საჭმლის მომნელებელი და სასუნთქი სისტემის ორგანოების კედლის ლიმფოიდური ქსოვილი

ლალი დათეშიძე

ადამიანის ნორმალური ანატომია. საჭმლის მომნელებელი და სასუნთქი სისტემის ორგანოების კედლის ლიმფოიდური ქსოვილი

ადამიანის ორგანიზმში ლიმფოიდური ქსოვილი გვხვდება როგორც იზოლირებულად, ცალკე ორგანოს სახით (სასის, სასმენი ლულების, ენის, ხახის ნუშები), ასევე სხვადახვა ორგანოების კედლის ლორწოვანშიც.
ნუშები – tonsillae პირის ღრუში განლაგებული ლიმფური ფოლიკულების გროვაა. სასუნთქი და საჭმლის მომნელებელი მილის საწყის ნაწილებში მდებარეობს ენის, ხახისა და სასის ნუშები. სასმენი მილის ხახისკენა ხვრელის უკანა კიდესთან მდებარეობს ლულის ნუში.

სასის ნუში – tonsilla palatina წყვილია და მოთავსებულია სასა – ხახისა და სასა – ენის ნაოჭებს შორის არსებულ ნუშის ფოსოში. მის თავისუფალ მედიალურ ზედაპირზე 20-მდე კრიპტაა, რომელიც წარმოადგენს ლორწოვან გარსში არსებულ ჩაღრმავებას. სასის ნუშის ფორმით ჰგავს ნუშს და თავის მაქსიმალურ განვითარებას აღწევს 8 – 13 წლის ასაკში; ასაკის მატებასთან ერთად კლებულობს ნუშების ლიმფური ქსოვილი და მატულობს შემაერთებელი ქსოვილის წილი. ნუშიდან გამომავალი ლიმფური ძარღვები ერთვიან სუღლე ლიმფურ კვანძებს.
ენის ნუში – tonsilla lingualis – მოთავსებულია ენის ფესვის ლორწოვანი გარსის ქვეშ. ენის ნუშის ლიმფოიდურ კვანძებს აქვთ ნათელი ცენტრები და ქმნიან დაახლოებით 80 – 90 ბორცვს ენის ფესვის ზედაპირზე. ბორცვებს შორის განლაგებულია კრიპტები, რომლებშიც იხსნება ენის ლორწოვანი ჯირკვლების გამომტანი სადინრები.
ხახის ნუში – tonsilla pharyngealis – (სხვანაირად მას ადენოიდურსაც უწოდებენ) მოთავსებულია ხახის უკანა კედლის ზემო ნაწილში და ხახის თაღის მიდამოში. ხახის ნუშის მფარავი ლორწოვანი გარსი ქმნის მრავლობით განივ ნაოჭს, რომელთა შორის არსებულ ღარებში იხსნება ხახის ჯირკვლების გამომტანი სადინრები.
ლულის ნუში – tonsilla tubaria – წყვილია და მოთავსებულია სასმენი მილის ხახისკენა ხვრელის უკანა კიდესთან. ლულის ნუშის ლიმფოიდურ ქსოვილში ლიმფური ფოლიკულები შედარებით მცირე რაოდენობითაა.
საჭმლის მონელებელი მილის კედელში ლიმფური ფოლიკულები გვხვდება როგორც ცალკეული ლიმფოიდური მცირე კვანძები სახით და მათ განკერძოებული ლიმფური ფოლიკულები – Folliculi lymphatici solitarii ეწოდება, ასევე ჯგუფურად, გროვების სახით და მათ შეჯგუფული ლიმფური ფოლიკულები ეწოდება – Folliculi lymphatici aggregati.

ჭიანაწლავის შეჯგუფული ლიმფური ფოლიკულები – Folliculi lymphatici aggregati appendicis vermiformis განლაგებულია ჭიანაწლავის კედლის ლორწოვან გარსში და ლორწქვეშა ქსოვილში და ქმნიან პრაქტიკულად ერთ შრეს. შეჯგუფული ლიმფური კვანძები შედგებიან განცალკევებული ლიმფოიდური ფოლიკულებისაგან, რომლებიც როგორც წესი 2 – 3 რიგად არიან განლაგებულნი; მათი საერთო რაოდენობა 500 აღწევს. 16 – 18 წლის ასაკში ფოლიკულების რაოდენობა კლებულობს და 60 წლის შემდეგ ჭიანაწლავის კედლის ლორწოვანში ლიმფური ფოლიკულები უვე იშვიათად გვხვდება.

თეძოს ნაწლავის შეჯგუფული ლიმფური ფოლიკულები – Folliculi lymphatici aggregati – განლაგებულია თეძოს ნაწლავზე, ჯორჯლის მიმაგრების ხაზის მოპირდაპირე მხარეზე, ლორწოვან გარსში და ლორწქვეშა ქსოვილში. მათი რაოდენობა 30 – 40 მდეა, სიგრძე კი – 0,5 – 8 სმ-მდე. აქვთ ამოდრეკილი ფორმა, განლაგებულნი არიან ნაწლავის სიგრძივი ღერძის გასწვრივ და ლორწოვან გარსს აძლევენ ხორკლიან შესახედაობას. შეჯგუფული ფოლიკულების ლიმფოიდური ქსოვილი წარმოქმნილია განკერძოებული ლიმფური ფოლიკულებისაგან. ასაკის მატებასთან ერთად ფოლიკულების რაოდენობა და ზომა კლებულობს და ხანში შესულ ასაკში უკვე ძნელად შეიმჩნევა.
განკერძოებული ლიმფური ფოლიკულები – Folliculi lymphatici solitarii განლაგებულია სასუნთქი სისტემის (ხორხი, სასულე, ბრონქები), საჭმლის მომნელებელი მილის (ხახა, საყლაპავი კუჭი, წვრილი და მსხვილი ნაწლავი) ლორწოვან გარსში და ლორწქვეშა ქსოვილში, ასევე ნაღვლის ბუშტში. განკერძოებული ლიმფურ ფოლიკულების ირგვლივ რეტიკულური ბოჭკოებია, რომლებიც განაცალკევებენ მათ ქვეშ მდებარე ქსოვილებისაგან. გაფანტული ლიმფური ფოლიკულები განსაკუთრებით დიდი რაოდენობით არიან წვრილ ნაწლავებში და ნაკლებად მსხვილ ნაწლავში.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. ანატომიის ნაწილის მომზადებაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია მანანა კიკნაძე (2006 წლიდან). 2008 და 2019 წლის ვერსიები მომზადდა მანანა კიკნაძის რედაქციით.
გაფრთხილება

.