებებისთვის დამახასიათებელი შერჩევითი მოქმედება ანტისეპტიკური საშუალებებისთვის დამახასიათებელია არ არის. ანტისეპტიკური საშუალებების ეფექტურობა დამოკიდებულია მათ მიმართ მიკროორგამიზმების მგრძნობელობაზე, ნივთიერების კონცეტრაციაზე, ტემპერატურაზე, ზემოქმედების დროზე და გამხსნელზე. მრავალი ანტისეპტიკური საშუალება, უკავშირდება რა ცილებს, კარგავს აქტივობას, ამიტომ მათი გამოყენება რეკომენდირებულია ინფიცირებული ზედაპირის ექსუდატისგან გაწმენდის შემდეგ. ზოგიერთ ანტისეპტიკურ საშუალებას გააჩნია მიკროორგანიზმების სასიცოცხლო უჯრედების დაზიანების უნარი. ამიტომაც ანტისეპტიკების თვისებების შეფასებისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება მათი ტოქსიკურობის განსაზღვრას ”ტოქსიკურობის ინდექსის” მიხედვით, რომელიც წარმოადგენს10 წუთის განმავლობაში ტესტ–მიკროორგანიზმების დაღუპვის გამომწვევი პრეპარატის მინიმალური კონცეტრაციის შეფარდებას მის მაქსიმალურ კონცეტრაციასთან, რომელიც არ იწვევს ქათმის ემბრიონის ქსოვილების კულტურის ზრდის დათრგუნვას.
ანტისეპტიკური საშუალებების მოქმედების მექანიზმი განისაზღვრება მათი ქიმიური და ფიზიკურ–ქიმიური თვისებებით. ქლორის და ქლორის შემცველი ნაერთების ანტიმიკრობული მოქმედება დაკავშირებულია ქლორნოვატური მჟავას წარმოქმნასთან, რომელიც, გამოყოფს რა ჟანგბადს, მოქმედებს როგორც დამჟანგველი და როგორც მიკროორგანიზმების შემადგენლობაში შემავალი ცილების ამინო– და იმინოჯგუფების მაქლორირებელი საშუალება. ამრიგად გამოირიცხება აზოტის ატომებსა და კარბონილურ ნახშირბადებს შორის წყალბადური კავშირების წარმოქმნა, რისი მეშვეობითაც ხდება ცილის მეორეული, სპირალური სტრუქტურის შექმნა. დამჟანგველები, ცვლიან რა გარემოს ჟანგვა–აღდგენით პოტენციალს, არღვევენ ჟანგვა–აღდგენით პროცესებს მიკროორგანიზმებში. მჟავების, ტუტეების და მარილების ანტიმიკრობული მოქმედება განპირობებულია მათი თვისებებით, უჯრედული გარსის გავლის შემდეგ მოახდინონ დისოცირება მიკრობული სხეულის შიგნით და პროტოპლაზმის ცილების დენატურირება. მძიმე ლითონების მარილების ბაქტერიოციდული მოქმედება განპირობებულია მათი ურთიერთქმედებით ცილებთან, რის შედეგადაც წარმოიქმნება ალბუმინატები. გარდა ამისა, მძიმე ლითონების იონები აკავშირებენ ბაქტერიული უჯრედის ნივთიერებების სუბჰიდრილურ ჯგუფებს, რაც იწვევს მათი მეტაბოლიზმის დარღვევას. ზედაპირული დაჭიმულობის დამაქვეითებელი ანტისეპტიკური საშუალებების მოქმედება დაკავშირებულია ბაქტერიული მემბრანის განვლადობის ცვლილებასთან; ანიონური დეტერგენტები ხელს უშლიან კათიონურების (ცეტილპირიდინბრონიდი) მოქმედებას, ამიტომაც მათი ერთდროულად გამოყენება რეკომენდირებული არ არის. ფენოლის ნაერთები აბლოკირებენ დეჰიდროგენაზების ფერმენტულ აქტივობას; გარდა ამისა, მათ გააჩნიათ დეტერგენტების თვისებებიც. ფორმალდეჰიდის ანტიმიკრობული მოქმედების მექანიზმი აიხსნება მისი მიერთებით ცილების ამინოჯგუფებთან, რის შედეგადაც ხდება მათი დენატურაცია. საღებავების ანტიმიკრობული მოქმედების თავისებურებას წარმოადგენს ცნობილი შერჩევითობა, რაც დაკავშირებულია მათ თვისებებთან, მოახდინონ რეაგირება ბაქტერიული უჯრედების ნივთიერებების განსაზღვრულ მჟავე ან ძირითად ჯგუფებთან, ძნელად ხსნადი და სუსტად მაიონიზირებელი კომპლექსების წარმოქმნით. ნიტროფურანის წარმოებულების ანტიბაქტერიული აქტივობა განპირობებულია მათ მოლეკულაში არომატული ნიტროჯგუფის არსებობით, რომელსაც გააჩნია ამინოჯგუფად აღდგენის უნარი. ნიტროფურანები აფერხებენ უჯრედულ სუნთქვას და, ამის გამო, ეწინააღმდეგებიან მიკროორგანიზმების განვითარებისთვის და გამრავლებისთვის აუცილებელი ენერგიის დაგროვებას. ანტისეპტიკების გავლენით ირღვევა უჯრედების დაყოფის პროცესი და ვითარდება მორფოლოგიური ცვლილებები, რომელთაც თან სდევს უჯრედული სტრუქტურის ცვლილება.

ანტისეპტიკური საშუალებები გამოიყენება ადგილობრივად ჩირქოვანი ჭრილობების, ფურუნკულების, კარბუნკულების და სხვა დაავადებების მკურნალობის მიზნით, აგრეთვე როგორც მადეზინფიცირებელი საშუალება. გარდა ამისა, ანტისეპტიკური საშუალებები გამოიყენება სამკურნალო პრეპარატების და საკვები პროდუქტების კონსერვირების შემთხვევაში.

გაფრთხილება!

საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

თემატურად მომიჯნავე სტატიები

ლიტერატურა
1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპ. N: 1247. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპ. პროფ. თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქცით.

ბმულები: 1. ლალი დათეშიძის საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა 3. სამონასტრო ბაღები

გააზიარე ...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter